თითისტარი

-ბრრ..ბრრ- ხმაურობდა თითისტარი  ხის პატარა მაგიდაზე.

-ბებო, ბებო, არ შეგერჭოს, თორემ დაგეძინება!22102015508

-რომელი მზეთუნახავი მე ვარ.

-ხარ მზეთუნახავი, ხარ!

-თუ ვარ და შემერჭობა და დავიძინებ, პრინცი აგერ არაა, მაკოცებს და გამაღვიძებს, მაგისი დარდი არ გქონდეს შენ.

«პრინცი» თვალის კუთხეებში ჩამალავდა ღიმილს და ფლოსტების ფრატუნით გავიდოდა თავის ოთახში.

***

ასე იყო ზამთრის ცივ და გრძელ ღამეებში. ართავდა ბებო პატარა ფთილებს და მერე ქსოვდა და ქსოვდა ჟილეტებს და წინდებს, რომ ყინვებში მის ბრონქიტიან შვილიშვილებს ფერდები და ფეხები თბილად ჰქონოდათ.

როცა დართვა მორჩებოდა, იწყებოდა ქსოვის საათები. ვისხედით საათობით ტახტზე და ვქსოვდით და ვქსოვდით. ხო, მეც ვქსოვდი. მქონდა ჩემი სარგო ყაისნაღიც და ჩხირებიც. მონდომებით გამომყავდა თვალი თვალში და მერე ვამოწმებინებდი ბებიას. შექებით გახარებულწახალისებული ისევ ვაგრძელებდი კაბების, ქუდების ქსოვას თოჯინებისთვის.

-ბებო, ბებო, ზღაპარიც რა, გეხვეწები.

-რომელი? ჭრიჭინასი თუ წუნიასი?

-ორივე და კიდევ ზარმაცი ბიჭის ამბავი.

ზარმაცი ბიჭი გამოუვიდა ცოლ-ქმარს. არც სწავლა უნდოდა და არც მუშაობა. იყო ასე სულ მუდამ მშობლების კისერზე და არაფერს იკლებდა. გაბრაზდა ერთხელაც მამა და უთხრა, აწი ვერაფერს ვეღარ მიიღებ ჩემგან და აღარც მემკვიდრეობის იმედი გქონდეს, სანამ შენი ოფლით ნაშოვნ ფულს არ მანახებო. დაფაცურდა დედა, დილით ჩაუკუჭა ფული და გაუშვა, წადი, იარე და საღამოს მოდი, ვითომ დაღლილი და აჩვენე ეს ფულიო. ასეც მოიქცა ბიჭი, მოვიდა სახლში და აიო, ვიშოვე ფულიო. მამამ გამოართვა და ბუხარში შეუძახა, არაა ეს შენი ნაშოვნიო. მეორე დღეს ისევ მისცა დედამ ბიჭს ფული და ისევ გაუშვა. ბიჭმა ირბინა და ასე გახვითქული დაბრუნდა, ვითომ და შრომისგან დავიღალეო. მისცა მამას «ნაშრომი». მამამ ამასაც ბუხარში შეუძახა, არც ესაა შენი ნაშოვნიო. დედამ უთხრა, ეჰო, ხომ ხედავ, შვილო, ჭკვიანია მამაშენი და არ ტყუვდება. წადი და ერთი მანეთი მაინც იშოვე შენითო. წავიდა  ბიჭი. ხან ტომრები ათრია, ხან მიწა თხარა, გაწყდა წელში და ძლივს მოაგროვა ერთი მანეთი. დაბრუნდა გასავათებული და მიაწოდა მამას სიმწრით ნაშოვნი მანეთიანი. მამამ ცეცხლში შეუძახა. რას შვრებიო, იყვირა ბიჭმა, მე მაგ მანეთის შოვნას მთელი დღე გადავყევი, შენ კი წვავო? აი ახლა მჯერა, რომ შენი ოფლითაა ნაშოვნი, ისე დაგეწვა გულიო. ამის მერე მამამ მემკვიდრედ გამოაცხადა შვილი.

