უტყვი მოწმე

წყაროსთან ახლოს ცხოვრობდა პლატონი- ხმელი, მაღალი,ლამაზულვაშებიანი, მოზომილსიტყვაპასუხიანი იმერელი. ყოველ  დილით მძიმე-მძიმე ნაბიჯებით გამოდიოდა წყაროზე უზარმაზარი ჩაფით.

შეუდგამდა, თვითონ იქვე კაკლის ხეს მიეყრდნობოდა. იდგა უძრავად და იყურებოდა უსასრულობაში. თუ ვინმე გაუვლიდა გვერდით და მიესალმებოდა, უპასუხებდა, თავსაც დაუკრავდა, მაგრამ მზერას იმ ერთ უმისამართო წერტილს არ აშორებდა. კარგა ხანს რომ იდენდა წყალი ავსებული ჩაფიდან, შეისხამდა სახეზე ცივ წყალს, დაავლებდა ხელს გიგანთურ ჭურჭელს და ისე მსუბუქად შემოიდგამდა მხარზე, თითქოს პატარა ჭინჭილა მიჰქონდა. მძიმე-მძიმედვე გაუყვებოდა გზას და მიიმალებოდა მეორე დილამდე.

სოფელში ბევრს ლაპარაკობდნენ მის ამბავზე, უფრო ზუსტად კი მისი ცოლის, ბაბულიას, ამბავზე. ერიდებოდნენ მასთან შეხვედრას, მათთან სახლში ხომ ქუდი რომ შეგეგდო, არავინ შეადგამდა ფეხს.

ერთობ ლამაზი ყოფილა ეს ჩვენი პლატონი ახალგაზრდობაში. თბილისში უსწავლია და იქვე გაუცვნია აბაშიძის ქალი, ულამაზესი კესარია. მოუხიბლავს თავადის ქალი იმერული მიხრა-მოხრით, სიტყვა-პასუხით, მოსწრებული ენით და კეთილი გულით. ამტყდარა ამბავი აბაშიძეებისას. ეს ამისთანა მზეთუნახავი, ხელის გულზე გაზრდილი ნებიერა დედისერთა როგორ გავიმეტოთ ამ უქონელი და უგვარო სოფლელისთვისო.ჰოდა, დაუკრავს ფეხი შეყვარებულ კესარიას და ერთი ბოხჩის ამარა გაჰყოლია ჩუმად პლატონს სოფელში.

ისეთი ლამაზები იყვნენ, თვალს ვერ მოსწყვეტდა ადამიანი თურმე. ფერი ფერსო, მათზე იყო ზედგამოჭრილი. ცხოვრობდნენ სიამტკბილობით, ჟღურტულ-ჟღურტულით. რაღას იზამდნენ აბაშიძეები, შეეგუვნენ სიძეს. მერე იფიქრეს, ეს ბუმბულზე გაზრდილი შვილი არ დაგვეჩაგროს სოფლის ცხოვრებითო და მოსამსახურედ ერთი გონჯი, საწყალი, უპატრონო გოგო-ბაბულია ჩამოუყვანეს. მშრომელი კი იყო თურმე საწყალი. ცოლ-ქმარიც აფასებდა და ოჯახის წევრად თვლიდა.

დაორსულდა თურმე კესარია. პლატონი სიხარულსგან დაფრინავდა, მიწას ფეხს არ აკარებდა.

არ გასჭირვებია მშობიარობა თავადის ქალს და კაი თმაქოჩორა ბიჭი გაუგორა პლატონს. მოკლედ, ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა, ბავშვიც და დედაც გადასარევად გრძნობდნენ თავს. დაჰხაროდა პლატონი მუთაქასავით გამოხვეულ მემკვიდრეს და ულამაზეს ცოლს, ორმაგად რომ დაემშვენებინა შვილოსნობას.

