წერილებიდან ნაწერ-ნაფიქრალი

გარეთ ისე წვიმს, ცა ფეხად ჩამოდის მიწაზეო, რომ იტყვიან. ქარი «არხევს და ატოკებს» სველ იასამანს და ბეტყავს ყვავილებში ჩაგროვილ წვიმას. ცა ნაცრისფერია. ვზივარ სავარძელში მოკალათებული ჩემს ფანჯარასთან და ნელ-ნელა ვიკარგები წარსულის ლაბირინთებში.  ეს არაა წარსულს მიჯაჭვულობა და მისი გაიდეალება.22102015526

ჩემმა გონებამ კარგა ხანია მოახერხა საფუძვლიანად წაეშალა მახსოვრობიდან ყველაფერი, რაც ანაგვიანებდა  და ამძიმებდა. ისე  საფუძვლიანად, მყარი დისკიდანაც რომ ვერ აღადგენ. მაგრამ ის, რაც ჩემთვის საზრდოსავით აუცილებელია, საგულდაგულოდ გადაინახა და საჭიროებისას  ისეთი სიცხადით ტივტივდება, თითქოს ამდენ წელს არც გაევლო. და ემოციაც ისეთივე რჩება, ის კი არა, უფრო ძლიერიც…

ამჯერად ეს ძრომიალი გარდასულ დღეებში  კომოდის დალაგებით დაიწყო, სადაც ქვედა უჯრის სიღრმეში ძველი წერილების დასტა ინახება. წლებია არ გადამითვალიერებია. ჰოდა, რამდენიმე დღეა ვკითხულობ და ვივსები საოცარი სითბოთი, რომელსაც ძველი ფურცლის სუნი ასდის… აქ არაა სასიყვარულო ბარათები. ძირითადად ან მეგობრებისთვის მიწერილი წერილებია და მათი პასუხები, ან ჩემი დის, ან ბებიის. ვკითხულობ და გულწრფელად მეცოდება ყველა, ვისაც წერილების ეპოქა არ გამოუვლია. ვერანაირი ელექტრონული წერილი და, მით უმეტეს, შეტყობინება ვერ შეცვლის ამას.  აი ფოტოზე ვერ ვიტყვი ამას. არ მიყვარს სურათების თვალიერება. ჰერბარიუმს მაგონებს, ქინძისთავგაჩხერილ პეპლებს და გამხმარ ყვავილებს, გრძნობა რომ გამოსცლიათ, ფერი გახუნებიათ და საცოდავად გაშეშებულან დროსა და სივრცეში.  წერილი სულ სხვა რამეა. აქ ყოველი სიტყვიდან  ცოცხალი ემოცია მოდის, დრო ტრიალდება და ფილმებად ლაგდება ისიც, რაც წერილშია, და მასთან ერთად ისიც, რაც მის დაწერას უსწრებდა წინ და რაც მერე მოსდევდა…

ახლა წინ მიდევს ერთი გაყვითლებული ფურცელი და უკვე იმდენჯერ გადავიკითხე თავიდან-ბოლომდე, კიდეც დავიზეპირე.

