მამა

ნამკურნალევი გურული იყო მამაჩემი. თვითონ ასე ამბობდა და ამ «ნამკურნალევობას»  თავისი ბაბუის გურიიდან იმერეთში გადმოსახლებით ხსნიდა. დიდ ჯიხაიშში მხოლოდ ერთი ოჯახია ჩვენი გვარის.

ძველ ალბომში ერთი ფოტოა. ზედ ორი პატარა ბიჭია. აქედან უფრო პატარა რომელიცაა, წითელი თმით(შავ-თეთრ ფოტოზე არ ჩანს ასე, მაგრამ მაინც ადვილი მისახვედრია, რომ საქმე მწვავე სიჟღალესთან გვაქვს) და დაჭორფლილი სახით, მამაჩემია.

დიდი მაკვარანცხი ყოფილა. სისხლს უშრობდა თურმე საწყალ დედამისს, ჩემს ბებია ნორას, რომელსაც არც მოვსწრებივარ. ათასჯერ დაუპირეს სკოლიდან გარიცხვა, მაგრამ ვერ იმეტებდნენ, რაკი საუკეთესო იყო მათემატიკაში და ჭადრაკის თამაშში. ჰოდა, სჭირდებოდა სკოლას.

მისი ბავშვობის ამბები ყოველთვის სახალისო მოსასმენი იყო ჩემთვის და როცა გავიზარდე და სკოლაში დავიწყე მუშაობა, უკვე ჩემი მოსწავლეებისთვისაც, განსაკუთრებით ყალთაბანდი ბიჭებისთვის. იცინოდნენ გულიანად და მერე მეუბნებოდნენ, მასწ, რა მაგარი მამა გყოლიათო.

ყველაზე პოპულარული იყო მამაჩემისა და მათემატიკის მასწავლებლის ამბავი. მთელი გაკვეთილი ისმოდა თურმე: «მორჩილაძე, ყური მიგდე, მორჩილაძე, ყური მიგდე» ასე გრძელდებოდა ყოველ დღე. ჰოდა, ერთხელაც, კიდევ რომ უთხრა, ყური მიგდეო, ამოიღო მამაჩემმა ქაღალდში გახვეული ღორის ყური და დაუგდო მაგიდაზე, აჰა შენ ყური. ნუ შემაწუხეო.

ქართულის მასწავლებელი ყოველ გაკვეთილზე კვნესოდა, მშობელი მომიყვანეო. ჰოდა ერთხელაც რომ ჰკითხა კიდევ, მოიყვანე მშობელი თუ არაო, კიო, მოვიყვანე და ეგერაა ეზოში ხეზე მიბმულიო. რაიო, გადარეულა მასწავლებელი, გაუხედავს და იქვე მიბმული უშობელი დაუნახავს.

როცა თოვლი მოდიოდა, სასრიალოს აკეთებდნენ სკოლის ეზოში ბიჭები და გულმოდგინედ ცდილობდნენ კისრის მოტეხას. მამაჩემი აქაც პირველობას არავის უთმობდა. ყველაზე მონდომებული იყო და წარმატებული სლალომიც კი გამოსდიოდა. ჰოდა, ერთ-ერთ ჩამოსრიალებაზე, მიქრის თურმე და ამ დროს დირექტორი გამოვიდა , ვეღარ გაჩერდა და დაეტაკა უკნიდან, გადაიქცა ეს ამხელა კაცი, ეს მამაჩემი წითელი თავით გაეკვეხა მის ლაჯებში და ასე იხოხიალეს კაი ხანს. სულ ცხვირით ათხრევინა თურმე იმ საწყალს ყინული და თოვლი.

რა იფიქრებდა ეს მაკვარანცხი თავწითელა ბიჭი, რომ წლების მერე დედაქალაქში ერთ ყველაზე ჭკვიან და კარგ გოგოს გაიცნობდა და მერე მამაჩემი გახდებოდა.

მამა ომში დაეკარგა, დედაც არ შერჩა დიდხანს. იხატიალა აქეთ-იქით, ხან გურიაში, ხან აჭარაში და ბოლოს მოადგა დედაქალაქს. ჩააბარა უმაღლესში და ზურიკელასავით ართობდა კურსელებს თავისი ამბებით.

