ნამსხვრევებისგან

-შენთან ეს ამბავი მეორედ დაბადებაა.168678_163082283742100_8111708_n

-ახალშობილის კვალობაზე ერთობ ზორბა, ოფლიანი და დაკმაყოფილებული ხარ.

თვალებს ჭუტავს, იცინის და თმას მქაჩავს. კოლოფიდან ორ ღერს იღებს, ორივეს უკიდებს. ერთს მე მირჭობს პირში:- ჯობია მოწიო, თორემ კიდევ რამე ოხრობას იტყვი.

ვეწევი. ვაკვირდები კვამლის ჩასვლა-ამოსვლას,  ვცდილობ ფერფლი არ ჩამომეყაროს. სხვა არაფერი მაღელვებს და მაინტერესებს ამ მომენტში.

-ჩემი ცოლი უნდა მოგაბარო,- აბურძგნილ თმებს ილაგებს და თან რგოლების გამოშვებას ცდილობს( ბანალურია ეს სცენა, მაგრამ სიტუაციას ასე სჭირდება).-რას იტყვი?

არაფერსაც არ ვიტყვი. მრავალმნიშვნელოვან პაუზას გამოვიყენებ და კიდევ უფრო მრავალმნიშვნელოვან ღიმილს. ყველაფერზე პასუხის გაცემა სულაც არაა საჭირო და არც ყველაფრის მოსმენა და გააზრებაა აუცილებელი. რომ მოვუსმინო, გავიაზრო და ვუპასუხო, უნდა ვუთხრა, რომ აქამდე თუ ვერაფერი ისწავლა ასეთი პარტნიორის ხელში და არც სურვილი უჩნდება ამის, მე რომელი კამასუტროლოგი ვარ, ან რომელი სექსოპათოლოგი, რომ მის ფრიგიდულობას ვუმკურნალო?  იქნებ თვითონაც მეთანხმებოდეს, მაგრამ რა საჭიროა ზედმეტი ჩხიკინი? ცოლია მაინც, წმინდა და ხელშეუხებელი.

მისი არსებობა სრულიად არ მიშლის არც ნერვებს და არც ხელს რაიმეში. აი, მას ვუშლი თუ არა, ეგ არ ვიცი. წესით, არც მას უნდა ვუშლიდე, თუ ჭკუა აქვს. არაფერში ვეცილები, არაფერს ვართმევ  გარდა იმისა, რომ კვირაში ორჯერ ( ზოგჯერ სამჯერაც,ზოგჯერ  კვირაში ერთხელ, ზოგჯერ ორ კვირაში ერთხელ-ეს ჩვენ-ჩვენი გარემოებების და დაკავებულობის ხარისხიდან გამომდინარე) რამდენიმე საათით  ვსარგებლობ მისი ერთგული თანამეცხედრით, რომელსაც დიდსულოვნად ვაძლევ საშუალებას განიტვირთოს დაგროვებული უარყოფილი ემოციებისგან, დაიცალოს მოზღვავებული განუხორციელებელი ეროტიკული ფანტაზიებისგან და შესაბამისად, ვეხმარები ორივეს: ამას, ახლა გვერდით რომ წევს და ნეტარი დეგენერატის ღიმილი აქვს სახეზე, იმაში, რომ უზომოდ ბედნიერია, კმაყოფილი და უკვე გეგმავს წინასწარ მომავალი შეხვედრის დროს, იმას კი, ვინც სახლში ელოდება-  რამდენიმედღიანი გარანტირებული სექსუალური შვებულებით ტკბობის შესაძლებლობაში. მასთან ყოფნის სიმრავლე პირდაპირპროპორციულია ჩემთან ყოფნის სურვილის მომატების, ჩემთან ყოფნა კი უკუპროპორციულია მასთან ყოფნის სურვილის. ცოტა რთული ალგებრაა, მაგრამ რაკიღა ისინი სანქციადადებული არიან, ჩვენ კი-არა, ამიტომ არც ერთი პროპორცია  იცვლება და ყველა თავისი ჯერით მიდის. დაზარალებული არავინაა, არც მე. ყოფის ორომტრიალმა დიდი- დიდი სამი დღე შემანარჩუნებინოს სიმშვიდის და გამთლიანებულობის ეს განცდა, მაგრამ ესეც რამეა. ეხუმრები ამ საგიჟეთში სამი დღე მშვიდ, გაწონასწორებულ მდგომარეობას?

-გიყვარვარ?

აი, ამას რატომ მეკითხება ყოველ  ჯერზე, ვერაფრით გამიგია. მე მსგავსი კითხვა არც მომივა თავში. სხვადასხვა ჯერზე პასუხი სხვადასხვაა: ხან «კი, აბა რა», რომელიც ჩემი აზრით ჟღერს, როგორც «ნეტავი შენ», ხან «როგორც შენ, ისე მე»( თვითონ არკვიოს, დადებითია პასუხი თუ უარყოფითი), ხან ვიღიმი და ვდუმვარ მრავალმნიშვნელოვნად. დღეს ბოლო ვარიანტს გამოვიყენებ პატარა შტრიხის დამატებით, თმებში თითებს შევუცურებ, ახლოს მოვწევ და  ვაკოცებ. საინტერესო ისაა, რომ პასუხის ყველა ვარიანტი აკმაყოფილებს.

