სისხლის ყივილი

დიდი ეზოს შუაგულში კოხტა ოდა დგას, აივანზე მიკიდებული გიდელით, ნივრის და ყვითელი ყვავილის ლამაზი ასხმულებით. ეზოში ბებერი ხის ქვეშ ორი პატარა ბიჭი დგას, აქეთ-იქით დედ-მამა უდგათ.

ეს ის ფოტოა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემს ძველ ალბომში. ეს ის ფოტოა, რომელიც არასდროს ყოფილა ჩემი შავ-თეთრი ფოტოების გალერეაში, რომელიც მხოლოდ ჩემს წარმოდგენაში არსებობს და გულს მწყვეტს თავისი  არარსებობით.

ეს წარმოუდგენელი სიმწვანე გურიის სოფელ ძიმითში უნდა იყოს. აქ დაბადებულა ჩემი ბაბუა ილია, რომელსაც არც ვიცნობდი. აქვე მოუყვანია ცოლად ჩემი ბებია ნორა( მისი მეგრული გვარი ერთობ მადგება ხოლმე მეგრელებთან ურთიერთობისას, თუმცა არ ვიცი, მეგრელი იყო თუ გაგურულებული მეგრელი). მერე არ ვიცი, რა მოხდა( სამწუხაროდ, მამები იშვიათად საუბრობენ ხოლმე შვილებთან. ამიტომაც თუკი რამე ვიცი მამაჩემზე ან მის მშობლებზე ისევ დედასგან და რაკი მანაც ბევრი არაფერი იცოდა, მწირია ჩემი ინფორმაცია მამულეთზე). ალბათ ტრადიციული წაკიდება-კინკლაობა, აყრილა ჩემი ფხუკიანი ბაბუა და სამუდამოდ მიუტოვებია გურია.აღარც გაუხედავს იქით, არც მას და არც მის შვილებს. დასახლებულა ქვემო იმერეთში, სოფელ დიდ ჯიხაიშში, აუწყვია კერა, გასჩენიათ ორი ვაჟი.

კაი ჭკვიანი კაცი ყოფილა ბაბუაჩემი. არ ვიცი სად მოასწრო და როდის იურიდიული განათლების მიღება, მაგრამ კი გამხდარა პროკურორი. დადიოდა გამოწკეპილი და არ იკლებდა თურმე არაფერს. დროსტარება უყვარდა. ქალებიც ბლომად ჰყავდა თურმე და საწყალი ნორა დატანჯული იყო. მარტოს უწევდა ოჯახის მიხედვა, შვილების პატრონობა, რადგან ქარაფშუტა ქმარი არასდროს გვერდით არ ჰყავდა. მერე რომელი ადვილად გასაზრდელი ბიჭები ჰყავდა, განსაკუთრებით მამაჩემი, აწყვეტილი მხეცი, ჯიუტი, უსაქციელო. ჰოდა, იყო ასე ბებიაჩემი გამწარებული, მუდამ განერვიულებული, მოქაქანე და მოწიოკე. ყოჩაღი კი ყოფილა, ცხენსაც საუკეთესოდ აჭენებდა თურმე.

მალე ომი დაწყებულა. ბაბუაჩემს ჯავშანი ჰქონდა, როგორც პროკურორს და არ გაუწვევიათ. წესით უნდა გახარებოდა ნორას, მაგრამ კიდეც სწყენია. მასთან მაინც არასდროს იყო და იქ თუ წაიყვანდნენ, მისი ფლირტების და გაუთავებელი რომანების ამბებით მაინც არ გაიგლეჯდა გულს.

ვიღაც დიდი კაცის ცოლს გადაჰკიდებია ილია. გაუფრთხილებიათ, დაანებე მაგასთან სიარულს თავი, თორემ ქმარმა თუ გაგიგოთ, ცუდად წავა შენი საქმეო. ვის დაუჯერებდა ჯიუტი გურული. ჰოდა გაუგია კიდეც ქმარს. გგონიათ ან საქმის გარჩევა და ცემა-ტყეპა დაუწყო? სულაც არა. წავიდა კომისარიატში და ისე მოაწყო საქმე, გაუუქმეს ჯავშანი ბაბუაჩემს და წინა ხაზზე უკრეს თავი.

აღარც დაბრუნებულა. არც დაღუპვის ცნობა მოსულა. ასე, იყო კაცი და გაქრა…

გაუზრდია წვალებით ბებიას ეს ორი გადარეული ბიჭი და რომ ეგონა აი, გავზარდე და ახლა მაინც მეშველებაო, კიდეც გამხდარა ავად და გარდაცვლილა. დარჩნენ ბიჭები სულ უპატრონოდ. დაიქსაქსნენ. ერთმა ისწავლა და დაბრუნდა ჯიხაიშში, იქ დარჩა მამის სახლში და ოჯახს მოეკიდა, მეორემ კი აქეთ-იქით წანწალის მერე თბილისს მოაშურა და კიდეც შეეკედლა დედაქალაქს.

