არა ქალ ჰკლა ანუ მე ვარ ქალი

მე ქართველი ქალი ვარ, კავკასიის მთების შვილი, და რაკი ჯერ ჩემმა წინაპრებმა გადაწყვიტეს, რომ განცხომით სხვაგან ყოფნას, აქ სიკვდილი ერჩივნათ, მეც აქ დავიბადე და გავიზარდე და ეს სულაც არ იყო იოლი საქმე.
როცა ქალების უფლებების დაცვაზე, ძალადობაზე საუბრობენ, ჩემდა გასაკვირად, უმრავლესობისთვის მაგალითებად მარტო ცემა, კვლა, გინება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებებია გამოსადეგი. არადა, ჩვენ ყოველ დღე, ყოველ წამს ძალადობის მსხვერპლები ვართ და ეს ძალადობა ისეა ჩამჯდარი ყოფით ამბებში, წვრილ-წვრილ ურთიერთობებში, ბევრისთვის ჩვეული ნორმაა და არც აღიქვამს სერიოზულად. ის კი არა, შენ რომ თქვა, იქნებ კიდეც შეგეკამათოს, რა მოიგონე, არავინაც არ გავიწროებს, აი მე მაგალითად სულაც არ ვგრძნობ თავს მსხვერპლადო.

მოკლედ, მე ქართველი ქალი ვარ, კავკასიის მთების შვილი, სხვაგან განცხრომით ყოფნის შანსდაკარგული ველი აქ სიკვდილს. მანამდე კი გეტყვით, რომ მეც ძალადობის მსხვერპლი ვარ. მე გიყვებით ჩემი შიშების, მკვლელი გაკვეთილების, კომპლექსების, ფობიების ამბებს, გზას, რომელიც გამოვიარე და გადავრჩი მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ შევეგუე და სამკვდრო ბრძოლაში სოციოპათად და მამრთმოძულედ ჩამოვყალიბდი.