საათს ვუყურებ.

-რა გეჩქარება, იყავი კიდევ ცოტა ხანს.

ვუღიმი, ვკოცნი და ჩაცმას ვაგრძელებ.

-დარჩე მინდა.

-მეც მინდა, მაგრამ არ გამოდის, გარემოებები სურვილებს არ ემთხვევა ყოველთვის.-აქ ისევ ვკოცნი, ოღონდ ამჯერად უფრო ხანმოკლედ და ნაკლებმხურვალედ, რადგან დიდი შანსია ისევ მომიწიოს გახდა, მე კი წესად მაქვს დროულად წასვლა. ესეც ერთგვარი ხელოვნებაა, ისე წამოხვიდე ადამიანისგან, რომ არ ეთმობოდე და არა ისე, რომ თვითონ გტენიდეს კარში, ჰა ახლა, წადი დროზეო.

კარიდან ჩუმად გამოვიდვარ, ის მიჭერს, უკან მათრევს და მკოცნის გიჟივით, უკვე მერამდენედ მართმევს პირობას, რომ შეხვედრამდე არ დავიკარგები, რომ ან დავურეკავ, ან მივწერ, ან  ინტერნეტით დავეკონტაქტები. მე ტრადიციულად ვიღიმები და ვპირდები, თუმცა ორივემ ვიცით, რომ პირობას არ შევასრულებ.  ეს  შეხვედრიდან შეხვედრამდე გაქრობა-გაუჩინარება აასმაგებს მის მონატრებას, გაურკვევლობას, მოლოდინს , შიშს და ეს ყველაფერი, ადრენალინად ქცეული,  ცის გახსნასავით ელოდება მომავალ პაემანს, რომ დაუხარჯავი გრძნობა და ვნება ბოლო წვეთამდე ჩამოწუროს.

მეც ველოდები.

სადღაა ადგილი რომანტიკისთვის. ყველაფერი, რაც რომანტიკულია, წარმავალია და მტკივნეული. რაც მეტად იოლად უყურებ ურთიერთობას,  მით უფრო ჰარმონიულად ეწყობა თურმე და გაცილებით გამძლეა და ცეცხლოვანი, ვიდრე ლამაზი სიტყვებით შეკრული სანთლებ-ყვავილების ჭყეტელა თაიგული, რომელიც დროთა განმავლობაში უსუნო ხელოვნურ ყვავილებს ემსგავსება, ფერგადასულს და უგემოვნებოს… თუმცა თუ დროულად დაფურცლავ, გაახმობ და ფანტაზია და გემოვნება არ გღალატობს, ეგებ მშვენიერი აპლიკაცია გამოგივიდეს. მერე იქნებ კედელზეც კი დაკიდო, ჩარჩოში ჩასმული, და ბევრი დატოვო მოხიბლული მისი ორიგინალურობით.

ტაქსიში ვჯდები.(ესეც ბანალურია ალბათ, მაგრამ სიტუაციას უხდება) sms მოდის, ვხსნი:

» უკვე მენატრები»…

მე ისევ ვიღიმი, შუშას ბოლომდე ვწევ  და შუბლს ვუშვერ საღამოს სიგრილეს(ცოტას ესეც წაიბანალურებს).

ყოველთვის მიტაცებდა ნამსხვრევებისგან ახლის კეთება.ესეც ბანალურია ვითომ?

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

10 комментариев на «ნამსხვრევებისგან»

  1. «საიტერესო ისაა, რომ პასუხის ყველა ვარიანტი აკმაყოფილებს.» ეს მომენტი მომეწონა :))))))))

    «ყოველთვის მიტაცებდა ნამსხვრევებისგან ახლის კეთება.ესეც ბანალურია ვითომ?» – ბანალურობაზე ფიქრით ტვინის დაღლა არ ღირს, საბოლოო ჯამში ალბათ ყველაფერი ბანალურია 🙂

  2. ხო, მეც ასე ვატყობ, რომ საბოლოოდ ყველაფერი ბანალურია 🙂

  3. დროხწიბი დროხწიბი დროხ 🙂 რამ გამახსენა 😀 ეგ იქით იყოს და ცოტა ავიბენ დავიბენი… ჰმ…

  4. კრექს, ფექს, პექს 🙂 🙂 ვიკითხო რატომ თუ მრავალმნიშვნელოვნად გავჩუმდე ნეტავ? 🙂
    პ.ს.კარგია აბნევ-დაბნევა. აბა ყველაფერი თუ ადვილად დალაგებულია, საინტერესოობა სადღაა მაშინ 🙂

  5. მეც მრავალვნიშვნელოვნად გიპასუხებ მაშინ… დუმილით 🙂

  6. სწორი გადაწყვეტილებაა. მე გამახარა შენმა შეფასებამ, გამოსულა პოსტი 🙂

  7. დროხწიბი, დროხწიბი, დროხ… 😀

  8. 🙂 ვოტ ვოტ, ზუსტად და კიდევ პო შუჩემუ ველენიუ პო მოემუ ხოტენიუ 🙂

  9. MAKA:

    „ცოლია მაინც, წმინდა და ხელშეუხებელი…„
    „უკვე მენატრები…„——ესეც ბანალურია,მაგრამ სადღღღაც სასიამოვნოა ეს ბანალურობა…

  10. კი, მართალი ხარ… 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s