-ასე ძნელია, ბებია, ფულის შოვნა. თუ თვითონ არ გიწვალია, ვერ გაიგებ ვერც ფულის ყადრს და ვერც სხვის შრომას დააფასებ.

-ახლა წუნიას ამბავი რა, ბებია, გთხოვ.

-კაი ბებია.

იყო ერთი ხელმწიფე და ჰყავდა ერთი უზნეო ქალიშვილი. სულ უკმაყოფილო იყო, სულ წუწუნებდა, ყველას  და ყველაფერს იწუნებდა, ამიტომაც წუნიას ეძახდნენ. არც სწავლა უნდოდა, არც ხელის განძრევა. გათხოვდი მაინცო, უთხრა მამამ და დაუპატიჟა და დაუპატიჟა კაი კაი მდიდარი სასიძოები. შენც არ მომიკვდე, ცხვირის წვერზე არ დაიდო არც ერთი. გაბრაზდა მამა და ბრძანა: ვინც ამ ჩემს უზნეო შვილს გამოასწორებს, ცოლად გავატან და ჩემს სამეფოსაც დავუთმობო. მოადგა მეფის კარს ერთი ღატაკი ბიჭი, მე წავიყვან და გამოვასწორებო. გაატანეს. მივიდნენ ერთ პატარა მიწურში. შეიხურა წუნიამ პატარა ოთახის კარი და არ დამენახო არც შენ და არც დედაშენიო, უთხრა ბიჭს. იმ დღემ ასე ჩაიარა. დედა-შვილი შრომობდა.  გვიან დაბრუნდნენ სახლში, ჭამეს, რაც იპოვეს და დაიძინეს. შიოდა წუნიას, სული უწუწუნახებდა, მაგრამ ამ მათხოვრებს ხომ არ დავუწყებ ხვეწნასო და ხმა არ ამოუღია.

მეორე დღესაც წავიდა დედა-შვილი სამუშაოდ. დარჩა წუნია მარტო. დაუარა განჯინებს, მაგრამ ნამცეციც ვერ იპოვა წამლად. დაბრუნდნენ საღამოს დაღლილი ბიჭი და დედამისი. შემოდგეს კეცი და დააკრეს მჭადი. ისეთი სუნი დატრიალდა, წუნიას კინაღამ გული წაუვიდა. გამოყო თავი ოთახიდან და მეც მშიაო. რამ მოგაშია, გენაცვალე, მთელი დღე წევხარ და ხელი არ გაგინძრევიაო. ვისაც ჭამა უნდა, იმან კიდეც უნდა აკეთოს რამეო. დატოვეს მშიერი ჩვენი წუნია.

შემდეგი დილა რომ გათენდა და დედა-შვილი ისევ გაემართა საშრომლად. ადგა წუნია, აიღო ცოცხხი და თავის საწოლის წინ მოგავა. მიაგდო იქვე , დავიღალეო და წამოწვა. დაბრუნდა დედა-შვილი, ივახშმეს. შეიხედეს წუნიასთან და ხელის გულისხელა პური მოუტეხეს. ეს რას მეყოფაო და რაც იმუშავე, იმის სამყოფიაო.

გათენდა ახალი დღე. წამოხტა წუნია, გაიკრა თავსაფარი, სახლი ხომ მიალაგა და მიალაგა, ჭურჭელი დარეცხა, მერე ეზოს მიადგა და  დააკრიალა და დააკრიალა. მოსაღამოვდა. დაბრუნდნენ ოჯახის წევრები. ეს რა უქნია ჩვენს წუნიასო. ვინ ბედავდა იმის თქმას, რომ ამან საქმის კეთება არ იცისო. ჩაიკრეს გულში, ჩვენო ყოჩაღოო. გაშალეს სუფრა, დასვეს საუკეთესო ადგილას, აჭამეს და ასვეს, რაც კი გააჩნდათ. იჯდა წუნია  ყურებამდე გაღიმებული, სიამოვნებდა საქებარ სიტყვებს რომ ისმენდა და გრძნობდა, რომ ასეთი ბედნიერი და გახარებული აქამდე არასდროს ყოფილა.

