დაღლილმზედაკრული ფიქრები

ზის დაღლილი მზე ჭერმის წვერზე. ოქროსფერი ობობა მონდომებით ქსელავს,  ხლართავს ხეს…

***

-ბაბუუუ, ბაბუუ, წისქვილი დამიმტვრიეეეეს…- სლუკუნით მოქლოშინობს პატარა გოგო, მსუქან ლოყაზე ჯერ კიდევ ცრემლი აქვს შეჩერებული.

-უჰ, უჰ, რა იყო, ბაბუ, ვინ გაბედა?

-რა ვიცი, ვიღაცა დიდი ბიჭია,  მეოთხეკლასელი, ჰოდა დაამინგრიააა…-ამოუჯდა გული ისევ.

-ბიჭიო? კი არის აბა გასალახი.

-გავლახე უკვეეე. ვტკლიცე და ვტკლიცე.

-მალადეც, გოგო, მალადეც ახლა სჯობიხარ მანანდელს. კაი გიქნია. მარა რა გატირებს მაგ ვერ გავიგე.

-იმ ბიჭმა ტირილი დაიწყო და დედაჩემს მოვიყვან და დაგაწიწკნის კიკინებსოოოო და კიდევ წისქვილი აღარ მააააქვს…-სლუკუნიდან ღრიალზე გადავიდა გოგო.

-ნეტაი შენ, ბაბუა, მაგის დარდი გაქვს? წისქვილს ერთს კი არა ასს გაგიკეთებ, უკეთესს კიდევ. იმ ბიჭის დედის კიდევ რავა გეშინია, ამისთანა ბაყბაყ დევივით ღონიერი ბაბუა გყავს.

ცოტა ხანში გამოჩნდა კაი ჩასუქებული ბიჭი და პალტომოსხმული დედა.

-არ გრცხვენია, შენ, გოგო? არ გასწავლეს, რომ ბავშვების ცემა არ შეიძლება?

-და გოგოს დაჩაგვრა რომ არ შეიძლება, ის არ ასწავლეთ თქვენს მუტრუკს?-აჯახა ბაბუამ,-წადი, ბაბუ, შენ სახლში, ბებიას სადილი მზად აქვს. ამათ მე გავცემ პასუხს.

ლოყებაწითლებული გოგო იდგა ფანჯარასთან მიდგმულ სკამზე და გაფაციცებით ადევნებდა თვალს, ეზოში მიმდინარე სცენას. ქალი ხელებს აქნევდა და თან გაწეწილ თამს ისწორებდა. ბაბუა იღიმებოდა და უსმენდა. მერე გააჩერა. რაღაც უთხრა ჯერ დედას და მერე შვილს, თითიც დააქნია. დედა-შვილი შეტრიალდა და წავიდა.

იმ დღედან თვალიც არ მოუკრავს არც გოგოს და არც ბაბუას მათთვის.

***

ეს პატარა ნორჩი ვანდალისგან დარბეული, წისქვილდანგრეული გოგო დღეს ზის ამ შემოდგომის მზიან დღეს და ღიმილით იხსნებს იმას, რასაც ჭერმის ტოტებში ამოქსოვილ სხივებში ხედავს ცხადად.

***

წისქვილი, რომლის დანგრევამაც ასე დასწყვიტა გული ამ ლოყებდაბერილ გოგოს სხვა არაფერი იყო, თუ არა ცარიელი ძაფის კოჭი, რომელსაც ბოლოები ლამაზად ჰქონდა ბასრი დანით დაკაჭკაჭებული, მერე ჯოხზე იყო წამოცმული, შედგმული იყო პატარა ღელეზე ხელოვნურად მოწყობილ ჩანჩქერში და მისი დაცემისას ისე ლამაზად ფრიალებდა, თვალს გიჭრელებდა ცქერისას.

ოსტატი იყო ბაბუა ასეთი გასართობების მოგონების.

იმ  თვეში და ეყოლა ამ გოგოს. ჰოდა, ბებიამ და ბაბუამ დაავლეს ხელი, ახლა ამისთვის ვის ეცლებაო და წამოიყვანეს აქ, საირმეში, ჰაერის გამოსაცვლელად.

