მჭადი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და გამოკითხვა

გაურკვეველი დღეები რომაა, ისეთი დღეა დღეს. გქონიათ ასე? ვერ არკვევ, რა telefonტემპერატურაა, რა ამინდია, ჯერ კიდევ დღეა თუ უკვე ღამდება, გშია თუ არა, გეძინება თუ არა, წასვლა გინდა თუ დარჩენა გირჩევნია და საერთოდ, გინდა რამე თუ არა. აი, ზუსტად ასეთი დღე მაქვს დღეს. დილიდან ვარკვევ და ვარკვევ. ერთი, რასაც გარკვევა არ უნდოდა, რაკი ისედაც ვიცოდი, რომ საშინლად არ მინდოდა, მაგრამ ოჯახის ბიუჯეტს უნდოდა სასომიხდილად, მოვითავე დილიდან-მოსწავლე ვამეცადინე. მერე ხან კითხვა დავიწყე და მივაგდე, ხან კერვას მივადექი და ისიც მივატოვე. მერე წასვლა გადავწყვიტე მეგობართან. ჩავიცვი კიდეც. კაი ხანს ვიბორიალე ოთახებში, მერე წარმოვიდგინე, რომ გაწვიმდება, ქოლგა არ მექნება, რაკი ვერ ვიტან და არასდროს დამაქვს თან, გავილუმპები, მერე აუცილებლად გავცივდები და ჩემი ახლად მორჩენილი ანგინა ისევ იჩენს თავს და უყოყმანოდ გადავიფიქრე. ისევ მოვშინაურდი და უცებ მივხვდი, რომ კაი იქნებოდა ახლა ცხელი მჭადი და ყველი და კიდეც დავაკარი თვალის დახამხამებაში.

რეკავს სახლის ტელეფონი. საერთოდ, სულ უსაქმოდაა ეს საწყალი და კიდეც თუ რეკავს ვინმე, არავინ პასუხობს და იხევა ასე თავისთვის საცოდავად, მაგრამ ახლა იქვე ვიყავი და ვუპასუხე. ვიღაც წიკვინა გოგო იყო. რაღაც გამოკითხვა არისო.  ისე საწყალობლად მთხოვა, გული მომიკვდა. თანაც რაკი პოლიტიკასთან არაფერი იყო საერთო, დავთანხმდი.

გზადაგზა მომეძალა სინანულის გრძნობა( რა ვიცი ეს, ჯერ ვაკეთებ და მერე ვნანობ), რადგან კითხვები არასდროს არ დამთავრდა. საყოფაცხოვრებო ტექნიკას ეხებოდა გამოკითხვა და ცნობილ ბრენდებს. მაფასებინა და მაფასებინა 5 ბალიანი სისტემით. მომწყინდა-მეთქი და ვაიმეო, სულ ცოტა დარჩაო. საწაყლი, ეტყობა ვერავინ გაუძლო ამდენ ხანს. მეც მოვიკრიბე მთელი ჩემი დარჩენილი ჰუმანურობა და მოთმინება და გავაგრძელეთ. არც ვინანე, სხვათა შორის. ყველაზე საინტერესო ბოლო ნაწილი იყო.

-წარმოიდგინეთ, რომ ჩამოთვლილი ბრენდები და მათი ნაწარმი არიან ადამიანები. ალო, ალო, ქალბატონო…

მე ყურმილი გამივარდა და ისეთი ფხარკალი ავტეხე სიცილით, ტელეფონი გადმოვაგდე და ჩაბჟირებული ხმას ვეღარ ვიღებ.

-ქალბატონო, სულ ცოტაც და დავამთავრებთ

-მაცალე ჯერ-ამოვიკვნესე და სული ძლივს ამოვითქვი. გავაგრძელოთ-მეთქი.

