ზოლებიანი ჩემოდნის არომატი

ონის ცენტრში, მოედანზე, ცხოვრობდნენ ერასტი და მარიამი. შეძლებული ოჯახი 30092015494ჰქონდათ, უამრავი მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონელით, სახნავ-სათესებით, სკებით, უზარმაზარი ხეხილიანი ბაღებით.

სავსე ოჯახი პატარებითაც მდიდარი იყო, 5 შვილი ჰყავდათ( სამი ადრეულ ასაკში გარდაეცვალათ): ქეთო, მიტო, ვასო, სერო, შურა..

წიგნიერი კაცი ყოფილა ერასტი, რაფინირებული ინტელიგენტი, დინჯი, მშვიდი, როგორც ნამდვილ რაჭველს შეფერება. მარიამი კი პირიქით, ფიცხი, სწრაფი და ქოთქოთა.

14 წლის ყოფილა მარიამი, ავ დედინაცვალს რომ თავიდან მოუშორებია და ერასტისთვის მიუთხოვებია. ორი წელი შვილი არ უჩნდებოდა და დედამთილი სიცოცხლეს უმწარებდა პატარა გოგოს, ბერწი რძალი შემომივიდაო. თექვსმეტისას ჰყოლებია ქეთო, ბებიაჩემი, მერე მიჰყვა და მიჰყვა…  ჩემი დიდი ბაბუა მოსიყვარულე ქმარი და მზრუნველი მამა აღმოჩნდა, შეგნებული, კულტურული, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი. ამაში მაინც გაუმართლა ობლობაში გაზრდილ გოგოს.

შრომობდნენ, მრავლდებოდნენ.

მერე ბოლშევიკები შემოსულან. ჭკვიანი კაცი იყო ერასტი. ჩათრევას ჩაყოლა სჯობსო, უთქვამს და როცა სულით და ხორცით ტურტლიანთა ბრბო მიადგა, ხელგაშლით დახვდა. ან სხვა რა გზა ჰქონდა, როცა ირგვლივ იმდენი მაგალითი იყო გაკულაკებით გაუბედურებული ოჯახების. საკუთარი ნებით გადაუცია კოლექტივისთვის ყანები, ვენახები, სახნავ-სათესები,  ფუტკრით გაძეძგილი სკები,საკუთარი ხელით გამოუყვანია შვილივით ნაფერები ხარები, ძროხები, აკანკალებული ხელით გაუღია ფართოდ მამაპაპისეული სახლის კარი კოოპერატივისთვის…

დაუფასეს წითლებმა საქციელი. ხელი არ ახლეს. პატარა ეზოც მოუჭრეს და სახლი ჩადგა.

სულ ცოტა ხანში, ფუტკარი დაიხოცა, ხარები დამღიერდნენ და ფერდებშეცვენილები ძლივს დაღოღავდნენ, ძროხები გაბერწდნენ… დააქციეს ამ ჩემანალებმა ქვეყანაო, იტყოდა თურმე გვიან ღამით შინ დაბრუნებული ერასტი ჩუმად, მჯიღით მოიწმენდდა კურცხალს და მიწვებოდა ბუხართან უხმოდ…

ეკლესია დაუნგრევიათ წითლებს, მერე სინაგოგას მისდგომიან. გამოსულა მთელი ებრაელობა, დიდიანპატარიანად, ჩვილი ბავშვებიც კი გამოუყვანიათ, დაწოლილან სინაგოგის წინ და ჯერ ჩვენ გადაგვიარეთ და მერე დაანგრიეთო. დაუხევით უკან ბოლშევიკებს და კიდეც გადარჩა მათი სალოცავი დანგრევას…

უჭირდათ ახალ დროებაში მაროს და ერასტის, მაგრამ არასდროს წუწუნებდნენ, შრომობდნენ, ზრდიდნენ წვრილშვილს და იმდენი ქნეს, სულ რამდენიმე წელიწადში ისევ მძლავრ კომლად იქცნენ.