იმ სანატორიუმს, რომელშიც ისვენებდნენ, ერთი დირექტორი ჰყავდა, პატარა ჩია კაცი, სასაცილო ბერეტით თავზე. ხალისობდა ბაბუა მის გარეგნობაზე და კიდევ უფრო მეტად მის გაჯგიმულ სიარულზე( დაკვირვებიხართ, რომ ძალიან დაბლები უცნაურად გაჭიმულები დადიან, თითქოს ამითი მოიმატებენ სიმაღლეს) და ძალად დაბოხებულ ხმაზე. ნამდვილი დილეხტორიაო, დაასკვნა ერთ დღეს და შერჩა და შერჩა ეს სახელი იმ საწყალს. აგულიანებდა შვილიშვილს, მიდი ახლა და ჩუმად დაუყვირე » დილეხტოორ, დოლეხტოორ» და დაიმალეო. ისიც, რასაკვირველია, დიდი მონდომებით ასრულებდა. ბაბუა კი იდგა და ხალისობდა დირექტორის რეაქციაზე.

-იცი შენ, ბაბუა, იმ დილეხტორმა შენი თავი რომ მთხოვა? ბიჭი ჰყოლია და უნდა მივათხოვოო.

-ვაიმე, ბაბუა, არ მინდა გათხოვებაააა, არც დილეხტორის ბიჭი მინდაააა-აჯღავლდა გოგო.

-რავა გეკადრება, ბაბუა, ხელმწიფის შვილზე ნაკლებს რავა გაგაყოლებ ამ მზეთუნახავს.

გოგოსაც სჯეროდა, რომ მზეთუნახავი იყო.

***

ეს მზეთუნახავობას მონდომებული გოგო ზის აგერ პატარა, დიდფანჯრებიან ოთახში და ცდილობს მოგიყვეთ ბაბუაზე, მისი ბავშვობის გამხალისებელზე.

***

 

უცნაური და გასაღიმებელი კაცი იყო ბაბუა. ჭიმია იმერელი, როგორც მე ვეძახდი ხუმრობით, სახლის გვერდით მაღაზიაში შარვალ-კოსტიუმით, შლაპით და ჰალსტუხით რომ გადიოდა.საოცარი მეზღაპრე. არ ვიცი, საიდან იგონებდა ამდენ ვერსიას არსებული თუ არარსებული ზღაპრებისას.  ხომ არ გგონიათ, რომელიმე ვარიანტი გამეორდებოდა. არავითარ შემთხვევაში. სიახლე გარანტირებული იყო პერსონაჟებშიც, სიუჟეტშიც, კვანძის შეკვრაშიც, გახსნაშიც, კულმინაციაშიც და ფინალიც, შესაბამისად, სხვადასხვა გამოდიოდა.მაგრამ ყველაზე მეტად ამ ფერად უცნაურ სამყაროში, ღამღამობით რომ ხლართავდა ბაბუა ჩემს საწოლთან, მაინც ჭინკების ამბავი მიყვარდა. ისე ყვებოდა, ისე აღწერდა, თვალწინ ვხედავდი პატარა, ცერისხელა, ჭორფლებიან, კოჭებამდე წითელთმიან გოგოებს, პაწუკა შიშველი ფეხებით, ცხენის ფაფარში ჩაფრენილებს, წიკვინა ხმით რომ ეძახდნენ პატარა ბაბუას და მის მეტს რომ არავის ესმოდა მათი ძახილი. ახლაც ყველა დროის საუკეთესო ზღაპრად მიმაჩნია.

ჯიბეში პარტბილეთი ედო, ბოლშევიკებს და კომუნისტებს აგინებდა, რაკი მისი ოჯახიც გაკულაკების მსხვერპლი იყო, ერთ კედელზე სტალინის სურათი ეკიდა, მეორეზე მაცხოვრის ხატი. ეკლესიაში ვერ დადიოდა, გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ ძილის წინ აუცილებლად ლოცულობდა. სააღდგომოდ კვრცხებს თვითონ ღებავდა. საახალწლოდ კი ბასილას ამზადებდა. ისე არ მინდოდა დილაუთენია იმ თაფლიანი ბასილას ჭამა და მერე რკინის მონეტაზე კბილის დაკაკუნება, რომ რა გითხრათ, მაგრამ გმირულად ვითმენდი, რადგან ვიცოდი, უარი ეწყინებოდა. მაშინ ნერვები მეშლებოდა ხოლმე, ახლა კი ისე კარგად მახსენდება ეს ყველაფერი, რომ გულში ზღვა მეღვრება სითბოსი. ბეჭები მახსოვს მისი. ოდნავ მოხრილი, განიერი და ეშმაკურად მოციმციმე თვალები, შიგნით რომ ათასი ჭინკა დაუხტოდა…

