კატერინა

ჩემს კინოთეატრში( ასე დავარქვი ძველ ალბომს, გაცრეცილი შავ-თეთრი ფოტოებით 28092015493რომაა გაძეძგვილი) ერთი პატარა ფოტოა. ზედ ორი ცალი ბებიაჩემია. ჰო, ერთი ჩემი ტკბილი ქეთო ბებიაა და მეორეც ქეთო ბებიაა, მაგრამ თან მთლად ქეთო ბებიაც არაა. არც მისი ტყუპისცალია. ჰგავს კი ძალიან, ეს კატერინაა. ბებიას დეიდაშვილი.

ერთ დღეს დაიბადნენ, ისე ჰგვანდნენ ერთმანეთს გარეგნულადაც და ხასიათითაც, ყველას დები ეგონა, მეც კი.

არ ვიცი ვის მოუვიდა თავში აზრად შუაგულ რაჭაში ახალშობილი გოგუნასთვის კატერინას დარქმევა. ყოველთვის მომწონდა მისი სახელი და ვეხუმრებოდი, სახლებიც მსგავსი გაქვთ, ქეთევანი და კატერინა-მეთქი.

კაი ხანს მეგონა, რომ ორი ბებია მყავდა, ქეთო და კატუშა( ასე ეძახდნენ ოჯახის წევრები) და ისიც მეგონა, რომ დები იყვნენ. მხოლოდ დიდობაში გავიგე, რომ ეს ასე არ იყო. რომ კატუშა ბებიას გარდაცვლილი დის შვილი იყო, ობლობაში გაზრდილი ულამაზესი გოგო, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ისე იყო აწებებული ბებიაჩემს, გარდაცვალების მერეც ვერ გაძლო უიმისოდ და სულ მალე წაიყვანა.

უცნაურად მშვიდი, ღიმილიანი ქალი იყო, გადატკეცილი სახის კანით და ჩამოთლილი თითებით. ერთხელ ვკითხე, მე უკვე შვილები მყავდა  და კატუშა ბებია 80-ის იყო მიკაკუნებული, რას უშვრები ამ სახეს, ერთი ნაოჭი რომ არ გაქვს-მეთქი და კეთილი ადამიანი რომ გვიან ბერდება და ბოროტი და კაპასი ადრე, არ იცი, ბებია, შენო? მას მერე სულ მახსოვს ეს სიტყვები და როცა სიავე მოედება ხოლმე ჩემს გულს, მაშინვე ვებღაუჭები მათ და წამში ბრუნდება შერყეული სიმშვიდე.

ღიმილიანი იყო-მეთქი, მაგრამ არასდროს მინახავს ხმამაღლა გაცინებული, კბილებგამოჩენილი, აკაკანებული. შვილებიც ჰყავდა, შვილიშვილებიც, მოსიყვარულე ქმარიც, მაგრამ თვალებში რაღაც ამოუცნობი დარდი ჰქონდა ჩაბუდებული და საკმარისი იყო სიჩუმე ჩამოვარდნილიყო, სავარძელში ჩამჯდარი სადღაც მიექანებოდა, თან იყო აქ და თან არა, იყურებოდა სადღაც და თვალები უსველდებოდა. მიკვირდა ეს და ერთხელაც ვკითხე ბებიას, რატომაა ასე-მეთქი. ერთხელაც კი არა, სულაც ვეკითხებოდი, მაგრამ პასუხი მხოლოდ მაშინ მივიღე, როცა უკვე აღარ მეთქმოდა ბავშვი. ალბათ ბებიაჩემი თვლიდა, რომ ვერ გავიგებდი სწორად იმ ყველაფერს, რაც იყო მოსაყოლი და ამიტომაც მალოდინა წლები.

მოკლედ, ონში დაბადებულა ორივე, ერთსა და იმავე დღეს, ორი საათის განსხვავებით. ერთად იზრდებოდნენ, ერთად დაჰყვებოდნენ მამებს სათიბსა და ყანაში, ერთად ბანაობდნენ რიონში, ერთად სწავლობდნენ სკოლაში. მეგობრობდნენ.

მერე სახადმა შეიწირა კატუშას დედა და უკვე სულაც ერთ სახლში ცხოვრობდნენ და ბებიას დედა ზრდიდა ორივეს.

