შეუსაბამობები

ცხოვრება შეუსაბამობებითაა სავსე. აქედან ზოგი გაწუხებს, მაგრამ ან ეჩვევი, ან ცდილობ ხშირად არ მოიხვედრო თვალყურგონებისსაწიერში, რაკი იცი, რომ გამოუსწორებადია, ზოგიც  უბრალოდ გკიდია.

ჩემ გარშემო არსებულ შეუსაბამობებში არის ერთი, რომელიც ვერა და ვერ დავიკიდე, ვერც შევეჩვიე და ვერც იმას ვუხერხებ, რომ წარამარა არ შემეფეთოს ცხვირწინ და ერთი გვარიანი ალიყურიც არ მითავაზოს. ხოდა ამიტომაც ჩემთვის სწორედ ესაა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი შეუსაბამობა, ლამის სამყაროსას რომ ვუტოლებ. ეს ჩემი ქართველობაა.

არავის ეგონოს, რომ ახლა დავიწყებ აქაურობის ლანძღვა-გინებას და საკუთარი უპირატესობის მტკიცებას. სულაც არა. მიყვარს მე აქაურობა, ისე, როგორც ნებისმიერ ადამიანს უყვარს თავისი სახლი, რომელიც იქნებ ვერც იყოს მოსაწონი, და კიდეც გინდოდეს სხვანაირი გქონდეს, მაგრამ ისიც იცი, რომ რაც გაქვს, ის რომ არ გქონდეს, ძალიან საცოდავი იქნებოდი.»ბომჟობა» დიდი ვერაფერი პერსპექტივაა.

რაც თავი მახსოვს, სულ ვგრძნობ შინაგან დისკომფორტს. თავიდან ვერ ვხვდებოდი და საკუთარ მძიმე ხასიათს და დეპრესიულობას ვაბრალებდი, მერე წლები მომემატა, ჭკუაც ალბათ და მივხვდი, რომ სულაც არაფერ შუაში ვარ არც მე და არც ჩემი ხასიათი. უბრალოდ დავიბადე იქ, სადაც არ უნდა დავბადებულიყავი. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მიმყარდება ეჭვი საკუთარი არაქართველობის შესახებ. აქ შინაგან ქართველობას ვგულისხმობ, თორემ სისხლით, გიყვარდეს, «წვეთი სისხლის არ არის ჩემში» არაქართველის. მართალი რომ ვთქვა, დიდად არც გარეგნულად ვარ ქართველის განსახიერება. სანამ პატარა ვიყავი, ჩემი აყირავებული პატარა ცხვირის და ზედ ჭორფლის გამო ყველას რუსი ვეგონე და მახსოვს, როგორ მეშლებოდა ნერვები. გავიზარდე და მაინც ხშირად უთქვამთ, რომ ერთობ არაქართული გარეგნობა მაქვს. მართალი გითხრათ, სულაც არ მწყინს ეს ამბავი 🙂 მაგრამ ამაზე მნიშვნელოვნად მაინც ის მგონია, მე რომ ვერ ვგრძნობ თავს ქართველად. ხოდა ამ ტრადიციული ვირუსიანობის ჟამს ვცადე ჩამოვყალიბებულიყავი არგუმენტებში:

არ ვცნობ ნათესაურ კავშირებს. ეს სიტყვა ჩემთვის სანათესაო თემთან ასოცირდება და ის, რაც პირველყოფილობასთან მაბრუნებს, ვერაა მაინცდამაინც საინტერესო. ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ჩემი სისხლის და ქრომოსომის თანამოზიარეები არიან, ანუ და და შვილები, აქედან და — სულიერად და ფიზიკურად, შვილები -გარდაუვლად და ინსტიქტურად 🙂

არ ვთვლი, რომ ქალის ბედნიერება ოჯახშია და შვილების ყოლაში.

