საწნახელი

ლურჯწვერას რომ გამოკეტილი ოთახი ჰქონდა, ხომ გახსოვთ? მეც მაქვს ასეთი, ოღონდ იქ საშინელი საიდუმლო არ ინახება და არც შესვლა ეკრძალება არავის, ჩემ გარდა. არა, არც მე მიკრძალავს არავინ. თვითონ ვუკრძალავ თავს.22102015513

***

-დოუშვი და დოუშვი, დასცხე და დასცხე. ჰო, ბაბუა, მიდი, ბაბუა. ჰოჰოჰოჰო, რა წამოვიდა! მოდის მარა რას მოდის! ჭყლაპაჭყლუპი ჭყლაპააჭყურო  ჭყლაპაჭყლუპი ჭყლააპო, -მიუმღერებდა თან გემრიელი ბარიტონით.

ვბორძიკობდი ყურძნით გატენილ საწნახელში. გაქაფული ვაჭყაპუნებდი ფეხებს და სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორედ ჩემი მონდომების დამსახურება იყო, თანდათან რომ მატულობდა ღარიდან გამომავალი წანწკარა წვენი. მერე მეც ვცდილობდი ავყოლოდი იმ უცნაურ სიმღერაში, ბაბუა რომ «საწნახლურს» ეძახდა და  ტექსტისა და მუსიკის ავტორიც თავად გახლდათ.

მერე ბებია ჩამომაკითხავდა, რაკი არასდროს არ გავაგონებდი. ნუ ასულელებ ამ ბავშვს, გააციებ ამ ნესტიან მარანში ამდენი ხანი ყურძენში დგომითო. ა , ბაბუა, იმიტომაა, რომ გლეხის ქალი და შოუგნებელი და გოუნათლებელი არ უნდა მეიყვანო ცოლადო, გაიკრიჭებოდა ბაბუა და მოწკურავდა ეშმაკურად თვალებს. რა გეშველება ამხელა კაცსო, ჩაუღიმილებდა ბებია. კაი, წაყევი, ბაბუა, თორემ საშველს არ მომცემს ახლა ეს კუანა დედაბერიო. მე ვიცინოდი, რაკი ვიცოდი, რომ კუანა კი არა ულამაზესი და ახალგაზრდა ბებია მყავდა. ჩაიქნევდა ბებია ხელს, შენი გამოსწორება არ იქნებაო, წავიდოდა და დამიბარებდა, აღარ ჩამომიყვანო, მალე ამოდიო. მე ვიწყებდი ჭუჭყუნს, ხვეწნას და ბაბუაც მტოვებდა. ვიყავი მანამდე, სანამ ქანცი არ გამოწყდებოდა და არ ჩავეძნეყვებოდი ყურძენში. ამომიყვანდა მერე ბაბუა, დამბანდა დათუთხნულ ფეხებს, გამახვევდა პირსახოცში და ამიყვანდა სახლში. თვითონ ისევ საწნახელს უბრუნდებოდა. მე ვიცვამდი და ისევ მარანში ჩავრბოდი. იქ ჩემი ზომის და სახელობის ჯორკო მქონდა, ბაბუას გაკეთებული. ვიჯექი იმაზე და ვუყურებდი, როგორ ჩადიოდა რაკრაკით ახლადდაწურული ყურძენი ქვევრში.

ქვევრის მომზადება კიდევ ცალკე რიტუალი იყო. რაკი იმერული ქვევრები ჰქონდა ბაბუას და გასაწმენდად შიგ ვერ ჩავიდოდა, სპეციალურად მოწყობილი ჯოხით წმენდდა. დღემდე არ ვიცი, რა ჰქვია ამ იარაღს. გრძელ ტარზე მობმული იყო გამხმარი ტყავის ნაჭრები. ბაბუა იჯდა ჯორკოზე და ამ ჯოხს უშლაპუნებდა ქვევრის კედლებს.

