თუთა

სახლში არ შემომჭრია, არც წელზე შემოუხვევია ხელი მაღალ, ზურმუხტისფერ ხეს. აივანზე კი შემოდიოდა და მოაჯირს ეხვეოდა. იდგა შუაგულ ეზოში და განიერი ტოტებით კაკალსაც კი სჯობნიდა.187_0

მწიფობისას გადაივსებოდა ნაყოფით და მწვანეს უკვე თეთრი ფარავდა. შევჩერებოდი და ნერწყვი მდიოდა. ასულიყავიო, გაიფიქრეთ, ალბათ. რას ამბობთ, როგორ გავბედავდი! მხოლოდ ფიქრში ალბათ და ისიც შემეშინდებოდა. ძლივს დავგორავდი და იმსიმაღლეზე რა ამიყვანდა? შევყურებდი ასე მელა და ყურძენივით, სანამ ბაბუა არ ავიდოდა.

თუთის დაკრეფა ცოტა წარმოუდგენელი საქმეა. არადა, ძირს ჩამოცვენილის ჭამაც ვერაა სასიამოვნო. იცოცხლე კარგია, ზედ რომ მოევლები, იქვე მოწყვეტ და ჩაიტკბარუნებ პირს, მაგრამ ჩემთვის ეგ საოცრებათა სფეროს განეკუთვნებოდა.

გამოიტანდა ბაბუა დიდ «ბრეზენტს». გავშლიდით. თვითონ ახტებოდა ჭინკასავით. მერე გვეტყოდა, სად დავმდგარიყავით, რომელი ტოტის დაბერტყვას აპირებდა. დასცხებდა. მოდიოდა და მოდიოდა ფანტელებივით ცერის სიმსხო თუთა. თეთრი მსუქანი მუხლუხოები მოგორავდნენ საფენზე და შუაგულში გროვდებოდნენ. აბეზარი ფუტკრები და ბზიკებიც არ იგვიანებდნენ და დაგვტრიალებდნენ თავს.

მარტო იმდენს ჩამობეტყავდა, რამდენსაც მოვერეოდით, მაინც გაფუჭდებაო. აი, თუ არყის გამოხდას აპირებდა, მაშინ კი იცოცხლე, ვცლიდით და ვცლიდით დამძიმებულ საფენს. მერე დიდი არყობა იყო ეზოში. ისე არ მომწონდა სუნი, რომელიც მთელ ეზოში და სახლშიც ტრიალებდა. ახლა კი მენატრება. დედა პატარა ჭიქით იდგა და ელოდებოდა ერთნახად ცხელ არაყს. ვერაფრით ვიგებდი, რა მოსწონდა და რატომ უყვარდა. ახლა კი მესმის.

ბაბუას მერე ვინღა დაბერტყავდა. ჰოდა, იდგა ასე თუთა და რასაც თვითონ ჩამოგვიყრიდა ზარმაცებს და უშნოებს, იმას ვჯერდებოდით.

გავიზარდე ამასობაში. მერე ერთხელაც ვიფიქრე, რომ უნდა გამერისკა და აქ მაინც მესინჯა, რა ხილია ხეზე ძრომიალი. კაი ხანს ვაკვირდი. ვუარე გარშემო, შევისწავლე ყველა ტოტი. თეორიულად დავგეგმე, საიდან უნდა ავსულიყავი, სად უნდა დავმდგარიყავი და გავბედე.

ავძვერი აივნის მოაჯირზე და იქიდანვე გადავინაცვლე მსხვილ ტოტზე. სულაც არ გამჭირვებია. მერე ზემოთ ავიწიე, ესეც გამიადვილდა და ისე მომეცა გული, ცოტა ხანში კაი გვარიანად ავედი მაღლა. იქვე მსხილ ტოტებს შორის ჩაღრმავებულ ადგილას ისე ჩამოვჯექი, კაი სავარძელში მეგონა თავი. ვკრიფე და ვკრიფე, ვჭამე და ვჭამე. სულ სხვა გემო ჰქონდა ასე ნაჭამს. ცოტა ხანში გავისიკნე, ჭამა თავიც აღარ მქონდა, მაგრამ ისე მომეწონა აქ ჯდომა, ჩამოსვლაზე ფიქრიც არ მინდოდა.