მადლიანი ქალი იყო მარო ბებია, ყველას ეხმარებოდა, ვინც კი გაჭირვებული იყო, ზოგს საჭმლით, ზოგს ფულით, თუმცა ეს უკანასკნელი არც თვითონ ჰქონდათ თავზესაყრელად.

ქურდი  შესჩვევიათ თურმე. ღამით დაშლიგინობდა ყანაში,  ბეღელში და ხან რა ხვდებოდათ მოპარული და ხან რა. დადარაჯებია ერასტი. ჰოდა, ერთხელაც, როცა ისევ გაისმა ღამით ფეხის ხმა, ამდგარა, აუნთია ჭრაქი, გაუდგამს აივანზე, მერე პირი დაუბანია, ჩაუცვამს, აზიაცკებიანახალუხიანად. გალსტუკი არ დაგავიწყდესო, უყვიროდა თურმე მარო. გასულა და, რასაკვირველია, აღარავინ დახვედრია. როცა მაროს ქოქოლა დააუყრია, მშვიდად უპასუხია, აბა თავზე ხომ არ დავადგებოდი, შე ქალო, ეგება ნაცნობი იყო და ხომ არ შევარცხვენდიო… ასე იყო თუ ისე, მოუხელთებელი ქურდი მას მერე აღარ გამოჩენილა.

ყველას თავშესაფარი იყო მათი სახლ-კარი, განსაკუთრებით ომის დროს. ვინც კი გაჭირვებული იყო თბილისში, ყველა იქ გარბოდა და ესენიც დაუნანებლად აჭმევდნენ, ასმევდნენ, უვლიდნენ…

ერასტის არ მოვსწრებივარ. აი მარო ბებია კი ჩემს შვილსაც მოესწრო. 96 წელი იცოცხლა. ბოლო წუთამდე უსათვალოდ კითხულობდა, ქსოვდა, აცხობდა თონეში უგემრიელეს დახვეულებს და ლობიანებს. სწორედ მისგან ვიცი ეს ყველაფერი. ზამთრის გრძელ ღამეაბში, ჩვენთან სტუმრად ჩამოსული მიყვებოდა ხოლმე .

საოცარი ქალი იყო, ბრძენი, კეთილი, გრძელი ქერა თმით და მოციმციმე ცისფერი თვალებით, ქათქათა… ვაშლის ჩირის სუნი ასდიოდა და მუდმივად შავები ეცვა. არა იმიტომ, რომ არ იხდიდა, ვერ იხდიდა. არ აცლიდა ცხოვრება შავის მოცილებას. ჯერ ძმა მოუკვდა ჭლექით თბილისში, მერე  ისევ ძმა, ისევ თბილისში, ჩეკისტებმა მოკლეს, მერე შვილი დაეღუპა მეორე მსოფლიო ომში, მფრინავი იყო და ბელორუსიასთან ჩამოაგდეს ფაშისტებმა. მერე კიდევ და გარდაეცვალა, მერე ძმა, მერე ერთი შვილიშვილი მოუკლეს თბილისში, მეორე შვილიშვილი ავად გახდა და ვერაფერი უშველეს, მერე დედაჩემიც დაასაფლავა, ყველაზე საყვარელი შვილიშვილი და კიდევ რა ვიცი, რამდენ მკვდარს მიჰყვა სასაფლაომდე… დიდხანს სიცოცხლეს აქვს თავისი უარყოფითი მხარე… მრცხვენია, ცოცხალი რომ ვარო. არ გეცოდებით, ამდენ ხანს რომ ვამძიმებ ამ დედამიწასო?

ჩემი ბავშვობის მოგონებებში ერთ-ერთი საუკეთესოა მარო ბებიას სტუმრობა.

