ღიმილისფერცრემლიანი ნაგლეჯები

აღ10154475_10202765582054765_6697661728656677190_nდგომა დღესასწაულია და ამიტომ სასაფლაოზე სხვა დღეს უნდა გახვიდეო, ასე ამბობენ. მე კი სწორედ ამ დღეს მიყვარს იქ მისვლა. იქნებ იმიტომ, რომ დავეჩვიე პატარობიდან ასე, იქნებ იმიტომ, რომ თუკი დღესასწაულია, ყველაზე მეტად ვისთანაც გამიხარდებოდა რაიმე კარგის გაზიარება, უმრავლესობა სწორედ იქაა, იმ უცნაურ ადგილას…

ადრე ბებიას და ბაბუას მივყავდით მე და ჩემი პატარა და დედას საფლავზე, მერე ბებიას მივყვებოდით, ახლა მე და ჩემი და დავდივართ…

სიმართლე ვთქვა, დიდად არ მიყვარს იქ მისვლა, სულაც არ მიჩნდება განცდა, რომ ვნახე ან რამე ასეთი, ვერც მონატრებას მიკლავს, პირიქით…

ვზივარ  და გულში ვესაუბრები სამივეს. თან კადრებად მიცოცხლდება თვალწინ მათთან ყოფნის ფრაგმენტები.

დედა ჩემზე ბევრად პატარაა.  არ დაგვაცალა არყოფნამ ერთად გავზრდილიყავით. თუმცა არყოფნამდე გაცილებით ადრე მომაკლო მისი თავი ავადმყოფობამ. მისი თავიც და ბავშვობაც. თამაში, უდარდელობა, რამის დაშავება და დასჯა ან პირიქით და წამახალისებელი მოფერება-დასაჩუქრება, კვირაობით სეირნობა და მსგავსი ამბები წლების მანძილზე  წაშალა და ჩაანაცვლა წამლებმა, ექიმებმა, დიაგნოზებმა, ფორიაქმა, დაძაბულობამ, უღიმილობამ,  რაც იანვრის ერთ ყინვიან ღამეს კიდეც დამთავრდა. ვიხსენებ ახლა ამ ყველაფერს და კიდევ უფრო მეტად მტკივა გული. ახლა უკეთ ვხვდები, რას განიცდიდა მაშინ. ჩვენ ხომ არც გვაგრძნობინებდა. ბოლო წუთამდე ხუმრობდა თავის მდგომარეობაზე. მერე გამახსენდა, ერთხელ სკოლიდან მოსულს ნამტირალევი დამხვდა, მიზეზი არ მითხრა, მარტო გულში ჩამიკრა და მკოცნა და მკოცნა. საწერ მაგიდაზე ჩემი რვეული დამხვდა ადგილნაცვალი. ამით მივხდი მიზეზს. წინა დღით მორიგი სარაიონო წერა გვქონდა. თავისუფალი თემა იყო, სულელური, რასაკვირველია: რა არის ბედნიერება.  ჭკვიანურია არა? ჯერ საერთოდ რატომ უნდა მოგინდეს ამ კითხვის დასმა და თანაც ბავშვისთვის. მეც, რა თქმა უნდა, ალალად მეწერა, რომ არ ვიცი, რა არის ბედნიერება, მაგრამ მგონია, ის ასე გამოიყურება: ეზოში ყვავის თეთრად ტყემალი, ჰაერში იის სუნი ტრიალებს და კიბეზე დედა მეგებება სიცილით, მკიდებს ხელს და ერთად მივდივართ. სად, არ აქვს მნიშვნელობა-მეთქი. ჰოდა, რაღაც ჯანდაბად შავი ნაწერი სახლში წამოვიღე და დამრჩა მაგიდაზე. არადა, რომ მკითხა, რა დაწერეო, დავუმალე, რაღაც სხვა მოვბოდე. მახსოვს, როგორ მომეკუმშა გული. მინდოდა ბოდიში მომეხადა, მაგრამ არ ვიცოდი, რისთვის…  ასე უნებლიეთ, ჩემდა უნებურად ვატკინე გული. ახლა ვიხსენებ ამ ამბავს და ისევ ისეთი პატარა, აცრემლებული და გულმოკუჭული გოგო მგონია ჩემი თავი…

ბებია-ბაბუას გოგოები ვიყავით ჩვენ და ამან გვიშველა. იმდენი სითბო და სიყვარული იყო მათგან, ვერაფრით მოგვიხერხა ცხოვრებამ და სირთულეებმა გაბოროტება. იმათ შეინაცვლეს დედობაც, მამობაც და უხმოდ, ისე, თითქოს ამაში რთული არაფერი იყო, ბოლომდე ასრულებდნენ ერთგულად და ყველაზე კარგად. მე ასე მგონია, ყოველშემთხვევაში.

