ჩემი ზაფხული

კიდევ ერთი ზაფხული გავაცილე. კიდევ ერთხელ გავაყოლე სული და გული მზის 42სიმხურვალეს და ვატყობ, მისნაირად მეცვლება ფერი. აწიდააწი მეც გამოვანათებ ხანდახან, მეც ვიმხიარულებ, მაგრამ ისე, ნელ-თბილად, გრილად. მეც დავბერდები მასავით და დაველოდები ჩემს აღდგომას, რომელიც მისას ემთხვევა.

ვზივარ დამცხრალ სხივებს ჩაბღაუჭებული და ვაჯამებ ზაფხულს, რომელიც, აგერ უკვე რამდენი წელია, ტრადიციულად არაფრით ჰგავს სხვებისას.

ჩემი ზაფხული არ ბანაობდა ლურჯ სარკედ ქცეულ ზღვებში, არც მზიან სანაპიროებზე იწვა გასარუჯად( სიტყვამ მოიტანა და აღმოვაჩინე, თუ ვითარებამ აღმომაჩენინა, რომ დავემშვიდობე რუჯის სიყვარულს და ნაზაფხულევი თბილისის შემხედვარე დავრწმუნდი, რომ ურუჯობა და სითეთრე პრივილეგიაა და ორიგინალურობის იერი დაჰკრავს). ჩემი ზაფხული არ ყოფილა შატილსა და თუშეთში, არც ტყე-ტყე უვლია და ხის ძირას ჩამომჯდარს  უკითხავს საქვეყნოდ გასამზეურებლად წიგნები. არც ფეშენებელური კურორტების ფადიშაჰურ ტახტებზე წამოგორებულა, არც კლუბებში გამტყვრალა, არც ევროპა დაულაშქრავს და არც ბედკრული საქართველო. ჩემი ზაფხული თბილისში დუღდა და სავსე იყო გრძნობებით.

ისე დამადგა თავს, ვერც გავიგე. არ მქონია ტრადიციული მოლოდინი, რადგან თავზე მეყარა საქმეც და დარდიც. ჯერ კიდევ გაზაფხულიდან დაიწყო მარათონი საავადმყოფოსა და აფთიაქებს შორის, შუალედებში იყო ოჯახური საქმეები და აბიტურიენტები, ღამით კი შიში და მოლოდინი. ივლისის დასასწყისში, როცა აზრდაკარგული ვიდექი საავამყოფოს ეზოში და ველოდი საოპერაციოდან გამოტანილ პასუხს, ჩემი უკვე ნამოწაფარები, გამოცდაზე ისხდნენ, რეკავდნენ მშობლები, მე კი ნახევარი არ მესმოდა, რას მელაპარაკებოდნენ.

მერე დაიწყო კოშმარული დღეები-ერთკვირიანი ცხოვრება კლინიკაში, უძილო ღამეები, საკუთარი უსუსურობის შეგრძნება, თითქოს დადიხარ, საუბრობ, მაგრამ შიგნით ისეთი სიცარიელეა, არც გგონია, რომ ცოცხალი ხარ, არც გგონია, რომ გადარჩები. ამას მოჰყვა ორთვიანი რეაბილიტაცია. გაუთავებელი სირბილი საავადმყოფოში, გამოკვლევები, წამლები, მოთმენა ყველაფრის და გიჟობანას თამაში, რომ როგორმე გამელაითებინა ის დეპრესიული მდგომარეობა, ოპერაციას რომ მოჰყვა, მიუხედავად იმის, რომ მეც ზუსტად ამ მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ როცა შენთვის ყველაზე საყვარელ ადამიანს უჭირს, სადღა გახსოვს საკუთარი გასაჭირი…ასე ჩუმ ნერვიულობას კი თურმე საოცარი შედეგი ჰქონია. თურმე შეიძლება არაფერი გჭირდეს, გახვიდე სახლიდან, მერე უცებ შუა ქუჩაში გაბუჟდე მთლიანად, გაცივდე ფეხებიდან გულამდე და დამბლა დაგეცეს, ვეღარც გაიარო, ვეღარც ილაპარაკო. თანაც ეს ყველაფერი ისე, შემთხვევით ადგილას კი არ უნდა მოგივიდეს, მაინცდამაინც გალაკტიონის ძეგლთან. ყოველთვის მეცოდებოდა იქ მიგდებული გალაკტიონი, ჰოდა წამოვუწექი იქვე 🙂 . აი რომ გაივლით და მის გვერდით გაჩერებაზე სკამს დაინახავთ, იცოდეთ, ჩემი სახელობისაა. იქ დამაწვინეს შეშფოთებულმა გამვლელებმა და სასწრაფომაც იქიდან გამაქანა. აქ აღმოვაჩინე, რომ ყოფილა ასეთი ელიზაბეტ ბლექველის სახელობის საავადმყოფო. სწორედ იქ მიმიყვანეს. აქ მთელი კომედია დატრიალდა. მე ვწევარ, ლაპარაკის თავი არ მაქვს. მებდღვნენ და მიჯიჯგნენს ვენები.  კაი ხნის წამების მერე, როგორც იქნა, დამიყენეს ის პეპელაა თუ რაღაც ჯანდაბა და მოიტანეს და მოიტანეს პარკებით სითხეები. რას მისხამთ-მეთქი-ამოვიკვნესე და ფიზიოლოგიურსო. კი მარა რად მინდა, მოწამლული კი არ ვარ-მეთქი და არა, კაია ეს და საჭიროაო. კამათის თავი ვის ჰქონდა და გავჩუმდი. ვწევარ და ველაპარაკები ფიქრებში იქით მყოფებს. მესამე პარკზე რომ მიდგა საქმე, ეს ამდენი სითხე წნევას არ ამიწევს-მეთქი?-ამოვილუღლუღე და არაო, გამიღიმეს. გავჩუმდი. გარეთ ჩემი და და მეგობარი იცდიდნენ. გასულა ეს ჩემი გულმოდგინე მკურნალი და უხარებია, წნევა დავარეგულირეთ, 120-აო. ვაიმეო, უკივლია ჩემს მეგობარს, ეგ მაგისთვის კრიზია, 80-ს ატარებსო. მოვარდა დაფეთებული და გამორთო წვეთოვანი. გამეღიმა, გითხარი და არ დაიჯერე და დაწიე ახლა ეს წნევა-მეთქი. მოკლედ ვიწექი იქ შუაღამემდე, დამიბრუნდა გრძნობა ხელ-ფეხში, ავდექი და დავბრუნდი სახლში.