ამბავი ატყდა ერთ საღამოს სოფელში. ხმა გავარდა, კესარია მოკვდაო. აი ასე, უცებ, საღ-სალამათი ქალი წამოწვა ტახტზე და აღარც ადგა. ვერავინ გაიგო, რა იყო მიზეზი. ხან რას ამბობდნენ სოფლელები და ხან- რას. მერე ერთხელაც ხმა დატრიალდა. ბაბულიას უყვარდაო პლატონი, ჰოდა, ვეღარ გაუძლო ვერც თავის სიყვარულს და ვერც კესარიას სიძულვილს, ჩაუყარა რაღაც და მოწამლაო. არავინ იცის, სიმართლე იყო თუ არა ეს, მაგრამ რაკი ნამდვილი მიზეზი ვერა და ვერ დადგინდა კესარიას გარდაცვალების, ადვილად დაიჯერა მთელმა სოფელმა.

დიდხან უგლოვია საწყალ პლატონს. მერე ბაბულიასთვის უთქვამს, მე აწი მაინც არავინ აღარ შემიყვარდება ჩემი კესარიას მერე, ვეღარც ვერასდროს ვიქნები ბედნიერი და ამ ბღარს გაზრდა ხომ უნდა, მაინც შენ უვლი და იყავი ბარემ ჩემი ცოლიო. ბაბულიასაც მეტი რა უნდოდა. ამაზე ოცნებობდა დღედაღამ.

ორი შვილი გასჩენია ბაბულიას. პლატონი  გარდაცვლილა. დარჩა ბაბულია მარტო  გერთან და შვილებთან ერთად. წვალობდა საწყალი. სოფელი განს უვლიდა და დახმარებას ვერავის სთხოვდა, ყველამ აიბუა, განსაკუთრებით ქმრის სიკვდილის შემდეგ. დიდი წვა-დაგვით დაუზრდია სამივე.  ამაობაში ომი დაწყებულა. ბაბულიას გერი არ იყო სრულწლოვანი, მაგრამ კი წასულა მოხალისედ ფრონტზე. სოფელში ამბობდნენ, სახლში რომ არ დაედგომებოდა და დედინაცვალი სიცოცხლეს უმწარებდა, იმიტომ გავარდა ომშიო. აღარც დაბრუნებულა, ქერჩთან დაღუპულა.

მოტყდა ბაბულია. ბიჭები წამოეზარდნენ, დაკაცდნენ. ფიქრობდა, აწი რაღა მიჭირს, მომხედავ-მომხმარეები მყავსო.

წასულა უფროსი ტყეში შეშაზე და ჩამოუყვანეს ბაბულიას გასისხლიანებული. არავინ იცის , როგორ მოყვა უშველებელი ხის ქვეშ ეს მთასავით ბიჭი. კაი ხანს იწვალა საწყალმა. ხან მკითხავი მოიყვანა ბაბულიამ, ხან ექიმბაში, მაგრამ არაფერმა უშველა და აკივლდა ერთ დილასაც გამწარებული დედა.

ძალდატანებით მიდიოდა სოფელი თურმე საძიმრის სათქმელად. ბღარმა რა დააშავაო, თვარა მაგ ეზოში, მაგ კუდიანთან ფეხს რავა შევდგამდითო.

ქალაქში გაგზავნა დაშინებულმა ბაბულიამ მეორე ვაჟი. ივარგა იქ. ჩაუბარებია უმაღლესში, დაუმთავრებია და ქალიც შეურთავს. უხაროდა თურმე საწყალ დედას, მეშველა და ეგააო. თურმე სულ ტყუილად. რძალი ისეთი აშარი გამოდგა, სამკვდროდ მოიძულა დედამთილი, ქმარიც თავის ჭკუაზე გადაიყვანა. უშვილო გამოდგა. კაი ხნის წვალების მერე ჩაუქნევიათ ხელი და ბავშვი აუყვანიათ.

გადიოდა თვეები, წლები, ბაბულია ბერდებოდა და მისი მომკითხავიც არავინ იყო ქალაქიდან.

ეზო გაუდაბურდა, ხეხილი გადაჯიშდა.

