რომ არ დავბადებულიყავი

რომელიღაც წლის აგვისტოს 15-ში მოხდა სრულიად უმნიშვნელო ამბავი-დავიბადე. august08არაფერი შემატებია ამით კაცობრიობას და რომც არ დავბადებულიყავი, დიდად არც არაფერი მოაკლდებოდა. მეც  ბევრჯერ მიფიქრია, რომ იქნებ სჯობდა, სულაც არ მოვსულიყავი ამ ქაოსით სავსე სამყაროში.

ტრადიციულად ყოველ წელს, აგვისტოს მოახლოება განუწყვეტლად მაფიქრებს ამაზე და დაუსრულებლად მატრიალებს დაბადებასა და არდაბადებას შორის არჩევანში. ახლაც ასეა.

რომ არ დავბადებულიყავი…

რომ არ დავბადებულიყავი, ვერ გავიცნობდი დედაჩემს, ყველაზე კეთილ, ჭკვიან ადამიანს გასაოცარი გონებით და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულს, ყველაზე ლამაზ, მხიარულ, ენამახვილ ქალს, ვინც კი შემხვედრია ცხოვრებაში. ვერ ჩავხედავდი გაზაფხულის სიმწვანით და სითბოთი სავსე საოცარ თვალებში, ვერ შევიგრძნობდი მისი ლამაზი თითების სითბოს, ვერ ვიოცნებებდი, დავმსგავსებოდი მას. ვერ გავიგებდი როგორია, როცა ბავშვობაშივე ამთავრებ  ბავშვობას, რაკი შენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი ნელ-ნელა, წლობით, საათობით, წუთობით გეცლება ხელიდან, იმის მიუხედავად, რომ განწირული ებღაუჭები და არ ცდილობ  გაშვებას…

რომ არ დავბადებულიყავი, ობლობის და დედინაცვლის ამბები მხოლოდ ზღაპრებში მექნებოდა ნანახ-გაგონილი. ვერც იმას გავიგებდი, როგორია, როცა თვითონ ბავშვს, გიწევს შენზე უმცროსის დაცვა-პატრონობა.

რომ არ დავბადებულიყავი, ვერ გავიცნობდი ჩემს ულამაზეს და უკეთილშობილეს ბებიას და «ხულიგან» ბაბუას, ვერ მოვისმენდი მათ უცნაურ ზღაპრებს, ვერ დავინახავდი სიყვარულით სავსე ცრემლიან თვალებს, ვერ გავიგონებდი მათ ბუტბუტს ღამღამობით, ღმერთს რომ ეხვეწებოდნენ ობლების კარგად ყოფნას.

რომ არ დავბადებულიყავი, ვერ გავიგებდი, რა ბედნიერებაა, როცა გვერდით გყავს შენი თანამოსისხლე, ქრომოსომების თანამოზიარე დაიკო, ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი, ცხოვრების ერთგული თანამგზავრი, დიდი იმედი და სიყვარული.

რომ არ დავბადებულიყავი, ვერ შევიგრძნობდი მეგობრობას, მისით ტკბობას,მის ფასს.

რომ არ დავბადებულიყავი, ვერ დავინახავდი ყურებამდე შეყვარებულ თვალებს, ვერ შევიგძნობდი  პირველ კოცნას და მის ეიფორიას. ვერ გამოვცდიდი სიყვარულით ტკბობის ნეტარებას, ბანალურად სექსს რომ ეძახიან.

რომ არ დავბადებულიყავი, არ მეცოდინებოდა, როგორია მრავალსაათიანი ტანჯვა-წამების მერე არაადამიანური ტკივილის ხარჯზე საკუთარი საშოდან მოვლენილი სასწაულის დანახვა, თანაც ორჯერ. არ მეცოდინებოდა, რამხელა დარდი და სიხარულია ერთად შვილების ყოლა, არ მეცოდინებოდა, როგორია ღამეების თენება,ზრუნვა, დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო, ბანალურად ბალიშში თავჩარგული ტირილიანი ღამეები, საკუთარი უსუსურობის შეგრძნების შემოტევის ჟამს, მაგრამ დილით ისევ მხნედ და ვითომ აქ არაფერი წამოხტომა და ბრძოლის გაგრძელება. ვერ შევიგრძნობდი უსაზღვრო სიამაყეს კაცებად ქცეული, თან კარგ კაცებად ქცეული, პირმშოების შეხედვისას. ვერ ვიგრძნობდი უსაზღვრო სიყვარულს და ზრუნვას მათგან.

