მკვდარი მზე

582230_326068794147866_2120455802_n

ბავშვობაში წყალს უყვებოდა ხოლმე ცუდ სიზმრებს, ატანდა. მას მერე, რაც სიზმრები დაკარგა, თვითონ იგონებს სიზმრებს, ალაგებს და იწერს ყოველ ღამით ძილსა და სიფხიზლეს შორის რომაა ადგილი, იქ. მას მერე, რაც სიზმრების გამოწერა დაიწყო, რეალობაში სულ უფრო და უფრო ხშირად ხედავს წყლისთვის გასატანებელს.  საეჭვოა, ონკანი მოერიოს  ამას…

***

ნაცრისფერ სიცივეში ჭუჭყიანს ჰგავს ცა. ხელისგულებით მიეყუდა ფანჯარას. სიცივე თითებს გაჰყვა და იღლიებში შეუძვრა. შავად გაშეშებული ხის თავზე მკვდარი მზე კიდია, ტოტზე   პარკის ნაგლეჯია შერჩენილი, გამოკვანძულია, თან ვარდისფერი. უხდება კიდეც.

კვამლს ნელ-ნელა უშვებს. შუშას ედება და აქეთ-იქით გადი-გამოდის ზოლებად. ურჩევნია მზე ცხარე იყოს, ფანჯარა- ღია და იქიდან ცხელი ჰაერი შემოდიოდეს. არადა, სადღაც სულერთიცაა. ის კი არა, იქნებ ამ წუთას ასეც სჯობს, უკეთესიცაა, ცივად რომ ეწებება მინა სხეულზე.

სულ ასეა,  რაღაც უხარია და თან სწყინს, რაღაც უნდა და თან არ უნდა, რაღაცას ისაკლისებს და თან ეზედმეტება. ხან ვეღარც არკვევს, უნდა თუ არა, სწყინს თუ უხარია, ეძებს თუ გვერდს უვლის, კარგავს თუ პოულობს. იმანაც არ იცის, ოთახში რომ სძინავს… თუმცა იმან ისიც არ იცის, თვითონაც რომ ამ სიაშია. არც არის საჭირო. იქნებ კიდეც იცის, მაგრამ ურჩევნია თავი მოიტყუოს, დაიჯეროს საკუთარი შეუცვლელობა. უყვართ ადამიანებს ეს.

***

…მოსწონდა ონკანთან ჩაცუცქული რომ ბუტბუტებდა და წყალი თავისთვის ხმაურობდა.ახსოვს ის ხმა, კარგი მოსასმენი იყო. როცა მოყოლას ამთავრებდა, მაინც რჩებოდა გამოკეტილი აბაზანაში და  ეთამაშებოდა  ამ უცნაურ ბგერებს. საინტერესო მარტოობა იყო აქ-წყალი და თვითონ. იცოდა, დიდხანს არ გააჩერებდნენ უფროსები. ისინი ვერასდროს ხვდებიან, რომ მათი ასეთი მონდომებული ზრუნვა ზოგჯერ სულაც არაა სასიამოვნო…

***

გაიყინები და მერე ისევ ავად გახდებიო, რა ვერ დაინახე მაგ ფანჯარაშიო. პლედი შემოახვია და ცხელი ჭიქაც ჩასჩარა ხელში, ყავის სუნი ასდიოდა. მერე თვითონაც შემოუძვრა პლედის ქვეშ. არ იყო ცუდი. იდგნენ ასე ერთად, დიდი ყავიანი ჭიქებით ხელში, სიმეტრიისთვის ერთს მარჯვენაში ეჭირა, მეორეს-მარცხენაში, მოსახერხებელი იყო ასე, მაგრამ მოუხერხებელი იმისთვის, მარცხენაში ვისაც ეჭირა. ცაცია არც ერთი იყო. სხვა დროს იქნებ არც მოსწონებოდა, მაგრამ ახლა  კიდეც ესიამოვნა, გაყინულს უკნიდან ცხელი სხეული რომ აეკრა. უკან ვინც იდგა, ცალ ხელში ყავიანი ჭიქა ეჭირა, მეორე კი, სავარაუდოდ, მარჯვენა,წელზე ჰქონდა შემოხვეული იმისთვის, ვინც წინ იდგა, მარჯვენა ხელში ჭიქით( ამაშიც ყავა ესხა) და მარცხენაში  ახრჩოლებული, ფერფლდახვავებული ფილტრით, ოდნავ განზე ეჭირა და მაღლა. მაინც გადმოიყარა. ფეთხუმი ხარო , ცივ უკანალზე მოუტყაპუნა, თავზე აკოცა და გავიბურდე თმებშიო. არ იყო  ცუდი, მერე რა, რომ ხან სულაც არ სჭირდებოდა ეს და  მასთან ასე დგომას ერჩია სხვასთან მჯდარიყო პირისპირ და ესაუბრა, ან მას ესაუბრა და ამას ესმინა. თუმცა ზოგჯერ იმ სხვასთან საუბარს ამასთან ასე ყოფნა სჯობდა. თანაც თუ მერე მარტო  საუბარი არ იყო გეგმაში, მით უმეტეს, ამასთან ყოფნა სჯობდა. არადა, მასთან საუბარიც არ იყო ცუდი.