შიში — 1: მირიანი
მშობლებმა სოფელში წაგვიყვანეს. არ მინდოდა, მაგრამ როდის იყო, უფროსები ჭკუას ეკითხებოდნენ პატარებს. ჰოდა, აიჩემა დედაჩემმა, არაო, ეს ზაფხული აი, ასე ველურად მინდა დავისვენო, ჩითის ხალათით, სოფელში, ბაბუაჩემის ეზოში, ჩემს ბიძაშვილებთანო.
დიდი კაკლის ხე იდგა ეზოში. მთელი ჩემი გართობა იყო მის ქვეშ, ჩეროში, ჯდომა და წიგნის კითხვა ან ნათესავ ბავშვებთან ბანქოს თამაში. ერთხელ ვზივარ ასე, ვკითხულობ წიგნს და მოდის დედაჩემი ბიძაშვილის შვილი, მირიანი, რა დამავიწყებს მის სახელს! დიდი იყო, სკოლას ამთავრებდა იმ წელს და ჩემთვის 9 წლის ლოყებდაბრილი გოგოსთვის ლამის დიდი კაცი იყო, მით უმეტეს, რომ ულვაშიც ეტყობოდა უკვე და ხელებიც კაი გვარიანად ბანჯგვლიანი ჰქონდა. მომიჯდა. ცოტა ხანში აიღო თავისი ბეწვებიანი ხელი, ფეხზე დამადო, მერე ნელ-ნელა ააყოლა ზევით, შეაცურა ბოლომდე ჩემი ჭრელი სარაფნის ქვეშ და იქ გააჩერა, სადაც გოჭებიანი ტრუსის ტოტი მთავრდებოდა.ბანჯგვლიანი ხელი ჰქონდა, დიდი, ოფლიანი, ცხელი…
იმ ასაკიდან ბევრი არაფერი შემორჩა ჩემს მახსოვრობას, მაგრამ ის დღე და ის წამი დღესაც ისეთივე სიცხადით მახსოვს და დღესაც ისევე მიჩქარდება გული და სიმწრის ოფლი მასხამს, როგორც მაშინ.სადღაც შორს, წლების იქით, მომავალში მცხოვრებმა ჩემმა სქესმა მიმახვედრა, რომ რაღაც არ იყო კარგად, რაღაც არ იყო სწორი…ახლა იმის წარმოდგენაც შემიძლია, როგორი სახე მქონდა ალბათ მაშინ-გაოცებული, თვალებგაფართოებული, გაწითლებული, დამფრთხალი. ვიჯექი და არ ვიცოდი, რა მექნა.ჩემდა გასაოცრად, ვიღიმებოდი, ალბათ საცოდავად. ვერც ვაპროტესტებდი, ბიძაშვილიაო და გულში იკრავდა დედაჩემი, ვერც ვდგებოდი, არადა, არც არავინ მოდიოდა, არც არავინ მეძახდა. ცოტაც და ავტირდებოდი ალბათ, მაგრამ ჩემი პატარა და გამოჩნდა. მირიანმა ხელი მომაშორა. მაშინვე ავდექი, სახლში ავედი და იმ დღეს არც ჩამოვსულვარ ეზოში.პირველი, რა გავაკეთე, კარადიდან პატარა ბოთლი გამოვიღე, მარგანეცის ფხვნილი ეყარა შიგ. როცა რამეს ვიტკენდით, დედა მისი ხსნარით გვბანდა ნატკენ ადგილებს, ინფექცია არ შეგეჭრებათო. ჰოდა, გავხსენი და მოვიბანე ის ადგილი, სადაც ჯერ კიდევ ვგრძობდი ოფლიანი ხელის სიმძიმეს.
მეტირებოდა, ყოველ ფეხის ხმაზე დაფეთებული ვიყურებოდი აივნიდან, სულ მეგონა ერთხელაც კიბეზე ამოვიდოდა ის ოფლიანხელებიანი მუტრუკი. არა, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამას, არც ვიცოდი და ვერც ვხვდებოდი, მაგრამ მაინც მეშინოდა რაღაცის, უცნობის,წარმოუდგენლის. ვერც გავბედე დედაჩემისთვის მეთქვა, გულში იკრავდა, ბიძაშვილიაო და…ისე დამამძიმა ამ უთქმელობამ, ჩემი და მოვიხელთე და მოვუყევი.  საცოდავად მიყურებდა და გულისყურით მისმენდა, გაფაციცებით ისრუტავდა ამ საშინელ საიდუმლოს, არადა, ჯერ მე ხომ ვიყავი იმ ასაკის, ჭკუა რომ მოეკითხება და ის საერთოდ 5 წლის იყო… მოკლედ, იმ დღიდან ჩემი დაიკო ჩემს მოკავშირედ იქცა, ერთად ვადევნებდით თვალს იმ საზიზღარ ბიძაშვილს და სადაც იმას დავლანდავდით, არ ვეკარებოდით იმ ადგილს.
იმ ზაფხულიდან სხვა არც არაფერი დამმახსოვრებია.