შვილები გოგოები ჰყავდა. ბიჭი უნდოდა ნამეტნავად, მაგრამ არ გამოვიდა. მერე იმისი იმედი ჰქონდა, ეგებ შვილიშვილები იყვნენ ბიჭებიო. ჰოდა ყოველ ჯერზე გატენილი თოფით ელოდებოდა, როდის ახარებდნენ, ბიჭიაო. მერე , მართალია, ეუბნებოდნენ, გოგოაო, მაგრამ იხტიბარს არ იტეხდა და მაინც ცლიდა თოფს.სანამ მე დავიბადებოდი, რამდენიმე დღით ადრე მეზობელმა გააჩინა გოგო და ბაბუას რომ გაუგია, იქავე იყოსო, ჩაულაპარაკებია.ჰოდა კი შარჩა ამ ბიჭს დანატრებულ კაცს სამი შვილიშვილი და სამივე გოგო. გათვალულები ვართ ნამდვილადო, ჩაუქნევია ხელი…

დილით ადრე გამოიპეპლებოდა და დაიდოდა წინ და უკან, თუ ვინმე კითხავდა, რას დადიხარ აქეთ-იქითო, წარბს აწევდა და წევიდო-არ ვიცი, არ წევიდო არ ვიციო, უპასუხებდა. მერე როგორღაც გადაჭრიდა ამ შექსპირისეულ დილემას და წავიდოდა.

ერთხელ ჭიშკრის ხმა გავიგე. რომ შეაგვიანდა კიბეზე ამოსვლა, გავხედე. ვხედავ, მიჰყუდებია კარს და ფერი დაჰკარგვია. გული გამოსკდა, ბაბუა, რა გჭირს-მეთქი. რა არი თუ იცი, ბაბუაო. მოვდიოდი დაღლილი, მერე დავინხე, აგერ ქუჩის დასაწყისში უბნის კაცები მდგარან.  გევიჭიმე , ჩქარ-ჩქარა ამოვიარე აღმართი და გულმა შამომიტოვაო.

გარდარეული სიყვარულით უყვარდა ბებიაჩემი. დუნიაზე არავინ ეგონა მასზე ლამაზი და ჭკვიანი. კი ჰქონდა ისე, კაცმა რომ თქვას, ამისი საფუძველი. სიცოცხლის ბოლომდე ეჭვიანობდა და ჩვენ ძალიან გვართობდა ეს ამბავი. ხან ოტელოს ვეძახდით და ხანაც რომეოს. სახლში შემოვიდოდა თუ არა, იკითხავდა, დღეს ხომ არავინ მოსულა უცხოო. ერთხელ, უკვე კაი ხნის გადაცილებული რომ იყვნენ ერთიც და მეორეც სასიყვარულო ასაკს, ტრადიციულად იკითხა, ვინ იყოო და ბებიამ, გაზის ბიჭუნა იყო მოსულიო. გახედა ბაბუამ და ხომ არაფერი უკადრებიაო.

ერთხელ ბებია საავადმყოფოში მოხვდა. მშობლებს, როგორც წესი, არასდროს ეცალათ ჩვენთვის. ჩვენ კი, ორივე და ავად გავხდით ანგინით და ბრონქიტით. ვიწექით ორივე ბაბუას ოთახში. დილაობით შემოჰქონდა ადუღებული რძე თაფლით. ბებო გვიწურავდა ხოლმე რძეს, რომ ნაღები არ ჩაჰყოლოდა, ამან კი აბა რა იცოდა. ჰოდა გული გვერეოდა დებს, მაგრამ გვეცოდებოდა ბაბუა და არ ვიმჩნევდით. ძალას ვატანდით თავს და უხმოდ ვსვამდით. ის  ამ დროს იდგა ფანჯარასთან, იყურებოდა სადღაც და თვალზეცრემლმომდგარს ტუჩი უკანკალებდა.

