ერთი ჩვეულებრივი კვირა

18457-life-is-beautiful-graffiti-1280x800-typography-wallpaperკვირა დასვენებისთვის არისო, თავისი დილის ძილით და ლოგინში გამოშუშებით. კი აბა!!! 11 საათზე რომ მოსწავლეებს ელოდები, მოდი და გამოშუშდი. მეც ასე გამოუშუშებელმა ავწიე მთელი ჩემი ძალისხმევით ერთი ერთობ დაფასებული ადგილი და შევუდექი მთქნარებ-მთქნარებით, სრულიად არაკმაყოფილებით, მაგრამ რა მოხდა მერე? «კმაყოფილება მომაკვდინებელი სენიაო» და მეც ვარ უკმაყოფილო, ესე იგი ცოცხალი ვარ 🙂 ( მიხვდით ალბათ, რომ გაკვეთილის თემა » კაცია-ადამიანი?!» იყო).

გავისტუმრე მოსწავლეები და გასაქანი მივეცი საკვირაო უსაქმურობას. ვზივარ და ვაჯამებ გავლილ კვირას, რომელიც ისეთივე სასაცილო( ან სატირალი) იყო, როგორც უმეტესი კვირათაგან. ჰოდა, უსაქმურობისა ჟამს, დავწერ აგერ, მაინც კაი ხანია არაფერი გაუთბია ჩემს ხელს აქ.

ვარჯიში რომ აკვააერობიკით ჩავანაცვლე, არ მითქვამს ხო? აგერ უკვე მეორე თვეა. დავდივარ ერთ პატარა კუკუნა აუზზე და ვჭუმპალაობ კვირაში სამჯერ. ისე დავოსტატდი, სულ შპაგატებს ვჭიმავ წყალში. მართალია, ვიტანჯები ამ ჩემი სახელგანთქმული ნაწნავის რეზინის ქუდში შეტენვით, მერე მაინც დასველებული და ქლორის სუნად აყროლებული თმის სანახევროდ გაშრობით და წურწურ-წურწურით ტრანსპორტით ხანხალით,რაც ტემპერატურის დაცემასთან ერთად სულ უფრო და უფრო მეტ სირთულეს ქმნის და პრობლემდება, მაგრამ, როგორც ამბობენ, ჩიტი ბდღვნად ღირს.

სახალისო ამბებს  ტრადიციულად იქაც ვპოულობ. მაგალითად, ერთი ნამეტანი ენერგიული ქალი დადის   და მთელი ვარჯიშის მანძილზე არ ჩუმდება, აი, არ ელევა სალაპარაკო, თან იმხელა ხმაზე გაჰკივის, აღარც მწვრთნელის ხმა ისმის და აღარც მუსიკის. როგორ ახრეხებს ვარჯიშსაც და ლაპარაკსაც ასე ოსტატურად ერთად, ვერ ვხვდები. მე ამ დროს ენაგადმოგდებული გამწარებული ვცდილობ ხარისხიანად  გავაკეთო, რასაც მავალებენ და თან გულში მონდომებით ვიმეორებ ყველა სალანძღავ სიტყვას და გამოთქმას, რაც კი არსებობს და ეს რომ შემომელევა ხოლმე, მერე უკვე თვითონ ვიგონებ ახალ-ახალ ფორმებს.

კიდევ ერთი მოხუცი ქალია, 74 წლის, რომელსაც უკვე ასაკობრივი მარაზმის აშკარა ნიშნები აქვს, კოორდინაციის დარღვევა და გამოფრუტუნება. აზრზე არ არის, რას ეუბნებიან და რა უნდა ქნას. აი, იმ დღეს გაჭიმვების გაკეთებისას, ვერაფრით მიხვდა, ხელი რომელ მხარეს უნდა წაეღო მეორე ხელით და დროზე რომ არ დაგვენახა, მოტეხა თუ არა მხრის ამოვარდნა გარანტირებული ექნებოდა. თან ახმახია, ლამის ორმეტრიანი, ხან ფეხს მარტყამს და ხან ხელს. გამწარებულმა გავბედე და მწვრთნელს ვუჩურჩულე, ეს ტიტანიკი მომაშორე, თორემ გადავირიე, სადაც წავედი, ყველგან ესაა-მეთქი. თან ვერ ვიმჩნევ, მეცოდება. მე ჩემი, განსაკუთრებული, დამოკიდებულება მაქვს მოხუცების მიმართ. მოკლედ, მოვარჯიშეები დასცინიან, რომ რაღა დროს მაგის ესაა და ასე შემდეგ, მე კიდევ ხმალამოღებული ვიცავ, რომ ცოდვაა და ყველა დავბერდებით. ეს რამდენიმე დღეა არ დადის და გუშინ ვიგებ, რომ პლასტიკურ ამბებს იკეთებს, კერძოდ ოქროს ძაფებით სახის გადაჭიმვას. ყბა რომ ჩამომივარდა, მწვრთნელმა იხალისა ჩემს სახეზე და დამიმატა, ასე მითხრა, მეგობარი მყავსო და თავს უნდა მივხედოო. აი ბებო!!! მე კიდევ ცოდვაა-მეთქი :))). ვერა და ვერ ვისწავლე ვერც ადამიანების ცნობა და ვერც სიტუაციების სწორად აღქმა… არადა იმ დღეს გამიკვირდა მისი რეაქცია. ვარჯიშის მერე შევიფუთნე საგულდაგულოდ, ის ამ დროს სარკესთან კეკლუცობდა, რომ დამინახა, სად გეჩქარება, სახლში არ მიდიხარო? და არა, აქედან მოსწავლესთან მივდივარ-მეთქი. უიო, ოჯახი არ გყავსო? უპატრონო ვეგონე 🙂 . ჰოდა, ვინაა ახლა ცოდვა?..

