ნოდარიკო

ეს სიმპათიური ბიჭი, მაღალფეხება, შავთმიანი, ცისფერთვალება და ლამაზი პროფილით, ახლა ამ შავ-თეთრი ფოტოდან რომ შემომყურებს, ბებიას ძმისშვილია.ნოდარიკას ეძახდნენ ონში, ჩვენ კი — ნოდარიკოს.03112015545

დედამისი  სულ წყევლიდა, ეს მოისპოს, გამიმწარა სიბერეო, მამა სულ ერჩოდა, უსაქმურია და უწესოო. ახლა რომ ვფიქრდები, რას ერჩოდნენ, ვერ ვხვდები. სწავლა ეზარებოდა, მასწავლებლებს აბრაზებდა სკოლაში. დიდი ამბავი, რომელი ბიჭი არ შვრება ამას? ჰოდა, მობეზრდათ მშობლებს საყვედურების სმენა და გამოიყვანეს 9 კლასის მერე. მუშაობა არ დაიწყო, კუდი ყავარზე ჰქონდა გადებული, ჩუმ-ჩუმად გადამყიდველებთან უცხოურ ჟურნალებს ყიდულობდა, ასევე გადამყიდველებთან «შმოტკებს» ეძებდა და მუშაობას იკადრებდა?

კარგი სმენა ჰქონდა. გიტარაზე ისწავლა დაკვრა თავისით. აგროვებდა ჩანაწერებს, უსმენდა და აწყობდა მერე. ბიტლომანი გახლდათ. ყველა სიმღერა იცოდა თავიდან ბოლომდე ტექსტიანმუსიკიანად, კიდეც უკრავდა და კიდეც მღეროდა. ოცნებობდა თავისი ბენდი ჰქონოდა. კიდეც მოუხერხებია ონში, მოუგროვებია თავისნაირები.  იკრიბებოდნენ, უკრავდნენ, მღეროდნენ. დასცინოდა მთელი ონი. საეჭვოდ უყურებდნენ მათ ღამის თავყრილობებს. ხან რა დააბრალეს და ხან რა. სხვებისნსირად არ იქცეოდნენ, სხვებისნაირად არ ეცვათ და ინგლისურად ლაპარაკს ცდილობდნენ. ეკლად ეჩხირებოდა რაიონს თვალში მათი ყველაფერი.

ახლა ამ  მითქმა-მოთქმას მოერიდნენ მშობლები, აუკრეს გუდა-ნაბადი და თბილისში გამოისტუმრეს 15 წლის ბიჭი.

მორიდებული იყო ძალიან, ამიტომაც არაფრით გაჩერდა მამიდებთან. რომელიღაც პროფტექნიკუმში დაუწყია სწავლა და იქვე საერთო საცხოვრებელში დაბინავებულა.

ხშირად მოდიოდა ჩვენთან სტრუმრად. ბებიას განსაკუთრებულად უყვარდა. ჩუმად უგროვებდა ფულს და რომ მოვიდოდა, ჩაუკუჭავდა ხოლმე ჯიბეში. ისიც აგროვებდა, გიტარის საყიდლად. ინგლისურის უკეთ სწავლაც უნდოდა, მაგრამ, რაკი რეპეტიტორის ფული არ ჰქონდა, ისევ სიმღერებიდან სწავლობდა.

