ქოქია

მე და ქოქიამ ერთმანეთი ავტობუსში გავიცანით. არა,  არ მგზავრობდა, უფრო სწორად, კი მგზავრობდა, მაგრამ არა თავისით, ვიღაც დიდი ბიჭის ქურთუკის უბეში გამოხვეული.

მუსიკიდან ვბრუნდებოდი სახლში, სუტად ისეთ ხასიათზე, როგორიც შეიძლება ჰქონდეს პატარა გოგოს 1 საათი გამების დაკვრის შემდეგ.

თოვდა.. მომიჯდა გვერდით ეს ბიჭი.

ქურთუკი საეჭვოდ უხვანცალებდა. გაიხსნა და იქდან თავი ამოჰყო პატარა გაბურძგნილმა ლეკვმა. შავი იყო, ცხვირზე პატარა ნაცრისფერი ლაქით და მძივივით თვალებს კუსავდა. მივეფერე და ამოძვრა ბიჭის უბიდან. შემომაღოღდა. გული ამიკანკალდა. როგორც ყველა ბავშვი, მეც ვოცნებობდი ლეკვის ყოლაზე. ვეფერე და ვეფერე. ნეკისხელა წითელი ენით მლოკავდა და წუწკუნებდა.

კაი ხანს ვიმგზავრეთ ასე. მერე ბიჭის ჩასვლის დრო მოვიდა. მოეწონე ეტყობაო და შენი იყოსო. ყურებს არ დავუჯერე. რა ჰქვია-მეთქი და არ ვიცი, ვიპოვეო. ამ დროს, ალბათ, უნდა მეთქვა, რომ ჩემს ოჯახში უფროსებისგან ტაბუდადებული თემა იყო ძაღლი, მაგრამ ენა არ მომიბრუნდა. ისე საყვარლად და თბილად მეჯდა ხელებში, როგორ შემეძლო ამაზე უარის თქმა?

მეტი სიხარულისგან მადლობაც ვერ გადავუხადე. ჩავიკარი გულში ეს შავტუხა გორგალი და გავიტრუნე.

მთელი გზა ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა უფროსებისთვის, რომელი არგუმენტი იქნებოდა უფრო დამაჯერებელი, რომელი გატეხდა მათ სიჯიუტეს.

გადაირია ბებია. სახლში ძაღლი ვის გაუგია, ბაცილებს მოგვიტანსო. ვიტირე, ვიკვნესე, ვიხვეწე და დამანება თავი. დაბრუნდებიან შენი მშობლები და მაინც გაგადებინებენო.

დავბანე ჩემი ლეკვი, გავაშრე. გაბურძგნილი ბეწვი დაურბილდა, გალამაზდა. ვაჭამე. დავსვი იატაკზე და დაიწყო აქეთ-იქით გორიალი და კოწიაწი. სათამაშოს ჰგავდა. ძალიან მაგონებდა ჩემი ბავშვობის საყვარელი ზღაპრიდან უფლისწული დორეს ძაღლს, ქოქიას. ჰოდა, კიდეც მოვნათლე. ისე გამართო, ვერც გავიგე საღამოს მოსვლა.

დაბრუნდნენ მშობლები და გულს შემოეყარათ. ატყდა ამბავი. არაფერმა გაჭრა, არც ხვეწნამ, არც ტირილმა, არც დაპირებებმა. ოღონდ ნუ გააგდებთ და სარდაფში მეყოლება-მეთქი. სახლში არასდროს ამოვიყვან, მე მოვუვლი და რომ გაიზრდება ეზოში იცხოვრებს-მეთქი. ეტყობა ისეთი სასოწარკვერთილი სახე მქონდა, მოლბნენ და კარგიო, დამთახმდნენ.

ჩავიყვანე ქოქია სარდაფში. ციოდა იქ და ბნელოდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა. დავუფინე თბილი ფარდაგი, გამოვუხურე კარი და ამოვედი.

მთელი ღამე თეთრად გავათენეთ მე და ქოქიამ, მე ზევით და იმან ქვევით. ტიროდა გაუჩერებლად.