ახლა ის მოსწავლე, რომელთანაც ასე გაწუწულ-გათანგული მივდივარ. ოოო, ეს ცალკე თემაა. ტრადიციულვაკურბობოლური ოჯახი და ასევე ტრადიციულად გამოთაყვანებულგატუტუცებული ორმეტრიანი ბიჭი, რომლის შესაფასებლადაც მხოლოდ ერთი სიტყვა მადგება პირზე, ქართულპოლულარულსამბგერიანი… პირველივე მისვლაზე გამოიჩინა თავი. დავსხედით თუ არა, ადრე დავამთავროთო. ადრე როდის-მეთქი და 5 წუთშიო. ბარემ ახლავე-მეთქი, ავდექი, ჩავიცვი, მე მკიდია, ეს გაკვეთილი გეთვლება-მეთქი და წამოვედი. ( დამავიწყდა ერთი დეტალი- ტიტველ ფეხებზე ჩუსტებით იჯდა და თითებს ათამაშებდა, კიდევ  კარგი, ცივა, თორემ ალბათ საცვლებით დამხვდებოდა. მოკლედ, გადარჩენილი ვარ)მეორეზე აღარ მივედი. დედამ რეკა და მეხვეწა და კაი ჰა, ჯანდაბას, მარტო დაკმაყოფილებული სიამაყე ვერ დაანაყრებს ოჯახს და წავედი. ამჯერად ეზოში იყო. ბებიამ დაიწყო ნერვიულობა და წარამარა დაძახება. მე კატეგორიულად გავაჩუმე, როცა ამოვა, ამოვა-მეთქი. საათი წინ დავიდე. ნუ სადღაც ნახევარი საათი გამოვიდა გაკვეთილი, მე წუთიც არ გადავაცილე, დრო ფული ღირს-მეთქი და წამოვედი.ყველას თავის ენაზე უნდა ელაპარაკო.

დავეშვი კიბეზე, დავიმხე ქუდი, ზედ კაპიუშონი, რაკი გარეთ საშინელი ქარია და სიცივე და მე თმა ისევ სველი მაქვს. «12 თვე» ვისაც გახსოვთ, მაშენკა რომაა დედინაცვლიგან ტყეში გაგდებული,  იმ ვიდზე ვარ. შევდივარ ლიფტში, ვაგდებ ხურდას, კარი იხურება და ლიფტი იჭედება.  ვინმე ნორმალური ჩემს ადგილას დააკაკუნებდა, ან დაიძახებდა, მე საშინლად არაქალურად წიხლები დავუშინე კარს და ისეთი ბრახუნი და ყვირილი ავტეხე, მეზობელი ბინიდან, სადაც, სავარაუდოდ, რემონტია, ყველა მუშა გამოვიდა თავის ბინის პატრონიანად. ეს უკანასკნელი მოვიდა, კარი გამიღო და ეტყობა ჩაყლაპა და ახლიდან ჩააგდეო, ჩავაგდე და იგივე გამეორდა. ბიჭი გაიხა სიცილით, ისევ გააღო, თვითონ ჩამიგდო ხურდა და, როგორც იქნა, დავიძარი.