სილამაზესთან ერთად, გონიერებითაც იყო თურმე დაჯილდოებული. ონის სკოლაში საუკეთესოდ ითვლებოდა და მისი პენსნეიანი ნაგიმზანიევი პედაგოგები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

თბილისში, ოპერის გვერდით, ძველ იტალიურ ეზოში ერთინ პატარა ოთახი ჰქონდათ, მოფილოსოფოსო, მოდისიდენტო ბიძამ რომ დაუტოვათ. ჩემს ბებია კატერინას საოცარი სმენა და ხმა ჰქონდა. ღრმა სიბერემდე მაოცებდა ხოლმე თავის წკრიალა ხმით. ზეპირად იცოდა მთელი საოპერო რეპერტუარი. კიდეც ოცნებობდა თურმე საწყალი მომღერლობას და დილიდან საღამომდე იმეორებდა ცნობილი ოპერების ცნობილ არიებს.

მე-20 საუკუნის პირველი ნახევარია. ის ეპოქა, ათასგვარად რომ გადატრიალდა და გადმოტრიალდა ქვეყანა. დიდი მწერლის თქმის არ იყოს, ვარდისფერი რომ წითელმა შეცვალა, მერე გაწიე-გამოწიე, დაიჭირე-დახვრიტე რომ მოჰყვა და ღამღამობით დიდი შავი მანქანის გრუხუნის ელდა, დაკეტილი დარაბებიდანაც რომ ხვდებოდნენ, რისთვისაც იყო მოხრიგინებული. შიშით გულგახეთქილები გახედვასაც ვერ ბედავდნენ, რომ გაეგოთ, ვის მიაკითხეს. ისხდა მთელი კორპუსი ჩუმად და ელოდა, მას მიაკითხავდნენ იმ ღამით, თუ სხვას…

სულ გვშიოდაო, ამბობდა ბებია ქეთო. 14-15 წლის იყვნენ. ბებია ქეთოს სწავლა დაუწყია, კატუშას კი -ოპერაში მუშაობა, აი პროგრამებს რომ არიგებენ, იმად. თან მეზობელ ვოკალისტთან დადიოდა დილაობით და მეცადინეობდა. ოცნებაში ხედავდა ოპერის სცენას და თავის თავს ჩიო-ჩიო-სანის როლში. სათავისო love-story-ც ჰქონია, გაპრანჭვით და მორცხვი შეხვედრებით. სტუდენტი ყოფილა, კარგი ბიჭი იყოო, ამბობდა ბებია ქეთო, მხოარული, ენაკვიმატი იმერელი, მაგრამ ღატაკი და ფხუკიანიო.

დატრიალებულან ნათესავები. ამ უნიფხვო იმერელს როგორ გავაყოლოთ ეს ბავშვიო. არადა არც არავინ აპირებდა გაყოლა-მოყვანას. სწავლის დამთავრება უნდოდა ორივეს. მოუძებნიათ ვიღაც მუტრუკი, კაი ფულის პატრონი, ზომიერად ფერხორციანი და ასაკიანი მამაკაცი. ჭკუადამჯდარია და აცხოვრებს ამასაც და ოჯახსაცო. კაი სახლი, ქონება, სამსახური, ჩაგაცვამს, დაგახურავს, გიპატრონებსო. ძალიან არ უნდოდა თურმე კატერინას. ცხარე ცრემლებით მოთქვამდა ღამღამობით, მაგრამ ვინ უსმინა.

გაათხოვეს. კახელი იყო თურმე. არა კახელებს არაფერს ვერჩი, მაგრამ ამ ბოლო დროს რამდენჯერაც წავიკითხე, რომ კახეთში ქმარმა ცოლი მოკლა, ცემა და ამგვარები, სულ საწყალი ბებია კატოს ამბავი მახსენდება. სვამდაო უბედურად. მოდიოდა გალეშილი  თურმე და შენ ვინ გეკითხება, გინდა თუ არა, მე მინდაო და ტანზე შემოახევდა ტანსაცმელს და სანამ ზედ არ დაეძინებოდა ოხშივარადენილს, მანამდე ხმარობდა( არა, ამ სიტყვას ქეთო როგორ ამოუშვებდა პირიდან, ეს მე ვარ გაფუჭებული 🙂 ).

სწავლა არა ისო. ამასობაში ბავშვიც ეყოლა თურმე, თავისნაირი ლამაზი გოგო. მოუკლო თურმე ბებიაჩემთან მოსვლას. აღარაფერს უყვებოდა. ბებოს ეგონა, ან ნაწყენია, ან ამასაც ის დაემართა, ფულის შოვნამ რომ იცისო. მერე ერთხელაც ონიდან ბებოს დედა ჩამოსულა. ჯერ ქეთო მოუნახულებია, მერე კატერინას მიადგა. პატივი უციათ. სუფრის მერე იქ დაუტოვებიათ ღამის გასათევად. ვაი იმ დარჩენას. მთელი ღამე ესმოდა თურმე გვერდითა ოთახიდან კატოს ტირილი, ჟაპაჟუპის და ცემა-ტყეპის ხმა, საწოლის ტკაცატკუცი და სართულებიანი გინება. შესვლა ვერ გაუბედავს და სიმწრისგან თმებს ვიგლეჯდიო, ყვებოდა თურმე მერე. დილით შესულა და დალურჟებულ-დასისხლიანებული რომ დაუნახავს კატუშა, უხმოდ აუყენებია, ჩაუცმევია, ჩაულაგებია ჩემოდანი და წამოუყვანია.

