მატვილობა კატერინასი :)

როგორც იქნა, მივაჯახირე შემოდგომა. გადავხედე ბლოგს და იმდენი მძიმე ემოცია და განცდა დაგროვებულა, გადავწყვიტე ცოტა გავანიავო, მერე რა, რომ წინ ზამთარია და იმასაც ისევე ვერ ვიტან, როგორც შემოდგომას. მოკლედ, ვაღვიძებ ჩემს გურულ ფესვებს და ვიწყებ ღლიცინს საკუთარ ცხოვრებაზე და ირგვლივ მყოფებზე.

კომპლექსურად დავკავდი საკუთარ ჯანმრთელობაზე, ვიზუალზე და ხასიათზე ზრუნვით. ამიტომაც, ბოლოს და ბოლოს, დავიწყე ჯანსაღი კვება, ვარჯიში და აფეთქებული სევდის ბუშტის დასამშვიდებლად ფიტოთერაპიასაც მივმართე. აქვე გაგიფანტავთ ილუზიას, სიგარეტისთვის თავი არ დამინებებია :).

ცრემლმორეული დავემშვიდობე შოკოლადს და ნამცხვრეულს, გემრიელ და კალორიულ საჭმელებს, რადგან აღმოვაჩინე, რომ მათი ყურებაც კი მასუქებს. ბებიაჩემი კი ამბობდა, უნდა გეშინოდეს ნამეტანი გამხდარი ქალის, რომ ჭამს და არ სუქდება, რადგან ან ძალიან ავია, ან ძალიან შურიანიო, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი ნუგეში იქნება ჩემთვის და ვერც სხვისთვის იქნება თვალის გასახარი, ორასი კილო თუ გავხდები. ამიტომაც უარი ყველაფერ იმას, რის დანახვაზეც პავლოვის ძაღლივით ნერწყვის გამოყოფა მეწყება!!!

ახლა ვარჯიშის ამბები. აქ  მოტივაცია მარტო ფიზიონომიის მიხედვა არაა, ჩემი «პაკრიშკებივით» დაღუნულდისკებიანი ხერხემალია მთავარი მოტივატორი. ხოდა, Woman stretching and focused on healthy livingროგორც უკვე ვთქვი, მივაშურე ფიტნეს-კლუბს. ვღვრი ჭირის ოფლს და მკვდარს და ცოცხალს ვუტრიალებ ყველას, ვისაც არც წონა აშინებს და არც ხერხემალი.

აქ სამი სულელი გოგო მუშაობს. აქედან ერთი ბიონსეს დიდი მოყვარულია, ვარჯიშისას რატომღაც სულ მის სიმღერებს რთავს და ისედაც გატანჯულს უარესად მტანჯავს. თან ყველა სიმღერა ზეპირად იცის ამ დედააფეთქებულმა  თავიდან ბოლომდე, მთელი ხმით გაჰკივის და წარმოიდგინეთ, რა სიამოვნება და ნეტარებაა ცალკე ბიონსე და მასთან ერთად უნისონში ეს ცალტვინა გოგო.