არ ვიცი, რამ გადააწყვეტინა დედაჩემს, გოგოს, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა თბილისშიც, მოსკოვშიც, პეტერბურგშიც და ბუდაპეშტშიც კი, მაინცდამაინც ამ ჯიბეგაფხეკილ, უპატრონო ბიჭს გაჰყოლოდა, ჩარლი ჩაპლინივით რომაა ამ სურათში, ახლა რომ მიდევს წინ.

რახან მიყვება, მივხედოთ, თორემ თავი მოგვეჭრება ხალხშიო, უთქვამს, ჩემს ჭიმია იმერელ ბაბუას. საყვარელი ქალიშვილის ქორწილის მერე, უნიფხვო სიძე სახლში შემოუყვანია, სამსახურში მოუწყვია. ბებია კი, ეგებ ცოტა მოვასუქოთ და ჭორფლი აღარ შეეტყოსო, პერსონალურად უდგენდა გასასუქებელ მენიუს. დედა კი ეჩხუბებოდა, მასე რომაა გაჩხიკინებული, ეგ მომწონს და ღიპს ნუ დაადებინებო.

ვცხოვრობდით ასე, სიამტკბილობაში, მე, ჩემი და, დედა, მამა, ბებია და ბაბუა.

საოცრად ხელმარჯვე იყო მამაჩემი. რასაც ხელს მოჰკიდებდა, ან გატეხდა, ან თვითონ გაიფუჭებდა რამეს. როგორც კი საქმის კეთებს იწყებდა მე და დედა ვემზადებოდით და სიცილით ველოდებოდით, როდის დაიძახებდა, ბამბა და იოდი არ გავქვსო? დიდხანს ცდა არ გვჭირდებოდა. მისი ხელმარცხიანობით დაშინებული ბაბუა მთელი გულმოდგინებით ზოგავდა საქმისგან, განსაკუთრებით, თუ საქმე ღვინიან ბოცებს ეხებოდა. ერთხელ სახურავის შეკეთება დაიწყეს. მამაც ავიდა და სულ რამდენიმე წუთში თავზე დაგვეცა ჩამომტვრეული ფიცარი, მერე მამას ფოსტლი და ამას 43 ნომერი წითურბანჯგვლებიანი, ზოლებიანწინდიანი ფეხი მოჰყვა.

უსმენო იყო. არა, ყრუ კი არა, მუსიკალური სმენა არ ჰქონდა. არადა, ჩემი ჩერჩეტა უმცროსი და მხოლოდ მის სიმღერაზე იძინებდა. ჰოდა, ეჯდა და უბღაოდა გაურკვეველ სიმღერებს, რომლებსაც ტექსტებით ვცნობდით, მე და დედა აქეთ ვიგლიჯებოდით სიცილით. დედა წუხდა, რაღა ვქნა, დამიყრუებს შვილსო, მაგრამ ნურას უკაცრავად. ჩემი და კი არ დაყრუვდა, მუსიკოსი გამოვიდა სულაც.

მშვიდობიანი კაცი იყო. არ უყვარდა ჩხუბი და ჯაჯღანი. თვალებში შესციცინებდა დედაჩემს.ჩვენთვისაც მოსიყვარულე მამა იყო, მაგრამ მაინც დედა მიყვარდა ყოველთვის მეტად. ალბათ იმიტომ, რომ პატარობიდანვე ვხედავდი მის უპირატესობას და პატივსაც მეტს ვცემდი, ვიდრე მამას. მერე ერთხელ, ჩემი დაბადების დღე მოდიოდა,  შემთხვევით მათ ლაპარაკს მოვკარი ყური. დედა ეკითხებოდა, უყიდეო? საათი მინდოდა და მპირდებოდა, მე გაჩუქებო. უი, დამავიწყდაო. დედამ ყუთი მისცა და აჰა, მიეცი, ვითომ შენ უყიდეო. მეწყინა…ისე მეწყინა, სულ არ გამხარებია, რომ საათი მექნებოდა. ის კი არა , ვერ ვიტანდი იმ საათს და როცა გაფუჭდა, ისე გამიხარდა, აღარ ვიცოდი, რა მექნა…

ამ დღიდან რაღაც სხვა თვალით დავინახე ყველაფერი. ჩემთვის, ჩუმად, უთქმელად ვაკეთე დასკვნები და მივედი აზრამდე, რომ მამას მშვიდობიანობა სულერთოიბა უფრო იყო.

მერე დედა ავად გახდა. ვიღას ახსოვდა ვინმე და რამე.