***

…ხანდახან ონკანს ოდნავ კეტავდა და დაწვრილებული წყალი კიდევ სხვანაირად ხმაურობდა. ხმა წვრილდებოდა. თუ ცოტას კიდეც გადაკეტავდა, წვეთები რჩებოდა და ტყაპუნის ხმა ესმოდა…

***

ყველაფერს სანახევროდ აკეთებ,  ღობე-ყორეს ედები და დროს ფლანგავო. არც გაინტერესებს, რა შეგიძლიაო. ბოდვების ჯღაბნას, მოინდომე და რამე მნიშვნელოვანი და სიანტერესო დაწერეო, ეგებ გამოგდისო. ასე უთხრა იმან, ვისთან ჯდომა და საუბარიც ზოგჯერ აქ, ამასთან, ყოფნას ერჩია. კაი რა, რა დროს ექსპერიმენტიაო. არა, ექსპერიმენტების არ ეშინია, კიდეც მოსწონს, ოღონდ არა ამ ამბავში, ისე კი გაგიხარია. ახლა აქაც ამიტომ არ დგას მარჯვენა ხელში ჭიქით( უკვე გაგრილებულია და ყავაც ძირშიღაა დარჩენილი)?!.

***

…მერე ერთბაშად ბოლომდე აღებდა ონკანს და ნიჟარიდან ამომხტარი შხეფები ცივი ნემსებივით ჩხვლეტდა ლოყებზე, თმას უსველებდა. კარგი იყო. მოსაყოლი კი არაფერი იყო დარჩენილი, მოკლე იყო სიზმარი. მაინც დიდხანს რჩებოდა ასე გამოკეტილი, სანამ, ბოლოს და ბოლოს, არ მოუწევდა უსიტყვო კაპიტულაცია და დანებება კარს იქით მობობოქრე უკმაყოფილების…

***

ბორძიკობენ, პლედში გახვეული სხვანაირად ვერც მოახერხებს, ფეხები ებლანდებათ, სულელებივით იცინიან. კარი ვიწროა და  ერთად ვერ ეტევიან , პლედიდან გამოძრომაც არც ერთს უნდა, ცივა. იატაკს ასკდებიან. სიცილისგან ცრემლები მოსდის. ცივია იატაკი და მიფორთხავენ საწოლისკენ, ასეთ სიცივეში იქ უკეთესია. არაა ცუდი.  არადა, ზოგჯერ სხვასთან ჯდომა და საუბარი ურჩევნია.

…მას მერე, რაც სიზმრების გამოწერა დაიწყო, რეალობაში სულ უფრო და უფრო ხშირად ხედავს წყლისთვის გასატანებელს.თვითონ ხომ ვერ გაჰყვება, წყლის ეშინია ბავშვობიდან, ონკანის წყალი კი ნამდვილად არ ეყოფა ამდენს  წასაღებად…

უხარისხო ერთჯერადი პარკის ნაგლეჯი ვარდისფრადაა შემოკვანძული, ნატვრის ხეზე რომ შემოსკვნიან ხოლმე ფერად ლენტებს, ისე.არადა, იქნებ ნაგვის პარკის ნაგლეჯიცაა, რა იცი.

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «მკვდარი მზე»

  1. სიზმრები წყლისთვის არასოდეს გამიტანებია, არადა იმდენი დამიგროვდა, რა ონკანი გაუძლებს არ ვიცი. სანამ ზამთარია იქნებ ზღვაზე გაქცევა ჯობდეს 🙂

  2. არც მე ვატან ბავშვობის მერე, განსაკუთრებით ახლა, როცა გასატანებელი სიზმრის გარდა უამრავი რამეა 🙂 . კარგი იდეაა ისე 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s