კარადა

260340_219598098080255_112397672133632_686343_5525937_n

სრულიად გაუგებრად, საიდან- არ ვიცი და როდის- არ დამინახავს, სახლში შესულს უშველებელი კარადა დამხვდა. ამის ამოტანას კი დასჭირდებოდა 10 კაცი და სულ ცოტა ერთი საათი და როგორ მოხდა, რომ არაფერი გამიგია და არ ვიცი, უცნაურია ერთობ. თუმცა რას დავეძებ.ეს ზუსტად ისაა, რაც მჭირდებოდა- ძველისძველი, უცნაური, დიდი, ტევადი, უამრავი განყოფილებით, დიდი უჯრებით, საკიდებით, თაროებით, სამალავებითაც კი. ვიკაპიწებ ხელებს და ვიწყებ მის გასუფთავებას. კარგად გახეხვა-გაპრიალების შემდეგ ვითვისებ.

გადმოვყარე ყველა კარადიდან თუ თაროდან, მაგიდიდან თუ კომოდიდან ყველაფერი. ვახარისხებ. ვტოვებ მხოლოდ საუკეთესოებს, ზოგს ღირებულების და ზოგს პირადი დამოკიდებულების მიხედვით. დანარჩენს ვყრი ამ ჯღან ავეჯთან ერთად. სიმწრით ვაჩოჩებ ყველას აივანზე და პიდაპირ კიბიდან ვუძახებ ეზოში. ვუსმენ ხრიგინის და მტვრევის ხმას და ვტკბები პროცესის ცქერით.

შემდეგი  ეტაპი დალაგებაა. ერთ მხარეს ტანსაცმელია, უკვე გადარჩეული, მოსაფრთხილებელი, საუკეთესო. ქვევით ფეხსაცმელები. მარჯვენა მხარეს თაროებში  ყველა საყვარელი წიგნი თავსდება და როგორც გაირკვა, არც არაფრის  გადაყრა გახდა საჭირო. მიხარია, რადგან ყველაზე მეტად ეს გამიჭირდებოდა, არც ვიზამდი და სადმე მომიწევდა მათთვის დამატებითი ადგილის გამონახვა.

ზედა უჯრებში სამკაულებს და ასეთებს ვინახავ. შუაში, დახურულ გაყოფილებაში,-ჭურჭელს, სამალავში- მთელ ჩემს საწყალ დანაზოგს.

მოკლედ, ასე რუდუნებით ვკოწიწობ და დღის ბოლოს ყველაფერი მზადაა. სახლი თითქოს გაიზარდა, თუმცა არც აქამდე უჩიოდა უამისობას. ამ უზარმაზარმა მუტანტმა კარადამ  სივრცე და ჰაერი მოუმატა აქაურობას. ვზივარ და ვტკბები.

საკუთარი შრომით და თავით კმაყოფილი გავდივარ დამსახურებული ყავა-სიგარეტის რიტუალის ჩასატარებლად. ვბრუნდები უკან და ოთახი ცარიელია.  ძველისძველ შპალერზე  აღარც ირჩევა, რამე თუ ეხატა ოდესმე, ახეული ადგილები ლაქებად ჩანს და ბზარები- ნაოჭებად. ვდგავარ გაოგნებულ-დამუნჯებული. კარადას ვინღა ჩივის, უყველაფროდ დავრჩი!!! ოჯახის წევრებს ვეკითხები და არაფერი დაგვინახავსო. მოკლედ,  ვზივარ ცარიელ ოთახში და ვფიქრობ, როგორც მოვახრეხო, გამოვძვრე ამ მდგომარეობიდან…

***

მას მერე, რაც სიზმრებს აღარ ვხედავ, თვითონ ვისიზმრებ ხოლმე, რასაც მინდა, ძილამდე ბურანში ყოფნის დროს. მას მერე, რაც ასეა, თუკი მოხდა და ნამდვილი სიზმარი ვნახე ნამდვილ ძილში, ის არასდროსაა სიზმარივით აბდაუბდა, ან ახსნას რომ  საჭიროებდეს, ისეთი. სიურეალიზმსა და მუნჯ კინოს შორის გაჩხერილი, ის ყოველთვის დასკვნაა… მგონია, რომ მარტო საჩემო არაა ეს დასკვნა-წარსული გადარჩეულია, ზოგი შენახული, ზოგი გადაყრილი, აწმყო კოწიწდება და თვალსა და ხელს შუა ქრება…

p.s. ჩემს შვილს მოვუყევი სიზმარი და იქამდე რომ მივედი, აი ყველაფერი რომ შევალაგე უკვე, გამაჩერა და მკითხა, გაქრა ხო კარადაო?..

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «კარადა»

  1. მეც პირველი რაც გავიფიქრე აუცილებლად გაქრება კარადა მეთქი 🙂 ე.ი. ყველაფერი ჩაალაგე სადღაც და გააქრე, კარგია თავიდან დაწყება 🙂

  2. გაიფიქრებდი, დარწმუნებული ვარ. ჩვენი ფიქრები უცნაურად მისდევენ ხოლმე ერთმანეთს :). ხო, კარგია, ოღონდ აი ცარიელობის მომენტი ვერაა სასიამოვნო, სანამ შეავსებ 🙂

  3. ვაჰ. დახარისხება და ყველაფრისთვის თავის ადგილის მიჩენა კარგია თუმცა მათ გარეშე დარჩენა არც მე მგონია კარგი. მაგრამ მეორე მხრივ, ძალზედ საინტერესოა, ხელახლა, თავიდან ასეთი ცარიელი, რას და სად მიუჩენ ადგილს. 🙂

  4. უჰ, ჩემო ცოტნე, მერამდენედ, რომ იცოდე 🙂

  5. Rusa:

    — ვინმე მჭირდება, ვინც ჩემს სიზმრებს ჩაიწერს :))
    — უფ, რა ხანია, მაგას ვეძებ მე კიდევ იმას, ვინც ჩემს სიზმრებს დახატავს. რა მაგარია ისე, შენი სიზმრების ილუსტრაციებად რომ გამოდგეს ჰა? :დ
    —————
    ჩვენი ეს დიალოგი გამახსენდა :დ

  6. მახსოვს ეგ ამბავი მე 🙂 ეტყობა ჩემი სიზმარი რაღაცით მიესადაგა ან სიზმარს, ან მის ილუსტრაციას 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s