შიში — 2: ძაღლი და კაცი
სკოლიდან პოლიკლინიკაში წაგვიყვანეს აცრებზე. ეზოში ვიდექით და ველოდებოდით, როდის შეგვიყვანდნენ. აქეთ-იქით გავიფანტეთ, მოგვწყინდა ერთ ადგილას დგომა. იქვე პატარა ჩიხი იყო და მიფოხიალებული სახლები. იმ მხარეს გაცვენილი ბავშვები დაფეთებულები დაბრუნდნენ, ჩოჩქოლ-ჩოჩქოლით. დავინტერესდი. გავყევი გზას და ვხედავ, ძაღლი დგას და საცოდავად წკმუტუნებს, უკან უდგას ვიღაც დიდმუცლიანი კაცი, ტიტველი ფეხები ფოსტლებში აქვს წაყოფილი, გაკავებული ჰყავს ეს საწყალი ძაღლი და მთელი ძალით ეხლება. ვერ მივხვდი, რას ერჩოდა ეს კაცი ამ ძაღლს, ან რას სტკენდა ისეთს, რომ ეს საწყალი ასე ტიროდა.დავფეთდი. კიდევ უფრო დავფეთდი, როცა ჩემზე მეტად გაცნობიერებულებმა ამიხსნეს, რაც ხდებოდა. ახლა ეს შოკი გადამექცა თანმდევ შიშად. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ბევრი ვიწვალე თუ ცოტა გაჩენილი კითხვების მოსარევად, მივედი აზრამდე, რომ ფრთხილად უნდა ვიყო ამ სქესთან, რაკი მათგან ყველაფერს უნდა მოველოდე.

შიში — 3: მეგობრის მამა
პატარობიდან დავდიოდი ამ ოჯახში, ვიცოდი, ყველას ვუყვარდი, მეფერებოდნენ, თავს მევლებოდნენ. ჰოდა, ერთხელ, ტრადიციული სტუმრობისას, როცა ოთახში მარტო დავრჩი მეგობრის მამასთან, უცებ წამოვიდა ჩემკენ. დიდი იყო, ახმახი, მსუქანი, წამავლო ხელები, გამაკავა, თან იცინოდა. არ ვიცოდი, რა მექნა. სახეს ახლოს სწევდა, უნდა გაკოცოო. უკვე არც თუ ისე შორს მყოფმა ჩემმა სქესმა მიკარნახა, რომ სულაც არ აპირებდა მამაშვილურად ლოყაზე კოცნას. არ ვიცი, რატომ გამიჩნდა ეს აზრი. შიშმა დამიარა თავიდან ფეხამდე. არც ვიცი, რისი უფრო მეშინოდა, იმის რომ შეიძლებოდა ისე, აი სხვანაირი რომაა, ეკოცნა, თუ იმის, რომ ჩემი მეგობრის მამა იყო და მერე რა უნდა მექნა, ვერ ვხდებოდი. არც ის მინდოდა, შემემჩნია, რომ შემეშინდა და მეთქვა, რაც გავიფიქრე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, იუარებდა და აქეთ გამოვიდოდი უზრდელი,  გაფუჭებული და ალბათ მეგობრის დაკარგვაც გარდაუვალი იქნებოდა. ვიყოჩაღე, ვითომ მჯეროდა, რომ მეთამაშებოდა, გავისულელე თავი, დავუძვერი ხელიდან და გავიქეცი სიცილ-სიცილით. რასაკვირველია, აღარასდროს მივსულვარ მათთან სახლში, ხან რას ვიმიზეზებდი, ხან რას და ნელ-ნელა კიდეც დავაჩვიე ჩემი მეგობარი უკვე ჩემთან სიარულს. ისე გავიდა წლები, ისე გავიზარდეთ და შევაბერდით ერთმანეთს, არაფერი მითქვამს მისთვის, არც ვეტყვი, რა საჭიროა! თუმცა ჩემთვის არც ამ ამბავს ჩაუვლია უკვალოდ. ადრინდელ შიშებს და უნდობლობას კიდევ ერთი დაემატა, უკვე ის, რომ ამ სქესისთვის ბარიერი არ არსებობს, არ არსებობს «არ შეიძლება» და ყველაფერი მოსული და მისაღებია, თუ სიჩუმის, გაუხმაურებლობის გარანტიაა.