რომ ვფიქრდები, მიკვირს ჩემი დიდი ბებოს ასეთი საქციელი და სიამაყით ვივსები. მაშინ კი არა, ახლაც ცოტა მოიძებნება უფროსებში, ასე თამამად რომ გადაადგმევინოს ეს ნაბიჯი შვილს. შვილი იყო, აბა რა, 5 წლიდან ზრდიდა.

აი, აქედან დაწყებულა ჯოჯოხეთი. ბებიას დედა დაბრუნებულა რაჭაში. კატერინა  თავისი პატარა გოგოთი დარჩა ბებია ქეთოს ანაბარად. უჩივლია სასამართლოში იმ მუტრუკს. ფული ჰქონდა და ყველაფერი. ათასი საშინელება მოუჩმახავთ კატუშაზე და შედეგად ბავშვი წაურთმევიათ. ეს საწყალი ლოგინად ჩავარდნილა, ფილტვების დაჩრდილვა დამართნია და სასწაულად გადარჩენილა. და გადარჩენილა იმიტომ, რომ იმ ხულიგან ენაკვიმატ იმერელ სტუდენტს მოუკითხავს,გაუგია, მისი ავად ყოფნა, უხმოდ წასულა და ორი დღის მერე პენიცილინი მოუტანია. მერე გავიგეთ, სოფელში გაქცეულაო, დაუყიდია ,იქ რაც კი უნახავს გასაყიდი, და უშოვია წამალიო.

ფეხზე რომ წამომდგარა კატერინა, იმ ენაკვიმატი იმერლის დედა მოსულა სტუმრად. შვილოო, ბღარი მიკვდებაო. აღაც ჭამა უნდაო, აღარც სწავლაო. შენი ჭირიმეო, ნუ ეტყვი უარსო, გამოყევი ჩემს ნაბოლარას ცოლადო.არასდროს არავინ გაგახსენებს იმას, რაც იყოო, არც გისაყვედურებს ვინმე რამესო( მე-20 საუკუნის  პირველი ნახევარია!).

ჰოდა გაჰყოლია. არც უნანია არასდროს. უნანია კი არა, საშაყიროდ გვყავდა შვილიშვილებს, რომეო და ჯულიეტას ვეძახდით.

სიამტკბილობაში ცხოვრობდნენ, თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს. მაგრამ დიდი მსხვერპლის ფასად მიიღო კატერინამ ეს იდილია. შვილი დაკარგა.

რაკი ერთხელვე წაართვეს, ჯერ ეუბნებოდნენ თურმე ბავშვს, მოკვდა დედაშენიო, მერე კი  მიგატოვაო, არ უყვარხარო.

ჩუმად მისულა კატუშა ქმარყოფილის სახლთან. ეზოში დაუნახავს თავისი 3 წლის გოგუცუნა. უცვნია იმას, ჩამოჰკიდებია ყელზე და აკივლებულა: დედიკო, სენ ალ მოკვდი, მტკვალში არ გადავალდიო? ეს მოთქვამდა თურმე და კოცნიდა შვილს. გამოცვენილან მულები, დედამთილი, გამოუგლეჯიათ გულწასული ბავშვი, ამასაც დაუკარგავს გონება.

ამის მერე ბავშვი სადღაც გადაუმალავთ. ქალაქიდან წაუყვანიათ. ქმარყოფილმა შემოუთვალა, თუ დაბრუნებას ეცდები, ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს, არც მე და არც შენო. ამ სულელმაც დაიჯერა. შეეშინდა.

ამასობაში კიდეც დაორსულებულა და ბავშვიც გაუჩენია, ისევ გოგო. ჰოდა ერთხელ გაუგია, რომ რამდენიმე დღით ჩამოუყვანიათ ქალაქში წართმეული ბავშვი, გაპარულა ჩუმად, ეგებ ვნახოო, თმით უთრევიათ და გამოუგდიათ. სახლში დაბრუნებულს აკვანი გადაბრუნებული დახვედრია. მათი ხუხულისთვის სატვირთო მანქანას დაურტყამს და კედელი გადანგრეულა. აგურებში მოყოლილი ბავშვი სასწაულით გადარჩა. ჰოდა, კატერინაც ფიცი დაუდია, ოღონდ ეს მყავდეს კარგად და აღარც გავიხედავ კაი ხანს იქითო. დრო გავა, გაიზრდება და მომძებნისო.

