კონცერტი

დიდი ორომტრიალი და სამზადისი იყო მუსიკალურ სკოლაში. ქალაქში კლასიკური მუსიკის კვირეული ტარდებოდა. იყო სასკოლო კონკურსები და ამ კონკურსებში გამარჯვებულები შემდეგ  საქალაქო კონკურსში იღებდნენ მონაწილეობას.  აქაც თუ გაიმარჯვებდი, ფილარმონიის სცენაზე გამოხვდიდოდი და დიპლომსაც მიიღებდი.clp17973

ქეთუნას  მასწავლებელიც ჩაერთო ამ ორომტრიალში და, როგორც ფრიადოსანი მოსწავლე, გაამწესა, რასაკვირველია. არავის უკითხავს, უნდოდა თუ არა. რაკი ხუთოსანი ერქვა, კიდეც უნდა მიეღო მონაწილეობა. არ გაუპროტესტებია. სკოლის კონცერტებზე გამოსვლას მიჩვეული იყო, სწავლაც არ ეზარებოდა. სხვები რომ იტანჯებოდნენ, ის ხალისით  არჩევდა ახალ ნაწარმოებებს.

პროგრამა აირჩა, ქეთუნას  შეხვდა ვებერის «7 ვალსი» და «რომანსი».

დაიწყო მეცადინეობა. ორივე მოსწონდა და სიამოვნებით  სწავლობდა. სულაც არ ფიქრობდა კონკურსზე და სახალხოდ გამოსვლაზე, არც სცენის დარდი ჰქონდა. იცოდა, რომ უნდა ესწავლა და პატიოსნად ასრულებდა დავალებას.

დიდი ხნის შრომის შემდეგ სასკოლო კონცერტის დღეც დადგა. მოვიდა მისი ჯერი, გამოვიდა და დაუკრა. არ უნერვიულია, რადგან შეჩვეული გარემო იყო და ამ პიანინოზეც ათასჯერ ჰქონდა დაკრული.

გაიმარჯვა. გახარებული მასწავლებელი დედამისს აჭყლოპინებული ეუბნებოდა, რა ყოჩაღი გოგოა, სულ არ იცის ნერვიულობაო.

ისევ გაგრძელდა მეცდინეობა. ახლა საქალაქო კონცერტი ჯერი დადგა.

იქაც მშვენივრად გაართვა თავი. მართალია, უკვე სცენაზე მოუწია გამოსვლამ, მაგრამ დიდად არ უმოქმედია ამას. დაჯდა  და თავაუღებლად  დაუკრა  თავიდან ბოლომდე. ცოტა კი აუკანკალდა გული, დარბაზს რომ გადახედა, მაგრამ მოიკრიბა ძალა და არ შიშს არ აჰყვა . მისდა  ჭირად, აქაც გაიმარჯვა. არადა, დაკვრისას გულში ნატრობდა, ნეტავ არ მოეწონოთ და ფილარმონიაში აღარ გამიშვანო. აქ რომ ასე ამიკანკალდა მუხლები, იქ რა მომივაო, პირველად დაფიქრდა ამაზე.

პირში ნერწყვი აღარ ჰქონდა, სახეზე-ფერი. რა მოგივიდაო, ჰკითხეს დედამ და მასწავლებელმა და არაფერი, დავიღალეო. შერცხვა თქმა, რომ შეეშინდა. უშიშარი და ყოჩაღი გოგოს სახელი ჰქონდა, უფროსებს კი მისი  დიდი იმედი. თუ აღიარებდა  თავის სისუსტეს, მაშინ ხომ აზრი შეეცვლებოდათ, მაშინ ხომ ისიც სხვასავით ქვეშაფსია გამოვიდოდა.

უკრა და უკრა, აასწორა დღე და ღამე. აღარაფერი ახსოვდა დაკვრის გარდა. ოღონდ იმაზე არ ფიქრობდა, რისთვის უწევდა ეს მეცადინეობა. თითქოს დაივიწყა, რომ ყველაფერი ეს იმ დიდი, შიშისმომგვრელი კონცერტისთვის იყო და ისე უყურებდა ამას, როგორც ჩვეულებრივ საგამოცდო მზადებას.

მოვიდა ის დღეც.

მოაგროვეს ბავშვები და წაიყვანეს. დგას კულისებში და სასიკვდილო განაჩენივით ელის თავისი  სახელის გამოცხადებას. მასწავლებელმა, შენი ჯერიაო, უთხრა და უბიძგა. თვითონ არაფერი გაუგონია. გალასლასდა სცენაზე.

დიდი, ხახადაღებული დარბაზი რისხვით უყურებდა ბნელი თვალებით. ზემოდან კი პროჟექტორების შუქი სჭრიდა თვალებს. ახლოს მივიდა თავის დასაკრავად, როგორც დაარიგეს. ყველაფერი აუყირავდა თვალებში, ყველაფერი აჭრელდა, თავბრუ დაეხვა , ცოტაც და გადავარდებოდა. თავი აღარ დაუკრავს და როიალისკენ გავეშურა წელმოწყვეტილი.