შიში — 4: ეგნატე ნინოშვილის «ქრისტინე» და ბებია
ახლა, წლების მერე, ვხვდები, რომ ეს საკმნმაოდ აბუჩად აგდებული მწერალი, იმ გამონაკლისებიდანაა, ვინც პირველმა ილაპარაკა ქალის უუფლებობაზე, კაცის მოძალადეობრივ ბუნებაზე. მაგრამ მაშინ ეს შოკის მომგვრელი იყო. თან ბებიაჩემი მიყვებოდა ისე თეატრალურად და ისეთი კომენტარებით, რომ მამრთან ფიზიკური სიახლოვის შიში თანმდევ ამბად მექცა. ახლა მეცინება, რომ ვიხსენებ, როგორც კი ცოტა მოინტიმურო სიტუაცია იქმნებოდა ვინმესთან, თვალწინ მიდგებოდა დანით სახეაჩეხილი ქრისტინე.

შიში — 5: მშობლები
დედა მოკვდა. მამა გაუცხოვდა. პოს «მორელა» გახსოვთ ალბათ. დაახლოებით ეგ იყო. მერე სულაც წავიდა, ჩხუბით, აყალმაყალით და წასვლისას კაი გემრიელად სკამიც მგლიჯა თავში, რაკი გავამტყუნე და ბაბუას მხარე დავიჭირე. მერე კი პერიოდულად მემუქრებოდა, ჩემთან რომ არ გინდა ურთიერთობა, აი ნახავ, დაამთავრებ უნივერსიტეტს, გაგაგზავნიან სადმე სვანეთში და იქ მძღოლი რომ შეგაცდენს, მე ვერ გიშველიო.

შიში — 6: მეგობრების ისტორიები
გოგოებს ჰყავდათ შეყვარებულები, ჰყავდათ, ჰყავდათ, მერე იყვნენ დეპრესიულები, მიტოვებბულები, ზოგი აბორტგაკეთებული, ზოგიც სამუდამოდ უშვილობისთვის განწირული, ზოგიც ოჯახიდან მოკვეთილი და მეც მეშინოდა ყველაფრის, რადგან არ მინდოდა ეს ყველაფერი მე დამმართნოდა.

შიში — 7: კატო ბებია
მე მყავდა ბებია, გაუცინარი, სულ ცრემლიანი, კარგი შვილებით, კარგი ქმრით. მისი შეუმდგარი ბედნიერების მიზეზი იყო ის, რომ სხვა შეუყვარდა. მერე რა, რომ თანამეცხედრე ურტყამდა, აუპატიურებდა. ქალი იყო და არ ჰქონდა უფლება სხვისკენ გაეხედა. გაიხედა. და რაკი გაიხედა, რაკი ობოლი, უფულო, უნაცნობო იყო ამ ნეპოტიზმის ქვეყანაში, ქმარს კი გავლენიანი მეგობრები ჰყავდა, დიდი ფულიც, გაუშვა, კი, გაცილდა, მაგრამ შვილი წაართვა სამუდამოდ… ჩემი ცხოვრების ერთ — ერთი ყველაზე დიდი შიში და კოშმარი «ანა კარენინაზე» თვალებდასიებული კატო ბებიაა…