ის დღე იყო და ის დღე. წუნია სულ სხვა ადამიანად იქცა. ისწავლა შრომაც, სხვისი დაფასებაც, ადამიანებზე ზრუნვაც და სიყვარულიც. მეფემ პირობა შეასრულა და მიათხოვა ბიჭს ქალიშვილი. მეფობაც გადასცა.

ასეა, ბებია, სულ რომ ხელმწიფის შვილი იყო, თუ ზარმაცი ხარ და შრომის ფასი არ იცი, არავის ეყვარები და კაპიკი იქნება შენი ფასი.

-ახლა ჭრიჭინას ამბავი რა, გეხვეწები.

-ერთ დიდ მინდორში ცხოვრობდნენ ჭრიჭინა და ჭიანჭველა. ზაფხული იდგა. ჭიანჭველა დილიდან დაღამებამდე გაუჩერებლად მუშაობდა. ჯერ სახლი აიშენა ხის ძირას პატარა ხვრელში, კარიც კი ჩამოჰკიდა. მერე ზამთრის მარაგის კეთებას შეუდგა. მოზიდა და მოზიდა. ხან მზესუმზირის მარცვალი, ხან შინდი და ალუბალი, ხან ვაშლის ნამცეცები, ხან პურის ნარჩენები. ზიდავდა და ზიდავდა. ჭრიჭინა კი იჯდა ფოთლებში და მღეროდა და მღეროდა:-ჭ- რ,ჭ- რ,ჭ -რ,ჭ -რ, ჭ- რ, ჭ- რ, ჭრ ,ჭრ. ჭიანჭველა უსმენდა და თან მუშაობდა.ნეტავი, რას იკლავ თავს, მიიხედ-მოიხედე, რა სილამაზეა, როგორი მზეა, წამოწექი აგერ და ერთად ვიმღეროთო, პატიჟებდა მხიარული მეზობელი, მაგრამ ხმას არ სცემდა და შრომას აგრძელებდა. ასე გავიდა ზაფხული.

დადგა შემოდგომა. მალე აცივდა. ფოთლები გაყვითლდა. ხმა ჩაუწყდა, საწყალ ჭრიჭინას, ფეხები გაეყინა. ჩამოვარდა ცივ, სველ მიწაზე და ვეღარც ადგა. ცოტაც და მოთოვდა. გაყინულ-გაფიჩხული, შიმშილით წელმოწყვეტილი ჭრიჭინა გაღოღდა და მიადგა ჭიანჭველას სახლს.

დააკაკუნა. გამოიხედა ჭიანჭველამ და უი, უი, უი, რა დაგმართნია, შე საწყალოო. მოხვია ხელი და შეიყვანა. პატარა ოთახის კუთხეში პაწაწუნა ბუხარი გაეკეთებინა ჭიანჭველას, შიგ ცეცხლი ენთო. დაუდგა პატარა სკამი ჭრიჭინას და ჰა, შე საცოდავო, გაითბე ფეხებიო. მიუშვირა ჭრიჭინამ გათოშილი წვრილი ფეხები. ჯერ სითბო იგრძნო, მერე სიცხე, გაუსვა და გამოუსვა  ერთმანეთს და აჭრიჭინდა, მარა რა აჭრიჭინდა. უჰ, შენ გაიხარე, არ გამომიცოცხლე სახლიო?! გაუშალა სუფრა მასპინძელმა. განჯინიდან გამოიღო პატარა ქილა, რომელშიც ერთადერთი მაცვალი ალუბალი იყო მურაბად. მერე კარადიდან პურის კაი მოზრდილი ნამცეცები გადმოულაგა. იქვე ცეცხლთან თხილის ნაჭუჭში ერთი მარცვალი ლობიო ჰქონდა ჩადგმული, ამოლესა უცებ, შეკმაზა და მოართვა. ასე გამრიელად არასდროს უჭამია ჭრიჭინას. კარგად რომ გაიბესკნა, კიდევ შემოსძახა სიმღერა. ახლა დავიძინოთო, უთხრა, ჭიანჭველამ. უღონოდ ხარ და ძალა გჭირდებაო. იცხოვრე აგერ ჩემთან ამ ზამთარში, გავართოთ ერთმანეთი, მაინც გამოყრუებული ვარ მარტოობითო. საჭმელი და სანოვაგე იმდენი მაქვს, გარეთ გასვლა არ დაგვჭირდება და ვიყოთ ასე მხიარულადო. მალე მოთოვა კიდეც. ისხდნენ საღამოობით ბუხრის წინ მეგობრები და ფანჯრიდან უყურებდნენ გადათეთრებულ არემარეს.

