შახსეი-ვახსეი

17092015486
ერთი ძველებური გიტარა ჰქონდა ბებიაჩემს, მზითევიდან შემორჩენილი, წითელი, შვიდსიმიანი, ბაბთიანი. გიტარა და კიდევ ერთი ძველისძველი ხელის «ზინგერი», მრგვალმაქოიანი, ჩასაკეტი ხუფით, ზედ რომ ულამაზესი ქალი ეხატა( მე ასე მეჩვენებოდა, ყოველ შემთხვევაში).

პირველით მოსაწყენ საღამოებს გვიხალისებდა, აწკრიალებდა ზედ იშხნელების რომანსებს, საცეკვაოებიც კი იცოდა და მათზე აცეკვებულ ორ სასაცილო გოგოს მთელი მონდომებით გვიკრავდა ტაშს ყურებამდე გაკრეჭილი ბაბუა.

მეორით ჭრელაჭრულა სარაფნებს გვიკერავდა, მოფუჩფუჩებულებს, ფერადღილებიანებს, რომლებსაც თავისი დიდი ქისიდან არჩევდა ხოლმე. ეს ქისა დღესაც მაქვს. მასში იმდენნაირი ღილია და ისეთი იშვიათი ფორმის და ფერის, ბევრისგან ულამაზესი სამაჯურები და მძივებიც კი ამიწყვია. ის «ზინგერიც» ისევ ისე დგას ოთახის კუთხეში და ახლა მე ვარახრახებ, როცა სიახლე მომინდება ჩემს გარდერობში. აი გიტარა კი აღარაა.

გატყდა. მე გამიტყდა. ხო, მეც მასწავლა ბებომ დაკვრა და სადაც წავეხეტებოდი მეგობრებთან ერთად, მიმქონდა მათი დაჟნებული თხოვნით. ერთ-ერთი ასეთი წახეტებისას, გადაგვივარდა და გატყდა.

არ იცოდა ბებიამ გატეხილზე ვიშვიში და შეცხადება, ჩვენი ჭირის წაუღიაო, იტყოდა ხოლმე, ნატეხებს მოაგროვებდა, თავზე შემოგვავლებდა და გადაყრიდა. აი გიტარის გატეხა რომ გაიგო,  სახე შეეცვალა, მოიწყინა და თვალზე ცრემლი მოადგა.  დავცინე, სურათი მაინც გადამეღო, ჩამოჰკიდებდი შენი  მკვდრების გვერდით და მათთან ერთად იგლოვებდი-მეთქი. საშინელი და სასტიკი ასაკია უფროსებთან თვითდამკვიდრების ასაკი… არაფერი უპასუხია, გავიდა თავის ოთახში და წიგნის კითხვა დაიწყო.

არც ბოდიში მომიხდია, არც შემიმჩნევია, რომ ვნანობდი ჩემს როყიო სიტყვებს. ჩუმად ვაგროვე სტიპენდია და ერთ დღესაც ახალი გიტარით მოვადექი ბებიას. ყვითელი იყო, გალაქული. მაკოცა, გაიღიმა და იმ ლურსმანზე ჩამოჰკიდა, ადრე რომ წითელი გიტარა ეკიდა. ვალი მოვიხადე და დავიმშვიდე თავი. მხოლოდ კაი ხნის მერე აღმოვაჩინე, რომ ბებო აღარ უკრავდა. ათასში ერთხელ, თუ ჩემი მეგობრები მოვიდოდნენ და სთხოვდნენ, ჩამოიღებდა და მღეროდა, მაგრამ ყოველ ასეთ დროს ისეთი გრძნობა მიჩნდებოდა, რომ უბრალოდ ხათრს არ გვიტეხდა და სინამდვილეში ერთი სული ჰქონდა, როდის დააბრუნებდა ამ უშნო გიტარას თავის ადგილზე.

ისე გამოიყვანა ცხოვრებამ ჩემი, ჩემი დის და ბებიაჩემის საქმე, რომ დედაც იყო, მამაც, ბებიაც, ბაბუაც. სხვებისთვის ცხოვრების ნიჭი ჰქონდა არნახული. ზარდა შვილები, მერე შვილიშვილები, მერე შვილიშვილების შვილები და არასდროს, არც ერთხელ არ დაუწუწუნია, რომ დაასამარა თავისი არაჩვეულებრივი ანალიტიკური აზროვნება, შერლოკ ჰომსური დედუქციის უნარი და არაჩვეულებრივი ხმა. არასდროს დაუჩივლია, რომ სხვებზე ზრუნვამ წაართვა დრო ეზრუნა საკუთარ თავზე, საკუთარ მომავალზე, საკუთარ სილამაზეზე( თუმცა ამას ზრუნვა არც სჭირდებოდა, ისედაც მომადლებული ჰქონდა), საკუთარ სულერებაზე, რომელიც ისეთი ღრმა ჰქონდა, ხუმრობით ამბობდა, სულიერ შიმშილს ვგრძნობ მუდამო და ამ შიმშილს საწოლთან ახოლიხებული წიგნებით იკლავდა.