შიში — 8: ოჯახი
გავთხოვდი. ახლა უკვე ვიცი, რატომაც. ეს მაშინ მეგონა რომანტიკა და მსგავსი სისულელე. ახლა ზუსტად ვიცი, ჰორმონების ამბავი იყო ეს და უბეჭდოდ და უშტამპოდ სექსის ქონის შეუძლებლობის. არა, კი არ დამიშლიდა ვინმე, მე თვითონ ვერ გავბედავდი, მანამდე დაგროვებული შიშების გამო. ჩემ გარშემო გოგოებს ჰყავდათ ინტელექტით, ცოდნით მოსაწონი კაცები გვერდით, მაგრამ მათგან უმრავლესობა ისე გამაღიზიანებლად ცდილობდა საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას და ისე მოდომებით ამცირებდა და აბუჩად იგდებდა თავის მეწყვილეს, რომ ალბათ სწორედ ამის გამო ავარჩიე ინტელექტით ჩემზე ბევრად ნაკლები ადამიანი. თუმცა ამანაც არ გაჭრა. 12 — წლიანი ომი! ორი შვილი და აქედან 1( ანუ უფროსი შვილის) დაავადებული ფსიქიკა და დარღვეული ნივთიერებათა ცვლა. არ გირტყამს, არ გაგინებს, ნარკომანი არაა, ნაციხარი არაა, ლოთი არაა, რას ერჩიო? გაოცებული და აღშფოთებული ადამიანების გარემოცვაში სულ მარტო აღმოვჩნდი. ვოცნებობდი მარტოხელობაზე, მშურდა ასეთი დედების. ისედაც სულ მარტო არ ვიყავი? ფიზიკურად გვერდით ყოფნა როდის ნიშნავდა რამეს… სექსი? თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან კარგი, მიუხედავად ჩემი შიშების. ახლა რომ ვფიქრდები, იქნებ ამანაც გამაძლებინა. ესეც შიში იყო, შიში იმის, რომ 2 შვილით 30 -ს მიკაკუნებული არავის აღარ უნდიხარ და გინდაც უნდოდე, სადაა ამის დრო, როცა შვილები გყავს ჩამოკიდებული, ვერც ვერავინ დაგეხმარება, სამსახურშიც 2 კაპიკს გიხდიან და კიდევ დამატებით უნდა იფიქრო, როგორ იშოვო ფული. მაგრამ ყველაფერი რომ წარმავალია, ჯერ კიდევ სოლომონი ამბობდა. და აი აქ დაიწყო. ავადმყოფი ხარ, ფრიგიდულო, ვინმე ხო არ გყავს — ანუ ყველაფერი იმის გარდა, რომ განა არ მინდა სექსი, უბრალოდ ამ კაცთან აღარ მინდა ვა! ოჯახის დანგრევა არ შეიძლება. ბიჭებს მამა სჭირდებათ! ვიფიქრე, ვიფიქრე და მივაგენი გამოსავალს. დავიწყე საშინლად მოქცევა. აი ისე, აუცილებლად რომ უნდა შესძულდე და ვეღარ გაძლოს შენთან ადამიანმა. 2 წლის თავზე დადგა ნანატრი თავისუფლება! მართალია, უკვე ეს დიდად ვერაფერს შეცვლიდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ დაკარგული თავის დარბუნების შანსი ნამდვილად იყო და ეს შანსი მე გამოვიყენე!

ამის მერეც ბევრია მოსაყოლი, მაგრამ ისინი შიშები აღარაა უკვე. ის ჩემთვის არის ლამის კანონზომიერი ამბავი, ამიტომაც გულთან არ მეკარება და არც თქვენ შეგაწყენთ თავს მათი მოყოლით. ან როგორ შეიძლება გულთან ახლოს მიიტანო იმ სქესის რამე, დღემდე ყველა უბედურებაში რომ ევას მოდგმას ადანაშაულებს და სინამდვილეში მუცლის ნდომას აყოლილმა ძალიანაც კარგად ახრამუნა ის ავბედითი ვაშლი, ვითომ რომ არ უნდოდა და ვითომ რომ ჩვენ დავაძალეთ…

