შეუმდგარი იუბილე

მაშინ რომ არ მიგეტოვებინე, ახლა ჩვენც გვექნებოდა ალბათ სხვებისნაირად პატარ-პატარა უთანხმოებები, ასაკობრივი გაუგებრობები.

შენც ისევე დაბერდებოდი, როგორც სხვები  და ჩემს ყალთაბანდებს ზღაპრებსაც მოუყვებოდი ღამ-ღამობით ალბათ…

მაშინ რომ არ მიგეტოვებინე, სამუდამო თანამგზავრად არ მექცეოდა წითელლაშებიანი ტკივილი. არ დავაბრალებდი ყველა წარუმატებლობას უშენობას. არ ვიფიქრებდი, რომ შენი გვერდით ყოფნა ყველაფერს სხვანაირს გახდიდა ჩემს ცხოვრებაში. უშენო ცხოვრებით მუდმივად უკმაყოფილო, არ ვიფიქრებდი, რომ შენით საუკეთესო იქნებოდა მასში ყველაფერი…

რომ არ მიგეტოვებინე, სიზმარი არ გამიხდებოდა სანატრელი. თუმცა უკვე რა ხანია, იქაც ვეღარ გნახულობ. სულ მეშინია არ გადამედღაბნოს შენი სახე მახსოვრობაში, ამიტომაც ხშირად ვუყურებ შენს სურათს, გიყურებ თვალებში და კიდევ უფრო მამცივნებს შენი მონატრება…

რომ არ მოსულიყავი, არც ვიქნებოდი, რომ დარჩენილიყავი, ჩვენც სხვებს დავემსგავსებოდით, ბანალურად. თუმცა ეს ის შემთხვევაა, არ გავაპროტესტებდი ამ ბანალურობას…

რომ არ მიგეტოვებინე, არ მექნებოდა ნახევრობის განცდა, სიბრაზის განცდა. არც ვიცი, ვისზე და რაზე უფრო სწორია გაბრაზება და ვეხლები ასე აქეთ-იქით. ხან შენზე ვბრაზობ, ხან ცხოვრებაზე, ხან ზეციურ სამართალსა თუ უსამართლობაზე. თუმცა შენ რა შუაში ხარ? საკუთარი ნებით ხომ არ მიგიტოვებივარ… შენი თავი მახინჯმა ბოროტებამ, დორბლიანმა უსამართლობამ წამართვა. შენ ისეთი გემრიელი სიცილი და ენაკვიმატი ლაპარაკი იცოდი, ვიცი, მის ხელში დარჩენას წასვლა გერჩია. ვიცი, ასე სჯობდა შენთვის, მაგრამ მაინც მებრაზება ხოლმე.

ხვალ 13-ია. გარეთ ალბათ ისევ წვიმა იქნება. მე მოვალ, ამოვიგანგლები ტალახში და ასე გატიტყნილი დავჯდები შენს სურათთან. მუხლზე იდაყვს დავიყუდებ და ნიკაპს ჩამოვაყრდნობ სიმწრით შეკრულ მუშტს. ალბათ ვიტირებ. წლებმა ვერ წამართვა შენი წილი ცრემლი. არ მიყვარს აქ მოსვლა, მაგრამ მაინც მოვალ და ვიჯდები კაი ხანს. არ იქნება, რომ არ მოვიდე, 13-ია. მერე წამოვალ, გამოვცდები ამ საშინელ და უცნაურ დასახლებას, მოვიშორებ ტალახის შხეფებს. მერე პირდაპირ წავალ ვარჯიშზე და სიკვდილამდე ვივარჯიშებ, რომ დავეგდო და ფიქრის თავი აღარ მქონდეს…

რომ არ მიგეტოვებინე, ასე არ მომკლავდა შენი მონატრება, ასე არ გამიადვილდებოდა სიკვდილზე ფიქრი.

რომ არ მიგეტოვებინე, შენი მონატრება მხოლოდ ჩემი სიკვდილით არ მოკვდებოდა…

მენატრები…

ხვალ 13 ნოემბერია, შენი დაბადების დღე. იუბილე, რომელიც არ შედგება…

გილოცავ…

Запись опубликована в рубрике მიძღვნა :) с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

11 комментариев на «შეუმდგარი იუბილე»

  1. tami:

    ქეთ ალბათ როგორი ძნელია საყვარელი ადამიანის გარეშე ცხოვრება, მხოლოდ მაშინ აღარ ხარ ბავშვი როდესაც დედა აღარ გყავს ადამიანს.

    სიკვდილამდე ვარჯიში მეც ძალიან მეხმარება დარდებისა და ფიქრების დავიწყებაში , მელანქოლიასთან (დეპრესია რომ არ დავარქვა) ბრძოლის ჩემი აპრობირებული მეთოდია. მგონი მარტო ჩემთვის არა.

  2. დავმძიმდი და ენა ჩამივარდა. ასეთ ფრთხილ თემებსა და საკითხებზე ვერაფერს ვამბობ ხოლმე.

  3. მე რამდენადაც დიდი სტაჟი მაქვს საყვარელი ადმიანის დაკარგვის და უმისოდ ცხოვრების გაძლების, იმდენად დებიუტანტი ვარ ვარჯიშის ამბავში, ცურვას თუ არ ჩავთვლი. ხოდა დავიწყე. მიშველა დღეს 🙂

  4. მეც ვერიდები ხოლმე ამ თემაზე წერას, რაკი ემოცია მძალავს, მაგრამ რაღაც ვერ მოვერიე თავს. ისე მაწვებოდა გრძნობები, რომ არ გამომეშვა, მოვკვდებოდი ალბათ…

  5. მთელი დღეა ამ ჩანაწერზე ვფიქრობ….
    ადრე ხომ დამიწერეთ ,,ბაბუაზე» კომენტარი და წაკითხვის დასაწყისშივე ვიგრძენი ვინ იქნებოდა ადრესატი.
    ალბათ, როგორი ბედნიერია ასეთი შვილი რომ ხართ…

  6. იმედია მასეა. ყოველთვის, სანამ რამეს გავაკეთებდი, ვფიქრობდი, რომ ისეთი არაფერი მექნა, მას რომ ეწყინებოდა. მადლობა ასეთი შეფასებისთვის :*

  7. 😥 არ მინდა წარმოდგენა რამდენად რთულია საყვერელი ადამიანების გარეშე ცხოვრება. 😦

  8. ნურც წარმოიდგენ, დიდი ვერაფერი კარგი წარმოსადგენია :*

  9. მაკა:

    32 წლიანი სტაჟი ამ ტკივილისა მეც მაქვს, ქეთი …
    მაგრამ ჩემი ტკივილი 38 წლის წინ დაიწყო … მამა პირველი წავიდა … „პირველად როცა მითხრეს შენც მოკვდებიო მოკვდა ბავშვობა…„ მოკვდა ჩემი ბავშვობა და დაიწყო ჩემი დიდი შიში, შიში დედისა, მასაც რომ არ მივეტოვებინე ………………..
    განსხვავებით შენგან, მე მიყვარს მათთან მისვლა, ოღონს ყოველთვის მარტო დავდივარ ….
    ქეთი ❤

  10. მეც მივიდოდი მარტო, რომ შეიძლებოდეს და საშიში არ იყოს. ცუდი სასაფლაოა კუკია :

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s