«ჩემო სანატრელო, ჩემო სიხარულო, ბებიას გულის გულო.როგორ ხარ, გენაცვალოს ბებიაშენი. ისე მიჭირს უშენოდ. დღეები იწელება და არ მთავრდება, რომ ჩქარა დაგინახო და მოგეხვიო… შენი ჭირიმე, წერილი მივიღეთ, ცოტა გვიან, მაგრამ  ძალიან გაგვიხარდა. შენ კი წერ შენებურად იუმორით, მაგრამ მე გული შემიწუხდა, ასეთ ცუდ პირობებში რომ ხარ. არა უშავს, ზაფხულის დღეები კიდევ წინაა და მოსწრებ დასვენებას. ბაბუა შენს წერილზე, როგორც იცის,  გვერდზე იხედება აცრემლებული და ყბა უკანკალებს. ვეღარ ვაკავებ, უნდა ჩავიდე, ვეღარ დავტოვებ უნახავსო . და შენ არ გაგვიბრაზდე, ჩემო გოგო. ის კი არა აქამდეც უნდა ჩამოსულიყო. ალმაცერად რომ არ დაგიწყოს ვინმემ ყურება,უპატრონო რომ არ ეგონო მანდ ხალხს. კარგი ოჯახის შვილი ხარ, როგორი დედის შვილი! ახლა გავამზადებ მანდ წამოსაღებ რაღაცებს და წამოვა. მართალია დედაშენი რომ ცოცხალი იყოს, უფრო მოგაქცევდა ყურადღებას, მაგრამ მისი სიკვდილით უმამოც დარჩი და რას იზამ… გული არ გაიტეხო,კარგი სახლ-კარი გაქვს, მოსიყვარულე და გყავს, აგერ კიდევ ბებიას და ბაბუას სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ, იმიტომ რომ კარგი ხარ. სადაც წახვალ ყველგან კარგი იქნები. ვიცი, ბევრ მეგობარს შეიძენ და ეს ძალიან კარგია.დარიგებით არაფერს დაგარიგებ, ჩემო ჭკვიანო, აწი აქეთ უნდა მარიგებდე ჭკუას( ბებიას ჭკუის უჯრების ამბავი ხომ იცი, ცარიელდება, კი არ ივსება). მე მუდამ გენდობოდი და ახლაც დარწმუნებული ვარ შენში. სადაც გინდა წახვიდე( და ძალიან ბევრ ადგილებში უნდა წახვიდე, ასეთია ცხოვრება) შენს სიკეთეში ეჭვები არ გამიჩნდება. მე შენს ჯანმრთელობაზე უფრო ვდარდობ. ოღონდ ჯანმრთელი ჰყავდე დაშინებულ ბებიაშენს და დანარჩენი ყველაფერი მისი ზედნაშენი იქნება. დღეებს ვითვლი, ჩემო გოგო. შენ, რა თქმა უნდა, სულ მთლად ვერ გაიგებ ამას, იმიტომ რომ ჯერ პატარა ხარ… ჩემო რუსოს მაგიორო, გაჩენის დღიდან ბებიაზე მოწებებულო…

მეტს აღარ დაგღლი. ბაბუა ამ დღეებში ჩამოვა.იქნებ ხვალაც.

პ.ს. აქ სიცხეებია. მზეს მოერიდე, ბებია. მაინცდამაინც ნურც გაშავებას ეცდები, არაა კარგი.

გკოცნი შენი ბებია. მოკითხვა გოგოებს. «

ეს წერილი სტუდენტობისდროინდელია. ავადსახსენებელი შრომითი სემესტრის პერიოდის. არ მოვყვები, იქ რა საშინელებაში ვიყავი. და არც ვიხსენებ ამას, ესეც იმ წაშლილთა სიიდანაა…

ბაბუა მეორე დღეს ჩამოვიდა, სურსათ-სანოვაგით დატვირთული, დაღლილი, დასიცხული. ოთახში რომ შემოიხედა, შევატყვე,  ცუდად გახდა, სიტუაციის შემხედვარე, მაგრამ არ შეიმჩნია. აქ ვერ გავჩერდებიო, თქვა და ეგება ქალაქში გავიდეთო. მე ყველაფერი გოგოებს დავუტოვე და ბაბუასთან ერთად შტაბის უფროსთან წავედი. ავუხსენი სიტუაცია, ვუთხარი, რომ გვიან ღამით მიდის თბილისში და მანამდე წასასვლელი არსად აქვს და ეგებ შეიძლებოდეს გამიშვან საღამომდე , მასთან ერთად რომ ვიყო-მეთქი. კბილები მიხრჭიალებს სიბრაზისგან ახლაც, როცა მისი უმეტყველო სახე მახსენდება და უემოციოდ ნათქვამი: არ შეიძლება. თუ თვითნებურად გახვალთ ქალაქში, არ ჩაგეთვლებათ გავლილად შრომითი სემესტრი, შესაბამისად, ვერ გადახვალთ შემდეგ კურსზე და გაირიცხებითო. ბაბუამ, როგორც კანონმორჩილმა კაცმა, ხმა არ ამოიღო, ასეა ალბათ საჭირო, შენ არ იდარდო, მე რამეს მოვიფიქრებო, მაკოცა და წავიდა. მივაცილე ღობემდე. დიდხან ვიდექი და ვუყურებდი მის ბეჭებს , ნელ-ნელა რომ პატარავდებოდა, ბოლოს კიდეც გაქრა. ვიდექი და ცრემლები მახრჩობდა…