გაჩერებაზე ნახევარსაათიანი ლოდინის, შემდეგ პიკის საათურ საცობში ორსაათიანი მგზავრობის მერე, მოვედი სახლსა შინა და გავაგრძელე გაკვეთილები. გაგანია თინათინის გამეფების სცენისას გულისგამგმირავი კივილი გაისმა. მეზობელი მოკვდა. ეს გაკვეთილი ხომ ასე კივილ-კივილში ჩავატარე და მას მერე ხან «ხაზარულას» ვხსნი, ხან «ხმელ წიფელს», ხან » ვეფხისტყაოსანს», ხან «დავითიანს» და ლაიტმოტივად გამდევს გლოვა-ტირილი. თან ჯიბრზე ჩემი გაკვეთილების დრო ზუსტად ემთხვევა პანაშვიდებს და სულ ზეპირად ვიცი, მოსამძიმრეების ახალი ნაკადი როდის მოდის. ღამით კი პერიოდულად გრუხუნი მაღვიძებს მაცივრის. არა, ჩემი მაცივრის არა, მიცვალებული რომ ჰყავთ შიგ, იმის. მაინც რა არის ეს საერთო კედელი, გიმრავალფეროვნებს ცხოვრებას.

ჰო, კიდევ გუშინ ამ ყველაფერს რომ მოვრჩი, კანალიზაციამ მცა პატივი და ფეკალიების ზღვა მომივლინა. მშვიდი სახით ჩავუთვალე ხელოსანს  ერთი მოსწავლის მთელი თვის გადასახადი. ახლა უკვე პირდაპირი გაგებით ჩავრეცხე ფული უნიტაზში, ყოველგვარი მეტაფორების გარეშე.

აი, ახლა  გადავწყვიტე თავისთვის პატივი მეცა და თავზე ნიღაბი წავიგლისე. ჩამობანა დავაპირე და წყალი არაა. ჰოდა, ვზივარ ასე გატიტყნილი და ვწერ. ცხოვრება მშვენიერია და რა მოგაწყენს!!!

მალე დაღამდება, მე ისევ ვეცდები დაძინებას მაცივრის გრუხუნსა და საკმევლის სურნელში( მღვდელი მოიყვანეს უეჭველი) და გავუმეორებ თავს, რომ ამაოა ეს ყველაფერი, რომ არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, მერე რა, თუ არაფერი გამოდის აქედან, რომ მთავარი აზრი შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში, რომ არა პურითა ცხონდეს ადამიანი, რომ ნეტარ არიან მაშვრალნი და კიდევ ათას ასეთ სიბრძნეს, რომელიც სიბრძნედ, მხოლოდ წიგნში და გაკვეთილისას მეჩვენება და როგორც კი რეალობაში გადმომაქვს, მაშინვე ყ..ობად იქცევა, რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად და ხშირად. და მე ბედნიერი მივეცემი ძილს და არ შემეშინდება ხვალის გათენების, რაკი არ მემუქრება  სოდომ-გომორისტობასთან თანაზიარობა 🙂

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

13 комментариев на «ერთი ჩვეულებრივი კვირა»

  1. კატერინა, შენ გაიხარე ჩემი გახალისებისთვის 🙂 🙂 მარტო მე არ ვყოფილვარ ასეთ ია–ვარდით მოფენილ გზაზე, ყოველ ჯერზე ფურთხებით «ჩემი ცხოვრების დედა ვატირე» :დ

  2. 🙂 ველოდი ამ კომენტარს და აჰა, არც დაახანე 🙂 აბა როგორ, ეჭვი გეპარებოდა მაგაში? ჩვენ ტყუპად მივუყვებით ვარდებით და გვირილა-იებით მოფენილ გზას 🙂

  3. ვიცინო თუ ვიტირო მდგომარეობაა ზუსტად 🙂 🙂

  4. ალბათ ორივე ერთად… ჩემთვის ეგებ კიდეც ვიტირო, ისე კი ვიცინი… «მოცინარი და მოტირალი» გამახსენდა ისევ… გენიალური იგავია

  5. მომწონს შენი ბლოგი……… ძალიან მომწონს

  6. გამიხარდა. დიდი მადლობა და ყოველთვის გელი ხელგაშლილი :*

  7. ბებო რა ქალია :)))))) ძაან ვიხალისე ^_^

  8. მაგარი 🙂 ძალიან კარგი, მიხარია, თუ გაგახალისა პოსტმა.

  9. ბებო :დ სწორია ყველამ უნდა იცოდეს და გაიგოს დროის ფასი (დედაჩემიც ეგრეა :დ)!

  10. კი, ხოდა რომ ვერ გაიგო ვერც დროის და ვერც შრომის ფასი, ერთ გაკვეთილზე გონებაში წვრილ კუპიურებად დავშალე ასაღები თანხა და სათითაოდ დაგოგრგლილი შევტენე დედა-შვილს :დდდ დავიხურე ქუდი და წამოვედი 🙂

  11. tami:

    რატომ არ მქონდა აქამდე წაკითხული მშვენიერი ტრაგიკომედია იყო მოთხრობის სტილში. სამწუხარო ისააა რომ რეალური ცხოვრებაა აღწერილი.

  12. ხო, მახასიათებს ეგ მე, ღლიცინი საკუთარ თავზე 🙂 ასეთებს კიდევ ნახავ აქ 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s