პატარა ვიყავი  მაშინ, მაგრამ რაღაც ინტუიციურად, რამდენადაც ეს ბავშვს შეიძლება ჰქონდეს, ვგრძნობდი მის განსხვავებულობას. რომ გავიგებდი, უნდა მოსულიყო, სიხარულით გული მიკანკალებდა. ჩუმად შევდიოდი ოთახში, ვიცვლიდი ტანსაცმელს, საუკეთესო კაბას ჩავიცვამდი და სარკეში ვიპრანჭებოდი. განა არ ვიცოდი, რომ ბებოს ძმისშვილი იყო, მაგრამ მაინც რაღაც სხვანაირად ვუყურებდი, მომწონდა და მეც მინდოდა მოვწონებოდი. დავუჯდებოდი წინ და მოხიბლული ვისმენდი, როგორ მღეროდა. მანამდე ასანთს მივურბენინებდი, რომ ბებოს შვიდსიმიანი გიტარა ექვსსიმიანად გადაეკეთებინა. მერე ვისხედით საათობით, ის მღეროდა, მიყვებოდა რაღაც ამბებს, მე კი გატრუნული ვუსმენდი  და მიხაროდა, ჭკუაზე არ ვიყავი სიხარულით.

ერთ საღამოს დარეკეს. ატყდა ამბავი ოჯახში. დედა, მამა და ბაბუა მაშინვე სადღაც გაცვივდნენ, ბებია კი იჯდა სავარძელში და ცხარე ცრემლებით ტიროდა. მე არავინ არაფერი მითხრა. არც დამისვამს ზედმეტი კითხვები, ვიფიქრე, რაკი არაფერს მეუბნებიან, ესე იგი, არ უნდათ ვიცოდე-მეთქი. გავედი ჩემს ოთახში. ველოდებოდი, როდის დაბრუნდებოდნენ უფროსები. ცალი ყური აქეთ მქონდა, რომ არაფერი გამომრჩენოდა. გვიან დაბრუნდნენ. დედა ტიროდა. ბაბუა ვიშვიშებდა. თურმე ნოდარიკო, ჩემი საყვარელი ნიოდარიკო, საერთო საცხოვრებლის ეზოში უპოვიათ ქვაფენილზე დანარცხებული. პოლიციას უთქვამს, თავი მოიკლაო, მერვე სართულის ფანჯრიდან გადმოხტაო. მამა ამბობდა, იმ ფანჯრის რაფაზე ცალი ფოსტლი იყო დარჩენილიო. იმასაც ამბობდა, ძალიან შორს ეგდო და იმსიშორს როგორ გადავარდებოდაო. იმ პერიოდში შერლოკ ჰოლმსით ვიყავი გატაცებული და 8 წლის გოგოს დედუქციური მეთოდი ავამუშავე, ამოვიკვნესე, კი მარა, თუ თვითონ გადახტა, ცალი ფოსტლი როგორ დარჩებოდა რაფაზე, თანაც შორს თუ ეგდო, იქნებ ვინმემ გადააგდო-მეთქი. მამამ, ვთქვი ეგ, მაგრამ პოლიციამ გამორიცხაო.

შევიხურე კარი, ჩავიკეტე ჩემს ოთახში და ვიტირე და ვიტირე. მერე ტირილით დასიებულს ჩამეძინა და მთელი ღამე სიზმრებში ჩემს საყვარელ ნოდარიკოს ვხედავდი, ღიმილიანს, თვალებაციმციმებულს, იჯდა და მღეროდა…

მოიქავეს ენები ონელებმა და მოცლილმა ნათესავებმა, ხან ნარკომანობა დააბრალეს, ხან თამაშობდა ალბათ და მოვალეებმა მოკლესო, მოკლედ არ დატოვეს არც ერთი ვერსია. მარტო ბებია ტიროდა გულწრფელად და ყველას აჩუმებდა, ნუ უგონებთ სისულელეებს, ერთი მხიარული, ალალი ბიჭი იყოო…

დღეს დილიდან Yasterday ამეკვიატა. მერე ფიქრის გორგალი აგორდა და ძაფის ბოლომ ჩემს პირველ სიყვარულთან, ტკბილხმიან, ღიმილიან ბიჭთან, ნოდარიკოსთან, მიმიყვანა…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «ნოდარიკო»

  1. მაკა:

    ყელში გაჩხერილ ბურთს რა ვუყო ახლა მთელი საღამო???

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s