ამ დროს რეპერტუარი იყო «ქვევრული», ისევ ბაბუას ავტორობით და არაჩვეულებრივი ბარიტონით: «შვლიიჭ, შვლიიჭ ,შვლიჭიჭ, შვლიჭიჭ».  ვცდილობდი აყოლას. ვხაპავდით წყალს, სანამ კრიალა არ იქნებოდა.

ყველა ხელსაწყო და იარაღი, რაც კი ბაბუას ჰქონდა, მეც მქონდა ჩემი ზომის, ორშიმოდან დაწყებული, ხერხით დამთავრებული. ისე უნდოდა ბაბუას ბიჭი ჰყოლოდა სახლში, ალბათ გულს იოხებდა ამით. შვილები გოგოები ჰყავდა, შვილიშვილებიც. ყოველ ჯერზე ბიჭს ელოდებოდა. თუ გაიგებდა, ვინმეს გოგო ეყოლაო, იქავე იყოსო, ჩაილაპარაკებდა. მერე მაინც გოგო რომ ჩნდებოდა, ჯიუტად გამოჰქონდა წინასწარ გამზადებულ-გატენილი თოფი და ისროდა. მერე მოუბრუნდებოდა ბებიას და გათვალულები ვართ ნამდვილადო. ჰოდა, ვყავდი ასე გვერდით აწებებული.

ახლა უკვე ჯორკოდან ვუყურებდი დაღლილ ბაბუას, რომელიც არასდროს შეიმჩნევდა და დაანახებდა სხვას არც დაღლას და არც ტკივილს. იდგა საწნახელში , გადად-გადმოდიოდა და მღეოდა. «საწნახლურს» მოსდევდა  მეფისტოფელის კუპლეტების ბაბუასეული ვერსია: «ერთ კაცს ჰყავდა დიდყურა, თავს ნაბადი ეხურააა, აზიდვინეს ქვა-კირი, ვერ გაბედა განკირი, ჩემთან ასულო, ჩემთან დასულო, ჩემთან იმღერეე, დელია რანინა, დელია რანინა, დელია რანინა ჰეეე».

***

დღეს, როცა ყურძენი ჩამოცალეს მანქანიდან ჩემმა შვილებმა, მორცხვად შევთავაზე, საწნახელში დაწურეთ და ქვევრებში ჩაასხით -მეთქი და ნეტავი შენო, მაგისი წვალების თავი ვის აქვსო. დადგეს ხელის საწური მანქანა და კასრებიც მოიმარაგეს.

რამდენი წელი გავიდა მას მერე. რამდენი ტკივილი და სიხარული მოიტანა და წაიღო დრომ. ბაბუას ტალავერიდან მხოლოდ რკინები დარჩა და ერთგან საცოდავად შემოხვეული ვაზის ლერწი. ძველ მარანში გაუქმებული ბავშვობასავით დგას საწნახელი. მონდომებით, დაუზოგავად მჭყლიტა შიგ ცხოვრებამ კოჟრიანი ფეხებით და ღარიდან სისხლის და ცრემლის წვეთებად წამოსული დღეს ვდგავარ, ვუყურებ და ვხედავ  გახვითქულ, ლოყებაწითლებულ პუტკუნა გოგოს ყურძნისგან გატუტყნული ფეხებით, ეშმაკურად თვალებმოწკურული ბაბუასთვის პირვე;ლი ხმის მიცემას რომ ცდილობს:  ჭყლაპაჭყლუპი ჭყლაპააჭყურო  ჭყლაპაჭყლუპი ჭყლააპო…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «საწნახელი»

  1. შენ იცი მხოლოდ ასეთი სიყვარული ❤

  2. ❤ ან ასეთი და ან სულ არა 🙂

  3. მაკა:

    … ასე ლამაზად მოყოლაც …

  4. უთბილესი პოსტი, დღეს, შეიძლება ითქვას, რომ აქ ვიცხოვრე ❤

  5. ჩემი ფინიკი ❤ როგორ მიხარია, რომ ასე კომფორტულად ხარ ჩემს სახლში, შენ ხომ არ იცი

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s