როგორც წესი, გვიან ღამით ჩამოდიოდა. ერთი უზარმაზარი ჩემოდანი ჰქონდა, გარედან ტილოს შალითით, თეთრი და ლურჯი ზოლები ჰქონდა ამ ტილოს და სიძველისგან იყო გაცრეცილი. დადგამდა ჩემოდანს შუა ოთახში. ჩვენ გარშემო შემოვეხვეოდით და ველოდებოდით. აჰკრავდა ხელს ორ ცალ საკეტს ერთდროულად, დაიტკაცუნებდა, აიხდებოდა ჩემოდნის თავი და იქ რაც ხდებოდა, ამას ვინ აღწერს… ჯერ სუნი ამოდიოდა, წაიქცეოდი. ერთ კუთხეში დაბრაწული დახვეულები ეწყო, მეორეში უშველებელი ხაჭაპურები, ლობიანები, შუაში ათასგვარი სახეობის ტყლაპი და ჩირი და პარკში გამოხვეული რაჭული ლორი… ახლაც ნერწვი მადგება და ვგრძნობ ამ საოცარ სურნელს, როგორც ჩემი ბავშვობის საუკეთესო არომატს, რომელიც ისევე გაჰყვა წლებს, როგორც თავად მარო ბებია და რომელიც არასდროს აღარ დამიბრუნდება, არასდროს აღარ შემიღიტინებს ცხვირში, არასდროს აღარ ჩამიკრავს გულში, არასდროს აღარ მომიყვება საინტერესო ამბებს…

შუა ოთახში ვუშლიდით ხოლმე ტახტს ბებია მაროს. აქ იზამთრებდა. საოცრად ჯანმრთელი ქალი იყო, მაგრამ რატომღაც აქ ჩამოსვლისას გიჟდებოდა ისე უყვარდა, როცა წამლებს ყიდულობდა მისთვის დედაჩემი და თუ ნემსებსაც გაუკეთებდა, ხომ საერთოდ, ჩათვლიდა, რომ არაჩვეულებრივი ზამთარი გაატარა… დედაც ხათრს არ უტეხდა და რაკი არაფერი აწუხებდა, ვიტამინების ინექციებს უკეთებდა ხოლმე. შიგადაშიგ რომ არ დაგვვიწყნოდა, რომ «ავად» იყო, კვნესოდა ხოლმე. ერთხელაც ქეთო ბებია გახდა ავად, სერიოზულად, ფილტვების ანთება დაემართა, ჩაწვა მაღალი სიცხეებით. დაუწყო დედაჩემმა ნემსების კეთება. დაღონდა მარო. ეტყობა იფიქრა, ეჰო, ახლა მე ვიღას გავახსენდებიო. დილით გამოდის საწყალი ბებიაჩემი მოფარფატებს სიცხიანი, ძალაგამოლეული, ოფლიანი, მარომ წამოჰყო თავი და შენც ქვე ხარ გლახათო? ეს ფრაზა ავიტაცეთ მერე და დღემდე ვატრიალებთ მე და ჩემი და.

როცა წვეთებს სვამდა დედაჩემი აშაყირებდა, შენ აღარ დათვალო, პირდაპირ მოიყუდეო.

მოყტდა ბაბია მარო. ვეღარ გვსტუმრობდა და ისე გადიოდა წლები, თავის გამორჩეულად საყვარელ შვილს ვერ ნახულობდა და მხოლოდ წერილების წერით იკლავდა სურვილს. შენახული მაქვს ეს წერილები და უცვლელად გადმომაქვს:

«ჩემო პირველო სიხარულო და სიყვარულო, შვილო ქეთო. კარგა ხანია შენი წერილი მივიღე, მაგრამ ისე ვარ დასუსტებული და გამოჩერჩეტებული, რომ წერილის დაწერაც კი ვეღარ გავბედე. ყველას, შენს მონაგარს ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს თავიანთი მონაგრით. მინდა ყველას სახელი ვთქვა სათითაოდ, მაგრამ ისე ვარ გამოფიტული, რომ აღარაფერი აღარ შემიძლია. ვაგდივარ ფეჩთან და ვარ დილიდან საღამომდე მუნჯად. აღარა მაქვს გული, ისე რომ მე ვატყობ დღეები კი არა წუთები მეთვლება. ვაი როდის დაისვენებს შენი დიდი ხნის ნატანჯი დედა, ველი ამას. შურას ვწერ, რომ მოირბინოს, მადლია, აღარა ვარ სააქპირო და ერთი კიდევ მეჩვენოს. შენ ვერ გწერ მოდი და მნახე-თქვა, ვიცი სუსტად ხარ და ოღონდ იცოცხლე შენი მონაგრის სასიხარულოს და ნურაფერზე ნუ იდარდებ. ის კი არა რომ გეიგო, რომ მეშველოს და დევისვენო, მომილოცე წერილით და შენ თუ გინდა ნურც მოხვალ, მე მაინც ვეღარ გნახავ და იყავი შენთვის წყნარად, იცოცხლე შენი კაი მონაგრისთვის. ოხ, ქეთო, ერთი ორი დღე დაგვაჯინა და გვალაპარაკა, რა ბედნიერი ვიქნებოდი, მარა მე ყოვლათ უბედურს ვაი არ მეღირსება.-შენი დამწვარი დედა.»

90 წლის იყო მარო ბებია ამ წერილს რომ წერდა. ასეთი კიდევ ბევრი მაქვს შენახული. 6 წლის მერე, ერთ მზიან დილას უცნაურად იგრძნო თავი. ამდგარა, მიულაგებია ეზო-ყურე, მერე აუხდია თავი სკივრისთვის, ჩაუცვამს გადანახული ტანსაცმელი, თმა დაუწნავს, ოდესღაც ქეთოს ნაჩუქარი თავშალი, რომელსაც არ ხმარობდა და პარკში ინახავდა, ამოუღია, წაუკრავს, დაწოლილა ტახტხე, დაუკრეფია გულზე ხელები და ასე გაპატიოსნებული დახვდა ოჯახის წევრებს საღამოს…

ცხოვრება დაუნდობლად მტაცებს საყვარელ ადამიანებს, მე კი მხოლოდ ის შემიძლია, ვიფიქრო მათზე, მერე იქით შევუტიო მოძალებულ ტაქიკარდიას, მივუჯდე მაგიდას და  დავწერო იმათზე, ვინც იყვნენ ჩემთვის და აღარ არიან, ვინც ასე დააკლდა ჩემს ცხოვრებას, ჩემს სულს…

პ.ს. ეს წერილი ჩემს შვილს ვანახე, გადახედა და ორ წუთში დამიბრუნა, ეს რა წერილი მომეცი,  ვიფიქრე, წერილია, გავერთობი-მეთქი და გავსკდი ტირილითო.  მომაშორე თავიდან, ან შენ რას კითხულობ, მაზოხისტი ხარო…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «ზოლებიანი ჩემოდნის არომატი»

  1. მაკა:

    როგორ მიყვარს ასეთი ისტორიები, მიუხედავად იმისა, რომ გულს მიჩუყებს …
    მართლაც, რა დაუნდობლად გვტაცებს ცხოვრება საყვარელ ადამიანებს.

  2. ხო, წლებივით

  3. gamarjoba,me tqveni natesavi var,maro chemi didi bebia iko,anu babuas deda,vasosi,es misamarti deidam momca,zalian mesiamovna da,bevri rame gamaxsena,exla guliko ixsenebs chemodans,kamodukas,da tkbil bebos,madloba.

  4. ძალიან მიხარია შენი სტუმრობა, ისიც მახარებს, რომ გასიამოვნე ჩემი ამბებით. რამდენ საინტერესო მასალას ვკარგავ ახლა, მაგ საუბრებს რომ ვერ ვისმენ 🙂 რაც ჩემს უკეთილშობილეს ქეთო ბებიასთანაა დაკავშირებული, ყველაფერი ძვირფასია ჩემთვის. მომძებნე ფბ-ზე ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s