განაჩენი

სასჯელის მოლოდინი გაცილებით დიდი სასჯელია, ვიდრე თვითონ სასჯელიო, სადღაც წამიკითხავს და არ მახსოვს, ვისია.

მეც ველი… არ დაადგა საშველი. არც წელი ვიცი, არც თვე, არც რიცხვი, როდის იქნება ის, რისი მოლოდინიც ასე მტანჯავს. რომ შეიძლებოდეს, მოვითხოვდი დაჩქარებას, მაგრამ ეს წესებს ეწინააღმდეგება. მთელი არსი სწორედ ამაშია, რომ უნდა ელოდო, ელოდო, მერე უცებ აღმოაჩნო, რომ შენს ცხოვრებაში ყველაზე მეტად და ყველაზე დიდი აღტკინებით საკუთარი დასჯის მომენტს ელი. ისე ეჩვევი ამას, რომ უკვე გული გიფართხალებს მასზე გაფიქრებისას. ერთგვარ აზარტსაც კი გრძნობ იმ პროცესზე ფიქრისას. ასე გგონია კიდეც გაგიხარდება, ეშაფოტზე რომ გამოგჭიმავენ საქვეყნოდ. სასიხარულოა, აბა რა, შენ ხომ გმირულად მოხვედი აქამდე, წარმატებით მიანდე ყველას, შეედგინა შენი გზამკვლევი და აქ გაემწესებინე.

არაფერს ვნანობ( ეს ახლა, თორემ აქამდე იმდენი ვინანე, რომ მგონი სანანებელსაც გადავაჭარბე რაოდენობით).

არაფერი მენანება, ან რაღაა ისეთი, რომ დამენანოს, რაღა დარჩა?! რაა ვერშესალევი იმაში, რომ წინ გაცილებით ცოტა გაქვს ყველაფერი, ვიდრე უკან და უკან რაც იყო, ისიც წაგართვეს. არ გეგონოთ, რომ ქურდულად ან ძალადობით. სულაც არა, ჩემი თანხმობით. ნელ-ნელა, ღიმილ-ღიმილით გამფცქვნეს. ფენა-ფენა მაცალეს ყველაფერი. მეც ვატანე და ვატანე. მხოლოდ კანიღა შემრჩა და როცა ის მომენტი დადგება, ასე რომ ველი, დიდ მოედანზე ამასაც შემომახევენ. მე ვიდგები და მშვიდად ვადევნებ თვალს, როგორ აეცლება თხელი აპკი ჩემს სხეულს, ადგილ-ადგილ ალბათ გაიხევა, სისხლიც წამოვა, სავარაუდოდ, კიდევ უნდა მქონდეს. სიწითლეში დღის სინათლეზე მაინც გამოჩნდება მოყვითალო ცხიმოვანი ქსოვილი. მე ვიდგები და აუღელვებლად დავაკვირდები ფორებს, ხვრელებს, ძარღვებს. ხელებს წინ გავწევ, რომ საქმე გავუადვილო. ეს რაღა დასატოვებელია, აგერ დაგრჩათ, ბატონო, ესეც მიახიეთ, ძალიან გთხოვთ. სადაც იმდენი გატანეთ აქამდე, ეს რაღაა? არცაა მტკივნეული, კაცმა რომ თქვას. გაცილებით მტკიოდა, მაშინ გულიდან რომ მახიეთ რაღაც-რაღაცები. კიდეც რომ შეიძლებოდეს ამ ყველაფრის გაჩერება, არ ვიზამ მაინც. გგონიათ, რომანტიკა მომინდება და ამის გამო უარს ვიტყვი ამ ყველაფერზე? თუ ძმა ხარ, რა დროს რომანტიკაა, როცა ყელამდე ნეხვში ხარ. თან ამ ყროლში შენი ნებით ხარ შემოტოპილი და ახლა ერთადერთ გამოსავლად ისღა დაგრჩენია, არ წაიქცე, რომ არ ჩაგეყლაპოს. ასე გაუთავებლად ფეხზე დგომა კი ვერაა ადვილი და სასიამოვნო. გგონიათ, გრძნობები მომეძალება და ეს გადამაფიქრებინებს? ეგ რომელია, ხან რომ გიხარია და ხან რომ გწყინს? პირველი კაი ხანია, არ ვიცი რა არის, მეორე კი ისე ხშირია, რომ უკვე ვერც ვამჩნევ. ბარემ მეც კი მინდა მიხაროდეს რამე, მაგრამ ვერ. წლობით ვკარგე, მარცვალ-მარცვალ . მერე ასევე მარცვალ-მარცვალ ვეძებდი, ვაგროვებდი, ვებღაუჭებოდი, ვიგონებდი, მაგრამ ბოლოს მაინც წყენის ამარა დავრჩი და ეს მივიღე სიხარულად. ამიტომაც კაი ხანია, არაფერი მწყინს. ხოდა ჩამახიეთ, არ მწყინს მე და არც მენანება. რა სასაცილოები ხართ, თუ ფიქრობთ, რომ მსჯით! სასჯელი აქამდე მოსვლა იყო, ამ დღის მოლოდინი! ნახეთ, როგორი მზეა და როგორი ფერადი ვარ!