მერე ამას მოჰყვა, რომ არ ვიცი დაცემისგან, არ ვიცი, ნერვული სპაზმისგან, ყბა ატკაცუნდა, პირს ვეღარ ვაღებდი. ახლა კიდევ ახალი მარათონი დაიწყო ამჯერად ყბის ექიმებთან, ერთიდან მეორესთან, მეორედან მესამესთან, მესამედან მეოთხესთან, მეოთხედან მეხუთესთან, მეექვსესთან, მესვიდესთან, მერვესთან და ბოლოს ორთოდონტთან. ჩამიდგეს ამ სიბერეში აპარატი პირში და გამომიშვეს. ამოვდივარ კიბეებზე და ისევ დამატრიალა. ავცდი საფეხურს და გავიშოტე შუაგულ თაბუკაშვილზე მტვერსა და ხვინჭკებში, დავეთხლიშე, მერე დადებითი გამვლელების წყალობით ავდექი, დავიბერტყე ფერხთაგან მტვერი ამ ქალაქის, ჩავრთე მუსიკა და დალურჯებული წამოვედი. მიყვარს ლურჯი. მერე ერთი კვირის მერე აღმოჩნდა, რომ დაცემისას მყესი დამიზიანებია მარჯვენა ხელის. დავდივარ ხელგაკოჭილი და ისე დავოსტატდი ცალი ხელით საქმიანობაში, ბადალი არ მომეძებნება.

ვხალისობ უკვე ჩემს ამბებზე. რაც მთავარია, შვილი კარგადაა. გაუარა დეპრესიამ, წამლებიც დავაცოტავეთ. სექტემბერში კვლავ ვეწვევით კლინიკას და იმედი მაქვს, კაი ხნით დაგვითხოვენ.

ზაფხული კვლავ ძველებურად მიყვარს, მიუხედავად ამ ყველაფრის. ეს ალბათ ერთადერთი სიყვარულია შვილების და დაიკოს სიყვარულის შემდეგ, რომელიც მარადიულია და უკვდავი. კვლავ ძველებურად ვერთობი ყოფილების შემოტევებზე, ვერა და ვერ რომ დაიჯერეს, რომ კაი ხნის დაფრენილები არიან. ხო, აბა რა, რაკი წივილ-კივილები არ არის და საქმის რჩევა, რაკი ჩუმად ქრები, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ  სამ მხიარულ ასოზე გყავს გაშვებული. ან არ სჯერათ, რომ მდედრმა შეიძლება «დააპაშოლოს». გაქრობა და მოტყდომა ალბათ მამრების პრივილეგია ჰგონიათ :). თან ყველა ერთდოულად იწყებს გამოჩენა-შემოტევას. მეც თუ მესიჯების სახითაა, ერთ ტექსტს ვკრეფ და ვგზავნი ყველასთვის, თუ ზარია, ალილუიასავით გაზეპირებულ ტექტსტ ვამბობ აუღელვებლად, ღიმილ-სიცილით და ამ დროს კიდევ უფრო ვერ იჯერებენ გაგონილს 🙂 . ძალიან სასაცილო ხალხია, იმდენად, რომ ვერც გაბრაზდები მათზე.