არ ვცნობ მეზობლურ ურთიერთობებს, რაკი ესეც სამეზობლო თემის ასოციაციას მიტოვებს და არ მაინტერესებს.

მძულს ქორწილები და ასეთი ღონისძიებები. აქვე მივაყოლებ ქელეხ-პანაშვიდებს.

მძულს ქართული სასაფლაოები. სიამოვნებით მოვახდენდი ჩემი ცხედრის კრემაციას, რომ მკითხავდეს ვინმე, მაგრამ ზუსტად ვიცი, კიდეც რომ დავიბარო, მაინც არ შემისრულებენ.

მძულს ქართული სუფრები, თავისი თამად-მერიქიფეებით, სადღეგრძელოებით და თვალმინაბული სიმღერებით.

არ ვეთანხმები მეგობრობის უზენაესობას და ძმაკაც-დაქალების რაოდენობით ადამიანის ღირსების შეფასებას.

ვერ ვიტან ჩამოკიდებულ-დამოკიდებულ თანამოსქესეებს, მამრებში პატრონებს და ზურგით მთრევლებს რომ ეძებენ, თვითონ კი მორჩილად ირგებენ მონა-«პოვრის» როლებს. მგონია, რომ დამოუკიდებლობა გაცილებით საინტერესოსს ხდის ქალს.

არ მგონია სწორი, ქალი რომ კარგავს ქალობას და უარს ამბობს საკუთარ თავზე, თუნდაც შვილების მიზეზით.

არ მგონია, რომ სექსი და სიყვარული ერთი და იგივეა და არც ის მგონია, რომ ერთი გამორიცხავს მეორეს. გადასარევად შეიძლება პირველი მეორის გარეშე და თუ მეორეა და პირველამდე არ მიხვედი, მაშინ არც ყოფილა არაფერი და ეგაა.

არ ვარ რადიკალური. არ მიყვარს ადამიანების აბუჩად აგდება ან იმის გამო, რომ წირვა-ლოცვა-მარხვის მიმდევარ-შემსრულებელია, ან იმის გამო, რომ ათეისტია, ან სულაც სხვა რელიგიის აღმსარებელია. ვერ ვიტან, როცა ერთმანეთს ერჩიან და დასცინიან.

ვერაფრით შემიძლია ადამიანის შეძულება პოლიტიკური, რელიგიური, ეროვნული ნიშნით, ვერც სექსუალური ორიენტაციის გამო.

მკიდია პოლიტიკა და ყველაზე მეტად მაღიზიანებს ამაზე საუბრები, რომლებიც  აუცილებლად კამათია, თანაც ძარღვებდაბერილ ყვირილში გადაზრდილი.

მძულს ყველა პოლიტიკოსი და ყველა ხელისუფლება და არასდროს მაქვს ილუზია იმის, რომ ვინმე იქ, ზევით, ჩემნაირების კეთილდღეობაზე იფიქრებს.

არასდროს არავის გავიხდი კერპად.

არასდროს  ვიტრაბახებ გულზე მჯიღის ბრახუნით ჩემი ქართველობით და არც არასდროს ვიტყვი იმას, რომ ყველაზე ცუდი ხალხი ვართ და რომ ყველა სიბნელეს ჩვენში მოუყრია თავი.

ვარ საშინლად პუნქტუალური და სხვისგანაც ვერ ვიტან არაპუნქტუალობას,

ვერ ვეგუები უპასუხისმგებლობას, ვერც საქმეში და ვერც ზნეობაში, რაკი თვითონ ვარ ზედმეტად მოწესრიგებული ამ ამბავში.