ალბათ ასე იქნება, როცა დადგება განაჩენის სისრულეში მოყვანის დრო. არადა, სინამდვილეში ისინი იქნებიან განაჩენგამოტანილები და ამ განაჩენს მე გამოვუტან. უფრო სწორად ისინი გამოუტანენ საკუთარ თავებს საკუთარი ხელებით. აბა ვინ უფრო დასჯილია, ის, ვისაც დაცარიელებულ, ფუტლარად ქცეულ სხეულზე კანი ააცალეს, თუ ის, ვინც მძორიდან აცლილი კანი წაიღო?

მანამდე კი ისევ გავიღიმებ და ჩუმად გავაგრძელებ ლოდინს.

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «განაჩენი»

  1. ყველაზე დიდი საშინელება სწორედაც რომ სასჯელის ლოდინია, დაჩქარება რომ არ შეგიძლია და ერთადერთი ისღა რომ გაქვს დარჩენილი ელოდო. ალბერ კამიუს აქვს «უცხო»–ში ზუსტად ეს მომენტი, ყოველ დილით, ყოველ გაფაჩუნებაზ რომ გონია «მომაკითხესო». ერთდროულად რომ გეშინია და ვეღარ ითმენ როდის დადგება ეს მომენტი.

    არ ვიცი რატომ, მაგრამ კიდევ ბევრი ასეთი მდგომარეობა გამახსენდა, მაგ. ბრძოლა რომ გინდა და მოწინააღმდეგე მხარე იარაღს რომ არ იღებს ხელში, დამარცხებულად რომ გცნობს და შენ რომ გჯერა მთავარი ომი ჯერ კიდევ წინაა.

    კიდევ ბრალის შემსუბუქება რომ გინდა, ან არა, ბრალის შემსუბუქება შეიძლება სულაც არ გინდოდეს, თავის დაცვა რომ გინდა, ნებისმიერ ფასად რომ გინდა თავი იმართლო და სასამართლოს რომ არ მართავენ, პასუხს რომ არავინ გთხოვს, ხოლო მაშინ როდესაც პასუხს არავინ გთხოვს ორი გზა გაქვს საკუთარი თავი ცოცხლად შეჭამო, შიგნიდან გამოხრა ან გიჟივით მიხვიდე იმასთან ვისაც არ აინტერესებს შენი არგუმენტაცია და აიძულო მოგისმინოს, ასეთ შემთხვევაში შედეგი არ გაქვს და საკუთარი თავის მიმართ კიდევ უფრო დიდი აგრესია გიჩნდება.

    სასჯელის ატანა, სასჯელით სიამოვნების მიღები კი ნამდვილად წარმოადგენს გამარჯვებას.

  2. ხო, თანაც მაზოხიზმი მთლად უცხო არაა ჩემთვის 🙂 რა სირცხვილია, კამიუ რომ ვერ გავიხსენე, ეტყობა დროა გადავიკითხო.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s