გაზაფხულდა. ჭრიჭინამ თქვა, აღარ მინდა უსაქმურობა. ახლა მეც უნდა მოგბაძო და მეც მინდა ჩემი სახლი მქონდესო. სულ შენს კისერზე ხომ არ ვიქნებიო. ჰოდა, დაიწყო ამანაც შრომა. თან რჩევას ეკითხებოდა მეგობარს. სულ სიმღერ-სიმღერით ააშენა სახლი, შეზიდა სარჩო-სანოვაგე. პატარა გვირაბიც გათხარეს, თოვლში რომ არ დავსველდეთ, ამ გვირაბით მივალთ-მოვალთ ერთმანეთთანო. ისევ აცივდა. შეიკეტნენ მეგობრები თავიანთ სახლებში. დაურეკა ჭრიჭინამ მეგობარს( ტელეფონიც გაიყვანეს, აბა, ისე როგორ), -ალო, ალო, ჭრ, ჭრი, როგორ ხარ, ჭიანჭველ, მესტუმრე ამ ღამით, კაი პიტნის ჩაი მაქვს ლიმონით და კექსიო. ადგა ჭიანჭველა, იღლიაში ამოიჩარა შოკოლადი და მიაკითხა ჭრიჭინას. ისხდნენ გვინობამდე, სვამდნენ ჩაის და ორ ხმაში მღეოდნენ. ასე ცხოვრობდნენ დიდხანს და მხიარულად კეთილი მეგობრები და ჭირში და ლხინში ეხმარებოდნენ ერთმანეთს.

-კიდევ მოყევი რა, გეხვეწები, აი ის ადგილი, ლობიო რომ ამოლესა ჭაინჭველამ.

-გეყოფა ახლა, შევინახოთ ჩხირები და დავიძინოთ, თორემ წუნიასავით ზარმაცი გამოხვალ.

მერე იყო გრძელი ზამთრის ღამე და ძილში ნანახი არაჩვეულებრივი ანიმაცია კეთილი ჭიანჭველასა და მხიარული ჭრიჭინას მეგობრობის შესახებ.

როცა სკოლაში მასწავლეს კრილოვის იგავი, ისე აღვშფოთდი, მას მერე მძულს კრილოვიც და მისი ბოღმიანი ჭიანჭველაც და როგორც  ჩემი ბებიას ნამდვილ შვილიშვილს, ზაფხულზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს, სწორედ ჭრიჭინას ხმა მგონია საუკეთესო სამყაროში არსებულ ხმათაგან.

როცა თავზე ჩამომაწვა ცხოვრების სიძნელეები და ბნელით მოსილმა სამშობლომ მიმავიწყა ბავშვობა, ჩემი მოხუცი ბებია ხან იჯდა თბილად ჩაცმული ღუმელთან, ხან პალტოთი და თბილი ქუდით იწვა და ქსოვდა და ქსოვდა. მოიდგამდა ფერადი ძაფების ნარჩენებით სავსე კალათას და ლამაზი თითებით აგვირისტებდა დიდი ხის ყაისნაღით უზარმაზარ შალს. დიდი იყო, მრგვალი, ლამაზი ფოჩებით. ათასგვარი ფერით აჭრელებული. მეც მომიქსოვა და ჩემს დასაც. მოსწავლეებთან რომ იჯდები, მოიხურავ და ბებიას სითბო გაგითბობს ბეჭებსო.