ის დღე იყო და ის დღე, მერე ბაბუა აღარ მინახავს… ჩემი ჩამოსვლთვის საყიდლებზე წასულს ინსულტი დაემართა და მხოლოდ საავადმყოფოში მოვახერხე მისი ნახვა, სულთმობრძავის, ხელებს მიკოცნიდა და თვალებით რაღაცას მეუბნებოდა… ისე მოვკვდები, ამას ვერადროს ვაპატიებ თავს. ასე მგონია, მაშინ რომ შემეკურთხებინა იმ კომკავშირელი ზომბისთვის, ფეხზე დამეკიდებინა, მათი უნივერსიტეტიც და დიპლომიც და გავყოლოდი, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა…

უნდა მიმეფურთხებინა ყველაფრისთვის, იმიტომ რომ ეს ჩემი ბაბუა იყო. ადამიანი, რომელიც ბავშვობას მილამაზებდა.თუკი რამე მახსოვს კარგი და ფერადი, სწორედ მასთანაა დაკავშირებული, ჩემს ენაკვიმატ, ხულიგან ბაბუასთან.პატარობისას მასთან ძილით და ძილის წინ უცნაური ზღაპრებით. ყოველ ჯერზე მიხსნიდა, რატომ ვუყვარვარ ასე გამორჩეულად, იმიტომ რომ მისი გაზრდილი ვარ, რომ ძუძუს მაწოვებდა და იმიტომ აქვს ახლა ასეთი პატარა, თორემ ადრე ბებიას რომ აქვს გახვართქალებული, ისე ჰქონდა 🙂 და მეც მჯეროდა კაი ხანს. ბებია ამ დროს მოიხსნიდა ხოლმე მშვიდად სათვალეს, ნეტა არ ასულელებდე ამ ბავშვსო და გააგრძელებდა კითხვას. ბაბუა კიდე, ნუ შეგვჭამე, ქალო, ამდენი კითხვით, ამოგვიღამდა თვალები, ჩააქრე აწიო. სკოლის ასაკში დაჩქარებული ტემპით მეცადინეობით, რომ მალე დამემთავრებინა მისი სამსახურიდან მოსვლამდე, იმიტომ რომ მერე იწყებოდა გართობა. რა ქუჩა, რის ქუჩა, რა მინდოდა იქ, როცა გადასარევ დროს მატარებინებდა ბაბუაჩემი სახლშიც. ბანალური დახუჭობანობიდან დაწყებული ექსკლუზიურნახევრადზღაპრული თამაშებით დამთავრებული, კისერზე შესმული სეირნობებით და რა ვიცი, რომელი ერთი… რომ მოვიზარდე და ხასიათის დემონსტრირება დავიწყე, ვებუტებოდი, როცა რამე მეწყინებოდა ხოლმე. ის დადიოდა მოწყენილი, თვალებში ცრემლი უჩანდა და ტუჩები უკანკალებდა. ბოლოს ისევ თვითონ მოვიდოდა, ჩამიკრავდა გულში და მერე მე ვიწყებდი ბღავილს 🙂 .