აღარ ვირუჯები და არც გული მწყდება, როგორც უკვე გითხარით, კიდეც დავამუღამე ასე ყოფნა და სადღაც მომწონს კიდეც. ააა თუმცა ესეც ხომ გითხარით.

ხო, კიდევ არაფრით არ მესმის დეპრესიაზე მკვნესარ-მოწუწუნე ადამიანების. ბებიაჩემი ამბობდა ხოლმე, ადამიანს აღვირი უნდა გქონდეს, უნდა ამოსდო საკუთარ თავს და არ შეაწუხო  სხვებიო. მეც მიჭირავს ეს აღვირი და ისე მოდომებით მოვქაჩავ ხოლმე, თავი ცისკენ  და მზისკენ მიმაქვს.

ზაფხული მიიწურა. მეც ხელს არ ვუშვებ აღვირს. ხან ტკბილეულის დღეს ვიწყობ, ხანაც ბახუსის, ხან მუსიკის და დავარდნამდე ცეკვის და მოწოლილი მაჯლაჯუნა ისე დნება, როგორც თხილიანი შოკოლადი ცხელი ყავის ყლუპში, წვეთ-წვეთად მიჰყვება აწყვეტილი ცეკვისას ჩამოწურწურებული ოფლის კვალს და ფანჯრიდან გააქვს მუსიკას.

მიყვარს ზაფხული. მიყვარს საკუთარი თავი, მერე რა, თუ სათანადო ყურადღებას ვერ ვუთმობ და ვერ ვანებივრებ. მე მასში სწორედ ეს მომწონს და კიდევ უნარი- თვითონვე აჯობოს საკუთარ სისუსტეს, თვითონვე ამოქაჩოს თავი ნაწნავით ჭაობიდან და საკუთარ სიძლიერეში კიდევ ერთხელ დარწმუნებული ამაყად გაუყვეს გზას მორიგი სირთულეებისკენ.

ჩემი ზაფხულიც ისე მიიწურა, როგორც სხვების. ჩემი ზაფხული ვერ იყო იქნებ მრავალფეროვანი და მხიარული, მაგრამ ის არანაკლებ დასამახსოვრებელი იყო, ვიდრე მათი, ცხრა მთა რომ შემოიარეს. მეტსაც გეტყვით, ჩემი ზაფხული გაცილებით ემოციური და სასარგებლო იყო, რადგან მე ვარგე საყვარელ ადამიანს და საკუთარ თავსაც. მე ხომ მასში ისეთი რაღაც აღმოვაჩინე, რაც აქამდე არ ვიცოდი. მან მე კიდევ ერთხელ გამაოცა და მაგრძნობინა, რომ ძალიან, ძალიან აზრიანი ცხოვრება მაქვს და წინ კიდევ უამრავი აღმოჩენა მელის.

არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, როცა ხვდები, რომ ბოლომდე არ ამოგიწურავს თავი.

მოდგა სექტემბერი და მეც ტრადიციულად ვიწყებ დიად მოლოდინს. როგორმე? არა, მე აუცილებლად გადავურჩები ზამთარს და სიხარულით მოვაფხრეწ მაისს 31-ს…

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «ჩემი ზაფხული»

  1. მოვლენებით დატვირთული ზაფხული გქონია. ყველა ზაფხული ასეა, სულ რომ არაფერი ხდებოდეს, შეჯამებისას აღმოაჩენ რომ ძალიან დატვირთული ზაფხული იყო. ასეთი თუ ისეთი, ახდენილი მოლოდინებით თუ გაცრუებული იმედებით, კარგი თუ ცუდი, არ აქვს მნიშვნელობა ზაფხული ყოველთვის ყველაზე მეტადაა «შესაჯამებელი».

    არ მიყვარს 1 სექტემბერი, დღეს დამთავრდა ჩემი ორკვირიანი დასვენება ზაფხულთან ერთად, მეც უნდა შევაჯამო 🙂 ❤

  2. ხო, მასეა.არც მე მიყვარს 1 სექტემბერი, ბავშვობიდანვე, მაშინ უფრო სწავლის დაწყებასთან და სკოლასთან ასოცირდებოდა. 🙂 ახლაც ისევე არ მინდა ხოლმე მისი მისვლა. ზაფხული თავდება და რაღაც თავდება ჩემთვისაც

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s