მდუმარე საჩუქარი

ჩვენს უბანში ერთი პატარა, ლურჯად შეღებილი თუნუქის ჯიხური დგას. აქ უბნის 116119799_2_1000x700_prodam-kiosk-na-kolesah-fotografiiმეხამლე, იგივე ხარაზი, იგივე ფეხსაცმლის ხელოსანი ზის.

მახსოვს, როცა პირველად მივადექი და გამალებული ახსნა დავუწყე, რა მინდოდა და როგორ. კი გამიკვირდა, ასე დაბნეული რატომ მიყურებს-მეთქი, მაგრამ ისე მეჩქარებოდა, პრესტისიმოში ვაყრიდი სიტყვებს და პარკს ვაჩეჩებდი. იმან კიდევ ჯერ ყურზე მიიდო ხელი, მერე პირზე და მერე ჰაერში გაასავსავა. უცებ ვიგრძენი, როგორ დავპატარავდი სირცხვილისგან და უხერხულობისგან, ოფლმა დამასხა და გული კაი მარათონგარბენილივით ამიფართხალდა. ვინერვიულე უბედურად. ის მიხსნიდა რაღაცას, მე კიდევ ვიტანჯებოდი. სულ დამავიწყდა, რომ მეჩქარებოდა. მივიჩოჩე პატარა ჯორკო, ჩამოვუჯექი, ამოვიღე ჩანთიდან რვეული, კალამი და მოვყევი წვრილად წერას ყოველგვარი გრამატიკული ნორმების დაცვით. ის მელოდებოდა. მივაწოდე და ისეთი ინტერესით დაიწყო კითხვა, კაი ხანია ისე არაფერს გავუტაცებივარ. იღიმა და იღიმა, მიქნია თავი და მიქნია. მე ვყლაპე ჩუმად ყელში მობჯენილი ცრემლები და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

ასე შედგა ჩვენი ნაცნობობა.

სანამ სკოლაში ვმუშაობდი ყოველ დღე მიწევდა მის გვერდით ავლა-ჩავლა. ხან მქონდა მისატან-შესაკეთებელი და ხან არა, მაგრამ შეხვედრა-მისალმების რიტუალი უცვლელი იყო. გამოვარდებოდა გარეთ, ხელს დამიქნევდა, მერე გააქნევდა, როგორ ხარო, მერე რატომ არ მოდიხარო, მერე თმაზე მოიკიდებდა ხელს და შემდეგ მაღლა აწეულ ცერას დამანახებდა, კაი თმა გაქვსო, მერე მე მომაშვერდა საჩვენებელ თითს და ისე ცერას აწევდა, კარგ «ვიდზე» ხარო. მერე ისე დამიქნევდა ხელს და ასე მაცილებდა. უკან დაბრუნებისას ისევ გამოვიდოდა, ისევ ხელს დამიქნევდა, მერე მკითხავდა, როგორ იყო სკოლაში, ხომ არ გაგაბრაზესო( ამას ვერ აღვწერ, როგორ მახვედრებდა), მერე ისევ მიქნევდა ხელს და ყურიდან ყურამდე გაბადრული მემშვიდობებოდა.

ერთხელ ისე მოხდა, რომ  ჩემს შვილს  გავატანე ფეხსაცმელი. ტრადიციულად დავწერე ვრცელი წერილი, დაწვრილებითი ახნსებით, მოკითხვებით, სინტაქსულ-ორთოგრაფიულ-პუნქტუაციურად გაწიკწიკებული და გავუშვი. იმან  წერილი დაინახა თუ არა, მაშინვე ხელით გრძელი თმა დახატა და იმისი შვილი ხარო,ჰკითხა.

ამის დღის მერე ჩამოთვლილ მოკითხვებს დაემატა, რა კარგი ბიჭი გყავს და როგორ გგავსო.

მას მერე ბევრი წელი გავიდა. ჯიხური ისევ ისე დგას. ის შავტუხა, დიდთვალება ბიჭიც ისევ ისე ზის იქ დილიდან დაღამებამდე, სახეზე რამდენიმე ნაოჭმომატებული და თმაზეც თეთრხაზებშეპარული. ამბობენ ცოლმა მიატოვაო. რაღაც ხანს არ ჩანდა, სულ დაკეტილი იყო მისი «ოფისი». თქვეს «ზაპოი»აქვსო. მერე ისევ გამოჩნდა.

