სახლი ბავშვობიდან

  ავტობუსიდან გადმოსულს სიმწვანე, ჩამოწოლილი ნისლი და სიგრილე 27566შემომეგება წინ. 
მგზავრობის დასრულება, რაც არ უნდა არასასურველი იყოს, ყოველთვის რაღაც სიხარულისნაირ გრძნობას იწვევს.მით უმეტეს სასიხარულოა , თუ მას ბავშვობისკენ მიყავხარ…

 შევისუნთქე ნაცნობი სინესტე და სირბილით გავუყევი ატალახებულ გზას…

 გადაშავებულა მაყვლის ბუჩქები. თვალწინ გამიელვა ჩაპუტკუნებულმა, ეკალ-ბარდებთან ბრძოლით ფეხებდაკაწრულმა და მაინც შეუპოვრად პირმოთხუპნულმა გოგომ.

ყოველთვის აქედან იწყებოდა ჩემი სოფლური ცხოვრება. აი, იმ ხეს რომ გავცდებოდი, უკვე მოჩანდა ჩვენი პატარა, უპატრონოდ მოწყენილი ოდა. 
მშობლებს, რა თქმა უნდა, ეჩქარებოდათ შებარგება-ამოლაგება, მე კი ფეხს ვითრევდი. როცა ჩემს შესაძლებლობებს უფროსების ძალა დაუპირისპირდებოდა, ავკივლდებოდი:                      

-მიშა ბაბუუუ!                                                       

-ჰო,ბაბუ, მოხვედი? მოდი,ბაბუ,მოდი! — ცისფერი აივნიდან პატარა, ჭაღარა თავი გამოჩნდებოდა და ყურებამდე გაღიმებული უკბილო პირი. 

ასეთი შეხვედრის შემდეგ მშობლები ყოველთვის მნებდებოდნენ და მეც, გამარჯვებული სახით, თავქუდმოგლეჯილი გადავჭრიდი უშველებელ ეზოს. სულმოუთქმელად ავათავებდი კიბეს და ღია კარებში შევვარდებოდი. 
აივნის ბოლოს ფეხებმორყეულ სავარძელში იჯდა ყოველთვის მიშა ბაბუ. გამუდმებით ახველებდა. ხელში გაზეთში გახვეული თუთუნი ეჭირა გაუცდენლად. ალბათ ამიტომაც ჰქონდა საჩვენებელი და შუა თითი გაყვითლებული.                            

-რავა გაზრდილხარ, დამშვენებულხარ, ნამდვილად დასანიშნი ქალი ხარ -წამიკიდებდა სახეზე ცეცხლს შესვლისთანავე. მერე მოყვებოდა, როგორ დაყარა გოჭები სილვამ, როგორ აღარ დებს კვერცხს ანგელინა, როგორ გაუკრიფეს თხილი მეზობლის “ჯიბგირმა” ბიჭებმა, როგორ მოეწყინა მარტო ყოფნა.
მეც მოვემზადებოდი ჩემი ამბების მოსაყოლად. ამ დროს დაბინავებული მშობლები კატეგორიულად მოითხოვდნენ ჩემს სახლში მისვლას.
 

-წადი,ბაბუ, მერე მოდი და, ჩვენ რომ ვიცით, იმას დაგახვედრებ.                                               

შინ დაძეძგვილი მაგიდა მხვდებოდა, მგზავრობაში დახარჯული ენერგიის აღსადგენად გამზადებული. 
დამღლელი და ხანგრძლივი პროცესის შემდეგ პატარა ქვაბში აწყობდა დედა ათასგვარ ნუგბარს და ასე ხელდამშვენებულს მიშვებდა იქ, საიდანაც წეღან ყურებჩამოყრილი წამოვედი. ეს ყოველდღიური საქმე იყო ჩემი, იქ ჩასვლის დღიდან წამოსვლამდე. ყველაფერი ეს ისეთი სიამოვნების მომგვრელი იყო ჩემთვის, ადამიანის ენა ვერ აღწერს. ამ სასიხარულო პროცესს ერთი საშიში გარემოება ახლდა:

შუა გზაზე იყო პატარა ღელე. არ ყოფილა შემთხვევა,ზემოთ ხსენებული ქვაბით წავსულიყავი და ამ ღელეში არ ჩავვარდნილიყავი. მერე შერცხვენილი ვკრეფდი ქვებში ჩაყრილ სანოვაგეს, სათითაოდ ვრეცხავდი წყალში და ვაგრძელებდი გზას. ბოლოს ერთი საიმედო ხერხი აღმოვაჩინე: მივიდოდი თუ არა ჩემს დამღუპველ ადგილთან, მივიხედ-მოვიხედავდი(ხალხმრავლობით ნამდვილად ვერ დაიტრაბახებენ იმერეთის სოფლები), ქვაბს გადავდგამდი მეორე მხარეს, მე კი ოთხზე დამდგარი ფორთხვით გადავდიოდი ღელეზე.                                                   

ზღურბლზე გადაბიჯებისთანავე სულ სხვა, საოცარ სამყაროში ვხვდებოდი. სიძველის, ჩირის, მტვრის და კიდევ რაღაც ამოუცნობის სუნი ასდიოდა აქ ყველაფერს: ჭურჭელს, კედელზე ჩამოკონწიალებულ სურათებს, ნიკელგადაცლილ საწოლებს. უზარმაზარი ოთახის კუთხეში ძველთაძველი სკივრი იდგა, პირამდე სავსე თხილით. აქ იწყებოდა ნამდვილი თავდავიწყება, ყბების ატკივებამდე ლაწალუწი და ღდინის გაცლამდე კნატაკნუტი. მერე ვყვებოდი ათას სისულელეს, ზოგს ტყუილს, ზოგსაც მართალს. ის კი მისმენდა თავისი კეთილი ღიმილით, წვრილი შავი თვალები ჭაღარა წარბებქვეშ ეშმაკურად უელავდა და შიგადაშიგ გაიკვირვებდა ხოლმე:-რას მეუბნები,მართალია ახლა მაგ ვითომ? 
ასე გრძელდებოდა დაღამებამდე, მერე კი, ბედნიერი, ციცინათელების შუქზე მივუყვებოდი გზას და უკვე წინასწარ მოუთმენლად ველოდი გათენებას.                     

წლებმა გადაიარეს. დარჩა ბევრი სიხარული, ბევრი ტკივილი. ერთი აქედან მიშა ბაბუა…    

 …ნაცნობ ჭიშკართან ისევ ისე შავად ელავს მაყვალი, თხილიც ბლომად ყრია გადაბურდულ ხეებქვეშ, ეზოში კი უღმერთოდ ჩამოქცეული სახლი მოჩანს. ნანგრევებიდან ნიკელის საწოლს ამოუყვია თავი, დანარჩენი ყველაფერი თეთრი მინდვრის ყვავილებით გადაფარულა…                                                                                      

სადღაც გაგონილი წყევლა გამახსენდა: ”შენს სახლზე ამოვიდეს ბალახიო”.                            

 …ნისლი კიდევ უფრო ჩამოწვა ძირს, ლამის თავზე ჩამომეცვა. აქა-იქ კიდეც ჩამოწვეთა. ზურგჩანთა თავზე წამოვიფარე და ჩქარი ნაბიჯით ავუყევი ჩემი პატარა ოდისკენ მიმავალ გზას

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «სახლი ბავშვობიდან»

  1. რატომ მკლავ?
    ვზივარ, ვკითხულობ, მოვიწმენ ცრემლს, ვკითხულობ

  2. 🙂 კარგი გოგო აგათაკო ❤ ისე შემიყოლია ამ ახალმა ციკლმა, ვერ ვჩერდები. ვწერ, ვიცლები, თან თვითგვემაა და თან სიამოვნება 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s