ხმის გამცემი ენატრებოდა მოხუცს. სოფელი ისევ არ იკარებდა. ზაფხულობით, როცა ქალაქელი შვილიშვილები მოდიოდნენ არდადეგებზე ბებია-ბაბუებთან და წყაროზე შეიყრიდნენ თავს, გახანხალდებოდა ბაბულია, მიეფერებოდა ყველას, ზოგს ჩურჩხელას მისცემდა, ზოგს -ჩირის ასხმას, ზოგსაც- ჯამით თხილს, ასე ბლომად რომ იყო მის ეზოში. მერე დაპატიჟებდა, მოდით აგერ და ითამაშეთ ჩემს ეზოშიო. რამდენჯერმე შეუსრულეს ბავშვებმა თხოვნა და არც უნანიათ. მშვენივრად გაერთნენ უზარმაზარ ეზოში ფუტურო მუხის ხვრელში ძრომიალით და სამალავების კეთებით გაუქმებულ ნალიაში. კიდევ მივიდოდნენ, მაგრამ ისეთი დღე აწიეს ბებიებმა და ბაბუებმა, დაშინებულები გარბოდნენ აქეთ-იქით  მოხუცი ქალის დანახვაზე.

როცა მე ჩამიყვანეს მშობლებმა სოფელში, ბაბულია კაი ხნის გარდაცვლილი იყო. მომკვდარა საწყალი თურმე ასე ჩუმად, უპატრონოდ. სუნმა შეაწუხა სოფელი, შევიდნენ და ხრწნადაწყებული მიცვალებული დახვდათ ოდაში. დამმარხავიც არავინ დარჩა, ის ერთადერთი შვილის მოჰკვდომოდა ქალაქში, მისი ნაშვილები ვაჟი კი ისეთი უკუღმართი გამომდგარა, მტრისას. აჰყოლია ცუდ ბიჭებს, მერე წამალზე შემჯდარა და კიდეც გადაჰყოლია…

რა ვქნათო, სად დავმარხოთ ეს კუდიანიო, კიდევ პლატონს  და კესარიას ხომ არ ჩავუწვენთ მურმანის ეკალივითო, ანდა ეკლესიის გვერდით რა უნდა ამ ეშმაკეულსო.ჰოდა მიუმარხავთ იქვე, ეზოში…

სოფლელი ბავშვებისგან განსხვავებით ჩვენთვის, ქალაქელებისთვის, მიმზიდველი და საინტერესო იყო პლატონის ნასახლარი. აბა, წარმოიდგინეთ: ეზო იმხელა, გინდა ირბინე, გინდა იბურთავე, ფეხმოქცეული ნალია, ამაზე უკეთეს შტაბს სად ნახავ, ცარიელი სახლი, იძრომიალე, რამდენიც გინდა, არავინ დაგიშლის არაფერს, თხილი უამრავი, კრიფე და ჭამე, მაყვალი გადაშავებული, იტკბარუნე პირი და იყავი, არც საკომპოტედ უნდა არავის და არც სამურაბედ, არც ისრიმ-მაყვალს გააკეთებს ვინმე.

ვექაჩებოდით სოფლელ თანატოლებს, აქ თამაში არ სჯობს იმ კორტოხზე ბურთაობასო? გადაგიგორდებოდა თუ არა, გიწევდა თავდაღმართზე პორტყიალი. არაფრით არ შვრებოდნენ. დაწყევლილია ეგ ადგილი და საშიშია  შესვლაო. მანდ კუდიანი ქალი ცხოვრობდაო.

იმდენჯერ მესმოდა ამ კუდიანი ქალის ამბები და მითები, დავინტერესდი, ჩამოვუარე მოხუცებს და ეს ყველაფერი იმათი ნაამბობებიდან შევკრიბე.

არ ვიცი, რამ გამახსენა ამ უბედური ქალის ამბავი, ეგებ ცუდმა ამინდმა, ეგებ ცხოვრების სიავკარგეზე ფიქრმა, ეგებ ცოდვა-მადლის განსჯამ…

არის ასე მიგდებული პლატონის ნამოსახლარი. არც არავინაა მემკვიდრე, არც არავინ ყიდულობს დაწყევლილ ადგილს.

სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, სიკეთე არ უბრუნდება ადამიანს ამქვეყნად, იმიტომაცაა ქვაზე დადებული, ბოროტება კი აუცილებლად ტრიალებს წრეზე და ქეჩოში სწვდება მის ჩამდენს…

პლატონის სახლი კი დგას ახლაც ასე ჩამოქცეული, ეზო-გაპარტახებული, როგორც ბნელი საიდუმლოსა და სოფლის «ცოდვა-ბრალით მონათლული» სამართლის უტყვი მოწმე…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s