ხარაგაულელი კაბირია

არც ცისფერი  თვალები ჰქონდა და არც მაზინას ინტელექტი, მაგრამ  რომ ვიხსენებ, 22102015502მაინც მაგონებს კაბირიას.

პატარა ქალი იყო, შავტუხა, შავთვალება, კაბირიასავით პატარა ხელ-ფეხით, გაპარჭყვა-ჩხუბებით და ძნელი ცხოვრებით.

მამის გაკულაკების და სავსე ოჯახის დაქცევა-გაპარტახების შემდეგ მანაც თბილისს მოაშურა. დიდად სწავლით არასდროს მოუკლავს თავი ჟენიას( ჩვენი ამბის გმირი სწორედ ისაა), მაგრამ ეტყობა ქრომოსომები თავისას შვრება და ვაჭრობის და ანგარიშის ნიჭი მამა ტრიფონისგან გამოჰყვა.  გაუვლია საბუღალტრო  კურსები და კი დაუწყია ერთ დიდ გასტრონომში მუშაობა მოლარედ. ასეც გაატარა მთელი ცხოვრება უზარმაზარი მაღაზიის ბოლოში ჩადგმულ შუშის ჯიხურში, მოკლე თითების რაკარუკით ქვითრის ამოსარტყმელ მანქანაზე.

შაბათ-კვირას, როცა დედას მივყავდით სასეირნოდ, ყოველთვის შევდიოდით ჟენია ბებიას სანახავად. წამოხტებოდა მაშივე, გამოკეტავდა სალაროს და შეძვრებოდა დახლის უკან. ცოტა ხანში გამოდიოდა და გამოჰქონდა ჩვენთვის «ლევად»გადანახულ-გადამალული «მიშკა-კასალაპი»,როგორც თვითონ ეძახდა.

ასე იყო სულ და მეგონა მართლა სულ ასე იქნებოდა. მე ვიზრდებოდი, დედაც, კაი ხანია,აღარ მასეირნებდა, ჟენია კი ისევ ისე იჯდა სალაროში, კიდევ უფრო დაპატარავებული სიბერისგან და აკაკუნებდა ართრიტისგან შეჭმულ თითებს.

უგროვებია და უგროვებია კაპიკ-კაპიკ პატარა გოგოს ფული და ბოლოს ერთი ოთახი უყიდია პლეხანოვზე, დიდ იტალიურ ეზოში. მოუწყვია და მოუწყვია, «მოუკუკლავს ბამბანიორკასავით» და თავს იწონებდა სანათესაოში ამით.

ვერასდროს  ვხსნიდი, რატომ არ მიყვარდა ეს ქალი, რატომ არ მიხაროდა მისი სტუმრობა. წესით უნდა გამხარებოდა, ისე ხელდამშვენებული და ათასნაირი გემრიელობებით დატვირთული მოდიოდა. რომ მოვიზარდე, მივხვდი ამის მიზეზს. არ ვიცი  უინტელექტობის ბრალი იყო, თუ არშემდგარი პირადი ცხოვრების, მაგრამ ეს ქალი ცხოვრობდა სხვების ცხოვრებებით. ჰო, ცხოვრებებით, მათში ცხვირის ჩაყოფებით, გარჩევა-გაჭორვებით. ხან ვისი ოჯახის ამბების ყვებოდა, ხან ვისი და მე, სიტყვისუფლებაჩამორთმეულ ლაწირაკს, ისეთი ბრაზი მიპყრობდა მინდოდა გამელახა. ვხვდებოდი, რომ სხვაგან მისული უკვე ჩემი ოჯახის ამბებსაც ასე გაარჩევდა მონდომებულად. ეგებ არც იყო ასე, მაგრამ მე ასე მგონა. ამიტომაც ვერ ვიტანდი.