ვაკვირდები ქალებს, რომელთაგან უმეტესობას კაი ხნის წართმეული აქვს ქალობა და მგონი აღარც ახსოვს, რომელი სქესის წარმომადგენელია, კაცებს, რომლებიც ეგებ გვაჯები, აყროლებულები არიან, მაგრამ მაინც ამაყები იმით, რაც შარვლის წინა მხარეს აქვთ, მერე რა, თუ უკვე მაგის გამოყენების თავიც აღარ აქვთ. მდგომარეობიდან გამოვყავარ ამ უსაფუძვლო გაჯგიმულობას. ხო, ასე იყოყებიან და თავიანთ თავმომწონეობას  ქალების  აბუჩად აგდებით იმყარებენ. ხო,ხო. აბა გადახედეთ თქვენ ირგვლივ. რასაკვირველია, ყველა ისეთი საქონელი არაა, რომ ქალი ცემოს ან მოკლას, მაგრამ მისი დაკნინება ყველას სჩვევია. «ქალს საჭესთან რა უნდა, არც ერთმა ტარება არ იცის», «ქალის ჭკუა თხამ შეჭამა», «ქალის ჭკუაზე რომ კაცი გაივლის, ის რა კაცია», «ქალი ვიცი კუხნიაში», «ქართველი ქალები კომპლექსიანები არიან» და რა ვიცი, კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო. თვითონ რას ჰგვანან და რაში ვარგიან, ამაზე არც ერთი არ დაფიქრდება და გინდაც დაფიქრდეს, მაინც არ შეიმჩნევს და საკუთარი ნაკლის გადასაფარავად ისევ ქალზე გადმოანთხევს თავის შეუმგდარობის სიბრაზეს. და ჩვენ ამას ვისმენთ და ვისმენთ გაუთავებლად. დიახაც, ყველა ქალი ამ ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლია! ისიც, ვინც მოკლეს, ვისაც ურტყეს და ისიც, ვინც საღ-სალამათია და ეგებ სხვების თვალში ბედნიერი ოჯახიც კი ჰქონდეს.

მე არ ვიცი, სხვაგან ასეა თუ არა, მაგრამ ქართველ კაცს აქვს გარდარეული სურვილი გახედნოს ცოლი, გადააკეთოს, გამოჭრას იმ თარგზე, თვითონ რომ აქვს გადანახული თავის მახინჯ წარმოსახვაში. დათმობაა? ქალმა უნდა დათმოს, მოთმენაა? ისევ ქალმა უნდა მოითმინოს, პატიებაა?კაცმა უნდა აპატიოს, თორემ ქალი აპატიებს,  აბა სად წავა. ღალატია? ქალი მოსაკლავია, კაცი კიდევ რა მოხდა, კაცია და მოსული ამბავია. თუ დაჰყვები მის «ძლიერსქესურ» გეგმას, გაქნება ტკბილი და ქართულ-ტრადიციული ოჯახი: შენ-თმაშეუღებავი, მოუვლელი ფრჩხილებით, დაბეჩავებული, სამზარეულოსა შინა მყოფი მუდმივად და მომღიმარი, მაშინაც, როცა ქმარი  გაგინებს, ან გაქილიკებს. თუ არ დაჰყვები, მაშინ სკანდალები გარანტირებული გაქვს.

