ჩემი ჭერამი

ჩემი ფანჯრიდან ჭერმის ხე მოჩანს, უზარმაზარი, განივრად გაბარჯღული ტოტებით, სიხმელეშეპარული. მთელ ბაღსაა გადაფარებული.22102015520

ყველაზე მეტად მიყვარს ეს მდგომარეობა- ვარ მიმჯდარი ფანჯარასთან, ორთქლადენილი ფინჯნით და სიგარეტით, ვარ სრულიად იზოლირებული სამყაროსგან , ვუყურებ ჭერამს და მივყავარ ფიქრებს. ვჯდები თუ არა ამ საქმიანობისთვის, ჰო, ჰო, საქმიანობაა ეს ჩემთვის და თანაც ყველაზე სასიამოვნო საქმიანობა, თვალები თავისით ეძებენ მის გაფარჩხულ ტოტებს.

ისე გამოდის, რომ ჩემთვის ფიქრი ჭერმის ხესთანა გაიგივებული. აი ახლაც, გავხედავ, ჩამოვაწყვეტ მწიფე სიტყვას და ვწერ.

რაც თავი მახსოვს, სულ ამხელაა, არც ვიცი, იყო როდესმე პატარა თუ არა. არც ის მახსოვს, როდის დარგო ბაბუაჩემმა და როდის მოასწრო ცამდე აწოწოლავება. სამაგიეროდ, მახსოვს ჭერმობა.

წვერიდან დაკორძილ ტანამდე იფარებოდა ოქროსფერი, დიდი, წვნიანი ნაყოფით, შორიდან ქარვის მძივებივით რომ მოჩანდა მასზე ასხმული.

მიადგამდა  პატარა კიბეს ბაბუა. მარტო ვარჯის დასაწყისამდე სწვდებოდა კიბე ხეს. ჩამოეკიდებოდა ორივე ხელით ზედა ტოტს და თვალის დახამხამებაში მოექცეოდა ზედ.  აკაპიწებული შარვლიდან მოჩანდა ორი გაჩხიკინებული ფეხი, ერთი ბანჯგვლიანი და მეორე უთმო( დიდი ავარიის და სერიოზული ტრავმის მერე ამ ფეხზე თმა აღარ ამოსდიოდა ბაბუას), რომლებიც ისეთი სისწრაფით მიძვრებოდნენ კენწეროსკენ, ბებია ვიშვიშით არიდებდა თვალს და გვაფრთხილებდა, ხმა არ გასცეთ. ჩუმად იყავით, გონება არ გაეფანტოს და არ ჩამოვარდესო. რა ჩამოაგდებდა! მოექცეოდა წვერს, ქარი აქეთ-იქით აქანავებდა, ის კიდევ, ვითომც აქ არაფერიო, თან მღეროდა და თან კრეფდა. გაავსებდა დიდ კალათას და თოკით ჩამოუშვებდა. ვეცემოდით, გადავცლიდით და ისევ ასწევდა. ვუყურებდით ქვევიდან და ვხედავდით, როგორ ნელ-ნელა სცილდებოდა ტოტებს ყვითლად მოყაყანე მძივები. თანდათან ქვევით ჩამოდიოდა ბაბუა და თანდათან აცარიელებდა ხეს. ერთ ცალს არ შეარჩენდა. ჩვენ კი მიდარაჯებული ველოდით თოკის ჩამოშვებას, რომ მაშინვე ვცემოდით სავსე კალათას.

ბოლო ტოტსაც რომ ჩამოკრეფდა, ოპაო, დაიძახებდა და კიბის გარეშე ჩამოხტებოდა მიწაზე.’ მალადეც, ბიჭო, მალადეც, ახლა სჯობიხარ მანანდელსო», დასძახებდა კმაყოფილი და ისე ყოჩაღად და მსუბუქად აირბენდა  სახლში, გეგონებოდა, ამ უშველებელ ხეზე კი არ დაძვრებოდა საათობით, დაპორჭყნილი ბასრი ტოტებით, აგერ ჩეროში იყო წამოწოლილი და ახლადგაღვიძებული ჯანზე მოსულიყო.