-წარმოიდგინეთ, რომ «არისტონი», «ბეკო», «სამსუნგი», «ვესტელი»ადამიანები არიან, ჩამოთვლილი ზედსართავი სახელებიდან რომელს მიუსადაგებდით?კომუნიკაბელური, კოსმოპოლიტი, მომხიბლავი, ექსცენტრული, სანდო და ერთგული, პატიოსანი, ქალური, მამაკაცური( კიდევ იყო სხვა ზედსართავებიც, მაგრამ დამავიწყდა). ღადაობ-მეთქი? და უი, არაო, დავიწყოთ არისტონითო.

ნუ, დიდი ვერაფერი ექსცენტრულია და მოსაუბრეც საკმაოდ უჟმურია- მეთქი, არც მაგისი სექსუალობა მომწონს, ამიტომ ყველა პუნქტში 3-ს დავუწერ-მეთქი. აი, ბეკოში რაღაც კაცური საწყისი მეტია და გამძლეობასაც არ უჩივის-მეთქი. სამსუნგი კი არაჩვეულებრივი მოსაუბრეა,იმ დღეს ისე კარგად ვიჭუკჭუკეთ, მეტი რომ არ შეიძლება-მეთქი. ვესტელში უფრო ქალურ საწყისს ვხედავ, თავდაჯერებულობით კი მაინც სამსუნგია გამორჩეული -მეთქი. ზედ ეტყობა თავდაჭერილობაზე, რომ იცის საკუთარი თავის ფასი-მეთქი.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო,მივყევი და მივყევი, ეშხშიც კი შევედი და თან ვიხეოდი სიცილით. ის კიდევ მისმენდა და იწერდა ქულებს 🙂 . საუბრის ბოლოს ისეთი აჩუყებული მადლობა მითხრა, ცრემლი მომადგა.

მართალია, ამ უცნაურ საუბარს ჩემს ბეკოს გაზქურაზე შემოდგმული იმერული მჭადი ემსხვერპლა, მაგრამ  სიცილი და დადებითი ემოცია გაცილებით სასარგებლოა. ახლა დავწერ ამას, გავხეხავ ტაფას და თავიდან გამოვაცხობ თხელ იმერულ მჭადს და ყველთან და პომიდორთან ერთად  მიგირთმევთ გულიანად. ამას ვერაფრით გადავიფიქრებ, დილიდან ვხედავ, როგორ ვდებ გაჭრილ ორთქლადენილ მჭადში ყველს, მერე როგორ ვაწებებ ნახევრებს და ვაცდი, რომ კარგად ჩალბეს, მერე ვჭრი პომიდორს, ვკბეჩ მჭადს, ენას ვაშველებ გაწელილ ყველს და იქვე ვიტენი პომიდორს, რომ ერთად დავღეჭო… უფ… და აქ  ჯულია ლამბერტი მახსენდება, ლუდის კათხით და გენიალური ფრაზით:»Что тaкое любовь по срaвнению с бифштексом?» 🙂

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «მჭადი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და გამოკითხვა»

  1. tami:

    ვჭრი პომიდორს, ვკბეჩ მჭადს, ენას ვაშველებ გაწელილ ყველს და იქვე ვიტენი პომიდორს, რომ ერთად დავღეჭო… უფ…
    აქ მე გავიხიე სიცილით:) რანაირი ჭამა გცოდნია :დ

  2. სულ ტყუილად, გადასარევი ჭამა ვიცი მე, გემრიელი. ასე იდეალური კანაპე გამოდის, ცალკ-ცალკე სხვა გემო აქვს.ვიზუალურად სულაც არ ჩანს ცუდად და სასაცილოდ 🙂

  3. Jane:

    ვაიმე კატერინა მშვენიერი პოსტი იყო :)))
    დიალოგზეც კარგად ვიცინე და კიდევ მომაშიე, არადა ახალახან დავბრუნდი სასადილოდან….

  4. მადლობა 🙂 კი, მეხერხება ეგ, ჭამაც გემრიელი ვიცი, კეთებაც და აღწერაც, ამიტომაც ჩემ გვერდით არავინ უჩივის უმადობას 🙂 დიალოგი მართლა განსაკუთრებული იყო, აქ კიდევ არ ეტყობა ისე, ცოცხლად უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s