ვფიქრობ და თავისით მევლება პარალელები ლიტერატურულ პერსონაჟებთან. ზუსტად ამას ჩალიჩობდა ვარსქენიც, მეტს კი არაფერს. შუშანიკის გადაკეთება- დამორჩილებას. მაგრამ არაფერიც არ გამოუვიდა. ყველაზე დიდი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე მაგარი ქალია ჩემთვის სწორედ თავისი პრინციპულობის და ნებისყოფის გამო. ვარსქენი კი ერთმნიშვნელოვნად მხეცია და არაკაცი, რაკი ქალის ცემა შეეძლო, დანარჩენი, რაც დააშავა,  ჩემთვის მეორეხარისხოვანია და არაფრით არ მესმის ამ ორიგინალობას მონატრებული კრიტიკოსების, ზოგიერთი ვარსქენის გამართლებას რომ ცდილობს. აგერ ჩვენი ჯაყოც. თეიმურაზის შეგონებაზე, ცოლის ცემა არ შეიძლება, ქალი სუსტია და სახარებაში წერია, ქმარი უნდა გაუფრთხილეს ცოლსო, როხროხით პასუხობს: «ვიცის, ვიცის, ჯაყომა, ორჯერ დაიწერე ჯვარი და მღვდელმა გითხრა, ცოლი უნდა შეინახოო» და თან  გირვანქიანი მუშტი ისე შეკრა, თეიმურაზი მიხვდა, რომ მგელს სისხლიანის ჭამას უკრძალავდა.მაინცდამაინც ამათი გენი ჭარბობს ქართლოსის ნაშიერებში? აი, ბათუს არ უთქვამს ცოლისთვის, როცა სხვისგან ნამუსახდილი ნახა, მე რა ვიცი, ჩემს აქ არყოფნაში რა ქენი, შენი ბრალი იქნებოდაო. უთხრა, ნეტავი შენ, ვითომც არაფერი მომხდარაო და რომ დაეჯერებინა ქალი, რომ მართლა ასე ფიქრობდა, მოძალადე სტუმარსაც არ გასცა ხმა და მშვიდობიანად გამოცილა სახლიდან. გგონიათ ადვილი იყო? სულაც არა, იმიტომაც აიარა დაბრუნებისას ის აღმართი «წელმოწყვეტით». ჯოყოლას არ უთქვამს ცოლისთვის, სად წაწანწალდი, მე აქ დამტოვე გაკოჭილი და შენ ვიღაცას დასტიროდი, შენ რამე ხომ არ მიქარე და ნაღდად რაღაც იყო მაგას და შენ შორისო.

ბოლოს კი ისევ ჩემს თანამოსქესეებს მივმართავ: ნუ დაანებებთ ქმარს გაგწვრთნათ. რა მომენტიდანაც ამას დაიწყებს, იქ დამთავრდებით, როგორც პიროვნება და მერე ცემა-კვლამდეც დიდი მანძილი არ რჩება.თანაც ვინ თქვა, რომ ჩაგვრა და ძალადობა მხოლოდ ცემა და კვლაა.

მეც ძალადობის მსხვერპლი ვარ. მერე რა, თუ არ მირტყამდნენ და არც არავის გამოუჭრია ყელი.სამაგიეროდ, ცდილობდნენ გადავეკეთებინე და ერთ დღესაც მივხვდი, რომ საკუთარი ცხოვრების და თავის ფასად შენარჩუნებული სიმშვიდე და კერია არ მინდოდა. ავჯანყდი! მართალია, ეს აჯანყება 10 წელზე მეტს გაგრძელდა და წაიღო ჯანმრთელობის და ნერვების უმეტესი ნაწილი, მაგრამ მე გავიმარჯვე! და რა მომენტიდანაც დადგა ნანატრი თავისუფლება, დავიწყე საკუთარ თავში დაბრუნება. წლების მანძილზე მომიწია აქა-იქ გაბნეულ-გადაკარგული «მეს «მოგროვება და ერთხელაც ვიგრძენი, რომ მე დავბრუნდი!!! ეს კი იყო არაჩვეულებრივი განცდა!

მკვლელი გაკვეთილები აქვს ცხოვრებას. განსაკუთრებით მაშინ, თუ გაგიმართლა და ქალად გაჩნდი ამ წილხვედრ ქვეყანაში! ჩვენ ყველა ძალადობის მსხვერპლები ვართ!
იქნებ სჯობდა კიდეც არ ყოფილიყო ეს გაკვეთილები. იქნებ სჯობს არ იყვნენ ასეთი მასწავლებლები, მკვლელი მასწავლებლები, რომლებიც ხელის აუკანკალებლად ხოცავენ ჩვენს ნდობას, რწმენას და სისხლიანი კოჟრებით ავსებენ ჩვენს გულებს…
მე ვარ ქალი და, მაშასადამე, ვარ ძალადობის მსხვერპლი.

