მე, შენ და ფრენსისი

ი.ლ-ს

18199662

კარგა ხანია, არაფერი მიმიმატებია აქაურობისთვის. ისედაც, ვატყობ, რომ ამ ბოლო დროს გაცილებით იშვიათად მიჩნდება რაიმეს წერის სურვილი და რაც დრო გადის, მით  მეტად იზრდება ინტერვალი. არ დავმალავ და სულ ერთი სულაც არაა ეს ჩემთვის და ვერ ვიტყვი, რომ არ მაწუხებს, მაგრამ არც ის მინდა, თავს ძალა დავატანო და ვწერო მარტო იმისთვის, რომ ბლოგი არ გავაციო. არც არასდროს დამიწერია ამისთვის. ისიც კი ვიფიქრე, ეგებ ამ ექსპერიმენტსაც გაუვიდა ვადა და დროა დავამთავრო-მეთქი, მაგრამ რაღაც ვერ გავიმეტე. მიზეზებსაც დავუწყე ძებნა, თუმცა დიდი საძებარ-გამოსაკვლევი არაფერია.

პრობლემებზე აღარ ვწერ, რაკი რაც მაწუხებდა ისევ ისე მაწუხებს დღესაც და ისევ ისე ვფიქრობ მათზე, როგორც ადრე. რა შეცვლიდა? ირგვლივ არაფერი იცვლება, არც ადამიანები, არც ცხოვრება. ხოდა, ასე წრეზე ხომ არ ვივლი?

წიგნებზე წერა არ მინდება. ჯერ ერთი, იმიტომ რომ არც არასდროს მქონია აღებული ეს გეზი და მეორეც, მშრალი მიმოხილვითი ტექსტის დაწერა არ მინდა, ემოციები კი რატომღაც სადღაც გაქრნენ. ამის გარეშე კი არასდროს არაფერი მიკეთებია.

ფანტაზიამ მიიძინა, რაკი არაფერი საინტერესო და ახალი არ ხდება, არც კარგი და არც ცუდი. კარგი ისედაც იშვიათია, ცუდი კი- სამიდღემჩიო და შეგუება იცის, ეჩვევი საკუთარი კანივით  და ვეღარც გრძნობ მის არსებობას.

დღეს მომინდა დამეწერა. ვწერ ადამიანზე, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელთანაც დაკავშირებულია ჩემი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო წლები, რომელსაც ბევრ რამეს ვუმადლი, რომელიც ყველაზე კარგად მიცნობს, საკუთარი თავის შემდეგ, რომელსაც უპირობოდ ვუყვარვარ და სულ ვახსოვარ, ჩემი საშინელი ხასიათის და ქცევის მიუხედავად, რომელიც საუკუნეა არ მინახავს და გარდა იმისა, რომ არ მსაყვედურობს, არც მეკითხება მიზეზს…

სტანდარტების მიხედვით, მეგობარი უნდა ვუწოდო ალბათ ( სიტყვა დაქალს ვერ ვიტანდი ვერასდროს), მაგრამ სინამდვილეში ეს კიდევ სხვა რამეა. ხანდახან მგონია, რომ ის ცალკე აღებული ადამიანი კი არაა, არამედ მე, ოღონდ სხვა შეფუთვით. არა იმიტომ, რომ ძალიან ვგავართ ხასიათებით, სულაც არა. მე ვიტყოდი, პირიქითაც კია, თუ არ ჩავთვლით ინტერესების საერთოობას და შეხედულებების დამთხვევებს, თუმცა არც განსხვავებებია ნაკლები.

ჩვენ ერთად ამოვიზარდეთ იმ საშინელი ეპოქაში, რომელიც, საბედნიეროდ, იმ დროისთვის უკვე კაი გვარიანად იყო მოყანყალებული და მისი საბჭოური სიმახინჯეები ხან გროტესკად აღიქმებოდა ჩვენგან, ხან ტრაგედიად, ხან ტრაგიკომედიად, ხან სატირად. მისგან გადარჩენას წიგნებით, ფილმებით, სპექტაკლებით, მიჩუმათებულ საღამოებზე სიარულით, მოგონილი თუ ნამდვილი love-story-ებით, თითზე ჩამოსათვლელ გასაცოდავებულ კაფეებში ჯდომით, ერთმანეთთან მუსიკის  სმენით, ზოგჯერ ლოთობით, აყროლებული საბჭოთა სიგარეტის ჩუმ-ჩუმად ქაჩვით ფილტვების გახეთქვამდე, უნივერსიტეტის( აქ დავაკონკრეტებ, რაკი ახლა ყველას უნივერსიტეტი  ჰქვია-თსუ)» ბირჟაზე» დგომით, მის ბაღში არსებული ბოჰემით( რაკი  თავად შენობაში დიდად საინტერესო არაფერი ხდებოდა და სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ ცოდნასაც გარეთ უფრო მეტს ვიღებდით, ვიდრე შიგნით), ქალაქგარეთ ხეტიალით, ერთმანეთისთვის  გაუთავებლად წერილების წერით და მერე ამ წერილების ხელიდან ხელში გადაცემით( განსაკუთრებულად საინტერესო იყო, ლექციაზე ერთმანეთის გვერდით მჯდომები რომ ვწერდით ამ წერილებს და შესვენებაზე ვცვლიდით), შეტენილი გამოცდებით, საშემოდგომოებით და მერე სიმწრით მიღებული ნიშნით, გადაკიდებული ლექტორებისთვის ნერვების შლით,  მორჩილ-დამჯერე-მოწინავე თანაკურსელების დაცინვით, მათი ბოღმიანი ფანტაზიისთვის მარადიულ ჭორის მუზებად ყოფნით და კიდევ მრავალი ასეთი ხერხით ვებრძოდით…