არასდროს მომწონდა «ასე ტკბილად დამიბერდი»ფორმულირება და არც არასდროს მითქვამს ვინმესთვის, რადგან პანიკურად მეშინია სიბერის. სამაგიეროდ, სულაც არ მგონია, რომ მოხუცებულთა თავშესაფარში ჩაბარება უარესია, ვიდრე ისედაც მუდმივად გაღიზიანებულ-ნევროზიან შვილების კისერზე ყოფნა. ჯერ ზედ რომ ყვები, მაშინ არ შეგარჩენენ ერთ სიტყვას და ქვეშ რომ წაგივა, რა იქნება მაშინ? ხალხი რომ არ ალაპარაკონ, შეგინახავენ, აბა თავს ხომ არ მოიჭრიან, მაგრამ ღირს ვითომ?

ჩემი შინაგანი არაქართველობა მუდმივად კონფლიქტშია ჩემს ქართველობასთან და რაკი რეალობის წინაშე ხშირად უძლურები ვართ, მასაც ხშირად უწევს კომპრომისებზე წასვლა. ეს კი მაინცდამაინც სასიამოვნო რომ არაა, ყველამ კარგად იცის. ამას წინათ რაღაც საიტს წავაწყდი, რომელიც შენს შინაგან მოქალაქეობას გიდგენს. ტესტის პასუხად უნგრეთი ამომიგდო. გამეცინა. დიდად ვიცნობ-მეთქი, რომ ვთქვა, ამ ქვეყანას და მის ტრადიციებს, მოვიტყუებ, მაგრამ არ ვიცი, დამთხვევაა თუ რა, სულ მუდამ აჩემებულად მინდოდა ბუდაპეშტის ნახვა და ბალატონის ტბაზე დასვენება :). კიდევ ერთ საინტერესო ამბავს გეტყვით. ერთხელ საუბრისას დედაჩემმა მომიყვა, როგორ გაიცნო ერთი უნგრელი, რომელსაც გარდარეული სიყვარულით შეუყვარდა და რაკი აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო ბუდაპეშტში და აქ ვეღარ დარჩებოდა, სთხოვდა გაჰყოლოდა. მერე იქიდან წერილებს უგზავნიდა კაი ხანს. დედამ მშობლები ვერ მიატოვა, ვერც სხვა ქვეყანაში ცხოვრების იდეით მოიხიბლა და კი გაიცნო მერე მამაჩემი. ხოდა ამ ტესტის პასუხმა  ჩამაფიქრა ამ ამბავზე. მარცხი ელანძეაო, ამბობენ გურულები 🙂 . იქნებ ზუსტადაც იმ მომენტში დედაჩემის შინაგან არაქართველობას, რომელიც ვიცი, რომ აწუხებდა, უნდა აეწყვიტა და გადაეფარა სხვა დანარჩენი?! მაშინ ეგებ კიდეც სხვანაირად წასულიყო მისი ცხოვრებაც და, შესაბამისად, ჩემიც… ზოგჯერ ხომ ერთი უმნიშვნელო ნაბიჯი ხდება ყველაფრის დასაწყისი და დასასრული…

იწერებოდა  ვირუსისა და სიცხე-ჟიჟინის გარემოცვაში  მყოფი შინაგანად არაქართველის მიერ 🙂

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

8 комментариев на «შეუსაბამობები»

  1. Giorgi Kasradze:

    samcuxarod tcven ragac gaugebar mentalitets cartvelobas edzaxit! im ideashi, rom ertmaneti ukvardet, mit umetes sisxlit monatesave adamianebs bunebrivia da ara cartveluri; am etikas zogierti cxovelic ki icavs! tu sackenad ar miigebt, gtxovdit cartuli adat-cesebis mnishvnelobaze vinme sacartvelos istoriis kargad mcodne pirs gasaubrebodit! (ai, xom xedavt mec vamaxinjeb cartuls, latinuri asoebit, magram amistvis ar damsjian!!!) rac sheexeba sikvaruls VER SHEIKVAREB IMAS, RAC AR ICI !

