წამწამსა და წამწამს შუა დანახული ამბავი

ვაგრძელებ  ზაფხულის მხიარულ ამბებს, დანამულ-დაპოხილს თვალის წვეთებითა cover1და მალამოებით. წინა პოსტში მოგიყევით  ჩემი ქალაზიონის  ამბები. გადავწყვიტე გამეგრძელებინა.  მიზეზებსაც  გეტყვით. მართალია, მათ შორის  მკურნალობის გახანგრძლივებული პროცესი და ამით გამოწვეული ზეაღმატებული ემოციებიცაა, მაგრამ მთავარი მაინც კლინიკაა, სადაც ვმკურნალობ.

ალბათ უკვე მოემზადეთ, რომ დავიწყებ ექიმების ლანძღვას და წუწუნს. ამჯერად შეცდით. სრულიად საპირისპიროდაა საქმე.  მგონი, სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე კიდევ ერთი პოსტი მიმეძღვნა ამ არც ისე მნიშვნელოვანი ამბისთვის.

სამწუხაროდ, რაც დრო გადის,  იშვიათი ხდება სამედიცინო დაწესებულებიდან გამოსული კმაყოფილი ადამიანის ნახვა. რაც დრო გადის, სულ უფრო  და უფრო ხშირად ისმის საყვედურები ექიმების მიმართ, ზოგი საფუძვლიანი, ზოგიც ( იმედი მაქვს) უსაფუძვლო. ამიტომაც უსამართლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან არ მომეყოლა ჩემი კმაყოფილების შესახებ. მეც სხვებივით ვბრაზდები უპასუხისმგებლო და უვიც ექიმებზე, ასტრონომიულ ფასებზე, მაგრამ თან ისე მწყინს  ეს ამბავი, თითქოს მეც ექიმი ვიყო. უამრავ პროფესიათაგან  ეს  ერთადერთია, რომელიც ისე  მომწონს,  ისე მიყვარს და მაინტერესებს კიდეც( ვგიჟდები სამედიცინო ლიტერატურის კითხვაზე), ხანდახან გულიც კი მწყდება, რომ  ექიმობა არ ავირჩიე პროფესიად. და ზუსტად ვიცი, რომ ამერჩია, ისეთივე ფანატიკოსი და თავგადაკლული მკურნალი ვიქნებოდი, როგორიც ახლა ვარ ჩემს საქმეში.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო და რიტორიკაში არ გადავიჭრა( ილიობამდე ბევრი მიკლია) პირდაპირ საქმეზე გადავალ.

ვინც წინა პოსტი წაიკითხა, იმათ იციან, რომ ვმკურნალობ ჯავრიშვილის კლინიკაში, «ოფთალმიჯში». პირველად მომიწია აქ მისვლამ. აქამდეც კი მქონია თვალთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ რატომღაც სხვა სახელოვან კლინიკებს ვანიჭებდი უპირატესობას. ალბათ სწორედ ამიტომ მივადექი დაზაფრული  «ოფთალმიჯს». ვუყურებდი გაზიმზიმებულ-გაწიკწიკებულ შენობას და დარდი დარდზე მემატებოდა.  «კუჩხი ბედინერის» ბროლიასავით მახსენდებოდა წინამორბედ კლინიკებში ყოფნისას მეხსიერებიდან ვერამოშლილი ფრაგმენტები, დაუვიწყარი ემოციები და ვგრძნობდი, როგორ კვნესოდა სიმწრით ჩემს ჩანთაში მარტვილობით გათანგული  საფულე… ხო, მოდი და ნუ დიაზაფრები. ჩვენთან ხომ სამედიცინო დაწესებულების ინტერიერ-ექსტერიერი პირდაპირ აისახება ფასებზე და იშვიათად ხარისხზე.

რეგისტრატურას მივადექი. ორი სულელი გოგო  ისე გაცხარებით ებაასებოდა ერთმანეთს, საცოდაობა იყო მათი მოცდენა. როდის-როდის შემამჩნიეს. ეჰ-მეთქი, გავიფიქრე და წინასწარ შევაგუე თავი აზრს, რომ შარში მოვხვდი. მაგრამ 25 ლარი რომ გადამახდევინეს, ცოტა დავიბენი. ვიფიქრე, დამერხა, ან რიგში ამოვლპები, ან ვიღაც უვიცთან გამიშვებენ საცდელ კურდღლად-მეთქი. ხო, აბა რას წარმოიდგენ, რომ ამისთანა «ნავაროჩენ» კლინიკაში ამ ფასად შეგხედავს ვინმე, როცა 20 ლარი პოლიკლინიკის ერთუჯრედიანი ექიმის ვიზიტი ღირს , რომელსაც ჯიბლიბო და ქალაზიონი ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან.

არანაირი რიგი, ბატონო. როგორც ჩამწერეს 4-ზეო, ზუსტად 4-ზე ექიმის ოთახში ვიჯექი. ჯერ შემხედა, მომისმინა, მერე ჩამხედა  და ისე ყურადღებით მათვალიერა, უკვე მოიგო ჩემი გული. მერე დიაგნოზიც ისე დაჯერებით მითხრა, მაშინვე ნდობით განვეწყვე და ერთი ბეწო კი არა და, წამწამისოდენა  ეჭვიც არ შემპარვია მის პროფესიონალიზმში.

