საჩუქარი

-ქეთო, ქეთო, მე ზევით ვიცხოვრებ რა!30102015538

-კარგი, მაშინ მე სარდაფში მოვაწყობ სახლს.

დები «სტუმრობანას «თამაშობენ, იწყობენ სახლებს, წვალობენ და მერე სტუმრად მიდიან ერთმანეთთან. ტელეფონიც კი გაჰყავთ. თამაშიც არსი ისაა, რომ გამარჯვებული ვლინდება-ის, ვისი სახლიც უკეთესია. უმცროსი ზევით რჩება და იწყობს სამყოფელს, უფროსი სარდაფში ჩადის და იქ შრომობს. დგება სტუმრობის დრო.

-ოოო, მე აქ მინდა, ეს მინდა ჩემი სახლი იყოს- ტირის უფროსი დის სახლით მოხიბ ლული და გულდაწყვეტილი გოგო.

-კარგი, შენი იყოს, მე ზევით ავალ.

ისევ გრძელდება მოწყობა, გადაკეთება, დალაგება. ისებ დგება სტუმრობის დრო. უფროსი რეკავს და პატიჟებს უმცროსს სადილზე. პატარა ადის.

-ოოოო ეს მომწონს და აქ მინდააა!-ისევ ჭუჭყუნებს უმცროსი.

-კარგი, მე ქვევით ჩავალ.

მოკლედ ასე ზევით-ქვევით აბარგება-გადაბარგებაში გადის დღე და სტუმრობა ვერ სრულდება და არც გამარჯვებული ვლინდება.

***

-ქეთო, ქეთო, წითელქუდა მომეცი რა!

წითელქუდა თოჯინაა, ნამდვილი წითელქუდაა, ზღაპრიდან ამომხტარს ჰგავს, ლამაზი, ბოლოებაცქვეტილი წითელი ქუდით, ფრიალა წითელი ქვედა ბოლოთი, თეთრი პერანგით და ზემოდან ჭრელი, წითელთასმებიანი ჟილეტით. პრიალა ოქროსფერი გრძელი თმით და დიდი ფახულა ლურჯი თვალებით, ფეხზე კი ყვითელი «საბოებით».

უფროსს აჩუქეს დაბადების დღეზე. უფრთხილდება თვალის ჩინივით, არავის ათხოვებს.

-ჩემო და, მომეცი რა წითელქუდა, მე ხო ავად ვააარ!- ისაწყლებს თავს ლოგინში პატარა და და თერმომეტრს ანახებს.

-კარგი აიღე, ოღონდ არ გააფუჭო, სანამ სკოლიდან მოვალ, გქონდეს.

უმცროსი ატრალებს თოჯინას. უცებ ისე უნდება მოუაროს, ავიწყდება დის დანაბარები, ხდის ტანსაცმელს, ასხამს ტაშტში თბილ წყალს და ბანს თოჯინას. თოჯინა სველდება და თმა სძვრება. ელდანაცემ გოგოს ამოჰყავას, ამშრალებს გამელოტებულ წითელქუდას, აცმევს და ცდილობს ქუდით მიამაგროს და გააჩეროს გრძელი ოქროსფერი თმა.

უფროსი სკოლიდან ბრუნდება. პატარა წევს ლოგინში, საბანი თვალებამდე აქვს აფარებული და გატრუნილია.

უფროსი იღებს წითელქუდას თავზე უსვამს ხელს და ქუდი თმიანად რჩება ხელში.

თვალები ცრემლებით ევსება, მელოტი წითელქუდა კი ძალიან საცოდავად შესჩერებია დიდად, ლურჯად..

