როხასის სამყაროში ანუ დაბრუნება

«_ იცი, სად ხარ?
_ კი!
_ მოგწონს?
_ აჰ, არა!
_ გიშველო?
_ დიახ!
_ ჰა, გამომართვი

ტანში, დაზრინა. აქ, ამ უწმინდურ შენობაში, ბინძურ უკუნში, მუხლამდე ზიზღში იდგა და იდგა, ხელთ კი ფლეიტა დაეჭირნა, ისეთი სუფთა, გრილი, შიშველი… «

J13CAVICYag

თუ ეპიგრაფმა გაფიქრებინათ, რომ ლიტერატურულ პოსტს კითხულობთ, ცდებით. თუმცა ვერც იმას გეტყვით, რომ ის, რაზეც ვაპირებ საუბარს, შორსაა ამ ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი მოთხრობისა და მისი დიდი მაესტროს ჩანაფიქრისგან… მე დღეს ვწერ მუსიკაზე. იმ მუსიკაზე, რომელიც ყელამდე სიბინძურეში, «მუხლამდე ზიზღში» მდგომს მაგრად გავლებს კლანჭებად თავის მსუბუქ, ჰაეროვან თითებს და აჰყავხარ მაღლა, მაღლა, შორს ამ მყაყე გარემოდან,თავისი «ვერცხლის თხიერი სულით» წმენდს სიმყრალესა და უწმინდურობას  და უცხო ნაყოფად ამოჰყავს «ლაღი, ფარფატა ბედნიერება»… ასეთი რამ მხოლოდ კლასიკურ მუსიკას შეუძლია.

გამიმართლა და იანვრის ცივ ღამეს საკონცერტო დარბაზში ამოვყავი თავი ანიტა რაჭველიშვილისა და ეროვნული სიფრონიური ორკესტრის კონცერტზე. ჰოდა, იმ ღამიდან ვფიქრობ, სადან დავიწყო და როგორ მოვერიო ემოციებს, გადმოვცე ის განცდები, რომლებიც არა მარტო გამომყვნენ, კიდეც ბოლთა  მაცემინეს გვიანობამდე, არ დამაძინეს, მაწვალეს მთელი დღე და აგერ ახლა ცდილობენ კლავიატურის რაკარუკში თქვენამდე მოსვლას.

შტრაუსის უვერტიურამ ისე გამაქანა აქაურობიდან, ვერანაირი ლაინერი და ტურსააგენტო რომ ვერ მოახერხებდა, გადამისროლა შორს, შორს ამ ბედკრული ქვეყნიდან ევროპაში და დამავიწყა, რომ დარბაზის გარეთ ნაგვით სავსე ნაცრისფერი და უღიმილო სამყარო მელოდა. გამახსენა თაროზე შემოწყობილი, მტვერწაყრილი კოლექცია ფირფიტების, რომლებშიც დაუნანებლად ვხარჯავდი ჯიბეგაფხეკილი სტუდენტის საცოდავ დანაზოგს და რომელთა მოსმენაც არასდროს მწყინდებოდა… გამახსენა და შემრცხვა, რომ ყოფის აუტანელმა სიმძიმემ ჩამომაშორა ჩემთვის ამ მნიშვნელოვან სამყაროს, თან ისე, რომ ლამის დამავიწყდა კიდეც, როგორ მიყვარდა და მაგრძნობინა, როგორ მაკლდა თურმე…

ორკესტრის ღირსებასა და მაესტრო ნიკოლოზის ნიჭიერებასა და პროფესიონალიზმზე იმდენჯერ მილაპარაკია, ახლა აღარაფერს ვიტყვი, რომ მიკერძოებულობაში არ ჩამომართვან. თქვენს ყურადღებას მხოლოდ სოლიტზე შევაჩერებ.