ეს იყო ერთადერთი ადამიანი, ვისთვისაც მე ყოველთვის და ყველაფერში მართალი ვიყავი, ვინც არასდროს დამტუქსავდა, ყველაფერში მხარს ამიბამდა. ვისაც სულ ეჩვენებოდა, რომ ჭამას მოვუკელი და ნიკაპი გამიწვრილდა და სერიოზულად განიცდიდა ამას და სამსახურიდან მოსულს გვერდით თუ არ მივუჯდებოდი, საჭმელს არ ჭამდა.

ეს იყო ჩემი საჩუქარი, დიდი, შეუფასებელი საჩუქარი, რომლითაც განგებამ დამაჯილდოვა. მე კი სულ მცირეც ვერ გავიღე მისთვის…

რეზო ინანიშვილი ამბობს, ჩვენ ყველა თავსაფრიანი დედაკაცის უმადური შვილები ვართო… ახლა წლების მერე, როცა ჩემი შვილები მაწყენინებენ, ვჩუმდები, არასდროს ვეპასუხები, გავდივარ ოთახში და მჯერა, რომ ეს ყველა იმ წყენის სანაცვლოდაა, რაც მე მიმიყენებია ჩემი უფროსებისთვის. ვუმეორებ  ამას თავს და წყენა უკვალოდ ქრება…

ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარვართ და ზრუნავენ ჩვენზე, სწორედ იმათ ვერ ვუხდით სათანადოდ  მათ ამაგს და სიკეთეს. შემდეგ ამის დარდი გვტანჯავს მთელი ცხოვრება, მაგრამ , სამწუხაროდ, გამოსყიდვის შანსი აღარაა…

არ ვიცი, რამ მომაძალა ეს სენტიმენტები, იქნებ ამინდმა, იქნებ აღდგომამ. იქნებ არც ის ღირდა ასე სახალხოდ მელაპარაკა ამაზე, მაგრამ ისე მომაწვა, ამომეთქვა, რაც გულში მიტრიალებდა, თავს ვერ მოვერიე… ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ ეს შემიძლია გავუკეთო იმათ, ვინც ყველაფერი გაიღეს ჩემთვის.

გარეთ წვიმს ისევ. მე ვცხოვრობ ბაბუას აშენებულ სახლში, ვუყურებ ბაბუას დარგულ ხეს, ვწერ მასზე და ვხედავ, როგორ ეჭუტება ეშმაკურად თვალები, ირგვლივ შემოვლებულ ნაოჭებში ღიმილჩამამლულს…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

5 комментариев на «წერილებიდან ნაწერ-ნაფიქრალი»

  1. ის მომენტი, როცა ცრემლებმა თვად იპოვნეს გზა…………..

  2. და ის მომენტი, როცა შენს პოსტს გულით კითხულობენ გულიანი ადამიანები და გულთან მიაქვთ შენი გულიდან წამოსული ❤

  3. გული ამიჩქარდა წაკითხვისას. ზღვა ემოციის დამტევი იყო ❤ ძალიან კარგი და სევდანარევი პოსტია ^_^ ❤

  4. მადლობა. წერისას კი არ მიცდია ეგ, მაგრამ მაინც ასე გამოვიდა, სადაც მათზეა საუბარი ემოციას გვერდს ვერ ვუვლი ❤

  5. გული მომიკვდა და თან გამიცოცხლდა… ესეც დაფასებაა ქეთი როცა ამ ყველაფერს არ ივიწყებ, როცა ამ ყველაფრით ცხოვრობ, როცა ამ ყველაფრით სუნთქავ… ეს ყველაზე მართალი პასუხია მათ გაკეთებულ დიდ ამაგზე… მე სულ ვფიქრობ რომ თუკი ვინმე ერთი მაინც ასე გამიხსენებს, როგორც მე და შენ ვიხსენებთ მათ მაშინ ნამდვილად მიცხოვრია… მაშინ ნამდვილად ღირდა ეს ცხოვრება…

    https://kushichka.wordpress.com/2015/06/03/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95/

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s