უსათაურო

Sueverija-pro-perekrestokაგერ უკვე 4 დღეა, ოჯახში სამნი დავრჩით. არა, ცუდი არაფერი მომხდარა, უბრალოდ  უფროსი შვილი გავაცილე საზღვარს გარეთ. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ასე აჯობებდა. სხვა გზა არ დამიტოვა არც ცხოვრებამ და არც დედასამშობლომ.

არაა საშველი. ყველაფერი ვქენი, რაც შემეძლო და არ შემეძლო, მაგრამ  არაფერი გამოვიდა. ცოტ-ცოტა ყველა დამნაშავე ვართ ალბათ ამაში, მაგრამ არც იმდენად, რომ ეს გამოუსვლელობა ასე მარადიულად გვყავდეს გვერდით და არასდროს გვშორდებოდეს.

არც იმას და არც მე ერთი დღე არ გვიცხოვრია უერთმანეთოდ. არც მე და არც იმას დიდად არ გვხიბლავდა წასვლის პერსპექტივა, მაგრამ ერთხელაც ვიფიქრე, ვიფიქრე და მივხვდი, რომ ჩემი განცდები მეორეხარისხოვანია. მთავარი ისაა, რომ არ მინდა ქვეყანაში, რომელიც ბერმუნდის სამკუთხედს დაემგვანა და ადამიანები უკვალოდ ქრებიან, იკარგებიან, ჩემი შვილიც  გამიხდეს მოსაძებნი… ამიტომაც ავიჩემე და ახლა ორმაგად ვნერვიულობ, რაკი ჩემი გადაწყვეტილება იყო ეს. არაა ადვილი მთელი ცხოვრება ნაწვალები და სიმწრით გამოზრდილი შვილი გაუშვა ცხრა მთას იქით. თან იმასთან, ვისაც არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მის აღზრდა-გაზრდაში, რამდენიმე გრამ სპერმას თუ არ ჩავთვლით.  კანიდან ამოვხტი, რომ როგორმე გამენელებინა ბოღმა და აგრესია, რაც ჩემი მცდელობის მიუხედავად მაინც დაუგროვდა წლების მანძილზე  თავისი ბიოლოგიური მამის მიმართ . ხან რა მოვიგონე, ხან რა და ბოლოს მოვახერხე დალაპარაკებოდა…

ჰოდა, მაკლია ახლა ძალიან. ვიცი, იმასაც უჭირს. აქამდე ობმოდებული სკაიპი გაუთავებლად მაქვს ჩართული და ცის გახსნასავით ველოდები მის ზარს. ცუდია უშენოდო, მითხრა გუშინ, თან დამამშვიდა, კარგად ვარ, კარგად მექცევიან და არ ინერვიულოო. მე გული მომეწურა, მაგრამ თავი გავიმაგრე, მომდგარ ცრემლს კბილი დავაჭირე და ვუთხარი, უნდა გაძლო და ისიც იცოდე, ეს სამი თვე რომ გავა და ჩამოხვალ, მერე ისევ მოგიწევს წასვლა და იფიქრე ამაზე-მეთქი, იმაზეც იფიქრე, რომ აქ არაფრის შანსი არ გაქვს და იმ თვალით შეხედე ყველაფერს, რომ მანდ ფეხის მოსაკიდებელი ადგილი გქონდეს-მეთქი.

ახლა წაიკითხავს ალბათ ამას და მისაყვედურებს, რას გამომაჭენეო, მაგრამ ძალიან არ გაბრაზდება იმედია.

ვზივარ და ვუმეორებ თავს, რომ სწორად მოვიქეცი, რომ ეს აუცილებელია მისთვის. უკეთ გამოსცდის საკუთარ თავს და ეგებ იპოვოს ის, რაც ვერასდროს ნახა აქ. მე მხოლოდ ეს მინდა, დანარჩენი არაა მნიშვნელოვანი და ამ დანარჩენში- მეც და ჩემი განცდებიც.

პ.ს. ციოდა იმ ღამით, როცა ვაცილებდი. გარდერობიდან ბებიას «პლაშჩი» გამოვიღე, რაკი ჩემი ქურთუკი ნაადრევად შევინახე. ჯიბეში ხელი ჩავყავი და ყდამოხეული ბლოკნოტი ამომყვა. გადავშალე და ზედ დედის ლოცვები იყო… მეუცნაურა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მიდევს ახლა საწოლთან, ძილის წინ გადავშლი ხოლმე, გაყვითლებულ ფურცლებზე ბებიას თითების სითბოს ვგრძობ და ვხედავ, როგორ კითხულობს  ჩუმ-ჩუმად ჩემთვის ამ ლოცვებს, თან  ცრემლი სდის, ლოცვაც დედის მაგივრად რომ უწევს იმიტომ…

პ.პ.ს მაინც ყველა ცვლილება სასარგებლოა და აუცილებელიც. მეც იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად  იქნება.

 

Запись опубликована в рубрике ემო, ცოტა რამ ჩემზე с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

3 комментария на «უსათაურო»

  1. თამარა:

    სად არიან შვილები,
    ბესიკ ხარანაული

    სად არიან შვილები, შვილები სად არიან,
    გავალ, გავიხედები, არ არიან, ქარია.
    სად არიან შვილები, მე რომ მოგაბარეა,
    გავალ, ავეძრახები, არ არიან, ქარია.
    საქართველო აქროლდა, ვით ფოთლებში ქარია,
    სად არიან შვილები, ქარია, არ არიან.
    სად არიან ვეფხვები, ლერწმიანში არიან,
    ლერწმიანში ქარია, ვეფხვები არ არიან.
    ჩემი მკვდარი კი არა, შენი პატიმარია,
    მიველ, ციხე გავტეხე, არ არიან, ქარია,
    გოგო, ბიჭი გიყვარდა, თქმა ვერ მოასწარია,
    გზაზე გამოეკიდე, არ არიან, ქარია.
    ეშმაკს ერქვას სახელად, ვინც მე ხელი დამრია,
    სად არიან შვილები, შვილები სად არიან.
    იმათ სახელობაზე ხე მაინც ახარეა,
    იმ ხესაც ხომ შენ დასწვავ, შენი მოსახმარია,
    საქართველო, მითხარი, ნუთუ მხოლოდ ქარია,
    სად არიან შვილები, შვილები სად არიან,
    გავალ გავიხედები, არ არიან, ქარია,
    საყელოზე მოგწვდები, შვილები სად არიან.
    არ არიან შვილები, საქართველო ქარია.
    ქარია საქართველო, შვილები არ არიან.
    დღე არი, არ არიან, ღამეა, არ არიან,
    ქარია, არ არიან, არ არიან, ქარია..

  2. tami:

    ხშირად ვფიქრობ ხოლმე,ასეთ ყოფით წვრილმანებზე.ძალიან რთულია მესმის მაგრამ ამ ქვეყანაშიც რომ ვერაფერს აღწევ ადამიანი და იკარგები? მე აუცილებლად გავუშვებ,გავაგდებ ოღონდ ვიცოდე რომ კარგად იქნება და მისი მომავლისთვის ასე აჯობებს.

  3. ხო, მასეა. აი მაგით ვიმშვიდებ მეც თავს, ეგებ უკეთესი იყოს მისთვის.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s