ამ კლუბში მხოლოდ ქალები დადიან, სხვადასხვა ასაკის, წონის, ფიზიონომიის, მონაცემის. ხასიათით და ჭკუა-გონებით არ ვინტერესდები. ეს ერთგვარი მებრძოლთა კლუბია, ოღონდ არაპალანიკურად. აქ ყველა რაღაცას ებრძვის, ზოგი წონას, ზოგი ასაკს,ზოგი კომპლექციას, ზოგი დეპრესიას, ზოგი ჯანმრთელობის ამბებს, ზოგიც უბრალოდ დროს. ძალიან მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება, ერთგვარ გასართობადაც კი მაქვს ეს. ხოდა არ ვიწყენ აქ. დასაკვირვებელი ობიექტები ოხრადაა. გარდა ვარჯიშებისა, რომლებსაც ისე კარგად ვაკეთებ, არც კი სჯერათ, რამე რომ მჭირს და მოხიბლულები არიან ჩემი პლასტიკურობით, ტრენაჟორებიცაა. აი, აქ მერხევა.ყველაზე არა, მაგრამ რომლებზეც ხელებით სიმძიმე უნდა აწიო და დაწიო, ან გაწიო და გამოწიო, იქ ვფუჭდები. არც შეიძლება ჩემთვის, ამიტომ ვაცლი ყველა სამაგრს და შეიძლება ითქვას ცარიელ ჯოხს ვეჭიდავები, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ მაინც. ჩემდა ჭირად ჩემს ჯგუფში ერთი ვაჟკაცი ქსენია დადის. ეს მე დავარქვი ასე, თორემ ისე რა ვიცი, რა ქვია. ქალია თვით კდემა, ცხენივით, ბატიბუტებივით კუნთებით.სანამ გავიგებდი ამას, მაგის მერე მომიწია ტრენაჟორთან მისვლამ, გაუკონტროლებლად ავწიე და ისეც დავრჩი. 3 დღე ვიწექი 🙂 . ამის მერე  ჭკუა ვისწავლე და აუცილებლად ვამოწმებ, რა წონაზეა დაყენებული. ხოდა, რას ნახავ უკეთესს: ერთზე 45 კილო, მეორეზე- 30, მესამეზე- 50 და ასე შემდეგ. თავიდან მშვიდად ვაკლებ წონას, მერე თანდათან ბრაზი მერევა და მეორე წრეზე უკვე ვჩხუბობ:ეს მუჰამედ ალი მომაშორეთ-მეთქი.

ერთია კიდევ, ამან გასახდელში დამამახსოვრა თავი და გამართო. კი, გასაგებია, გასახდელია, ქალები ვართ, მაგრამ ყველა რაღაც ისე ვიცვლით და ვიცვამთ, რომ ნამეტანი ნუდისტური გამოსვლებით არ შევაწუხოთ ერთმანეთი. ეს, კაცო, დადგება ასე შუა ოთახში და «ყოვლისშემძლე ბრიუსი» ხომ გახსოვთ, ჯიმ ქერი რომ იხდის ? აი, ისე წამიერად შიშვლება და დადის ასე აქეთ-იქით. არადა, ისეთია,  ასე თამამად არ უნდა დატანტალებდეს დედიშობილა.

დღეს კლუბის დაბადების დღე იყო. დიდი ტორტი მოიტანეს. მე გაქანებული პრესებს ვეწვალები და ესენი ტორტზე მპატიჟებენ. რას ამბობთ-მეთქი, ვერ ხედავთ, მარტვილობა რომ მაქვს- მეთქი? რა გაქვსო?-ჩამეკითხნენ. მეც გადავუთარგმნე.

სახლიდან გასვლისას ყოველთვის ვამოწმებ გულდაგულ ჩანთას, მაგრამ რამე რომ არ დავტოვო, არ იქნება, ხან შარვალი დამრჩა და მაისურის ამარა მომიწია ვარჯიშმა,ხან მაისური დამრჩა და არ ვიტყვი, რის ამარა ვივარჯიშე. შხაპში იატაკი ისე სრიალებს, «კაკ მინიმუმ» მოისეევა უნდა იყო, რომ არ გაიშხლართო. ხოდა ასე ჩოჩიალ-ჩოჩიალით გამოსვლისას კი ამომიწყდა «შლოპანცი» და ასკინკილით მომიწია გამოსვლამ.

იქიდან ისეთი მოვდივარ, გონი არ მომეკითხება.ხან სათვალე დავტოვე, ხან საფულე, ხან საყურე და ასე შემდეგ. არაფრით არ მესმის, ვარჯიშის მერე როგორ შეიძლება ენერგიულად იყო. მე პირადად ისე ვარ, გეგონება ძილის წამალი დამალევინეს. «მარშრუტკამდე» ვყოჩაღობ და მერე ისე ვაგოზივარ, ვერ ამახევს ვერავინ ადგილიდან. მოკლედ, ვიტკვირავ თავს, მაგრამ არ ვნებდები.