როცა დედა კვდებოდა, მამა ნასვამი იყო, იწვა სხვა ოთახში და ხვრინავდა. ვაღვიძებდი, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს გავმწარდი და წიხლით გადმოვაგდე საწოლიდან, კვდება ადამიანი და აღარ ადგები-მეთქი?

შემოგვიერთდა ისიც დაფეთებულებს და ბებიას მშვიდად უთხრა, სარკე მოიტანეთ, ვნახოთ, ცოცხალია თუ არაო. იკივლა ბებიაჩემმა, რას მეუბნებიო… მე მოვკვდი, დავიშალე…

მერე აღარ მოვყვები, რაც იყო იმ საშინელ ღამეს. არც იმას, მერე, რა მოჰყვა, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკო  ეგებ. მარტო იმას ვიტყვი, რომ ამ ღამიდან ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. ყველა თავის თავში ჩაიკეტა. ყველას  ჩვენ-ჩვენი თავი გვეცოდებოდა სხვებზე მეტად და ჩვენ-ჩვენი სატკივარი გვეგონა სხვისაზე მძიმე.

მამა გაგარეულდა. გაღიზიანდა. კინკლაობები დაიწყო, უმნიშველო საბაბიც საკმარისი იყო. მეც მერჩოდა. წლების მერე, როცა ედგარ პოს «მორელა» წავიკითხე, გამახსენდა  ჩემი და მამას შეტაკებები და ისიც, როგორ ვაღიზანებდი, როგორც კი რამე საწინააღმდეგოს ვეტყოდი, როგორც კი შემატყობდა, რომ ბებიას და ბაბუას მხარეს ვიჭერდი, მეც ხომ მორელასავით ძალიან ვგავდი დედას და რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ვემსგავსებოდი, შესაშინებლად…

მერე ერთ დღესაც ნათესავები გვესტუმრნენ. იმ დღის მერე მძულს ცნება ნათესავი და არ ვთვლი, რომ ამ საზომით სანდოა ადამიანი და უნდა გიყვარდეს. ჩამოუსხდნენ სუფრას. ასავსავეს და ასავსავეს ენები, აგროვეს და აგროვეს ინფორმაციები, ისროლეს და ისროლეს პროვოკაციული კითხვები. შედეგმაც არ დააყოვნა…

ცოტა ხანში გავიგონე მტვრევის ხმა. გავვარდი ჩემი ოთახიდან. ახლაც თვალწინ მიდგას ის საშინელი სცენა: ბაბუა, ჩემი ტკბილი, თბილი, მოსიყვარულე, ყველაზე კარგი ბაბუა თავგატეხილი, სახეზე სისხლით და თვალებდაქაჩული მამა, ხმის ჩახლეჩამდე მყვირალი…

იმ დღიდან მე და ჩემი  და უმამოდ დავრჩით ბებიასთან და ბაბუასთან. მართალი გითხრათ, დიდად არ მომისაკლისებია და არც დიდად არაფერი მომკლებია, სანამ ბაბუა ცოცხალი იყო. მე გავწყვიტე მამასთან ურთიერთობა, ჩემმა დამ- არა. დამირეკა და ვინ ბრძანდებით-მეთქი. მამაშენი ვარო, მე მამა არ მყავს, ამა და ამ დღეს გარდამეცვალა-მეთქი და ის ავადსახსენებელი დღე დავუსახელე. ბაბუა არაფერს ამბობდა, მაგრამ ვგრძნობდი, უხაროდა, მე რომ ასე ვიქცეოდი და მამას ის ვარჩიე.

მას მერე ბევრი წელი გავიდა. იმდენი ქნა ბებიამ, მაინც მოახერხა ჩემი და მამას ურთიერთობის აღდგენა. მოვიდოდი ლექციებიდან და სახლში სუფრა მხვდებოდა გაშლილი . იქ  წამოჭიმული მამაჩემი და მისი ახალი მეუღლე. ვჩხუბობდი, საშინელ რაღაცებს ვეუბნებოდი ბებიას, რომ შვილი არ ჰყვარებია, რომ სულელია და ასე შემდეგ, გავრბოდი სახლიდან, მაგრამ ცოტა ხანში იგივე მეორდებოდა.

დრომ თითქოს დაალაგა ყველაფერი, მაგრამ მაინც ვერ გახადა ჩემი სიყვარული მამის მიმართ ისეთი, როგორიც უნდა იყოს მშობლის სიყვარული. თუმცა აღარაფერს ვერჩოდი და ვეკონტაქტებოდი.