მართალი გითხრათ, ცოტა სკეპტიკურად ველოდი მის გამოჩენას და, სულო ცოდვილო, ისიც კი გავიფიქრე, ორ საათს რა გაუძლებს საოპერო ხმას-მეთქი, მაგრამ თურმე სად ხარ!!! რა ოპერა, რის კლასიკა, რა სტერეოტიპი, რა ტრადიცია, ამ გოგომ სრულიად თავდაყირა დააყენა ყველა და ყველაფერი, რაც კი მცოდნია, მომისმენია ან მინახავს საოპერო მუსიკის სფეროში. ხომ ფაქტია, რომ მსგავსი მომღერლები საკმაოდ სასაცილოები არიან, განსაკუთრებით სიმღერის პროცესში, დაყენებული მანერებით და უცნაური ჟესტებითა და მიმიკებით, სტატიკურობითა და მოსაწყენობით. აქ კი სულ სხვა ამბავი დატრიალდა. ზოგიერთ ნომერში ეს , რასაკვირველია, ნოვატორული მიდგომისა და ნიკას მხრიდან არაორდინალური შესრულების ბრალიც იყო, მაგრამ მაინც დამნაშავე ამ ყველაფერში თვითონ ანიტაა. არც მზეთუნახავია, არც წონის ნაკლებობას უჩივის, მაგრამ როგორც კი სიმღერას იწყებს, გხიბლავს და გაჯადოებს. გრძნობ, როგორ აღარ არის აქ, როგორ არის იქ, სადაც უნდა იყოს, ხედავ, როგორი მართალი და ზუსტია ყველა მოძრაობა, ემოცია, მერე რა, თუ უცნაურია და არ ემთხვევა ოპერის სტანდარტს. ზუსტადაც ამითაა  ყველაზე კარგი, რაც კი მომისმენია და მინახავს. ვნება, ტემპერამენტი, სიმართლე, ნიჭი, ხმა, რა ვიცი, ამდენი რამე ერთად პირველად ვნახე და ამიტომაც, როცა ის მღერის, ულამაზესადაც კი გეჩვენება და დარწმუნებული ვარ, დარბაზში მსხდომ მამაკაცთაგან ყველას უნდოდა ის, ასეთი გიჟი და გადარეული, ასე ვნებით მოტრიალე სცენაზე, ასე უშუალოდ მომღიმარი და ცეცხლივით მხურვალე. მე არ ვიცი საოპერო მომღერალი, რომლის სიმღერისასაც ხედავდე, რომ ნირვანაშია, რომ ეძლევა ექსტაზს და სიამოვნების პიკშია, რომ მისი სიმღერა ძალიან ჰგავს კარგ, დამანგრეველ, ხანგრძლივ ორგაზმს. ჰო, ჰო, სხვა უკეთესი შეფასება ძნელად მოვძებნე. ეს არაა უბრალოდ სიმღერა და შენც არ ხარ უბრალოდ მსმენელი, შენ ტკბები მისი სიამოვნებით და გრძნობ, ეს სიამოვნება როგორ გადმოდის შენზე და უცნაურად აჟიტირებულს გხდის. არგენტინული ტანგო, ჯადოქარი პიაცოლას ჰანგები და უცნაური ნაზავი რეჩიტატივის( მომენტებში კიდეც წაირეპებდა) და უნაკლო მეცოსოპრანოსი და საკონტროლი გასროლა- მინიმალისტური ტანგო- მე მსგავსი არაფერი მინახავს. ვუსმენდი, ვუყურებდი და ვგრძნობდი, როგორ იღვიძებდა ეროვნული ნიჰილიზმით შეპყრობილ უსამშობლოო კატერინაში სადღაც შორეულ წარსულში  მიკარგული ეროვნული სიამაყე და მიხაროდა, რომ მე და ეს გადარეული ქალი ორივე ერთი ბედკრული ქვეყნის შვილები ვიყავით. და ეს არ იყო ცუდი და უმნიშვნელო…

მე არ ვარ პროფესიონალი მუსიკის ამბავში და ამიტომ ტერმინებით და დაწვრილებით ვერ აღვწერ ანიტა რაჭველიშვილის ნიჭიერებას, ამას სხვები იტყვიან და ამბობენ კიდეც, გადარეულია მთელი მსოფლიო. მე, როგორც ერთი მუსიკის მოყვარული, ნამდვილად ვიტყვი, რომ ეს გოგო ისეთივე გადარეულია, როგორიც როკის, ჯაზის, ინდის და ყველა მიმდინარეობის გიგანტები, რადგან ასეთი ტკბობა შესრულებით და ნირვანაში ყოფნა მღერისას მხოლოდ მათგან მიგრძვნია. სწორედ ამაშია მისი გამორჩეულობა და ერთადერთობა. ის არღვევს სტერეოტიპებს. მას არ ეშინია სიახლეების.

იანვრის ერთ ცივ ღამით მე მუსიკის საოცარ სამყაროში გახლდით, წინ დიდი მაესტრო როხასი- ჩემი უსაყვარლესი მოთხრობის ავტორი მეჯდა… ლოგიკური იყო ალბათ…ეს აღარ იყო საკონცერტო დარბაზი, ეს იყო მუსიკის  «სათნო კუნძული,  ლურჯ, მიმოფანტულ კუნძულთა შორის უსათნოესი» და მე თავად წავაგავდი  » ჯადოქრულად მასუნთქებელ, გირჩებოვან მცენარეს, ერთი პატარა,
გრძნეული ტოტით, რომლიდანაც რომ უცხო ნაყოფად ამოდიოდა თვით ის: უფსკერო,
განუზომელი, თვით ის – მაღალი, უხვი, მდიდარი, თვით ის – უზმომოდ მწყალობელი,
_ ლაღი, ფარფატა ბედნიერება, სიბედნიერე თვალთუხილველი, ყოვლისმომცველი
ჩვენი მეუფის, თავად ჰაერის, ჰაერის მეფე უზენაესი, დიდაღზევების მასუნთქებელი თვით იის – მუსიკა!»

ამ ღამემ ყოფაში დაკარგულ კატერინაში გააღვიძა ამაღლებულობის განცდა და ძვლების ჭახჭახით დაააბრუნა მუსიკის სამყაროში…

Запись опубликована в рубрике თეატრი, კინო, მუსიკა с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «როხასის სამყაროში ანუ დაბრუნება»

  1. მაკა:

    მე არ მომისმენია ანიტა… მაგრამ ივნისში, ლა სკალას სცენაზე ვნახავ კიდევ ერთ ქართველ მომღერალთან, ნინო მაჩაიძესთან ერთად… „კარმენში„
    ბილეთი უკვე შეკვეთილი მაქვს 🙂

  2. რა მაგარია. უკვე ვიცი, სასწაული კარმენი იქნება. იმღერა იმ დღეს ორი არია და გამაყეყეჩა

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s