ყველაფერს აკვირდებოდა, რომ არ გამორჩენოდა, გეგონება მასალას აგროვებდა. როცა დედა გახდა ავად, მოუხშრა სტუმრობას. მე კი გულზე ვსკდებოდი, მის თვალწინ რომ წვალობდა დედაჩემი და წარმოვიდგენდი, როგორ სცინებდა სხვებთან მოყოლისას დედაჩემის გაძნელებულ ლაპარაკს… ხმას ვინ ამოგაღებინებდა! ერთხელ დედა დასაბანად შევიყვანე, წვალებით, ძლივს, ეს მოგვყვებოდა და აბაზანაში უნდოდა შემოსვლა. მომეხმარებოდა თუ რა?  დარწმუნებული ვარ, კარგად უნდოდა ენახა მთელი ეს პროცესი, რომ მერე ხატოვნად მოეყოლა. ჰოდა, წამიერად გადავივიწყე უფროს-უმცროსობა, ოჯახის ტრადიცია , მთელი ძალით ვკარი ორივე ხელი, გადავარდა და  სასწრაფოდ გადავურაზე კარი ცხვირწინ… მეგონა დედაჩემი მომკლავდა, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, ხმაც არ ამოუღია. ეტყობა ამ საწყალსაც არ უნდოდა მეთვალყურე, მაგრამ ისიც აღზრდის მსხვერპლი იყო და ხმას ვერ იღებდა. ალბათ გულში კიდეც გაეხარდა ჩემი ასეთი უზრდელი მოქცევა, მაგრამ არც ეს შეუმჩნევია.

მოკლედ, არასდროს მიყვარდა ეს ჩვენი ჟენია ბებია. მგონი, არც არავის უყვარდა. არადა, თითქოს ბოროტი არ იყო, დახმარება და გვერდში დგომაც იცოდა, მაგრამ მაინც ასე იყო.

შინაბერა მეგონა ყოველთვის, სანამ ბებია არ მომიყვა მის  ამბავს.

რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ ამ მუდამ სხვების მორალზე მოჭორავე ქალისგან, თვითონ ჰქონია იმ დროისთვის საკმაოდ მიუღებელი ცხოვრება. სად იყო მაშინ გელფრენდ-ბოიფრენდობა, რომ ამ ჩვენს ჟენიას ჰყოლია კაცი, რომელთანაც ხელმოუწერლად ცხოვრობდა. უმცროსი იყო თურმე მასზე ბევრად და შესახედად მარჩელო მასტროიანს ჰგავდა. ღატაკი, უქონელი, ფრონტიდან ერთი დაგლეჯილი ფარაჯით დაბრუნებული გურული ბიჭი. ჭკუას კარგავდა თურმე მისთვის ჟენია, ჩააცვა და დაახურა. თვითონ რომ დილაუთენია ყინვასა და თოვლში, წვიმასა და ავდარში, მზესა და ხვატში მირბოდა სამსახურში და შუაღამემდე იღამებდა თვალებს, ეს იწვა  და გორაობდა ლოგინში. არც დროსტარებას იკლებდა. კიდეც თამაშობდა თურმე. არ იცოდა ჟენიამ, თუმცა რომ ცოდნოდა, მაინც არ დაიჯერებდა. ეუბნებოდნენ, მაგრამ არც ისმენდა, უგონებენ, იმიტომ რომ შურთ ჩემი და უნდათ დამაშორონო. იმასაც ეუბნებოდნენ, ხან ერთ ქალთან ვხედავთ და ხან მეორესთანო, მაგრამ ამასაც არ იჯერებდა.

დარჩენია ერთხელ რაღაცა სახლში და მობრუნებულა შუა გზიდან სამსახურში წასული. შესულა ოთახში და კარის მეზობელი რუსის ქალი დაუნახავს თავის საწოლში მიტოსთან ერთად( ბოიფრედს ერქვა). სცემია ამ ქალს, უთრევია თმით, მიტო კიდევ აწყნარებდა, რა მოგივიდა , შე ქალო, შაქარი უნდოდა, შემოვიდა, გლახათ გახდა და წამოვაწვინე, აბა ხომ არ დავტოვებდი ისე მეზობელსო. ასეთი კიდევ რამდენი იყო, ვინ იცის.