მერე იწყებოდა მზადება-მურაბა, ჯემი, ჩირი, ტყლაპი, კომპოტი და სარდაფში გრილად გაფენილი პირის «გასასოვლებელი».

ასე იყო ყოველ წელს. იმ წელსაც, სულ რაღაც ორ თვეში ჭერმობიდან რომ გამომეცალა ჩემი ბაბუა.

ბაბუას არყოფნა ვერ აიტანა ჩემმა ჭერამმა. უკლო მსხმოიარობას. მერე მონაცვლეობით, ერთ წელიწადს ბევრ ისხამდა და წვრილ ნაყოფს, მეორე წელიწადს- ცოტას და მსხვილს. ზედ ვეღარავინ ადიოდა. ამიტომ, ძირს რაც ცვიოდა, იმას ვჯერდებოდით. ავკრეფდით ყოველ დილით ღამის ჩამონაყარს, გავრეცხავდით, მერე ზოგს ვჭამდით და ზოგს საზამთროდ ვინახავდით. ერთი ეგ იყო, რომ ვეღარ იყო ისეთი ლამაზი, ძირს დაცვენისგან იხლიჩებოდა და იჭყლიტებოდა.

მერე და მერე კიდევ უფრო მოუკლო მოსხმას.

როცა ის შავბნელი წლები დადგა ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, აღაც შუქი იყო, აღარც გაზი, აღარც საჭმელი და აღარც სასმელი, თავი მოიგიჟიანა ჭერამმა. მოისხა, მარა რა მოისხა. ვეღარ ავუდიოდი დიდი ტაშტების ავსებას. დღეში რამდენჯერ ჩავდიოდი და ვკრეფდი ჩამოყრილს, ვერც ვთვლიდი. ვიდექი მერე და ამ ჩემი პირდაბჩენილი მშიერი შვილებისთვის, ფეხებში რომ მედებოდნენ, ვხარშავდი და ვხარშავდი. სარდაფში მთელ სიგრძეზე იყო ჩამწკრივებული ოქროსფერი ქილები და მთელი წლის თუ არა, მთელი ზამთრის მენიუც ეს იყო: დილით მურაბა, ჩაი და პური, სადილზე ჯემიანი ბლინები, ვახშამზე ჯემი და პური და ა. შ.

ასე ერთგულად გადამაგორებინა ჩემმა ჭერამმა ის მშიერი დრო და კიდეც დაისვენა.

დგას ახლა, სეზონზე სულ რამდენიმე ნაყოფს თუ გამოიბამს ალაგ-ალაგ, ეგ არის და ეგ.

კვდება ნელ-ნელა ჩემი ბებერი ჭერმის ხე. ნელ-ნელა ემატება სიშავე, მოჭერითო, არამკითხეებმა. დიდად ბუნების სიყვარულით და რომანტიკოსობოთ არ გამოვირჩევი, უფრო ფანჯრიდან ცქერა მიყვარს ხეების და ყვავილების, ვიდრე მათთან ახლოს ყოფნა, მაგრამ ვერაფრით  გავიმეტებ მოსაჭრელად. თქვენ რომ ნახოთ, რა ლამაზია გაშიშვლებული, გაფარჩხული ტოტებით და ზედ ახუნძლული კაჭკაჭებით, მიხვდებოდით, რატომაც მირჩევნია ყველა ხეს, რაც კი ჩემს ეზოშია.

როცა იქნება, ბოლომდე გახმება და იდგება ასე გაჩაჩხული, როგორც დროში გაჩხერილი ჩემი ბავშვობა.

ცოტა ხანში კიდევ უფრო გაცივდება მზე, იკლებს დღე და მოიმატებს სევდა. ჩემს ჭერამს გადააშავებენ კაჭკაჭები და მათ ჩახჩახში შორიდან გავიგონებ:»მალადეც, ბიჭო, მალადე, ახლა სჯობიხარ მანანდელს»…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «ჩემი ჭერამი»

  1. 19001404:

    მაგარი ხარ ქეთოო, მაგარიიი

  2. მადლობა 🙂 ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s