მერე შვილებიც მეყოლა და სადღა მეცალა იმ ძველი ამბების გასახსენებლად.

ერთხელ, გვიან ღამით საავადმყოფიდან დარეკეს. მამაჩემი ავარიაში მოყოლილიყო და ჩემი ნომერი მიუცია თურმე ექიმებისთვის. რასაკვირველია, მაშინვე გავქანდი. შევედი პალატაში და ლოგინზე წამომჯდარი დამხვდა, დალურჯებული, დაღლილი… ეგებ ძალიან პათეტიკურიცაა ეს შედარება, მაგრამ ძალიან ჰგავდა კორდილიას ცხედართან მჯომ მეფე ლირს… გული მომეწურა, ვაკოცე, თავი მომადო და ატირდა…

მას მერე ერთხელაც აღარ გამიხსენებია ის, რაც მტკიოდა და უკან მქონდა მოტოვებული. როცა ავად გახდა და დავყვებოდი იმ საშინელ კლინიკაში, გზაში ხლებზე მკოცნიდა, ჩაწითლებულ თვალებს მარიდებდა და ქსუტუნებდა.

როცა თავისი მახინჯი საცეცებით ბოლომდე გამოჭამა ბოროტმა სენმა, დამირეკეს, ცუდად არისო. წავედი. ზამთარი იყო, თოვდა, გზა მოყინული იყო და ტრანსპორტის ნასახი არ ჩანდა, არც ტაქსის.. კარგა ხანს ვიდექი გამწარებული. მირეკავდნენ, სად ხარ ამდენ ხანს, ხელიდან გვეცლებაო. როდის როდის მივაღწიე, უკვე იმედი არ მქონდა, რომ მივუსწრებდი. მივედი. მამა იატაკზე მიეყუდებინათ ცოლსა და შვილს და ლოგინს ცვლიდნენ, სირცხვილიაო. თვალები დახუჭული ჰქონდა და ქოქინებდა. შევედი. შემომხედა, თვალებში თითქოს კითხვის ნიშნები დავინახე, მერე კი ყველაფერი ჩაქრა… ახლოს მისვლაც ვერ მოვასწარი. თითოქს კბილებით აჩერებდა დროს და მელოდებოდა, ჩემს უნახავად არ უნდოდა წასვლა… სარკე მოიტანეთ, ვნახოთ, ცოცხალია თუ არაო, თქვა ცოლმა და გამაცია… თურმე არაფერი ქრება უკვალოდ სამყაროში… თურმე ყველაფერი უკან გიბრუნდება ადამიანს…

დღე არ ყოფილა ჯერ ჩემს ცხოვრებაში, რომ არ მეფიქროს, დედაზე, ბებიაზე, ბაბუაზე. მამაზეც, მაგრამ უფრო  იშვიათად . კიდეც ვერიდები, რადგან ცუდის მეტი არაფერი მიტივტივდება  გონებაში და ვიძაბები.

ხშირად ვფიქრობ, შევძელი თუ არა პატიება. მეგონა, რომ კი, მაგრამ რაც დრო გადის, ვგრძნობ, რომ ვერა. ძალიან მრცხვენია, მაგრამ ვერ მოვახერხე ეტყობა და კიდევ უფრო იმის მრცხვენია, რომ არ ვდარდობ ამას და არ ვთვლი თავს დამნაშავედ. რა წუთშიც სინდისი მიწყებს ამის გამო ქენჯნას, მაშინვე ბაბუას სისხლიანი თავი და გაოცებული თვალები მახსენდება და აფორიაქებული სინდისი ისევ იძინებს ღრმა ძილით…

არადა, მიყვარდა. ის მამაჩემი იყო.

რაკი მე ვერ ვაპატიე, მას ვთხოვ პატიებას.

მაპატიე, მამა…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «მამა»

  1. Tamara:

    კატერინა, დიდი მადლობა. მეგონა, მარტო მე მქონდა მსგავსი გამოცდილება ცხოვრებაში….

  2. მესმის… ყოველთვის სასიამოვნოა მსგავსი განცდების პოვნა სხვა ადამიანებთან… მიხარია, თუ შექიმსუბუქა მაგ გამნოცდილებაში მარტოობის გრძნობა :*

  3. მაინც რამდენს იტევს ადამიანის გული, ტკივილსაც და სიყვარულსაც…

  4. ხო, ამიტომაცაა ალბათ ყველაზე ძნელი და ყველაზე კარგი ადამიანად ყოფნა

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s