«ქალი ძაღლით» და ღიმილშერჩენილი კატერინა

ამ ბოლო დროს სულ მივაგდე ეს ჩემი კატერინა. სულ უფრო და უფრო იშვიათად 3ვძვრები მის ტყავში და ეს ჩემი ობლად დარჩენილი Alter ego მოწყენილად ადევნებს შორიდან თვალს რუტინაში ჩაძირულ მეს.

გასაკვირი არცაა. ჯერ ერთი ისეთ წერა-კითხვაში ვარ მთელი დღე, ღამით წერის კი არა ფილმის ყურების თავიც აღარ მაქვს( ერთი თვეა ერთ ფილმს ვაწვალებ და ჯერ ვერ გავედი ბოლოში), მეორეც, დიდად დასაწერ-აღსანიშნავი არაფერი ხდება. სიმართლე ვთქვა, მეორე უფროა, თორემ ჩემი ამბავი რომ ვიცი, კი გამოვნახავდი მაგის დროსაც და შესაძლებლობასაც. ასეა, კარგი არაფერია განსაკუთრებული, ცუდს კი კაი ხანია არ ვიმჩნევ, არ ვამჩნევ და არ ვხედავ. რომ ვიხსენებ, რამდენი დრო და ნერვული უჯრედი შემიწირია ათასი სისულელისთვის, მეცინება ახლა. ჰოდა, არავითარი ნეგატივი! ვებღაუჭები დროისა და ცხოვრებისთვის კბილებით გამოგლეჯილ შინაგან სიმშვიდეს და ვცდილობ არაფერს და არავის დავარღვევინო, საკუთარ თავსაც კი.

ახლაც პოზიტიურ ტალღას მოვმართავ, მით უმეტეს, რომ პოსტი წესით თეატრალურ შთაბეჭდილებებზე უნდა იყოს. ჯერ ასე მგონია და ბოლოში გასვლამდე რა იქნება, მაგისი რა გითხრათ.

მოკლედ, დღეს დამირეკა მეგობარმა და აბა ჰეო, ამდენი ხანი რომ წუწუნებ, ნახვა მინდა, ნახვა მინდაო, არის დღეს «ქალი ძაღლით» და გპატიჟებო. დავფაცურდი, რასაკვირველია. დავიფრინე ყველა მოსწავლე. ტურბოს რეჟიმით მოვითავე ყველა საშინაო საქმე თავისი სადილ-სარეცხ-ლაგებით, მერე შევიფუთნე საგულდაგულოდ და გავეშურე ჯომოლუნგმიდან( ვინც არ იცის, ასე ვეძახი ლოტკინს).

გარეთ გვარიანი ყინვა დამხვდა. მე, თავზე კაპიუშონით და თვალებამდე ახვეული დიდი კაშნეთი, არაფრით ვგავდი თეატრში მიმავალს, უფრო ერთი ზღაპრის გმირს  ვემგვანებოდი, ჩემი აზრით, აი, ბოროტმა დედინაცვალმა ზამთარში და წკვარამში ტყეში რომ გააგდო და მერე იქ 12 თვე რომ ნახა კოცონთან. ნახევარი საათი რომ გავიდა ტრანსპორტის მოლოდინში და  ყინვამ კაშნეშიც გაატანა, მოვხსენი გუდას პირი, ვაგინე აქაურობას, აქ ამოსახლებულებს და დასახლებულებს, ჩემს თავს, რომ ვერასდროს ვერ გავაღწიე აქედან და კიდევ ბევრს და ბევრს. ბოლოს და ბოლოს მეღირსა და მივაღწიე დანიშნულების ადგილს.

სპექტაკლი ახალ სცენაზე გადაუტანიათ, იმ პაწუკა, საყვარელ სარდაფში. პირველად ვიყავი აქ და ძალიან მომეწონა. და საერთოდ, ვაღიარებ მცირე სცენების უპირატესობას. მათ საოცარი ხიბლი აქვთ, რაც ინტიმის და გულწრფელობის ნაზავია. თუმცა ეს ცოტა სარისკოცაა ჩვენთან, რაკი ასეთ სცენაზე ძალიან ყვირის და თვალშისაცემია ზედმეტი პათეტიკურობა, რითაც ასე უმოწყალოდაა დაავადებული თითქმი ყველა ქართველი მსახიობი.