-მაინც გააფუჭე ხო? ხომ გითხარი, არაფერი უქნა-მეთქი!- ტირილნარევი ხმით ამბობს უფროსი, თან ცდილობს ხმამაღლა არ თქვას, ვინ შეარჩენს უმცროსთან ჩხუბს, თანაც ავადმყოფთან, იცის დასჯიან. გული უკვდება, თავის საყვარელ თოჯინას ასე გაპარტახებულს რომ ხედავს. კაბა რომ არ ეცვას, ვერც მიხვდებოდა ადამიანი, გოგო იყო ეს წითელქუდა, თუ ბიჭი. ვეღარ ითმენს, მიდის და უმცროს დას თმას აწიწკნის. ანგინიანი ბავშვი მთელი ხმით კივის » არ მცემო, ქეთო, რააა…» არადა, ვინ ცემს?

ოთახში დიდები შემოდიან. უფროსი კარგა გვარიანად იტკიცება. ატირებული, მკლავზე თითებდამჩნეული გამოდის. ჯდება კუთხეში. სლუკუნებს. დაჰყურებს თავის დაგონჯებულ საჩუქარს. მერე იღებს სამზარეულოს უჯრიდან წებო «მომენტს» და ცდილობს მოტვლეპილ თავზე დააწებოს ეს ლამაზი თმა. წებო შრება, ხმება, პრიალა თმა უხეშდება, ცოტა წებოც გამოდის და გარედან ჩანს, მაგრამ თუ ქუდს კარგად ჩამოაცვამ, იმალება და მარტო დალალები მოჩანს. მართალია, წებოს გამო თავი ეზრდება ცოტა უფორმოდ წითელქუდას და შუბლის ზემოთ უცნაურად ებერება, მაგრამ მელოტს ხომ სჯობს? გოგო ყუთში აწვენს თოჯინას და დაჰყურებს. ასე არც არაფერი ეტყობა, ვერც ვერავინ შეამჩნევს რამეს. გულდამშვიდებული იწმენდს ცრემლებს, იღებს «სან-ლორენცოელ ბიჭებს», შლის ჩანიშნულ გვარდზე და კითხვას იწყებს.

-ქეთო, ქეთო, არ გინდა ჩემი ფელამუში გაგიყო?- შერიგებას ცდილობს უმცროსი და.

***

წითურა აქვთ გოგოებს. წვანან გვერდიდგვერდ და მონდომებით აწყობენ, აწებებენ «კონკიას»( ასაწყობ ზღაპარს, დედამ რომ მოუტანათ). ნელ-ნელა გამოდის ფიგურები. მერე თამაშსაც იწყებენ.

-ახლა რა ვქნათ»

-მოდი, ბალეტი ვიცეკვოთ, ვითომ ბალერინები ვართ. მე გოგო ვიქნები, შენ-ბიჭი.

-დედამ, ადგომა არ შეიძლებაო, დაგვიბარა.

-ახლა ხო არავინ არაა სახლში და რას გაიგებენ.

-ტანსაცმელი რომ არ გვაქვს ბალერინების?

-მოიცა, გოგო, იმათ ხო ისე აცვიათ, გეგონება არ აცვიათ. აი კაცებს სულ უჩანთ წინ ყველაფერი და უკანაც, ჰოდა გავიხადით და ისე ვიცეკვოთ.

რთავენ მუსიკას, მერე იხდიან წელს ქვევით ყველაფერს.

ორი ჩასუქებული გოგო თეთრპუტკუნატრაკებგადმოყრილი ცეკვავს გამწარებული ბალეტს და ცდილობს ფუეტეს გაკეთებას.

***

კვირაა. ოჯახი სრული შემადგენლობითაა სახლში.

ქეთო მუსიკას მეცადინეობს, ორშაბათს წასასვლელია.

რთავენ ტელევიზორს და «სამი კაკალი კონკიასთვის გადის» ( ყველაზე კეთილი და ლამაზი ფილმია დღემდე ჩემთვის). უფროსი და თან უკრავ და თან ცალი თვალი იმ ოთახისკენ აქვს, სადაც ტელევიზორია. უცროსი ტირილს იწყებს:

-ნახოს რა ქეთომ კინო, აყურებინეთ ქეთოს «კონკია!!!»