ის იყო და ის. მას მერე თუთაზე ძრომიალი საყვარელ საქმიანობად იქცა. იყო თუ არ იყო ჩამოსაკრეფი, საქმიანი სახით ავდიოდი და საათობით ვიჯექი იქ, ზევით, და ვფიქრობდი და ვფიქრობდი. მენანებოდა შიშში დაკარგული წლები, გაუბედავობას შეწირული შესაძლებლობები.

ჩემს საყვარელ ხედ იქცა და მასზე ყოველი ასვლა რაღაცნაირად მაძლიერებდა, საკუთარი თავის რწმენას მმატებდა. ვიჯერებდი, რომ თუ მოვინდომებდი, ყველაფერი გამომივიდოდა, ყველაფერს შევძლებდი.

დაბერდა ჩემი თუთა, ჩამოხმა, გაშავდა და ერთ დღესაც დილით ეზოში გამოსულს შუაზე გადახლეჩილი დამხვდა. ერთი ნახევარი აქეთ იყო გადმოკიდებული, მეორე-იქით. გული გამეპო, მეგონა…

მოვჭერით.

დავრჩი ასე ჩემი გურუს, სენსეის გარეშე.

ერთ დღესაც მივხვდი, რომ ასე ყოფნა არ შეიძლებოდა და კიდევ უნდა მესინჯა რაღაც ისეთი, ჩემი აზრით მიუღწეველი, როგორიც ადრე ხეზე ასვლა იყო.

ჰოდა, ავდექი, შევედი წყალში, გავწექი და გავცურე. ჩემით, არც არავის უსწავლებია, არც მიწვალია. აი ასე, ვთქვი, რომ ახლა მე შევალ და გავცურავ, იმიტომ რომ მინდა და არაფერია ისეთი, რომ არ გამომივიდეს-მეთქი. ისე ყველაფერი აგიხდეთ და შეგისრულდეთ. ვიწექი წყალზე, მივსრიალებდი და ისეთი ამაყი და კმაყოფილი ვიყავი თავის, როგორც მაშინ, როცა პირველად ავღოღდი თუთის ხეზე.

მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. კიდევ ბევრი ასვლა და გაცურვა დავაძალე საკუთარ თავს, ზოგჯერ გამოვიდა, ზოგჯერ არა, მაგრამ უმეტესად, თუ ძალიან დამიძალებია და მომინდომებია, გამოსულა.

ახლა ზუსტად ვიცი, რომ ზოგჯერ ისე მივდივართ ამ ცხოვრებიდან, ვერც კი ვახერხებთ გავიგოთ, რა შეგვეძლო, რამდენი შეგვეძლო.

ახლა ზუსტად ვიცი, რომ არ უნდა შემეშინდეს ცდის, მოსინჯვის და ეს ჩემმა დიდმა მეგობარმა, ბრძენმა მრჩეველმა, აივანზე შემოჭრილმა თუთამ მასწავლა, მერე მომხვია მწვანე ხელები და დიდ სივრცეში ჩამსვა. წინ უამრავი კარი იყო აყუდებული. ყველა დაკეტილი იყო და არც ერთის გასაღები არ მქონდა. მკრა ხელი და მიმაყენა პირველ კართან, ვეჯაჯგურე, არ მოვეშვი და გავაღე… მას მერე ვაღებ და ვაღებ…

ყოველ ჯერზე კიბეზე ჩასვლისას ჩავხედავ ხოლმე ნათუთარ ადგილს, ვიხსენებ პირველად ასვლის ნეტარებას და შეგულიანებული ვაგრძელებ გზას ახალი კარის საპოვნელად.

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «თუთა»

  1. მაკა:

    ქეთი, მეც ბევრჯერ ვცადე დაკეტილი კარების გაღება, გასაღების გარეშე და გამიღია კიდეც, ზოგჯერ, ხშირად არა, მაგრამ ღია კარებში რომ ვერ შევსულვარ ამას რა ქვია თუ იცი? 😦

  2. ხო, მეც მქონია ღია კარი და გვარდი ამივლია… შეგვეშალა კარი და ეგაა, სხვაგან მოვხვდით

  3. მეც ამივლია გვერდი გაღებული კარისთვის… რას იზამ, აგვერია კარი და ეგაა, სხვაგან მოვხვდით

  4. მაკა:

    ალბათ

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s