ერთხელაც, როცა გვიან დავბრუნდი შინ, კარგად შეზარხოშებული, ღია ჭიშკართან ხალხის რუზრუზმა მიმახვედრა რაშიც იყო საქმე. შევვარდი თვალებდაბნელებული ბებიას ოთახში. იჯდა ოდნავ მომღიმარი, ფანჯარა დაუდევრად იყო გამოღებული და ფარდაც ასევე დაუდევრად გადაწეული. რა შუაშია არა დაუდევრობა? ბებიას არ იცნობდით თქვენ, თორემ მაგას არ იკითხავდით. სულ იმას გვერჩოდა, მოღლარძულად ნუ არის  ფარდა, გაასწორეთო. საწოლზე იჯდა, გვერდით ბარათაშვილი ედო, შუაში სათვალე იყო ჩადებული. ცრემლების ყლაპვით გადავშალე და «სუმბული და მწირი» იყო. მას მერე არც დამიხედავს ამ ლექსისთვის…

სიბერეში წერა დაიწყო ჩუმ-ჩუმად. წითელყდიანი ბლოკნოტი ჰქონდა, წამლების უჯრაში და ღამ-ღამობით წერდა ამბებს, მოგონებებს, ისტორიებს. არ გვეუბნებოდა, არ ვიცი რცხვენოდა, არ ვიცი ჩვენი ეშინოდა, დამცინებენო. მერე ერთხელაც მივაგენით ამ ბლოკნოტს მე და ჩემმა დამ. ჩუმად წავიკითხეთ და გავიგეთ, ბოლოს და ბოლოს, რას წერდა ასე გამალებით გვიან ღამით ბებაჩვენი. მერე ერთხელ რაღაცაზე გავბრაზდი, აღარც მახსოვს, რაზე. რაღაც მინდოდა და ვერ თუ არ გამიკეთა და მეც მივახალე, იმ გოიმობებს რომ წერ, ეგეც გეყოფა-მეთქი. ხმა არ ამოუღია. მეორე დღეს ეზოში კვამლი დავინახე, გავიხედე და ვხედავ: დგას ბებია, წინ ძველი რკინის სათლი უდგას და შიგ სათითაო ფურცლად წვავს თავის წითელყდიან ბლოკნოტს, ჩუმად, უხმოდ… შემოვიძურწე სახლში და ხმა არ ამომიღია, არც შემიმჩნევია, რომ დავინახე და ვიცოდი. არც ბოდიში მომიხდია…

ვიხსენებ ახლა, ვხედავ ალმოდებულ ფურცლებს, ბებოს ჩაფერფლილ მოგონებებს და ასე მგონია, ის ცეცხლი ჩემს გულს ეკიდება და იმ ფერფლშიც ჩემი გული ერევა…

მან მთელი ცხოვრება დაგვითმო ჩვენ, მე კი მცირეოდენი სათავისოც არ შევარჩინე.

ინანიშვილი ამბობს, ჩვენ ყველა თავსაფრიანი დედაკაცის უმადური შვილები ვართო. ისინი ჩემთან შედარებით უცოდველი კრავები არიან.

წარსულში ცქერას კარგი არაფერი მოაქვს ადამიანისთვის. წინ უნდა იყურო, აწმყოს უნდა მიუმომჭირნდე. თუმცა, თუ იმისთვის იყურები უკან, რომ გაიხსენო საყვარელი ადამიანები, რომლებიც იქ დარჩნენ სამარადისოდ, ცუდი აქ არაფერია. ის კი არა საჭიროცაა.

შეცდომებზე გაუთავებელი ფიქრი და დარდიც არაა სასარგებლო. რა აზრი აქვს დარდს? მაინც ხომ ვერაფერს შეცვლი? რაც იყო, მოხდა უკვე და ალბათ იმიტომ შეგეშალა, რომ გინდოდა ასე შეგშლოდა. თუმცა შეცდომაცაა და შეცდომაც… ზოგი შეცდომა დანაშაულია, რომელიც მთელი ცხოვრება გღრღნის და გტანჯავს. ეგებ კიდეც გინდა არ გაიხსენო და არ იტანჯო, მაგრამ ზოგჯერ მოგეძალება თვითგვემის სურვილი. იხსენებ შენს სირცხვილს, შენს დანაშაულს და გული ისე გეწურება, გგონია, ჰა, ჰა, სადაცაა გაქრება… ეს ერთადერთი სახეობაა შახსეი-ვახსეის, რომელიც საჭიროა და სასარგებლო.

იმ დიდი მწერლის არ იყოს, როცა გულის ეხოსკოპიაზე მივდივარ, სულ ველი, როდის მეტყვის ექიმი, რომ გულზე ნაწიბურები მაქვს და ამ ნაწიბურებს ძველი ბაბთიანი გიტარის და პატარა წითელყდიანი ბლოკნოტის ფორმა აქვს…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

5 комментариев на «შახსეი-ვახსეი»

  1. წმინდა ადამიანის პორტრეტია დახატული

  2. კი, მასეა. მსგავსი არავინ მინახავს ცხოვრებაში…

  3. მაკა:

    ქეთიი

  4. მახსოვს რამდენი ხნის წინ მოვიწონე მე ეს პოსტი და დღეს, დილის 7 საათზე ხელახლად მომინდა გადაკითხვა. ისეთივე საინტერესო და ლამაზი პოსტია, როგორც ისტორია და ისტორიაში მონაწილე პერსონაჟები.. სევდიანი მაგრამ თბილი..

  5. დიდი მადლობა, კახი ❤ სასიამოვნოა, როცა შენი დაწერილის თავიდან წაკითხვა უნდება ვინმეს. გამიხარდა :*

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s