დავდიოდით სასაცილოდ ჩაცმულ-დახურული ორი ქენქერა, მოთავზეხელაღებულო გოგო და ქვეყანა ჩვენი გვეგონა.

დიდი დრო გავიდა მას მერე. წლებმა და ცხოვრებამ ისე გვირტყა ორივეს, მთელი ადგილი არ დაგვიტოვა არსად, ისიც მოახერხა, ჩვენი განუყოფლობა და სხვებისთვის საჭორაოდ ქცეული დუეტი დაეშალა. თუმცა არის რაღაც, რის წინაშეც დროც უძლურია და ცხოვრებაც. ეს ჩვენი შინაგანი განუყოფლობაა, რომელსაც ვერანაირი სიშორე ვერ ცვლის. ჩვენ გამოვიკეტეთ ჩვენ-ჩვენ ბუდეებში, გარე სამყაროსგან თავდასაცავ სანგრებად რომ ვაქციეთ და მათ გასალამაზებლად კედლებზე ის ავაკარით, რამაც აქამდე გაგვაძლებინა, რამაც აქამდე შემოგვინახა ერთმანეთი.

დღეს დილით ფილმის ლინკი გამომიგზავნა. არ ვიცი, გინახავთ თუ არა. «ფრენსისი»-ჩვენი ბავშვობის ფილმია. ეს იმ ფილმთაგანია, რომელიც იმ გარემოსთან ბრძოლაში გვეხმარებოდა, რომელშიც ათასგვარი მეთოდით ცდილობდნენ ჩვენს დაზომბებას. ვერც დავთვლი, რამდენჯერ ვნახეთ ეს ფილმი, ყოველ ჯერზე ცრემლით და კბილებში გამოცრილი ფიცით-«ვერ გაგვაფრენსისებენ!»

დიდი ხანია ვეძებ ამ ფილმს და ვერსად მივაგენი. თურმე ისიც ეძებდა, იპოვა და გულმა მითხრა, რომ გენატრებოდაო.

ვუყურებ ახლა ფილმს და ვხვდები, რომ მარტო ეპოქა არაფერ შუაში ყოფილა. ცხოვრება ისეა აწყობილი, რომ დიდ ომს ჰგავს, ომს საკუთარი აზრის და თავისუფლების დაცვისთვის…

ჩვენ მოვახერხეთ.

ვერ გავფრენსისდით…

პ.ს გიტოვებთ ფილმს, ეგებ ნახვის სურვილი გაგიჩნდეთ

Фрэнсис

Запись опубликована в рубрике მიძღვნა :) с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «მე, შენ და ფრენსისი»

  1. ფილმის ნახვა რომ მომანდომე, ცხადია, ოღონდ, მგონი, ისედაც ვხვდები, რაც უნდა იყოს და «არ გაფრენსისდეს» მნიშვნელობაც მესმის.

    ძალიან კარგი პოსტია, კატერინა.

  2. ემოცია მეწვია, თან ისეთი, გულიდან ტვინამდე რომ ადის, ალბათ იმიტომაც გამოვიდა. რაკი შენ ამბობ, ალბათ გამოვიდა. გამახარე. ისეთ ადამიანზე ვწერდი, ცუდი რომ გამოსულიყო, თავს ვერ ვაპატიებდი. მადლობა, მოლი :*

  3. ეს მეორე ფილმი იქნება რომელსაც შენი «რეკომენდაციით» ვუყურებ 🙂 რა აღმოვაჩინე პოსტში და რა მომეწონა ამის ჩამოთვლას არ დავიწყებ, ისედაც იცი რომ ძალიან მომეწონა, ბევრი რამ მეცნო 🙂

  4. ხო, ვიცი, რომ გეცნობოდა 🙂 . კიდევ ერთ ფილმსაც მოვაყოლებ, უმაგრესს, მომაკვდინებელს http://www.kinopoisk.ru/film/15559/ ძლივს მივაგენი რუსულად 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s