რაც სკოლიდან წამოვედი, იშვიათად მიწევს იმ ქუჩაზე გავლა, ვერიდები კიდეც, რომ ძვირფას კოლეგებს არ გადავეყარო. აი დღეს მომიწია. თითქოს ეს ხუთი წელი არც ყოფილა. ისევ ისე გამოვარდა გარეთ, ისევ წაივლო თმაზე ხელი, მერე ისევ მოაშვირა ჩემკენ და ისეთი ომახიანად გაჭიმა ცერი, კიდეც შევშინდი, არ ამოუვარდეს-მეთქი. როგორ ხარო, სად დაიკარგეო. აღარ მუშაობს სკოლაშიო? კაი გიქნიაო. შენი შვილი როგორააო, დაამთავრა ალბათ, ვეღარ ვხედავ აქეთო. გამოიარე, არაფერი გაქვს გასაკეთებელიო? და ამ ყველაფერს სულაც არ დასჭირდა არც ფურცელი და არც კალამი.

მე  უცნაური სითბოთი სავსე ვიჯექი სამარშრუტო ტაქსიში და შორიდან ვაკვირდებოდი ადამიანს, რომელიც ასე ჩუმად შრომობს ფუტკარივით, არც არავის აწუხებს  პირადი პრობლემით, არც იმით, რომ ვერ ლაპარაკობს, არ წუწუნებს, არც რჩენას  სთხოვს ვინმეს, თავისი ხელებით შოულობს დაუყვედრებელ ლუკმას და მიუხედავად იმის, რომ ეგებ სხვებზე ბევრად მეტი მიზეზი აქვს გაბოროტებისაც და ცხოვრებაზე შემოწყრომისაც, არც ღიმილი დაუკარგავს, არც ადამიანების სიყვარული და არც მათი გამოცნობის უნარი. ხო, აბა გგონიათ ყველას ასე ხვდება?

ჩემს უბანში კი მუნჯად მოიხსენებენ. სახელად შერჩა… ხო, იქნებ მუნჯია და არც ესმის, მაგრამ  აქ მცხოვრებ ბევრ მეტყველ და ყურთასმენიან მამრს მირჩევნია. ლაპარაკობენ თორემ რამე ღირებულს იტყვიან როდესმე, მაგას არ ილაპარაკონ სჯობს, ესმით? ყურში კი, დანარჩენის რა გითხრათ. დადიან ასე ცოცხალი ლეშები, გასაქონლებულები, გაქვავებულები, ჭამა-სმას შეწირულები და მათი ერთადერთი გასაცოდავებული უჯრედის კარნახით, ეს ადამიანია საცოდავი…

ცხოვრება არავის ანებივრებს დიდი და მასშტაბური სიხარულებით, არც მე, მათ შორის. ის კი არა, იქნებ პირიქითაც იყოს, მაგრამ მე ვეძებ ამ პატარა სიხარულებს, ამ პატარა ნამცეცებს ადამიანური სითბოსი და როცა ვპოულობ, ვბედნიერდები…

დღეს მე დუმილსა და სიჩუმეში ამოზრდილმა ბიჭმა მაჩუქა ეს ნამცეცი, რომელსაც ისეთივე სევდის ფერი დაჰკრავს, როგორიც მის მდუმარე, სხვებისთვის არმოყოლილ საიდუმლოებს და ტკივილებს…

ახლა გამახსენდა, რომ მისი სახელი არ ვიცი…

 

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «მდუმარე საჩუქარი»

  1. ყოველდღიურ, ნაცრისფერ რუტინაში ასეთი პატარა სითბოს და პატარა სიხარულის პოვნას არაფერი შეედრება. სულ სხვანაირი ბედნიერების განცდა მოაქვს ხოლმე. აი უცებ რომ განათდება 🙂

  2. ხო, მეც მასე მაბედნიერებს. და მერე მრუმეში ნათდება, მერე რა, თუ ცოტა ხნით :*

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s