ანიკო

ნაღდი, წკენტა, გურული იყო ანა, ანიკო, ჭაჭულა, როგორც გურიაში ეძახდნენ. კაპასი, 06102015497კაპასი, როგორც იმერლები იტყოდნენ, სადაც მოფსამდა, ბალახი არ ამოვიდოდა. გაჭენებული ცხენიდან კაცს  გადმოიღებდა ენით.

დიდად სილამაზით ვერ დაიკვეხნიდა, უშველებელ ცისფერ თვალებს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ ხმა და სმენა კი ჰქონდა მომადლებული. სწორედ ამის წყალობით მოიკიდა ფეხი თბილისში. მღეროდა, უკრავდა ჩონგურს, ფანდურს და აკრიმანჭულებდა.რაც კი კრიმანჭულია ძველ ფილმებსა და მულტფილმებში, მისი ჩაწერილია. ჰოდა, კინოსტუდიაში მიდი-მოდის დროს კი გაუცვნია ერთი ნამეტანი სიმპათიური ბიჭი. არ ვიცი, ის რა მოხიბლა, მაგრამ კი მოუყვანია ცოლად.

მაინცდამაინც ვერ აღფრთოვანებულა ბიჭის ოჯახი. თავი მოჰქონდათ, ინტელიგენტობდნენ, ნახევარი კინოსტუდიის  ქალები ეძლეოდნენ მათ შვილს და იმან კიდევ ეს ერთი ბეწო, დიდად არც სილამაზით გამორჩეული და თან თავისზე უფროსი ქალი მოიყვანა, ისიც სოფლელი და გურული.

მოკლედ არ იდებდნენ ცხვირის  წვერზე ანიკოს დედამთილი,მამამთილი, მულები.

ძმა ჩამოსვლია გურიიდან. გაპრანჭულ მოყვრებს ჩაი და მურაბა მიურთმევიათ. შეშმუშნულა უკმაყოფილოდ ეროდე( ძმას ასე  ერქვა), მაგრამ არაფერი უთქვამს. მჯდარა ცოტა ხანს. ამდგარა მერე, გადაუკოცნია და და უთქვამს, სუი აბა, ჭაჭულე, ჩაი და იყავიო.

მოსწყინდა ანიჩკას ოჯახის წევრების ცხვირის აბზუების ყურება, ესენი დროზე თუ არ მოვსვი ადგილზე, გამომხრავენ ცოცხლადო. გამოუტანია იატაკის ჯოხი, დამდგარა იმათი ოთახის კართან და დაუკივლია: განახებთ ახლა სეირს. არ მოგინდებათ ტუალეტში გასვლაო? ჩაგაჯმიებთ ყველასო. კიდეც აასრულა. ასე აყურყუტა მთელი ოჯახი, არ ვიცი, რამდენად ჩაიჯვეს, მაგრამ გარეთ კი არ გამოსულან. ამ დღის მერე, ისინი თავისთვის იყვნენ, ეს თავისთვის და არანაირი დპლომატია აღარ უშველიდა ამას.

ახალგაზრდა მხოლოდ სურათში მინახავს. ისე, რაც თავი მასოვდა, სულ ერთნაირად იყო: დამჭკნარი ჩია მოხუცი, თეთრი, ოდნავ გამეჩხერებული თმით და გრძელი ცხვირით ძალიან ჰგავდა შაპოკლიაკს, ასე იყო და იყო. ჩვენ ვიზრდებოდით, ვქალდებოდით, ვთხოვდებოდით, ვაჩენდით შვილებს, ის კი ისევ ასე იყო, უცვლელად.

ვაჟი გასჩენია.წვეთი წყალივით ჰგავდა დედას. იდეალური სმენა და ყურიც მისი გამოუვიდა. გააგრძელა ოჯახის ტრადიცია. მღეროდა და მღეროდა, ამის მეტი არაფერი უნდოდა. კიდეც გამოვიდა ცნობილი მომღერალი, თბილისის კოლორიტული ადამიანი და მაშინდელი ესტრადის ვარსკვლავი.

ადრე დაქვრივდა. არ ვიცი, ვეღარ გაუძლო ანიკოს გურულ ხუშტურებს და სამარადისო სიმშვიდე არჩია, თუ უბედური შემთხვევა იყო, კი უპოვიათ საწყალი თბილისი ზღვაში დამხვრჩალი… წამოიკიდა ანიჩკამ ქვრივობის ტვირთი და ატარა ბოლომდე.