თანდათან უმატებს ტირილს და შესჩერებია დედას. დედა ღიმილს იკავებს, მიდის ქეთოსთან, აყენებს სკამიდან და გაჰყავს ტელევიზორთან. დები სხვედან გვერდიგვერდ და გაბადრული სახეებით შესციცინებენ ეკრანს. ფიქრებში ორივე კონკიას ადგილას ხედავს  თავს…

***

-რას დადიხარ ამ შუაღამისას, ნუ მაღვიძებ,-ჩხუბობს უფროსი და.

-სიზმარში დედას თავი მოაჭრეს და უნდა ვნახო, თავი აქვს თუ არაააა…-ტირის უმცროსი.

-გაკლია შენ, სიზმარში რასაც ნახავ, ყველაფერი კი არ ხდება.

მაინც დგება და მიჰყვება დას მშობლების ოთახში. ბნელა, ხან რას წამოედებიან და ხან რას. მიდიან დედის საწოლთან. უცროსი, ხელის ცეცებით ეძებს იმ ადგილს, სადაც წესით თავი უნდა ჰქონდეს დედას და ამოწმებს. დედას ეღვიძება და იფრენს ოთახიდან გოგოებს.

***

-ქეთო, ქეთო, გაიღვიძე რა!

-რა გინდა?

-აუ ნამეცადინევი მაქვს თუ არა გაკვეთილები?

-ნწუ-პასუხობს უფროსი და ძილს აგრძელებს.

უმცროსი დგება, ხვნეშით იღებს დიდ ჩანთას, ყრის რვეულებს და ამოწმებს. აქვს ნამეცადინევი.

***

შუაღამეა. სახლში არავის სძინავს, არც დიდებს და არც პატარებს. ბებია, ბაბუა, მამა აქეთ-იქით გარბი-გამორბიან, რეკავენ სადღაც, ტირიან, უფროსი და ოთახთან დგას და ღაპაღუპით მოსდის ცრემლები. უმცროსი ვერ იგებს, რა ხდება. მერე ეუბნებიან, დედაა ცუდადო. მერე ბებოს კივილზე ხვდება, რომ ძალიან ცუდი რამე დაემართა, მიდის ჩუმად უფროს დასთან:

-ქეთო, ქეთო, ჩემი დედიკო ხომ იქნები?

-?!.

***

ვერ სწავლობს მათემატიკას უმცროსი. უფროსი ეხმარება. ცდილობს ისე აუხსნას, როგორც დედა უხსნიდა ხოლმე თვითონ მას. უმცროსი უყურებს საცოდავად. უფროსი გაქაფულია, ბოლოს , რომ ჰგონია, რომ როგორც იქნა გააგებინა და მორჩა ახსნას, უმცროსი შეხედავს და ეკითხება:

— რა გამოდის მერე მაქედან?

უფროსი უხმოდ იღებს რვეულს და თვითონ წერს დის დავალებას.

***

სიცხე აქვს უმცროს დას. წევს, აკანკალებს. თვალები დასიებული აქვს ტირილისგან.

გაციებული არაა, არც გრიპიაო, ექიმმა.

-მითხარი, რა მოხდა?

— დამრიგებელმა კლასის წინ დამაყენა და გამლანძღა… აღარ წავალ სკოლაში.

ლექციებამდე დრო აქვს უფროს დას. მიდის სკოლაში, ცხრილს ნახულობს, ელოდება, როდის ექნება დამრიგებელს დის კლასში გაკვეთილი. შედის გაკვეთილზე და კლასის წინაშე ესაუბრება ქალს. კლასი აღფრთოვანებულია. დამრიგებელს სასწრაფოს უძახებენ.

***

-ჩვენ ვართ გოგოები, მედროგე პავლეს გოგოები.22102015527

მერე დგებიან ერთმანეთის გვერდით და იწყებენ ცეკვას ფილმ «მუსიკოსების» მოძრაობებით.

***

-ჩემო და, შარვალი გადამიკეთე რა!

***

-ჩემო და, სასახურიდან რომ წამოხვალ, წამალი წამომიღე რა!