როცა დედა გარდაიცვალა, საღამოობით ხან თვითონ მღეროდა და ხან რადიოს ამღერებდა. ჭორიკნები ენებს ილესავდნენ, ჭკუაზე გადაცდაო. მაშინ მეც მიკვირდა. მხოლოდ წლების მერე მივხვდი, რომ სულაც არ ემღერებოდა, უბრალოდ, ჩვენს განიავებას ცდილობდა და სახლში ჩაბუდებული დარდის გაფანტვას. ეს მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა თვითონ გარდაიცვალა. სასაფლაოს მომვლელმა იცნო და უიო, ეს კაცი კარგად ვიცი, ყოველ დღე მოდიოდა ფეხით და იჯდა ხოლმე შვილის საფლავზეო. ჩვენ კი არაფერს გვეუბნებოდა…

ეტირებოდა, როცა შრომით სემესტრში მაცილებდა. ითმინა, ითმინა და ვეღარ მოითმინა. ჩამომაკითხა. ჩამოვიდა, სურსათ-სანოვაგით დატვირთული, დაღლილი, დასიცხული. ოთახში რომ შემოიხედა, შევატყვე,  ცუდად გახდა, სიტუაციის შემხედვარე, მაგრამ არ შეიმჩნია. აქ ვერ გავჩერდებიო, თქვა და ეგება ქალაქში გავიდეთო. მე ყველაფერი გოგოებს დავუტოვე და ბაბუასთან ერთად შტაბის უფროსთან წავედი. ავუხსენი სიტუაცია, ვუთხარი, რომ გვიან ღამით მიდის თბილისში და მანამდე წასასვლელი არსად აქვს და ეგებ შეიძლებოდეს გამიშვან საღამომდე , მასთან ერთად რომ ვიყო-მეთქი. კბილები მიხრჭიალებს სიბრაზისგან ახლაც, როცა მისი უმეტყველო სახე მახსენდება და უემოციოდ ნათქვამი: არ შეიძლება. თუ თვითნებურად გახვალთ ქალაქში, არ ჩაგეთვლებათ გავლილად შრომითი სემესტრი, შესაბამისად, ვერ გადახვალთ შემდეგ კურსზე და გაირიცხებითო. ბაბუამ, როგორც კანონმორჩილმა კაცმა, ხმა არ ამოიღო, ასეა ალბათ საჭირო, შენ არ იდარდო, მე რამეს მოვიფიქრებო, მაკოცა და წავიდა. მივაცილე ღობემდე. დიდხან ვიდექი და ვუყურებდი მის ბეჭებს , ნელ-ნელა რომ პატარავდებოდა, ბოლოს კიდეც გაქრა. ვიდექი და ცრემლები მახრჩობდა…

ის დღე იყო და ის დღე, მერე ბაბუა აღარ მინახავს…

სანამ იცოცხლა, ჩვენთვის ცოცხლობდა და სიკვდილითაც ჩვენთვის მოკვდა. გველოდებოდა იმ დღეს შვილიშვილებს და ბოვშვებს რამე გემრიელი დავახვედროთო, წასულა ბაზარში. მერე იქიდან დაღლილ-დასიცხული ჩამჯრადა ტრამვაიში და წნევას დაურტყამს. ვეღარც ჩამოსულა. ვერც ლაპარპაკობდა. იჯდა ასე, ცილინდრით, შარვალ-კოსტიუმით, ჰალსტუხით, გაპიწკინებული, გვერდზე მიწოლილი და მიყვებოდა და მოყვებოდა ტრამვაის ერთი ბოლოდან მეორეში. ჩვენ ჩამოვედით, დაგვხვდა ბებია. ველოდეთ ბაბუას. აღერლდა ბებია, ამდენ ხანს მარტოს არ დამტოვებდა და რაღაცაშია საქმეო. დაღამდა და კიდეც დარეკეს, საავამყოფოში მიეყვანა სასწრაფოს.

რომ მახსენდება დილიდან ღამემდე ინსულტიანმა კაცმა რამდენი წრე დაარტყა დანღრეული ტრამვაით, სისხლი მეყინება. იმას რომ წარმოვიდგენ, რამდენი ნაცნობი ამოვიდოდ-ჩავიდოდა დილიდან ღამემდე და რამდენმა არც კი შეიმჩნია  და არ დაინტერესდა, რა სჭირდა, არ შეაჩერა მძღოლი, რომელმაც ბოლო წრე რომ ჩაათავა, ჩამოაგდო ტრამვაიდან და იქვე გაჩერებაზე მიაწვინა, იყო იქ მანამ, სანამ ერთი ღვთისნიერი მეზობელი არ გამოჩნდა და გამოუძახა სასწრაფოს, მინდება გადავტენო ავტომატი და მივუშვა და მივუშვა… ამ ამბის მერე წლების მანძილზე ვეღარ ავდიოდი იმ დაწყევლილ ტრამვაიში. დღემდე ვერ ვიტან და სულ მიკვირს, როცა გადავაწყდები ხოლმე სადმე  მის ნოსტალგიას.