უთენია წამოვხტი, ჩავედი, ჩავიკარი გულში, გავუთბე გაყინული თათები. მომჩერებოდა ცრემლიანი თვალებით და კრუსუნებდა. მერე ისევ დავტოვე და სკოლაში წავედი.

სანამ გაკვეთილებს არ მოვამზადებდი, არ მქონდა მასთან ჩასვლის უფლება. მეც განსაკუთრებული მონდომებით ვმეცადინეობდი, რომ მალე დამემთავრებინა და მეტი დრო დამრჩენოდა მასთან ყოფნისთვის.

ასე გრძელდებოდა ცოტა ხანს. ქოქია წამოიზარდა. მალე ყინვამ მოუჭირა. უმატა ღამღამობით ტირილს ქოქიამ.

ერთ დღესაც, რომ ჩავაკითხე, როგორც იცოდა, ისე აღარ წამოხტა. გამიკვირდა. გადმოვსვი და გული გამიჩერდა. ფეხები დაგრეხოდა და მოწყვეტილივით მოათრევდა. ვიფიქრე, შესცივდა-მეთქი. ჩავიტანე ცხელი წყალი და ფეხები დავუთბილე. მერე წინდები მოვქსოვე და ამოვაცვი, მაგრამ სულ ტყუილად. არაფერი ეშველა. დღითიდღე უარესდებოდა. უკვე ფეხზეც ვეღარ დგებოდა. გული მიკვდებოდა მის შემხედვარეს. ის იქით ტიროდა და მე-აქეთ.

საქმეში უფროსები ჩაერივნენ, რა იცი რა სჭირსო, აქ არ ჩაგვაკვდეს ხელშიო, წავიყვანოთ და სადმე სხვაგან მოკვდესო. ვუარობდი, მაგრამ თანდათან მიჭირდა მისი ყურება. მერე საკუთარი თავი შემეცოდა. იმდენი წელი ვოცნებობდი ძაღლი მყოლოდა, არ მემეტებოდა ჩემი ნალოლიავები ოცნება ერთ ფეხებდაღრეცილ, დამბლადაცემულ ძაღლად ამხდარიყო. ჰოდა, დავთანხმდი.

აიყვანეს ჩემი ქოქია, გაახვიეს ტილოში. მე ვიდექი, ვტიროდი და ვცდილობდი არ შემეხედა. თავიდან ისიც ტიროდა, წუწკუნებდა, მერე გაჩუმდა. მიხვდა, ალბათ, რომ ვერავის შეაცოდებდა თავს და განწირული იყო. ბოლოს მაინც შევხედე. ნეტავი არ შემეხედა. მძივივით მრგვალი, შავი თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და თითქოს მეუბნებოდა, ვიცი, რატომაც აღარ გიყვარვარ და არ ვბრაზობ შენზეო.

დიდ ხანს ვაძალებდი თავს ამომეგდო ეს ამბავი ჩემი გონებიდან. არ მეფიქრა ამაზე. ბოლოს კიდეც გამომივიდა.

დღეს, ამდენი წლის შემდეგ, არ ვიცი, რამ გამახსენა ქოქია, ჩემი ბავშვობის ცრემლიანი ლაქა, ჩემი დიდი დანაშაული…ახლაც მტანჯავს იმის გაფიქრება, რომ მან მე ამირჩია, მენდო, მეც ვიკისრე, რომ ვუპატრონებდი და ისე გამოვიდა, რომ სასიკვდილოდ გავწირე. ნეტავი უარი მეთქვა იმ ბიჭისთვის…

ალბათ ამ საშინელი ამბის დამსახურებაა ის გადამეტებული პასუხისმგებლობა საყვარელი ადამიანების მიმართ, რაც მე მაქვს. მე გავიმეტე ქოქია, მან კი ადამიანად მაქცია…

ახლა ვფიქრობ, რომ ერთ-ერთ ნაწიბურს ჩემს გულზე ქოქიას ცრემლიანი თვალის ფორმა აქვს…

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s