ერთხელ შინ დაბრუნებულს ზარდახშა დახვდა გამოცარიელებული და პიანინოში დამალული ფული გამქრალი. გაგვქურდეს ალბათო.

მერე ერთხელაც სტუმრად ყოფილან გასტრონომის გამგესთან. და ჰყოლია გაუთხოვარი. დაუდგამს თვალი ამ ჩვენი მიტოსთვის. ამასაც მეტი რა უნდოდა, ფული და ქონება იმას მეტი ჰქონდა, ვიდრე ჟენიას და ერთ მშვენიერ დღესაც სამსახურიდან დაბრუნებულ ჟენიას გამოცარიელებული დახვდა გარდერობი და ყულაბაც… აბა რა ექნა, ახალ ცოლთან ხელცარიელი და შიშველ-ტიტველი ხომ არ წავიდოდიო… არ ვიცი კლინიკური ერქვა თუ რა, მაგრამ მომკვდარა ჟენია. სასწრაფოს უთქვამს, რას გამოგვიძახეთ, მკვდარია უკვეო. მთელი ეზო დახვევია თავზე. იყო დიდი ამბავი. უკვე გაპატიოსნებას რომ უპირებდნენ, გაუხელია თვალი, ვითომ აქ არაფერი წამომდგარა და სახლის ლაგება დაუწყია. ის იყო და ის, მას მერე მამაკაცი აღარავის უნახავს მის გვერდით…

ცხოვრობდა ასე მუდმივად ანგარიშში და სულიერ საზრდოდ სხვების ცხოვრება ჰქონდა. მათ პრობლემებში ძრომიალით იხალისებდა უფერულ ყოფას.

ერთი ამბავი გამახსენდა ახლა: თურემ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები შედიოდნენ ხშირად იმ გასტრონომში, სადაც ჟენია მუშაობდა, იქვე იყო, გვერდით. ჰოდა ესენიც სცემდნენ პატივს და გადანახულ სასუსნავებს ახვედრებდნენ. ერთხელაც ერთი ცნობილი მსახიობი მისულა ჟენიათან და უთქვამს, თქვენ ისეთ პატივს გვცემთ, ჩვენც გვინდა რაღაცით გასიამოვნოთ და ხვალ საღამოს თეატრში გეპატიჟებითო. და რა ხდებაო, უკითხავს ჟენიას. «გვარს არ დავასახელებთო». ვაიმეო, შეუცხადებია ჟენიას. გამოსულა, გადაუკეტავს სალარო, გაუყვანია გვერდზე ეს მსახიობი და უიმე,შენ გენაცვალე,არ მომკლა ახლა, რა მოთმენს ხვალამდე და მითხარი, თუ კაცი ხარ, რატომ არ ასახელებ გვარს, არავის არ ვეტყვიო…

ასეთი სასაცილო ქალი იყო, ასეთი მძიმე ცხოვრებით. მე კი არ მიყვარდა და არც ვდარდობდი ამას.

მხოლოდ ერთხელ შემაწუხა სინდისმა, როცა «კაბირიას ღამეები» ვნახე… ვუყურებდი თვამცრემლიან კაბირიას და რატომღაც დიდ იტალურ ეზოში უგონოდ დაგდებული ჟენია ბებია მახსენდებოდა. მერე დავფიქრდი და მივხვდი. იმ უცნაური გარდაცვალება-დაბრუნების შემდეგ სხვა ადამიანად ქცეული აღდგა ჩვენი ჟენიჩკა, გამორეცხილ-გამოფხეკილი, როგორც მატერიალურად, ისე სულიერად და მას მერე მხოლოდ სხვების ცხოვრების მეთვალყურეობა აირჩია მთავარ საქმედ… მართალი იყო თუ არა თავის არჩევანში, საცოდავი იყო თუ არა, უნდა მყვარებოდა თუ არა, თქვენთვის მომინდვია საფიქრალ-გასარჩევად.

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან. Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s