შემოზღუდული არე

IMG_0246-1024x682«საყოველთაო ბარბაროსობის პირობებში ადამიანებს ზოგჯერ( იშვიათად) შეუძლიათ შექმნან სიყვარულით გამთბარი პატარა ნაკრძალი, შემოზღუდული არე.»

მიშელ უილბეკი

მეც მაქვს ასეთი არე, ეს ჩემი სახლია. ის ჩემთვის სიმშვიდის, შინაგანი კომფორტის და დაცულობის სინონიმია. აქ ჩემი შემოზღუდული არეა, სადაც ვერ აღწევს სიძულვილი, სისასტიკე, გაუთავებელი ქაოსი და წეწვა-გლეჯა. აქ ცხოვრობს სიმშვიდე, ერთმანეთზე ზრუნვა და სიყვარული. ამიტომაც მიყვარს სახლში ყოფნა. სადაც არ უნდა ვიყო, თავპირისმტვრევით მოვრბივარ ჩემს ძველ, კედლებდაბზარულ, შპალერახეულ თავშესაფარში, ჩემი ბაბუას ღონიერი ხელებით რომაა აშენებული და  კედლებში მისი და ბებიას სუნი და სული რომ ბინადრობს. «სახლში ვარ»-ეს ფრაზა ჩემთვის სწორედ სიმშვიდის და კომფორტის მაჩვენებლად იქცა. აი, მაგალითად, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ისეთია კარგი, რომ მოირგებ და გრძნობ, სახლში ხარ, ასეა ჩანთაც, ადამიანიც, ვის გვერდითაც იმყოფები.

ზუსტად იგივე განცდა მაქვს, როცა ჩემი ქალაქის ქუჩებში  დავდივარ. ხო, მიუხედავად ჩემი არატრადიციული პატრიოტიზმის და ნიჰილიზმის, მიუხედავად იმის, რომ კაი ხანია უსამშობლოო ადამიანად ვთვლი თავს და სამუდამო ემიგრანტად, მე თბილისი შეზრდილ-შეხორცებული მაქვს და მასში ისე ვარ, როგორც ჩემს ძველ სახლში. იქნებ, ვერაა ისეთი, როგორიც სხვა ქალაქები, მაგრამ ის ჩემია. მე ის მიყვარს.

რასაკვირველია, სიამოვნებით დავიბადებოდი სხვა უფრო ცივილურ ქვეეყანაში და ვიცხოვრებდი  სხვა ქალაქში, განსაკუთრებით ისეთში, სადაც ზამთარი არ  იქნებოდა, მაგრამ მოხდა ასე- აქ დავიბადე და ამოვიზარდე.

აქ ვიცი  ყოველი კუთხე-კუნჭული.  აქ  შემიძლია დაბნეულ ტაქსის მძღოლს იქით ვასწავლო, რომელ ქუჩაზე როგორ უნდა მივიდეს. აქ, სულ რომ ტრანსპორტიც არ იყოს, თვალდახუჭილმა შემიძლია მოვიარო ფეხით უბნიდან უბანი. სწორედ აქ მერევა ხანდახან ქუჩების ძველი და ახალი სახელები, ზუსტად ისე, როგორც ბებიას ერეოდა თავის ბავშვობისდროინდელ სახელებთან.

მე მიყვარს ეს ქალაქი თავისი უმოწყალოდ გაპარტახებულ-გაბახებული არქიტექტურით, ჭადრებით და ჩუპა-ჩუპსური ხეებით, ნაგვით, მტვრით, მახინჯი ტროტუარებით, ლამაზი კუწკუწა სახლებით, უშნო რკინა-ბეტონით, განავლადქცეული მტკვრით, კორპუსებში ამომხრჩვალი გალაკტიონის ძეგლით , აგონიაში მყოფი ჟანგბადით, თვალსა და ხელს შუა შემოცლილი სიმწვანით, ღიმილდაკარგული ადამიანებით…

მხოლოდ აქ შემიძლია საათობით ვიბორიალო ქუჩებში და არ მაწუხებდეს ხალხმრავლობა, რადგან ვერც კი ვხედავ მათ. დავდივარ ასე, ყურებში მუსიკით და ასე მგონია, გარშემო გარსი  მაქვს შემორტყმული, სხვისთვის უხილავი, მაგრამ ისეთი მაგარი, რომ არავის და არაფერს შეუძლია მისი გარღვევა.  ვარ ასე დაცული, შემოზღუდული გარშემომოსიარულეთაგან. რაც უფრო მეტი ირევა ირგვლივ, მით მეტად ვგრძნობ საკუთარ მარტოობას, მით მეტად ვგრძნობ ამ დაცულობას და ინტიმს ქალაქთან. ჩვენ მარტო ვართ-მე და თბილისი და ის თავისი მტვრიანი ქუჩებით ისე წნავს და გრეხს ფიქრებს, არც კი მეკითხება. მივყვები ქუჩებს და ფიქრის ძაფს და ვგრძნობ, როგორ ებმებიან აზრები აზრებს, ზუსტად ისე, როგორც ქუჩები უერთდებიან ერთმანეთს, გადამკვეთად, პარალელურად…

მე მიყვარს ეს ქალაქი, რადგან აქ მზიანი დღეები უფრო ხშირია, ვიდრე ნისლიანი. განსაკუთრებით მიყვარს ზაფხულის, უფრო ზუსტად, აგვისტოს თბილისი, სიცხისგან გათანგული, მზისგან გადათეთრებული, მოთენთილი, შვებულებაში გასული და გაზარმაცებული.

აქ ჩემი შემოზღუდული არეა. მე ამ ქალაქის ნაწილი ვარ და ვგრძნობ, რომ თვითონაც ასე თვლის. მე გავდივარ მასში და ის ხელგაშლილი მიშვებს, მხვევს მტვრიან ხელებს და უნანავებს ჩემი ფიქრების კორიანტელს.

აქ მე სახლში ვარ!

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «შემოზღუდული არე»

  1. მაკა:

    თუ ეს ქალაქი დიდი ხნით არ დაგიტოვებია, ისე ვერ მიხვდები რა ნიშნავს აქ დაბრუნება … იგრძნო, რომ სახლში ხარ!

  2. მე დიდი ხნით არ დამიტოვებია, მაგრამ მაინც სულ ვგრძნობ მაგას 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s