დიდი დრო გავიდა მას მერე. ცხოვრებამ გულმოდგინედ ართა და ართა იმ სასაცილო ბებოს გოგოსგან სვევდისფერი გორგალი, ქსოვა და ქსოვა ჩემი ცხოვრება და კიდეც მომარგო ტანზე. ესაა მხოლოდ, მუქი ფერები სჭარბობს მასში, ალაგ-ალაგ კია სიჭრელე, მაგრამ მაინც ნაცრისფერი მეტია, ვიდრე ფერადი. ზომაც შეეშალა. მიჭერს და ხანდახან ისეთი აუტანელი ხდება მასში გაკვეხებულობა, მინდა ავიდღლიზო და ამოვხტე. ასეთ დროს საიდანღაც მესმის ბებოს თითისტარის გრიალი და ჩხირების წკაპაწკუპი და ისევ ისე ვხედავ ფილმს ორი მეგობრის შესახებ, როგორც მაშინ, ზამთრის გრძელ, ზღაპრებით და ფერადი ძაფებით გამთბარ ღამეებში…

დაიხა ბებოს მოქსოვილი შალი. ხან გამოვკემსე, ხან მივაქსოვე, მაგრამ ვეღარაფერი შველის. მხრებზე ვეღარ მიხურავ. სამაგიეროდ, საბვარძელზე მაქვს გადაკიდებული და მისი ფერები მათბობს ბებოს თითებივით.

აცივდა. მივაკითხე ბებიას კარადას. გამოვიღე მისი კალათა. გადმოვყარე ფერად-ფერადი ძაფების ნარჩენები და ავაკაკუნე ჩხირები. ვქსოვე და ვქსოვე, ვაცოცხლე და ვაცოცხლე შორს მოტოვებული ღამეები, ვუყევი და ვუყევი საკუთარ თავს ის უცნაური ზღაპრები და კიდეც შემომექსოვა ბოლომდე.

webcam-toy-photo7

ვზივარ ახლა, მხრებზე ბებოს ძველი ძაფებისგან მოქსოვილი დიდი შალი მაქვს მოდებული, გავყურებ ჩემს ჭერამს და შორიდან მესმის:

«ბრრ..ბრრ… წკაპ-წკუპ…»

გორავს ფიქრის თითისტარი და ახვევს გორგალად აზრებს. წკაპუნობს უხილავი ჩხირები და ქსოვს ამ აზრების გორგალიდან ამბებს. ვზივარ და ვბეჭდავ…

პ.ს. დღეს წუნიასავით მივალაგე სახლი, ვისარგებლე მარტოობით და ვწერ და ვწერ. დრო ხვალამდეა, ხვალ ისევ მომიწევს ერთი მანეთის საშოვნელად გარჯა…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

8 комментариев на «თითისტარი»

  1. თბილი და მყუდრო ამბები, ზუსტად შემოდგომაზე წასაკითხი, დილით და იმ მუსიკის ფონზე რომელსაც ახლა ვუსმენ ❤ ვინახავ ხოლმე რომ შესაფერის დროს წავიკითხო.

  2. თბილი და მყუდრო-როგორი ზუსტი ეპითეტი მოუძებნე იმ გრძნობებს, რაც ამ მოგონებებს მოაქვს და მერე პოსტებად ლაგდება აქ ❤

  3. 19001404:

    ოხ, ქეთი, ქეთი სად დამატარებ, რა მოგონებებს მიშლი …
    ბლოგერი კი არა ნოველისტი ხარ ფანტასტიური .

  4. <# როგორ მიხარია, რომ სასიამოვნოდ დაიარები ჩემ ბავშვობის ლაბირინთში. ❤

  5. ჟანა:

    ქეთუ…ისინი მუდამ ჩვენთან არიან, ჩვენი წასული ბებიები, ბაბუები და მშობლები…

  6. კი, მასეა… ❤

  7. ქეთი არაჩვეულებრივი ადამინი ხარ როცა შენ ხელნაწერებს ვკითხულობ მთელი კვირა კმაყოფილებით სავსე და სიახლის მოლოდინში ვარ მახსენდება ბავშვობა და ბედნიერი დრო ამ ბავშვობისა ….მადლობ რომ ასეთი კარგი ხარ …..მიყვარხარ❤❤❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s