არ მოძებნა. სამაგიეროდ, როცა კატერინას გოგოები დაიზარდნენ, მათ მოძებნეს. გულში ჩაიკრეს და რა კარგია, რომ და გიპოვეთო. იმან კიდევ, მე დები მყავსო და არასდროს აღარ დამენახოთო.ეს იყო და ეს…

მერე ისე მოხდა, რომ კატერინას შვილი მოუკვდა, ხო, სწორედ ის შვილი, რომლის გამოც დაიფიცა, რომ ოღონდ ეს მყავდეს კარგად და იქით აღარც გავიხედავო.

დაკრძალვაზეც არ მოსულა ყველაზე შემომწყრალი ნახევარდა. მერე გათხოვილა და შვილი არ ეყოლა. უშვილებია ვიღაც და ისეთი გაზრდილა, სიცოცხლეს უმწარებს თურმე დღემდე.

როცა კატო ბებო ავად იყო და დღეებს ითვლიდა, წამოსცდა, ნეტავი როგორია, ცალი თვალით მაინც შემახედაო. ვაპირებდით მე და ჩემი და, მოვძებნოთ და მოვათრიოთო, მაგრამ მერე გადავიფიქრეთ. ვინ იცი, ეგებ კიდევ გულსაკლავი სიტყვები ეთქვა ისედაც სიცოცხლეგამწარებული სულთმობრძავისთვის. ამიტომაც გავჩერდით.

რამდენი ხანია, მინდოდა მომეყოლა კატერინას ამბავი, მაგრამ ვერ ვბედავდი. ალბათ იმიტომ, რომ ეს ტაბუდადებული თემა იყო ჩემი უფროსებისთვის ყოველთვის. ამაზე უბრალოდ არ საუბრობდნენ. აი ერთხელ მომიყვა ქეთო ბებიამ ეს ყველაფერი და მორჩა. მას მერე მხოლოდ საკუთარ თავთან თუ გავაანალიზებდი ამ ყველაფერს და ჩემს დასთან, თან ისე, რომ უფროსებს არ გაეგოთ.

ეს რამდენიმე დღეა ასე ფილმივით მიტრიალებს კატო ბებოს ამბავი. თვალწინ მიდგას კადრი: ჩვენ- პატარები, ბებო და კატერინა- ტელევიზორთან . ფილმს უყურებენ. «ანა კარენინაა», სცენა, ანა რომ შვილთან მიდის ჩუმად. ვხედავ, როგორც ღაპაღუპით მოსდის ცრემლები კატუშას, მე და ჩემი და ვიცინით, ვაშაყირებთ, ქეთო ბებო წარბს მაღლა სწევს, მუშტს გვიღერებს და ოთახიდან გვყრის…

მე  ორი ბებია მყავდა. ქეთო და კატერინა. ქეთო ბებიამ მე ადამიანობა გადამირჩინა, სიყვარულის უნარი შემინარჩუნა, კატერინამ კი თავისდაუნებურად საკუთარი ცხოვრებით მასწავლა, რომ არასდროს არ უნდა დანებდე, არასდროს არავის არ უნდა მისცე თავის დაჩაგვრის უფლება, არასდროს არ უნდა თქვა უარი იმაზე, რის გარეშეც არ შეგიძლია ცხოვრება

ალბათ ლოგიკურია, რომ ერთის სახელიც მქვია და მეორისაც ❤

პ.ს. ეგებ კიდეც არის ამ ჩანაწერის სიუჟეტი სერიალური, მაგრამ ძალიან არ მინდა  დატოვოს, რაღაც უცნაურ ისტორიებს რომ ყვებიან ხოლმე უბედურ ქალებზე, ისეთი შთაბეჭდილება. ეს ნამდვილად რეალური ისტორიაა ადამიანის, რომელიც მე ძალიან მიყვარდა და რომელიც შავ-თეთრი ფოტოს ერთ-ერთ ისტორიად იქცა.

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «კატერინა»

  1. შავ-თეთრი ფოტოების ისტორიები ❤ ბოლომდე მაინც არავინ იცის ხოლმე ყველაფერი. მძიმე ცხოვრება ქონია, მაგრამ "ხულიგანი ენაკვიმატი იმერელი სტუდენტი"-ს ისტორია ❤

  2. მე მგონი ყველაზე გემრიელი თემა გამოდგა და რაღაც სხვანაირი სიამოვნებით მეწერება ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s