დაჯდა.

ჯერ ვალსები უნდა დაეკრა და მერე რომანსი. ახედა როიალს.

შავი, უზარმაზარი, ურჩხულივით პირდაღებული  იდგა. მის კრიალა ახდილ თავში ხედავდა ორკიკინიან გოგოს, შიშით ფერდაკარგულს, და ვერ ცნობდა.

ასწია ხელები, დაააწყო კლავიატურაზე და უცებ მიხვდა, რომ არაფერი არ ახსოვდა… სრულიად აღარაფერი, არც ერთი ნოტი… ზის და ფიქრობს. რა ქნას? ასე ხომ არ იჯდება სულელივით? ადგეს და გავიდეს, სირცხვილია, დარბაზში დედაა, კულისში კი მასწავლებელი. დაიწყო თითით მოსინჯვა, ხან ერთი ბგერის, ხან მეორის, ეგებ ხმამ გამახსენოს, საიდან უნდა დავიწყოო. უცებ საიდანღაც თვალებში  რომანსის დასაწყისი ნოტები გაჩნდა… სისხლი გათბა და ამოისუნთქა. დაიწყო დაკვრა. ჩავიდა ბოლომდე უშეცდომოდ და ისე გადააბა ვალსები, თითქოს თვითონ არ იყო, ორი წუთის წინ ერთ ნოტსაც რომ ვერ იხსენებდა. ესეც ჩაკლა.

ადგა. ისე უხარია, ლამის შეიკუნტრუშოს. არ ჩივის, კარგად დაუკრა თუ არა, მთავარია, რომ არ ჩაფლავდა, არ შერცხვა და კიდევ უფრო მთავარია, რომ დამთავრდა ეს კოშმარი… გახვითქული დადგა დარბაზის წინ თავის დასაკრავად, მაგრამ ამის  მაგივრად ხელით სახის განიავება დაიწყო, მერე უცებ  ენა გამოჰყო. მერე გაბრუნდა და გავიდა.

დაამხეს თავზე, ეს რა იყოო, მშვენივრად დაუკარი და ეს ხელის ქნევა და ენის გამოყოფა რა უბედურება იყოო. ის კი სულ არ ნაღვლობდა ამას. არც იმას დარდობდა, მისცემდნენ დიპლომს თუ არა, გახდებოდა ლაურეატი თუ არა.

გაუმართლა. ამ მისმა ერთობ არასასცენო მოძრაობებმა და საქციელმა ვერ მოხიბლა ეტყობა ჟიური, მერე რა, რომ მხოლოდ 9 წლის იყო. ჰოდა, სხვებმა გაიმარჯვეს.

არ დასწყდომია გული. არა, კი გაუხარდებოდა, რომ ეს ტანჯვა და ნერვიულობა ამაოდ ჩავლილი არ ყოფილიყო და შედეგი შერჩენოდა ხელში, ეცოდინებოდა მაინც, რისთვის მოკლეს. ასე კი, გამოვიდა, რომ ხახვივით შერჩა წვალება. მაგრამ იმის შეგრძნება, რომ აღარ მოუწევდა დასკვნით საზეიმო კონცერტზე გამოსვლა, ამას აქარწყლებდა.

იმ დღეს დაიფიცა გულში, რომ  არც ერთ კონცერტზე აღარ გამოვიდოდა და არც მუსიკას გაყვებოდა  არასდროს, რაკი ის მის  აღქმაში დიდ, ლაშდაღრენილ დარბაზთან და პირდაღებულ შავ ურჩხულთან ასოცირდებოდა.

მას მერე კაი ხანს იარა კიდევ მუსიკალურ სკოლაში. კიდევ ბევრი ნაწარმოები არჩია და უკრა დიდი სიამოვნებით, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა კი საფრთხე დგებოდა რომელიმე კონცერტზე გამოსვლის, მოულოდნელად ან თავი სტკივდებოდა, ან მუცელი. ნამდვილ მიზეზს კი გულმოდგინედ მალავდა. რცხვენოდა სისუსტის ჩვენების,   ყოჩაღი გოგოს სახელი ჰქონდა.

როცა დამამთავრებელ გამოცდაზე აქეს, ადიდეს და უთხრეს, რეკომენდაციას მოგცემთ სწავლის გასაგრძელებლადო, ომახიანად გამოუცხადა  კომისიას,  არ ვაპირებ მუსიკის გაგრძელებასო.  მასწავლებელს გაკვირვებისგან ყბა ჩამოუვარდა. კაი ხანს ვერ მოინელა ეს ამბავი.

დედას ხმა არ ამოუღია. კაცმა არ იცის, მიხვდა თუ არა მიზეზს, მაგრამ არც საყვედური უთქვამს და არც მიზეზი უკითხავს.

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «კონცერტი»

  1. მაკა:

    აქაც ჩემი თავი გამახსენდა …
    ბევრი სალაპარაკო გვაქვს, ბეეეევრი

  2. ჰოდა, ძალიანაც კარგი ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s