არ ვიცი, რამდენად შეიძლება სამი წლის ბავშვს რამე ახსოვდეს, თუმცა ჩემს მახსოვრობაში ბუნდოვნად ჩანს დიდი, უკიდეგანო სიმწვანე, რომელიც წარმოუდგენლად ლამაზია. დიდხანს ვიკვლევდი, რისი ნაშთი იყო ეს გადადღაბნილი წარმოსახვა ჩემს გონებაში და ბოლოს გავიგე. ერთხელ ჩასულა სტუმრად  მამას მამიდა. პატარა ქვრივი ქალი ისე აღფრთოვანებულა დედაჩემით, ხელიდან ვეღარ გამოუგლეჯიათ.აქედან ყველა ერთად წასულან გურიაში და მეც წავუყვანივარ. უცნაურია, სხვა არაფერი დარჩა ჩემს ცნობიერს და ეს სურათი, არაჩვეულებრივი სიმწვანით, სამარადისოდ გაეკვეხა მასში…

გამორჩეულად უყვარდა მამა თურმე მამიდას, რაკი მისი ძმის ასლი იყო. დაპირებია, ჩამოით, დადგით აქანე სახლი და ჩემი ილიკოს სახელზე გეიართ მამა-პაპის ეზოშიო.გახარებია დედაჩემს.

ამის მერე თითქმის ყოველ თვე მოდიოდა ამანათი გურიიდან, მანდარინით, ჯანჯუხებით, ტყლაპებით გაძეძგვილი და ფურცლის მონაგლეჯზე მიჯღაპნილი წერილით.ეფერებოდა და ესიყვარულებოდა «გულის ძმისშვილს», თან შესჩიოდა შვილის და რძლის სიავეს და უსამართლობას. მტრად მოეკიდნენ თურმე მოხუცს, რას ჰქვია ნოდარისა აქ აპირებინებ სახლის ჩადგმასო. ხან ერთი ეჩხუბებოდა და ხან მეორე, ატირებდნენ და აწიოკებდნენ საწყალ ქალს. მარა ამათ ვინ კითხავსო, იხტიბარს არ იტეხდა.

მერე უცებ შეწყდა წერილებიც და ამანათებიც. ანერვიულდა მამა. გაიკითხ-გამოიკითხა და ელდანაცემი დაბრუნდა სახლში. კეთილ, ტკბილ მამიდას თავი დაეხჩო სუფსაში… არავინ იცის რატომ. ამბობდნენ, წერილი დატოვა,მაგრამ რძალმა მოსპოო. ახლაც მახსოვს, როგორ ზლუქუნებდა მამაჩემი პატარა ბავშვივით, მე კი გაოცებული ვიდექი და შევცქეროდი…

აქ დამთავრდა ყველანაირი კავშირი გურიასთან. აქ გაწყდა საბოლოოდ ყველა ძაფი და ისე გავიზარდე, არც კი ვიცოდი, რომ გურული ვიყავი და მუდამ იმერელი მეგონა თავი.

რამდენიმე წლის წინ, როცა შვილებთან ერთად ზღვიდან ვბრუნდებით, სამარშუტო ტაქსი კაი ხანს გაჩერდა ნატანებში. ამოვიდნენ და ამოვიდნენ ცეტი გურულები, აჯაჯღანდნენ და აჯაჯღანდნენ. ვუსმენდი, მეცინებოდა, თან ვგრძობდი რაღაც უცნაურ სითბოს, გულში რომ წვეთ-წვეთად მეღვრებოდა და გულიდან ცრემლებად მოწვეთავდა თვალებიდან. ალბათ ესაა სისხლის ყივილი. პირველად აქ ვიწრმუნე, რომ გურული ვარ. მერე რა, თუ მასთან არც ერთი ხელჩასაჭიდი არ დამიტოვა ცხოვრებამ. პირველად აქ მომეწურა გული, რადგან წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდა ჩემი საძირკველთან მიახლოება, იმ ბავშვობისდროინდელ გადადღაბნილ სიმწვანეში დაბრუნება…

ჩემი ოცნებები ულმობლად გაფანტ-გამოფანტა ცხოვრებამ. ერთი კი უცვლელად დარჩა:
ზამთრის სითეთრეში ჩაკარგულ სოფელში კალანდის ღამეა. მე ვზივარ ბუხართან, წინ მიდგას სანთლის არაყი და ვისმენ ცეტი გურულების ჟივჟივს…

პ.ს ეს ჩემი ცეტი გურული წინაპრები ❤

6

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «სისხლის ყივილი»

  1. მაკა:

    ისეთი კარგად წერ, ისე, რომ კომენტარსაც ვერ ვაკეთებ …

  2. ჩემი მაკუნია ხარ შენ ❤

  3. «ზამთრის სითეთრეში ჩაკარგულ სოფელში კალანდის ღამეა. მე ვზივარ ბუხართან, წინ მიდგას სანთლის არაყი და ვისმენ ცეტი გურულების ჟივჟივს» — ❤
    დილიდან ჩავუჯექი "ქეთლანდიას" და ძალიან ბევრი განწყობა აირია ❤
    მიყვარს აქაურობა

  4. მე კი ფინიკი მიყვარს სტუმრად ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s