რომ არ დავბადებულიყავი, არ მეცოდნებოდა, რომ სიამაყე და თავმოყვარეობა ვინმესთვის ცხვირის აბზუება და გაბღენძვა კი არაა, არამედ საკუთარ სისუსტეზე გადაბიჯებაა, მისი  ისე ოსტატურად მიჩქმალვა, რომ შენ გარდა ვერავინ შენიშნოს.

არ მეცოდინებოდა, რომ ცხოვრების აზრი საკუთარი თავის ძიება-გაცნობაშია, მუდმივ ბრძოლაში და საყვარელი ადამიანებისთვის სარგებლობის მოტანაში.

რომ არ დავბადებულიყავი ,ვერ შევიგრძნობდი დაკარგვის ტკივილს, იმედგაცრუებას, ოცნებების კლება-გაქრობას და მათ სურვილებამდე დაწვრილმანებას.

რომ არ დავბადებულიყავი, ვერ ვიგრძნობდი ვანილის ნაყინის გემოს, მწიფე, ყვითელი ატმის ჩაკბეჩას და მისი ღვთაებრივი წვენის ჩამოწუწვას. არ მეცოდინებოდა შოკოლადის  გემო და არომატი.

რომ არ დავბადებულიყავი ,ვერ დავჯდებოდი დილაობით მზით განათებული ფანჯარასთან, ვერ დავიდგამდი წინ აქაფქაფებულ ყავიან ფინჯანს და ვერ გავაბოლებდი  დღის პირველ სიგარეტს,  ვერ გავყვებოდი ნიკოტინის და კოფეინის  სუნდაკრულ ფიქრებს და ვერ ვიბორიალებდი აღმა-დაღმა მათში.

რომ არ დაბადებულიყავი, ვერ გავცურავდი მზის ზოლზე, ვერ ვიჯდებოდი აქაფებულ ზღვასთან, ვერ გავწვებოდი მზის გულზე და ვერ შევისრუტავდი მის სხივებს ჩემი კანის ყველა უჯრედით. არ მეცოდინებოდა ამ სასწაულის  ბედნიერება.

რომ არ დავბადებულიყავი, ვერ გამოვცდიდი, როგორია ზაფხულის სიყვარული და მისი მოლოდინი ზაფხულიდან ზაფხულამდე.

რომ არ დავბადებულიყავი, არ მეცოდინებოდა ფულის ხარჯვის სიამოვნება და მისი ეკონომიის სიმწარე.

რომ არ დავბადებულიყავი, ვერ აღმოვაჩენდი, რომ მიუხედევად ჩემი არშემდგარ ქვეყანაში ცხოვრების , მიუხედავად აუარებელი წარუმატებლობის და მარცხის, მაინც შემდგარი ადამიანი ვარ, რაკი მოვახრხე ის, რაც მოვახერხე და, რაც მთავარია, დავიმეგობრე საკუთარი თავი.

რომ არ დავბადებულიყავი, ვერ გადავიქცეოდი მეოცნებე რომენტიკოსიდან პესიმისტ რეალისტად.

რომ არ დავბადებულიყავი, ვერ ვისწავლიდი სიკვდილზე ფიქრის  შეგუებას, ვერ მივიდოდი აზრამდე, რომ სიკვდილ-სიცოცხლე ერთი მთლიანობაა და კანონზომიერი წრე.

არ მეცოდინებოდა მუსიკის ძალა. არ დამათენდებოდა წიგნის კითხვაში, ვერ დავტკბებოდი ჭრიჭინების  ხმით.

რომ არ დავბადებულიყავი, რამდენი რამე დამრჩებოდა უნახავ-გამოუცდელი!!!

კარგია, რომ დავიბადე…

პ.ს. აგვისტოელი კატერინა გიტოვებთ თავის საყვარელ აგვისტოს და აგრძელებს ფიქრს, 15-მდე ჯერ კიდევ დროა 🙂 ❤

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები, ცოტა რამ ჩემზე с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

10 комментариев на «რომ არ დავბადებულიყავი»

