მათემატიკური ფილოსოფია და პარალელური ცხოვრება

ამ ბოლო დროს ერთი უცნაურობა დამჩემდა. თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას, parall-worldsმაგრამ თანდათან გახშირდა და მეც დავაკვირდი.

აი ასე, უცებ, არაფერთან კავშირში რომ არაა, ამეკვიატება რომელიმე წესი მათემატიკიდან და მიტრიალებს თავში. მეც ვატრიალებ, ვატრალებ, მერე ჩავყვები და ამ ჩაყოლისას სრულიად სხვაგან გადავდივარ და ვარ ასე უგზო-უკვლო ხეტიალში.

რას დავაბრალო, მეც არ ვიცი. არა, მათემატიკა ყოველთვის მიყვარდა და ჩემდა სამარცხვინოდ( თუ ჩემს პროფესიას გავიხსენებ) ქართულზე უკეთაც ვსწავლობდი და უფრო ხალისითაც. მერეც კაი ხანს გამყვა მისი სიყვარული, ცოდნაც, მაგრამ რაკი მას მერე, რაც შვილებს აღარ ესაჭიროებათ დამხმარე და მეც ხალისად მათემატიკის წიგნებში ძრომიალის დრო ნამდვილად აღარ მაქვს, ცოდნისგან აღარაფერი დარჩა, სიყვარული კი მაინც შემრჩა. ჩემს ყოფილ მასწავლებელს რომ ჰკითხოთ, ეგ ყველაფერი მოგრძო ტვინში გაქვს გადანახული და რომ დაგჭირდეს, ისევ აღიდგენო, მაგრამ მაგას ახლა ვინ გამოცდის, ან რა საჭიროა… თუმცა კვალი მისმა ცოდნამ, ვფიქრობ, ჩემს საქმესაც დაატყო. ამიტომაცაა ალბათ, რომ როგორც ჩემი ნამოწაფარები ამბობენ, სხვა ფილოლოგებისგან განსხვავებით მე ჰაერში არ ვაფრენ ბავშვებს და ზღაპრებით არ ვაბოლებ. მე მათ ცხოვრების სიავკარგეზე ვესაუბრები, წიგნების დახმარებით. წერასაც მარტივი ფორმულების მსგავსი მუღამებით ვასწავლი და ამიტომაც ყველა, განურჩევლად მონაცემის, წერს და არც თუ ისე ცუდად.

აი, რად მინდოდა ეს ამხელა შესავალი კიდევ, კაცმა არ იცის, რადგან ის აჩემება, რაც პოსტის დასაწყისში ვთქვი, სულაც არაფერ შუაშია ამასთან. ამჯერად სულ სხვა დატვირთვა მიეცა ჩემთვის მათემატიკას და საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რასაც აქამდეც ვფიქრობდი- ის სულაც არაა მშრალი, ფანტაზიასმოკლებული მეცნიერება. ყოველთვის მაღიზიანებდა ადამიანების «ჰუმანიტარულად» და » მათემატიკურად» მოაზროვნეებად დაყოფა. ჯერ ერთი, თუ ადამიანი აზროვნებს, იქაც იაზროვნებს და აქაც, თუკი სურვილი და ცოდნა ექნება.მეორეც, იქნებ ის, ვისი მათემატიკოსობაც მხოლოდ აღმოჩენილ-დამტკიცებულის გადამღერება დაზუთხვაა, იყოს ფანტაზიას მოკლებული პრაგმატი, მაგრამ ისინი, ვინც ამ ყველაფერს იგონებდმენ, პოულობდნენ, ამტკიცებდნენ, არც ერთ დიდ პოეტს არ ჩამოუვარდებოდნენ თავიანთი მეოცნებეობით და იდეალისტობით. ჰოდა, აი ეს ჩემი აჩემება კიდევ ერთხელ მარწმუნებს ამაში. ვატრიალებ და ამ მარტივ წესებში ჩემს «ფილოსოფიას» ვხედავ…