დაიწყო თუ არა, გაქრა დაღლილობა და უხასიათობა, კარს იქით დარჩენილი პრობლემები და საოცარ სამყაროში აღმოვჩნდი. არაჩვეულებრივი მუსიკა და ულამაზესი, უსაყვარლესი, გასაყეყეჩებელი პატარა არსებები. ჰო, ჰო, აბა მათ მე თოჯინებს ვერ დავუძახებ. ვერაფრით დავიჯერებ, რომ ისინი უსულო სათამაშოები არიან. ჭოლა ისედაც მიყვარდა ყოველთვის და ამ მიგნებისთვის ასმაგად შემიყვარდა. როგორ მოძრაობდნენ, როგორ განიცდიდნენ… აი, ახლა ვწერ და თვალზე ცრემლი მადგება.როგორი ლამაზი და ამაღელვებელია საწოლის სცენა, ასეთი ემოციური ვერაფრით იქნებოდა, მათ ნაცვლად ადამიანები რომ ყოფილიყვნენ. ვუყურებდი და ვჭყლოპინებდი პატარა ბავშვივით: «რა საყვარლები არიან», «რა სილამაზეა». უცნაურია, არადა, ხომ ხედავ, როგორ ატარებენ და ამოძრავებენ ადამიანები, მაგრამ თითქოს ისინი არც ჩანან და შენ თვალწინ ცოცხალი არსებები დგანან მხოლოდ. ვის ახსოვდა მსახიობები 🙂 ან ვის სჭირდებოდნენ საერთოდ 🙂 . თუმცა, რაკი სპექტაკლზე ვწერ, ვიტყვი მაგათზეც. დიდად ვერ მომხიბლეს. მერაბ თავაძეს არა უშავდა, თუ არ ჩავთვლით მომენტებში გადამეტებულ პათეტიკურობას, აი,  ამ ნანკა კალატოზიშვილის მიმიკებმა და ჩლიფინმა კი მაგრად დამღალა.  მოკლედ, მსახიობებმა დიდად ვერ აღმაფრთოვანეს, მაგრამ ამას სულაც არ შეუშლია ხელი აღვფრთოვანებულიყავი სპექტაკლით. მე რომ მკითხო, აქ მსახიობები მეორეხარისხოვნები არიან, მთავარი გმირები კი- ეს საოცარი პატარა არსებები. ღიმილი არ მომშორებია სახიდან და ასე ღიმილ-ღიმილში ისე მალე შემომათავდა სპექტაკლი, გული დამწყდა… არ მეყო, კიდევ მინდოდა.

გამოვედი და გარეთ დეკემბრის ნაცრისფერი სუსხით გაკრიჭინებულ ქუჩას დავუყევი. მივდიოდი და მთელი გზა ვღიღინებდი თეატრიდან გამოყოლილ მელოდიას. ვერც ყინვას ვგრძნობდი და ვერც გზის სიგრძე-სიგანეს. ახლაც მეღიმება.მერე რა, რომ ხერხემალმა შემომიტია. ჩეხოვის ლოგიკით ეს უნდა მიხაროდეს, რადგან შეიძლებოდა ასე პერიოდულად კი არ მტკიებოდა, არამედ მუდმივად და სულაც ინვალიდად ვექციე. გადასარევი ლოგიკაა 🙂 . ჰოდა ასე ღიმილ-ღიმლიში და ჩეხოვურ შეგონებებში, დავირჭე ერთი კაი გვარიანი ნემსი და შევუდექი წერას. ალბათ არ გამოვიდა ის, რაც წერის დაწყებისას მინდოდა, მაგრამ, იმედია მიეჩვიეთ, ყოველთვის ასე არაა? ვიწყებ ერთს და გამოდის მეორე. ახლაც მეგონა თეატრალურ შთაბეჭდილებებზე დავწერდი, მაგრამ მგონი უფრო ჩემი იმპრესიები გამოვიდა. თუმცა, რა ვიცი, იქნებ ასეც სჯობდეს. მისხალ-მისხალ სპექტაკლის შეფასება უფრო კრიტიკოსების საქმეა. მე კი ერთი თეატრისმოყვარული ობივატელი ვარ, რომელიც დღეს დაიმარტოხელა თავისმა  Alter ego კატერინამ და მოაჩიქჩიქა კლავიატურასთან .

აი, ახლაც ვისმენ მუსიკას და ვუყურებ ვიდეოს, ღიმილით ვაცილებ ღამეს, ვეგებები შუაღამეს, გემშვიდობებით თქვენ და გისურვებთ ლამაზ, ღიმილიან ახალ დღეს. გკოცნით თქვენი კატერინა.

Запись опубликована в рубрике თეატრი, კინო, მუსიკა с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на ««ქალი ძაღლით» და ღიმილშერჩენილი კატერინა»

  1. tami:

    მომინდა ამ სპექტაკლის ნახვა.იმის მიუხედავად რომ მსახიობებმა ვერ მოგხიბლეს 😊

  2. ნახე აუცილოებლად, ულამაზესი სპექტაკლია

  3. სპექტაკლი მართლაც ლამაზია, მაგრამ … კალატოზიშვილი ხმას რომ არ იღებდეს, გაცილებით უკეთესი იქნებოდა 🙂 აბსოლუტურად გეთანხმებით. თუმცა, ეს წულაძის ძლიერ სპექტაკლებში მაინც ვერ ჩავწერე 😦 მადლობა!

  4. კი, მასეა, მაგრამ არაჩვეულებრივ ხასიათზე კი აყენებს ადამიანს. პრინციპში ჭოლას ხელწერაც ეგაა, სიკეთე და გამოყოლილი პოზიტივი, რომელიც რამდენიმე დღეს გყოფნის.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s