  2. ჰო, ბევრი ნაცნობი რამ ამოვიკითხე ამ პოსტში. ზოგადად ეს «ქართველობა» ბევრნაირად შეიძლება განიმარტოს, თუმცა ზუსტი და ჩამოყალიბებული მახასიათებლების პოვნა ძალიან ძნელი იქნება. მეც ბევრ რამეს არ ვეთანხმები, ბევრ რამეს არ ვაკმაყოფილებ მითითებული მოთხოვნებიდან. ზოგადად კი ალბათ ერები იცვლებიან შექმნილი და გადატანილი მდგომარეობების გამო, ტრანსფორმაციას განიცდიან, პრგრესი აქვთ ან რეგრესი. მოკლედ ძალიან რთულია ქართველის დეფინიციის მოძებნა, თუმცა ამჟამად ტიპიუტი, ნორმალური ფართოდ გავრცელებული «ქართველის» მახასიათებლები მიმზიდველი ნამდვილად არ არის და მეც ბევრ რამეს არ ვაკმაყოფილებ.
    უნგრეთს რაც შეეხება შემთხვევით არაფერი ხდება 🙂 მე ყველაფერს ნიშანს ვეზახი ხოლმე, ესეც შესაძლოა ერთგვარი სიგიჟეა 🙂
    ვერ მოვითმინე და მეც გავაკეთე ტესტი, ბერძენი ამომივიდა, თუმცა საზოგადოდ ცნობილია რომ ბერძნები და ქართველები ძალიან გვანან ერთმანეთს როგორც ვიზუალურად ისე სხვა მახასიათებლებით, ამიტომ ჩავთვლი რომ ჩემი სულიერი და ფაქტობრივი მოქალაქეობა+ეროვნება ემთხვევა ერთმანეთს 🙂

  3. ძალიან ბევრი საერთო ამოვიკითხე, ისევე როგორც ბევრ სხვა შენს პოსტში 🙂 მალე გამოჯანმრთელდი! ❤

    პ.ს. ტესტი გავაკეთე, ისლანდიელი ვარ 🙂 სკანდინავიისკენ განსაკუთრებით მიმიწევდა გული ყოველთვის

  4. ამ პოსტს არანაირი პრეტენზია არ აქვს იმაზე, რომ რაც აქ წერია, სრული ჭეშმარიტებაა, სუბიექტური დამოკიდებულებაა რაღაც-რაღაცებთან. მე არ მითქვამს, რომ არაფერი მომწონს, რაც გვაქვს, ვთქვი ის, რაც მე მეწინააღმდეგება პირადად, ეგაა და ეგ. თანაც არც არსად დამიდია ეს პოსტი და ჩემთან მგონი სრული უფლება მაქვს ვწერო, ის, რაც მინდა, არა? ისე ცხოველთან შედარებისთვის უღრმესი მადლობა, აი ეს ჟესტი ნამდვილად ტრადიციულად ქართული იყო, აკი ოდითგან იციან აქ ქალის პატივისცემა 🙂

  5. ძალიან, ასე მგონია, რომ არც უნგრელები განსხვავდებიან. ტრადიციები იქაც უხვადაა და მეც ბოლომდე არ უარვყოფ ტრადიციულობას, რადგან მაინც უძველესი და ისტორიის მქონე ქვეყნიდან ვარ. რაც მთავრია ჩვენი ემოციურობა არც უნგრეთში დაგვეკარგება და არც საბერძნეთში 🙂

  6. ოოოო, ბიორკის ქვეყნიდან ხარ? არის ამაში რაღაც იდუმალი და ამაღლებული 🙂 მიხარია, რომ მარტო არ ვყოფილვარ :* მადლობა.

  7. tami:

    ერთ ორ პუნქტს ჩავამატებდი და ერთ ორს ამოვაკლებდი- მენიშნა.

  8. კიდევ ბევრი პუნქტი დარჩა ამ სიის გარეთ, რაც უცებ გამახსენდა, ის დავწერე და ისინი, რომლებიც ადრე არ იყო და ახლ დაემატა სიას 🙂 ასე რომ, ჯერ წინ გაქვს ყველაფერი :*

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s