უცნაური და გასაღიმებელი კაცი იყო ბაბუა. ჭიმია იმერელი, როგორც მე ვეძახდი ხუმრობით, სახლის გვერდით მაღაზიაში შარვალ-კოსტიუმით, შლაპით და ჰალსტუხით რომ გადიოდა.საოცარი მეზღაპრე. არ ვიცი, საიდან იგონებდა ამდენ ვერსიას არსებული თუ არარსებული ზღაპრებისას.  ხომ არ გგონიათ, რომელიმე ვარიანტი გამეორდებოდა. არავითარ შემთხვევაში. სიახლე გარანტირებული იყო პერსონაჟებშიც, სიუჟეტშიც, კვანძის შეკვრაშიც, გახსნაშიც, კულმინაციაშიც და ფინალიც, შესაბამისად, სხვადასხვა გამოდიოდა.მაგრამ ყველაზე მეტად ამ ფერად უცნაურ სამყაროში, ღამღამობით რომ ხლართავდა ბაბუა ჩემს საწოლთან, მაინც ჭინკების ამბავი მიყვარდა. ისე ყვებოდა, ისე აღწერდა, თვალწინ ვხედავდი პატარა, ცერისხელა, ჭორფლებიან, კოჭებამდე წითელთმიან გოგოებს, პაწუკა შიშველი ფეხებით, ცხენის ფაფარში ჩაფრენილებს, წიკვინა ხმით რომ ეძახდნენ პატარა ბაბუას და მის მეტს რომ არავის ესმოდა მათი ძახილი. ახლაც ყველა დროის საუკეთესო ზღაპრად მიმაჩნია.

ჯიბეში პარტბილეთი ედო, ბოლშევიკებს და კომუნისტებს აგინებდა, რაკი მისი ოჯახიც გაკულაკების მსხვერპლი იყო, ერთ კედელზე სტალინის სურათი ეკიდა, მეორეზე მაცხოვრის ხატი. ეკლესიაში ვერ დადიოდა, გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ ძილის წინ აუცილებლად ლოცულობდა. სააღდგომოდ კვრცხებს თვითონ ღებავდა. საახალწლოდ კი ბასილას ამზადებდა. ისე არ მინდოდა დილაუთენია იმ თაფლიანი ბასილას ჭამა და მერე რკინის მონეტაზე კბილის დაკაკუნება, რომ რა გითხრათ, მაგრამ გმირულად ვითმენდი, რადგან ვიცოდი, უარი ეწყინებოდა. მაშინ ნერვები მეშლებოდა ხოლმე, ახლა კი ისე კარგად მახსენდება ეს ყველაფერი, რომ გულში ზღვა მეღვრება სითბოსი. ბეჭები მახსოვს მისი. ოდნავ მოხრილი, განიერი და ეშმაკურად მოციმციმე თვალები, შიგნით რომ ათასი ჭინკა დაუხტოდა…

ბებო ჩემი მოსახელეა. არისტოტელოვნას ვეძახდი ხუმრობით. აფორიზმებით იცოდა ლაპარაკი, აქედან უმეტესობა საკუთარი იყო. ბევრი ახლაც მახსოვს და გადასარევად ვიყენებ დღესაც. ასეთია მაგალითად: «არ ვიცის დედა ცხონდა» ან «იმდენს არ ჩაგაკერებენ, რამდენსაც ჩაგახევენ», ან «მისვლამ მოსვლა იცის», ან «შენ რომ გინდა სხვასთან მისვლა, ჯერ დაფიქრდი, იმას უნდა შენი მისვლა?» და რომელი ერთი გავიხსენო. დედაც იყო, ბებიაც, ბაბუაც, მამაც და რა ვიცი, ყველაფერი. გამოიღებდა წიგნს თაროდან, გაიჭიმებოდა და აუცილებლად დააყოლებდა, სულიერ საზრდოს დავეწაფებიო. კიბეზე ცნობდა ჩემი ფეხის ხმას და კარებში მახვედრებდა, შენ გენაცვალოს ბებია, ჩემო რუსოს მინამგვანო გოგო, შენ რომ შემოგლიჯინდები კარში, ყველაფერი მავიწყდება იმ დროსო… მის მეტი ასეთ რამეს ვერავინ მეტყოდა და ვერც მეტყვის ვერასდროს. ვზივარ ახლა და მახსენდება ეს ყველაფერი. ისიც მახსენდება, როცა გარდაიცვალა, აღმოვაჩინეთ, რომ სახლის და ეზოს გასაღები არ გვქონია, არ დაგვჭირვებია არასდროს. ბებო ხომ სულ სახლში იყო. ჰოდა, როცა პირველად გადავატრიალე საკეტში გასაღები, გულიც გადამიტრიალდა თითქოს და ისე მეტკინა, გეგონება, იმ დღეს დამემარხა ჩემი ბებია…

ვზივარ ახლა მათი სურათებით გარშემორტყმული, ყურებში ნაგლეჯ-ნაგლეჯ მესმის: «ჩემო რუსოს მინამგვანო»… » ღმერთო, მამაზეციერო, შენ მიეშველე ჩემს ობოლ შვილიშვილებს, ჯანმრთელად მიმყოფე და დაიფარე. ეყოფათ ისედაც, აღარ სჭირდებათ მეტი. ჩემთვის ხომ არაფერი მითხოვია არასდროს, ეს შემისრულე მარტო»… მესმის და მჯერა, ახლაც ასე იმეორებენ სადღაც შორს… გაფაციცებული ადევნებენ თვალს ჩემს ცხოვრებას, სტკივათ ჩემი ტკივილი, ახარებთ ჩემი სიხარული და  მგულშემატკივრობენ… ისინი თავიანთი აქ ყოფნით ცხოვრებას მიადვილებდნენ, იქ ყოფნით კი — სიკვდილზე ფიქრს და თავად სიკვდილსაც…

…ქრისტე ასდგა, ბაბუ, დამიკარი კვერცხი, ოღონდ პატიოსნად, შენ რომ იცი, ისე არ მომატყუო…

Запись опубликована в рубрике ამბები კატერინას ალბომიდან с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s