ახლა ფიტოთერაპიის ამბავი.

მაქვს სხვადასხვა სახეობის ბალახბულახი, რომლებსაც სხვადასხვა კომბინაციით plantsვხარშავ ღამით მეორე დღისთვის. სრული სერიოზულობით ვდგავარ ქვაბთან, ვყრი ოხშივარადენილ წყალში ბუნების საიდუმლოებას და თან ვლაპარაკობ: ყვავი ისე მოხარშე, რომ ორთქლი არ გამოუვიდეს, ეშმაკის ქვა, მორიელის სისხლი გაახმე, აურიე და ისე მიიღე, ნახე, როგორ გიშველოს.

დასახელებები აქვთ, იტირებ. განსაკუთრებით მომხიბლა ორის სახელმა: ანგელოზა და ვნების ყვავილი. ოჯახში გამოვაცხადე, რომელ დღეებშიც ესენი მექნება, ვნებიანი ანგელოზი დამიძახეთ-მეთქი.  შვილები გაერთნენ ამ თემაზე, იცინეს ბევრი და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მათზე დარტყმული და საყვარელი დედა არავის ჰყავს.

ხვალ ვნებიანი ანგელოზი ვარ. სიარული უკვე დავამუშავე, დილიდან გამომეტყველებაზე ვიმუშავებ და დავხვეწ.

p.s. ეჭვი მაქვს კიდევ დამიგროვდება ასეთი მარგალიტები, პატიოსნად მოვაგროვებ და იმედს დავიტოვებ, რომ გაგახალისებთ.

იწერებოდა დაფიტნესებული, აწ უკვე ვნებიან ანგელოზად გარდასახული კატერინას მიერ.

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

9 комментариев на «მატვილობა კატერინასი :)»

  1. tami:

    კატერინა მართლა გულიანად ვიხალისე, გასაკუთრებით იმ ეპიზოდე ყვავილებს რომ ხარშავ კუდიანივით. ძალიან მშურს რომ ვარჯიშობ-იცი როგორ მინდა(ვაპირებდი ,მაგრამ პატარა ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას ვუცდი) აცადე ცოტა დრო გავა და აუცილებლად ისიამოვნებ ამ პროცესით, ნავარჯიშევი როცა ვარ ჩემზე ბედნიერი არავინ არის. ჩემი ანტიდეპრესანტია.
    ძალიან კარგი იუმორითაა გაჟღენთილი პოსტი, გულიანდ ვიცინე, ჩემი გაცინება კი იოლი არ არის.

  2. გამომსვლია აბა, მიზნად ეგ მქონდა 🙂 სიამოვნება ჯერ არაა, მაგრამ მიჩვევას კი ვატყობ, ასე მგონია, რომ არ წავიდე, რაღაცას ვაშავებ

  3. მეც დავეთანხმები თამის 🙂
    ძალიან ბევრი ვიცინე და ისე მომეწონა, რამდენჯერმე წავიკითხე 🙂

  4. მადლობა, ნინიტო, მიხარია ძალიან. ჩანაწერმა ან უნდა აცინოს, ან გული უნდა აუჩუყოს, ან დააფიქროს მკითხველი, თორემ აბა ისე რა აზრი აქვს 🙂 კარგია, რომ გამოვიდა.

  5. ჰა, ჰა, რა კარგად ვიხალისე :):) მშვენიერი იყო 😉

  6. მე კი ვკითხულობ კომენტარებს და მეღიმება. ვეცადე გამომეშვა თქვენთვის დადებითი ემოცია და თქვენგან უკან დამიბრუნდა 🙂

  7. კარგი ვქენი დილისთვის რომ მოვიტოვე შენი პოსტი, გემრიელ ხასიათზე დავდექი ვნებიანო ანგელოზო 🙂

  8. ძალიან კარგია, გამიხარდა 🙂

  9. ძალიან კარგი. გემრიელი ხასიათი იშვიათი რამეა, გამიხარდა 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s