***

ერთი სახლშია, მეორე სამსახურში. დღის მანძილზე ასჯერ ურეკავენ ერთმანეთს:

-ჩემო და, ხომ არ იცი ქოლგა რატომ ვიყიდე? დამაჯვა თავზე ამინდმა.

ახალი ქოლგა კარადაზე დევს, გარეთ კი წვიმს უბედურად.

-მთავარია, ხომ გაქვს, ასე რომ, მშვიდად იყავ, დაო!

***

_ წახვალ ბუდაპეშტში, აი ნახავ, თუ არა.

ბუდაპეშტი უფროსის ოცნებაა.

***

-დე, ვინ უფრო გიყვარს, ჩვენ თუ შენი და?

-არ ვიცი.

-მაინც?

-ერთნაირად!

შვილები უკმაყოფილო რჩებიან. ეჭვიანობენ.

***

შავ-თეთრ ფოტოზე ორი სასაცილო გოგოა, ეხუტებიან ერთმანეთს.ამ სერიის უამრავი ფოტოა ალბომში. ერთი ფირია მთლიანად სავსე.

დედის სიკვდილის მერე რამდენიმე წელი რომ გავიდა, მისი თანამშრომლები მოდიან სტუმრად.  პაკეტს აძლევენ, ფოტოებით სავსეს. სახლში არავის ახსოვს მათი არსებობა, აღარც დედას ახსოვდა, ალბათ. წლების წინ გადაღებული სურათები დასაბეჭდად დაუტოვებია ერთ-ერთ ტანამშრომელთან და დავიწყებია ამასაც და იმასაც. ახლა მოუტანეს გოგოებს.

უწყვიათ თვალცრემლიანებს წინ შავ-თეთრად ქცეული ბავშვობა, როგორც დედის კიდევ ერთი საჩუქარი…

***

მშობლები ყოველთვის ვერ გვაძლევენ იმას, რაც გვინდა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ რომელიმე მათგანი ვერ ამართლებს ჩვენს იმედს, რომელიმე მათგანის ან ხასიათი არ მოგვწონს, ან საქციელი, ან შეხედულება. იქნებ ვერც ქონებას გვიტოვებენ, ვერც მომავალს გვიქმნიან, მაგრამ თუ მათ ერთმანეთი გაჩუქეს და სიყვარულიც გასწავლეს შენი ქრომოსომების თანამოზიარის, ჩათვალე, ყველაფერი გაუკეთებიათ შენთვის და დიდი სიმდიდრეც დაუტოვებიათ…

პ.ს. მე და ჩემი და ეგებ ვართ მედროგე პავლეს გოგოები და აღა- გეორქას შვილებისთვისაა რცხილი შეშაც, თბილი ქურქიც და «ტანცკლასიცა», მაგრამ ჩვენ დუნიაზე ყველაზე მდიდარი ადამიანები ვართ…

-გამომართვი ცხვირსახოცი , დაო ❤

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

3 комментария на «საჩუქარი»

  1. khatia:

    კარგია ❤ ❤ ❤ ❤

  2. მაკა:

    მე ორი და მყავს, ჩემზე 10 და 9 წლით უფროსები არიან … ზუსტად ასეთი ურთიერთობა გვაქვს … 20 წლისას არც დედა მყავდა და არც მამა …
    მსგავს შეკითხვას თუ დაუსვამენ შვილები, ზუსტად იგივეს უპასუხებენ …
    მართალია ჩემმა მშობლებმა ჩემი იმედები არ გაამართლეს და ძალიან ადრე დამტოვეს მარტო, სამაგიეროდ ფანტასტიური ორი დაიკო (ჩვენ ასე ვეძახით ერთმანეთს) დამიტოვეს და რაც მთავარია სამივეს გვასწავლეს სიყვარული, ერთმანეთის გვერდით დგომა და უერთმანეთოდ ყოფნის ტკივილი …
    ქეთი კიდევ ერთხელ ❤

  3. კიდევ ერთხელ, მაკა ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s