  1. რომ არ დაბადებულიყავი , არ მეცოდინებოდა , რომ დედამიწაზე შეიძლება არსებობდეს ისეთი გოგო , როგორიც შენ ხარ და სულაც არ იქნებოდა კარგი ამბავი )) რომ არ დაბადებულიყავი , არ მეყოლებოდა ადამიანი , რომელსაც მილიონჯერ უნდა ვუთხრა მადლობა იმის გამო , რაც ვარ თუ ვინც ვარ . რომ არ დაბადებულიყავი , მე ვიქნებოდი გოგო , რომელმაც აუხდინა ოცნებები ბებიას და იქნებოდა არშემდგარი მათემატიკოსი , როცა ასე ძალიან მიყვარს ლიტერატურა და რომ არ დაბადებულიყავი , საერთოდაც არ მეყვარებოდა ლიტერატურა და არ მექნებოდა წიგნი , რომელიც მაჩუქე შენ და მითხარი , რომ თუ მიყვარდი , უნდა მეკითხა ბევრი, ძალიან ბევრი )) ხოდა მე შენ მიყვარხარ ! ხოდა კარგია რომ დაიბადე კატერინა ❤ ძალიან კარგი !!! ❤ მიხარია მე ეგ ამბავი !!!!

  2. და რომ არ დავბადებულიყავი არ მეყოლებოდა ერთი წუწუნა გოგო, რომელიც ღიღილოსავით ამოიზარდა ჩემ გვერდით :* ჩემი გულის გოგო ხარ შენ… გული გამითბე ამ კომენტარით, მარტო ამისტვისაც კი ღირდა ჩემი დაბადება. მიყვარხარ მე შენ ❤

  3. მართლა ღიღილოსავით გავიზარდე შენ გვერდით : )) მასწავლიდი , მაჭმევდი , მივლიდი , ჭკუას მარიგებდი და ყველაზე მთავარი , ჩემი ოცნებების ახდენის გზებს მაჩვენებდი ხოლმე ❤ მიყვარხარ მე შენ !! მიყვარხარ , მიყვარხარ და მადლობელი ვარ , რომ დაიბადე კატერინა ❤

  4. მაკა:

    „… დავიბადე. არაფერი შემატებია ამით კაცობრიობას და რომც არ დავბადებულიყავი, დიდად არც არაფერი მოაკლდებოდა. მეც ბევრჯერ მიფიქრია, რომ იქნებ სჯობდა, სულაც არ მოვსულიყავი ამ ქაოსით სავსე სამყაროში…„
    მეც ხშირად ვფიქრობ იგივეს, რა მინდოდა ამ გაუგებრობაში, მაგრამ ალბათ იმიტომ დავიბადე, რომ დედასთვის მიმენიჭებინდა შვილის დაბადებით გამოწვეული სიხარული და მალევე მევე გამომეცადა მისი წასვლით გამოწვეული ტკივილი …
    მერე მიდის და მიედინა ეს ცხოვრება …. ვიღაცისთვის ძვირფასი ვიყავი, მერე აღარ, მერე ასე, მერე ………… რომ არ დავბადებულიყავი აბა როგორ იქნებოდა? :* მოკლედ რა, ისე … მულტფილმისა არ იყო „… ყოფნა წრუწუნ, ყოფნა…„
    ვაღმერთებ ადამიანებს, ვისთვისაც „…ჯერ იყო სიტყვა …„
    გილოცავ ქეთი … ❤

  5. ხო, სიტყვას საოცარი ძალა აქვს. მადლობა, მაკა ❤

  6. შენჰ ალბათ ერთადერთი ხარ, ვინც ასე მადლობელია მაგის 🙂 მე მიხარია, რომ კვალი დავტოვე შენს ცხოვრებაში ❤

  7. ❤ გააჩნია სამყაროს როგორ განმარტებას მისცემ. შენს სამყაროს კი რომ არ დაბადებულიყავი იმდენი რამ სააკლდებოდა … მაგ. ის რომ საერთოდ არ იარსებებდა. ძალიან მაგარია რომ დაიბადე, თან აგვისტოში ❤ თან ბლოგი გაქვს და თან გაგიცანი ^_^

  8. ჩემი სათქმელიც ეგ არის, დაო 🙂 მიხარია ❤

  9. jana:

    მართლაც, სიტყვას საოცარი ძალა აქვს, ქეთუ! კარგია, რომ შენ დაიმეგობრე საკუთარი თავი, ეს არის მთავარი, საკუთარი სული რომ შეინარჩუნე… მადლობა უფალს ყველაფრისათვის, სიხარულისა თუ ტკივილისთვის, რადგან ეს ყველაფერი გვეხმარება საკუთარი სულის, სამყაროსა და უფლის შეცნობაში…

  10. კი, მასეა ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s