 

 

 

 

 

Запись опубликована в рубрике საზოგადოება, ჩანაწერები с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

5 отзывов на “არა ქალ ჰკლა ანუ მე ვარ ქალი

  1. სამწუხაროდ მართალი პოსტია

  2. ხო, იმდენად სამწუხაროა, რომ არც ვიცი, ეშველება თუ არა ამ ამბავს… მადლობა :*

  3. მაკა:

    იტალიაში,სტატისტიკით, ყოველ მესამე დღეს კლავენ ქალებს ექს და აქტუალური ქმრები, საყვარლები, კომპანიები და ასე შემდეგ…ეს პრობლემა ყველგან დგას…ისე, რამ გაამხეცა ეს კაცები (თუ ასეთები იყვნენ ყოველთვის) არ ვიცი…დიდი ბედნიერებაა რომ ეს საშიშროება არ მელოდება, (ექსის იმედი მაქვს :* )
    ბლოგი მშვენიერია რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის და უფრო მომეწონა იმიტომ, რომ იტალიაში,საათობით ლაპარაკობენ ამ პრობლემაზე ფსიქოლოგები, ქალთა უფლებათა დამცველები, კრიმინოლოგები და ასე შემდეგ, მაგრამ არავის არ გაუვლია პარალელი არასოდეს არც ერთ მხატვრულ თუ რეალურ პერსონაჟთან…ეძებენ მიზეზს იტალიელებიც, მაგრამ მეორე დღეს, საინფორმაციო გადაცემა ისევ მკვლელობის გამოცხადებით იწყება…
    პ.ს. ისე, ჩვენ, ქალებმა გამოვიჩინოთ ხასიათის სიმტკიცე და გადმოვიკეთოთ ეს კაცები არ შეიძლება? თუ არა ასე უკაცოდაც რაცხა… 😀

  4. კი გვგავან იტალიელები და არ მიკვირს. რასაკვირველია უნდა გამოვიჩინოთ სინტკიცე და თავიდანვე არ გავაბლატაოთ 🙂 . უკაცოდ რატო, ეყარონ ისე, გაერთობა ხანდახან ადამიანი, მეტი ხეირი მაინც არაა მაგათგან :). მადლობა:*

  5. შუშანიკი და ვარსქენი სულ სხვა კუთხით, სულ სხვანაირად ისწავლება სკოლებში. მთავარი ლაიტმოტივი «ქრისტიანობა და მისთვის თავდადებაა», ამიტომ არ მიკვირს რომ ახლა წამოვიდა ვარსქენის გამართლების ტენდენცია. შუშანიკის საქციელი ჩემი ღრმა რწმენითაც არ არის ადეკვატური და ფსიქიურ დარღვევებზე მიუთითებს, თუმცა ეს ცხადია არ ნიშნავს რომ ვარსქენის მხეცური საქციელია რამენაირად მისაღები ან გასამართლებელი. (ისე უცნაურია, დღეს დილით ვლაპარაკობდი ზუსტად ვარსქენი/შუშანიკის საკითხზე).
    რაც შეეხება ძალადობას, სიმართლე გითხრა მე ვერ ვხედავ ამის გამოსწორების გზებს უახლოეს მომავალში. სადაც მე-11 კლასელი ბავშვი გაღიმებული ამბობს რომ თუ ქმარი დაარტყამს ე.ი. დაიმსახურა, იქ ისეთ პრობლემასთან გვაქვს საქმე რა უნდა ეშველოს რომ არ ვიცი.
    ძალადობასთან გამკლავება ძალიან რთულია და «დაყვავებით საუბარი» სრულიად არაფრის მომტანი. ჩემი აზრით ზოგჯერ თავზე ხელის სმაზე და ახსნა-განმარტებებზე გაცილებით ეფექტური სიმკაცრის გამოჩენაა, აუცილებელია იმ დონემდე მიხვიდე რომ მოწოდებები გესმოდეს და სწორ განათლებას იღებდე სკოლებში. ჰოდა, სანამ აქამდე მივალთ, ცოტა სხვა რამ გვჭირდება.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google photo

Для комментария используется ваша учётная запись Google. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s