მივქანდი. იწვა საწყლად. ხელზე ჩამაფრინდა და ლუღლუღით შემომჩივლა: რა მიქნეს, ბაბუ, სახალხოდ ჩამხადეს შარვალი და ნემსი გამიკეთესო. სხვას არ ჩიოდა არაფერს.

ისე მოვკვდები, ამას ვერადროს ვაპატიებ თავს. ასე მგონია, მაშინ რომ შემეკურთხებინა იმ კომკავშირელი ზომბისთვის, ფეხზე დამეკიდებინა, მათი უნივერსიტეტიც და დიპლომიც და გავყოლოდი, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა…

უნდა მიმეფურთხებინა ყველაფრისთვის, იმიტომ რომ ეს ჩემი ბაბუა იყო. ადამიანი, რომელიც ბავშვობას მილამაზებდა.თუკი რამე მახსოვს კარგი და ფერადი, სწორედ მასთანაა დაკავშირებული, ჩემს ენაკვიმატ, ხულიგან ბაბუასთან.პატარობისას მასთან ძილით და ძილის წინ უცნაური ზღაპრებით. ყოველ ჯერზე მიხსნიდა, რატომ ვუყვარვარ ასე გამორჩეულად, იმიტომ რომ მისი გაზრდილი ვარ, რომ ძუძუს მაწოვებდა და იმიტომ აქვს ახლა ასეთი პატარა, თორემ ადრე ბებიას რომ აქვს გახვართქალებული, ისე ჰქონდა 🙂 და მეც მჯეროდა კაი ხანს. ბებია ამ დროს მოიხსნიდა ხოლმე მშვიდად სათვალეს, ნეტა არ ასულელებდე ამ ბავშვსო და გააგრძელებდა კითხვას. ბაბუა კიდე, ნუ შეგვჭამე, ქალო, ამდენი კითხვით, ამოგვიღამდა თვალები, ჩააქრე აწიო. სკოლის ასაკში დაჩქარებული ტემპით მეცადინეობით, რომ მალე დამემთავრებინა მისი სამსახურიდან მოსვლამდე, იმიტომ რომ მერე იწყებოდა გართობა. რა ქუჩა, რის ქუჩა, რა მინდოდა იქ, როცა გადასარევ დროს მატარებინებდა ბაბუაჩემი სახლშიც. ბანალური დახუჭობანობიდან დაწყებული ექსკლუზიურნახევრადზღაპრული თამაშებით დამთავრებული, კისერზე შესმული სეირნობებით და რა ვიცი, რომელი ერთი… რომ მოვიზარდე და ხასიათის დემონსტრირება დავიწყე, ვებუტებოდი, როცა რამე მეწყინებოდა ხოლმე. ის დადიოდა მოწყენილი, თვალებში ცრემლი უჩანდა და ტუჩები უკანკალებდა. ბოლოს ისევ თვითონ მოვიდოდა, ჩამიკრავდა გულში და მერე მე ვიწყებდი ბღავილს .

ეს იყო ერთადერთი ადამიანი, ვისთვისაც მე ყოველთვის და ყველაფერში მართალი ვიყავი, ვინც არასდროს დამტუქსავდა, ყველაფერში მხარს ამიბამდა. ვისაც სულ ეჩვენებოდა, რომ ჭამას მოვუკელი და ნიკაპი გამიწვრილდა და სერიოზულად განიცდიდა ამას და სამსახურიდან მოსულს გვერდით თუ არ მივუჯდებოდი, საჭმელს არ ჭამდა.

ეს იყო ჩემი საჩუქარი, დიდი, შეუფასებელი საჩუქარი, რომლითაც განგებამ დამაჯილდოვა. მე კი სულ მცირეც ვერ გავიღე მისთვის…

ცხოვრება გვართმევს საყვარელ ადამიანებს და  მოგონებებს გვიტოვებს მათზე, როგორც მათ სახელზე დადგმულ უხილავ ძეგლს… ერთი ასეთი უხილავი ძეგლია ეს მოგონებაც…

***

ზის დაღლილი მზე ჭერმის წვერზე. ოქროსფერი ობობა მონდომებით ქსელავს,  ხლართავს ხეს…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s