ამ დღიდან აგერ უკვე ორი კვირაა ვსტუმრობ ამ კლინიკას და რაც მეტჯერ მივდივარ, მით უფრო მიმყარდება სიმპათია აქაურობის მიმართ. ექთნებიც გადასარევი გოგოები არიან, ისე კანფეტივით მიკეთებენ ნემსებს, ვერც კი ვგრძნობ, არადა, ხუმრობა ხომ არაა, თვალია, უკანალი ხომ არა! თითო ნემსი სულ რაღაც 10 ლარი ღირს. გარდა ამისა, პირველი კონსულტაციის თანხის გადახდის მერე კაპიკი არავის მოუთხოვია ექიმთან ვიზიტისთვის.  და ხომ არ გგონია, რომ ნაწყენი და შემომწყრალი გხვდებათ ცხოვრებაზე, სახელმწიფოზე, რეფორმაზე და სრულიად სამყაროზე. არ ვიცი, მე გამიმართლა, თუ ყველა ასეთია ამ კლინიკაში, მაგრამ ჩემი ექიმი ბაჯაღლო გოგოა. თუმცა, რაც მეტად ვაკვირდები იქაურობას, მით მეტად ვრწმუნდები, რომ აქ ყველა ასეთი იქნება.

დღეს დამატებითი გამოკვლევა ჩამიტარეს. შედეგმა არ გამაწბილა და მასიამოვნა- წამწამების ტკიპა!!! აბა მე გვერდს ხომ არ ავუვლიდი რამეს 🙂 . წყარო-ძაღლია(მადლობა, შვილებო, მიყვარხააართ!!!). ხოოო, მოკლედ, მიდგა ჯერი მკურნალობის დანიშვნაზე. როგორც ჩემი ექიმი ამბობს, რაც აქ იყიდება აფთიაქებში ამის სამკურნალოდ, ღირს ძალიან ძვირი და შედეგი ფასსს ვერაფრით შეესაბამება. თვეობით უნდა იწვალო და ან გიშველის და ან არა. მე კიდევ ჩემი იღბლიანობის ამბავი რომ ვიცი, აუცილებლად იმ მეორე ან-ში მოვხვდები. მაია( ასე ჰქვია ჩემს ექიმს) მინიშნავს ორ პრეპარატს, ერთი უკრაინულია, მეორე რუსული. აქ არ იშოვება. ღირს ძალიან იაფი, მაგრამ გადასარევად შველისო. ერთადერთი გზა შოვნის არის, იქიდან თუ ვინმეს გამოგზავნინებ, თუ ვერავის ნახავ, აგვისტოსთვის ჩემი მეგობარი ჩამოდის და ჩამოაქვს და გაჩუქებო… აბა არ არის ბაჯაღლო გოგო? კინაღამ ვიტირე. მე, რასაკვირველია, არ დავიცდი და ჩემით ვეცდები ვიშოვო, მაგრამ თვითონ ფაქტმა ისე აღმაფრთოვანა, გინდაც უკვე მოეცა.

მოკლედ ასეა. ქალაზიონი მორჩენისკენაა, მხოლოდ 4 დღეღა დამრჩა მკურნალობის დასრულებამდე. იქამდე ოკუპანტის წამლებსაც ვიშოვი( უკრაინას რას ვერჩი) და გადავალ მეორე ეტაპზე. პატიოსნად მივალ და არ დავიზარებ შემოწმებას, რაკი იქ ვიცი, რომ ადამიანურად დამხვდებიან  და კმაყოფილს გამომიშვებენ.

ხოდა ასე, ჩემო კარგებო, ღმერთმა დაგიფაროთ და თუ ვინმეს თვალთან დაკავშირებული პრობლემა გექნებათ, მენდეთ, მიაკითხეთ «ოფთალმიჯს». ექიმი მაია თოთლაძეა, თუმცა დარწმუნებულია ვარ, არც სხვები იქნებიან დასაწუნები. აზრზე არ ვარ, ვინაა ეს ჯავრიშვილი, მაგრამ რატომღაც მჯერა, რომ  არაჩვეულებრივი  ადამიანია და ასეთივე პროფესიონალი. ამაზე მისი კლინიკა მეტყველებს.

მედიცინა არაა მხოლოდ მკურნალობის ხელოვნება. აქ სულიერებაცაა საჭირო და ჰუმანურობას მოკლებული ადამიანი, რაც გინდა კარგად ფლობდეს თავის საქმეს, მგონია, ვერ იქნება ბოლომდე ექიმი, ამ სიტყვის სრული გაგებით.

ზაფხული კვლავ ზაფხულობს, მზე კვლავ ტანზე იხევს ყველაფერს და წვავს და ბუგავს. ქალაქი წუხს, მე კი კვლავ მიხარია და მინეიტრალებს  დროის უშინაარსოობის განცდას…

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები, ცოტა რამ ჩემზე с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «წამწამსა და წამწამს შუა დანახული ამბავი»

  1. ახლა როგორ გაქვთ თვალი? დაახლოებით რამდენ ხანში მოგირჩათ? მეც იგივე პრობლემა მაქვს და უიმედოდ ვარ. 😦

  2. ერთ თვეში, უბრალოდ მის მერე იმუნიტეტი დამიქვეითდა და ყოველი გრიპისას ანთება მეწყება 😦

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s