ხარობდა სასახელო შვილით, ერთი იყო დასაღონებელი, უცოლოდ დაიარებოდა და განიცდიდა ანიკო. 30-ს გადააბიჯა, მაგრამ დედის  კაი ხასიათის ამბები ანეკდოტებად დადიოდა თბილისში და ვინ შეჰყოფდა ლომის ხახაში თავს?  თუმცა მაინც გამოჩნდა ასეთი-დეიდაჩემი. 17 წლის ულამაზესი გოგო. აღფრთოვანებულ-გაყეყეჩებული შეყვარებულის პოპულარობით, ნიჭიერებით და პატარა ბავშვის გულუბრყვილობით და სიკეთით, გაჰყოლია და არც უნანია არასდროს.

რა ვიცი, ეტყობა ხდება ასე, რომ როცა ადამიანი ძალიან გიყვარს და მასაც უყვარხარ, სხვა დანარჩენს ამ სიყვარულის ხათრით იოლად უყურებ და იტან. ან კარგი იუმორის გრძნობის ბრალი იყო, ასე მომადლებულად რომ ჰქონდა დეიდაჩემს ენაკვიმატი იმერელი მამისგან. ასე და თუ ისე, კი იცხოვრეს ერთად იმდენ ხანს, რომ მგონი, მსგავსი შემთხვევა ისტორიას არ ახსოვს.

თავისი მეთოდები ჰქონდა დეიდას ანიკოსთან თანაცხოვრების. ერთი, რომ მის ნათქვამებზე და საქციელებზე ხალისობდა, იმახსოვრებდა და მერე ჩვენ გვაცინებდა, მეორე, როცა გაუსაძლისი ხდებოდა ტრადიციულგურული ჩხუბი და წყევლა-კრულვა, ხმაურგაუმტარ ბამბებს გაირჭობდა და დადოდა ღიმილით. ავიწყდებოდა ხშირად მერე გამოძრობა, დავურეკავდი, ვყვიროდი, ვყვიროდი და აპა, შენც არ მომიკვდე… მერე როცა იქნებოდა, მიხვდებოდა, და გამოიძრობდა ბამბებს.

ანიკოს ისტორიები ერთი ფილმის თემაა, რომ მიჰყვე და გადაიღო, ფილმის ბოლომდე, ცოცხალი არ მგონია ვინმე გადარჩეს მაყურებლებიდან გადაფიჩინებული სიცილისგან.

მარტო ფიზიონომია ჰქონდა ისეთი, ხმაც რომ არ ამოეღო, გეცინებოდა.

შვილიშვილი რომ ეყოლა, მაიე, როგორც თვითონ ეძახდა, ხმალამოღებული დაჰყვებოდა ბაღსა თუ ეზოში, ბაღანა რომ არავის დაეჩაგრა.საბავშვო ბაღში მანაც იარა, ფაქტობრივად. მთელი წელი, თავის ზომის ჯორკოთი მიჰყვებოდა და იჯდა იქ ბოლომდე, შვილიშვილი რომ არ დაზაფრვოდა მარტოობისგან.

სკოლა, რომელშიც შვილიშვილი სწავლობდა მათი კორპუსის წინ იყო და საკლასო ოთახს უყურებდა მათი ფანჯრები.ერთხელაც დაზარებია მაიას მათემატიკის მომზადება, რაღა დღეს გამიძახებენო და წასულა ისე. დილიდან პოსტზე იდგა ანიკო ნერვიულად და თვალს ადევნებდა მოვლენებს. უცებ გამგირავად უკივლია, ტიტუო, გამოცვენილად ოჯახის წევრები დაფეთებული, ხედავენ ანიკო დგას დაღონებული, თვალზეცრემლმომდგარი და უყურე, ქე არ გამოიძახა ბაღანაო?

მეზობელი ჰყოლიათ, წაიიმნნაირო ქალი. შეწუხებული იყო მთელი სადარბაზო მასთან კაცების მიდივილ-მოდოვილით. დასჯა გადაუწყვეტია ანიკოს. გვინ ღამით, როცა მეზობელი უკვე «დაკავებული» გახლდათ, გადიოდა ჩუმად იატაკის ჯოხით და კარის თავზე დამაგრებულ ნათურას უმტვრევდა. იკვლევდა თურმე ის ქალი, ეძებდა დამნაშავეს, ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ეზოს ხულიგანი ბიჭები ერთობოდნენ ასე და იმუქრებოდა, თუ წავასწარი, დავახევ ყურებსო. რა იცოდა, რომ დამნაშავე მხცოვანი, თმაჭაღარა ქალი იყო, მის გვერდით მცხოვრები ცნობილი მომღერლის დედა…