ჩემი ცხოვრების გზა მანძილია, რომელიც დროის და სიჩქარის ნამრავლის ტოლია. თუმცა საიდან ვითვლი დროს? დაბადებიდან? რაღაც ასაკამდე მე ვერ შევძლებდი დამოუკიდებლად გზის გავლას, ეს ალბათ უფრო ინერციის თემას უკავშირდება. თუმცა რაღაც ასაკიდან გიყვარდეს, გავუყევი და გავუყევი, მაგრამ ახლა სიჩქარე ნახეთ? გონებაში ვხაზავ მის დიაგრამას და ზოგჯერ ისეთი სამარცხვინოა, ვერც ვამხელ. გამოდის, რომ მერეც ზოგჯერ კი არ მივლია ამ გზაზე, მიგორიალია… ალბათ ამიტომაც არ ემთხვევა ჩემი რეალური გზის მანძილი, ჩემს აღქმაში განვლილ გზას და ჩემი შეგრძნებებით ჯერ შუამდეც არ გამივლია ეს გზა, თუმცა ვინ იცის, სადაა შუა და სად მეოთხედი…თანაც მანძილი და გადაადგილება არაა ერთი და იგივე…განსაკუთრებით თუ წრეზე მოძრაობ. ასეთ დროს რაც გინდა დიდი მანძილი იყოს A წერტილსა და  B-ს შორის, როცა ისევ A-სთან ბრუნდები, შენი გადაადგილება ნულოვანია…რა დიდხანს ივლი წრეზე, მით მეტად გაფლანგავ დროს, რა მნიშვნელობა აქვს რადიუსის სიდიდეს, წრე წრეა და წინ არ გაგიშვებს…

აი, მიდიხარ, მიდიხარ, წვალობ, ჯახირობ, თან ფიქრობ, აანალიზებ და უცებ ყრონტში გავლებს კლანჭს იმის შეგრძნება, რომ იქ არ დადიხარ, სადაც უნდა გევლო, იმ გზას არ მიჰყვები, რომელსაც უნდა გაჰყოლოდი. მერე ისევ წვალობ, ცდილობ იპოვო ის, ნამდვილი, სწორი გზა, შენი რომ გგონია და უცებ ხვდები, რომ არ არის, არც ყოფილა ამ რეალობაში. არა, სადღაც აუცილებლად არის, ზუსტად ისეთი, როგორიც შენ გგონია რომ არის, მაგრამ იქ, პარალელურ სამყაროში. შენ კი, რაც არ უნდა ეცადო, რაც არ უნდა ზარდო ან ამცირო მანძილი, უმატო ან უკლო სიჩქარეს, მაინც არ გიწერია მასზე მოხვედრა, რაკი პარალელური წრფეები არასდროს გადაიკვეთებიან. ამიტომაც ისევ აქ ვაგრძელებ წრფეზე სვლას( წრეებს შევეშვი) და იმედს ვიტოვებ, რომ რაკი არსებობს პარალელური სიბრტყე, არსებობს პარალელური ცხოვრებაც და იქნებ ის სწორედ მაშინ იწყება, როცა მთავრდება  ეს, გაცვეთილი და მობეზრებული… იქნებ…

პ.ს ახალი წესი ამეკვიატა 🙂

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები, ცოტა რამ ჩემზე с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «მათემატიკური ფილოსოფია და პარალელური ცხოვრება»

  1. პარალელური წრფეებიც ხომ კვეთენ ერთმანეთს უსასრულობაში 🙂

  2. კი, საქმეც ეგაა, უსასრულობაში 🙂 პარალელური სიბრტყეებიც შეიძლება გადაიკვეთოს მესამე სიბრტყით.

  3. ყურადსაღები პოსტია:) მეცნო ძალიან, მაჩვენებელს გამორთავ და წრიდან სწორ გზას დაადგები, კარგი შეგრძნებაა, მართალია წინ, მხოლოდ უკიდეგანოდ გაშლილი სივრცეა, მაგრამ ჰორიზონტში ჩამალული იმედიც ბევრს ნიშნავს…….. იქნებ ეგ წრფეებიც შეერთდნენ სადღაც……

  4. უსასრულობაში არის მაგისი ალბათობა…

  5. jana:

    ქეთი მორჩილაძე, გენიოსი ხარ შენ!

  6. გმალოდბ, ჟან :*

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s