წესრიგის მოყვარული იყო ჩვენი ანიჩკას. ეზოს ბავშვები სულ «სტოპზე» ჰყავდა. ერთი სასიკვდილე ტარასიკას ვერ მოუხერხა ვერაფერი. რუსი იყო ტარასიკა. ფანჯარაში გაკვეხებული ანიკო დილიდან საღამომდე თვალ-ყურს ადევნებდა, ეზოში რა ხდებოდა. ჰოდა, ერთხელაც, პოსტზე მდგარმა დაინახა, როგორ გლეჯდა ტარასიკა ბალახს.» ტარასიკ, ნე პალაჟი ნაგა ნა ტრავეო!»-უკივლია ანიკოს. აბა, შენც არ მომიკვდე, გაუგრძელებია იმ მაიმუნს. «ჩტობი ტვაი რუკი ი ნოგი ტაკჟე ატარვალის, კაკ ეტა ტრავა ატარვალასო!»-მიუწყევლია ანიკოს.

კერკეტი ნიგოზივით ჯანმრთელი იყო, მხოლოდ წნევა აწუხებდა ხოლმე. ერთხელ კრიზის დროს სასწრაფო გამოუძახიათ. ეს გადაყუდებულია, არწყევს, ექიმი კი ზის მშვიდად და ანკეტას ავსებს: რამდენი წლის ხართ, გათხოვილი თუ იყავით, რამდენი შვილი გყავთ, რამდენი აბორტი და ასეთები. უკივლია ანიკოს, ჯერ აი შემიჩერე და მერე გეტყვი ყორფელსო. დაიმხო თურმე თავზე ყველაფერი. დეიდაჩემი შეწუხებული დარბის თურმე აქეთ-იქით და ამშვიდებს, კაი დედა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო.გული ასჩუყებია ექიმს, რა კარგი შვილი გყავთო და შვილი არაა, რძალია მაიო. რძალიაო? სულ გადარეულა ექიმი. სახლში რომ მივალ ჩემი რძალი ან უნდა მოვკლა, ან გავაგდოო…

ცხოვრობდნენ ასე. გაიზარდა მაიე, გათხოვდა თავგიდელე ბიჭზე. ცხვირის წვერზე არ იდებდა ანიკო, კაი რომ იყოს ჩემდა მოვაო? მაი ტეტიაო. მერე შვილიშვილის შვილებსაც მოესწრო.

ყველას გვეგონა, რომ სულ უნდა ეცოცხლა. დეიდაჩემსაც, მათ შორის. ჰოდა, ერთ დღეს, ჩემმა ენაკვიმატმა დეიდაშვილმა ატირებულმა დამირეკა ტექსტით: გოგო, გაიგე, დედაჩემმა ბინა რომ მიიღო, ოროთახიანი, ლოჯიითო? მეგონა მართლა მიიღო დეიდაჩემმა ბინა და სიხარულისგან ტიროდა. თურმე ანიკო გარდაცვლილიყო… მხოლოდ გურულს შეუძლია გამზრდელი, საყვარელი ბებიის სიკვდილი ასე გითხრას.დეიდაჩემი გაოგნებული იჯდა, რომ მივედი და სლუკუნით ამბობდა, როგორ უნდა ვიყოთ უმაგისოდო, რანაირად იქნება, რომ ჩვენ ვიქნებით აქ და ეგ აღარაო…

მას მერე ბევრი წელი გავიდა. დეიდაჩემთან ლოჯიაში ახლა დგას ტახტი, მის თავზე ჰკიდა ანიკოს ჩონგური, ფანდური და ძალიან ლამაზი შავ-თეთრი ფოტო, რომელზეც ჩიხტიკოპიანი ანიკოა…

როცა დეიდას ვსტუმრობ, დიდუბის ერთი მზიანი, ყოველთვის თბილი «ხრუშჩოვკის» ლოჯიის კუთხეში ვუყურებ პატარა, ძველებულ ტახტს და ვხედავ ზედ ჩამომჯდარ ანიკო ბებიას, მოკლე ფეხებით იატაკს რომ ვერ სწვდება და ჩამოკონწიალებული აქვს, დამჭკნარი თითებით ჩონგურს უკრავს და აღურღულებს ტკბილ გურულ სიმღერას…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «ანიკო»

  1. როგორ მომწონს შენი ახალი პოსტების სერია ❤

  2. ხო? მიხარია, მეც მომეწონა, იცი? ახლა ვაგრივებ თავში და ვალაგებ ახალ ისტორიებს. გმადლობ, ოქროს გოგო ხარ შენ და ჩემთვის მნიშვნელოვანია შენი აზრი<3

  3. მაკა:

    მეც მიყვარს ძველი სურათები და ისტორიები. ძალიან დიდი სიამოვნებით ვკითხულობ და არ მოგვაკლო ეს ისტორიები, ქეთი ❤

  4. მაქვს კიდევ მარაგში 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s