ვარდნა

ფარდის გადასაწევად ადგომა არ სჭირდება, გამოყოფს ხელს და ეგაა. მზეა გარეთ, ოღონდ ისეთი, თვალს რომ ახარებს და გულს- ისე რა. მაინც  იხდის საბანს და ეფიცხება, უჩერდება კაი ხანს.სითბო ედება ოდნავ-ოდნავ, უღიმღამოდ დაცოცავს სხივი და ნაკვალევი ვნებაგამოცლილი, უშნო ნაკოცნივით რჩება. გუშინდელ წვიმას ტალახიანი ზოლები დაუტოვებია შუშაზე და ისედაც მქრალ მზეს კიდევ უფრო ასუსტებს. გაწმენდს დღეს.

კანი ეხორკლება სიცივისგან.საბანში ეხვევა. ყველაზე ძნელად გასაკეთებელი მაინც ლოგინიდან გადმოსვლაა. აი, რომ არ იყოს, არც მოუწევდა. რომ არ გაღვიძებოდა, მაშინაც აღარ დაემუქრებოდა უთავბოლო, არაფრის მომტანი, ფუტურო ქაოსი. მაგრამ რაკი გაეღვიძა და რაკი არის, კიდეც უნდა შეუდგეს იმას, რაც წინასწარაა გაწერილი და ისეთი ადვილად გამოსაცნობია, დაფიქრებაც არაა საჭირო. პატიოსნად და მონდომებით გააკეთებს ყველაფერს სხვებისთვის, თვითონ უკვე კაი ხანია გამქრალია საკუთარი ცხოვრებიდან.

კარადიდან პარკში საგულდაგულოდ გამოხვეული ზამთრის ჩუსტები გამოიღო. მერე რა, რომ ზამთრამდე კიდევ ორი თვეა. ვერასდროს ეგუებოდა სიცივეს და ახლა, მით უმეტეს. ოდნავი სიგრილეც კი აუტანლად ეჩვენება, ასე ჰგონია, სიმაღლეშიც კი პატარავდება.

ერთმანეთზე მიტყუპებულ ფეხებს უყურებს ზემოდან და იღიმება- დიდი, წითელი, ფუმფულა ჭიამაიები მჭიდროდ შემოხვევიან მის ტერფებს და სითბო ჟრუანტელად უვლის მთელ ტანში.

დღის ეს მონაკვეთი ყველაზე კარგია, ყველა რომ გაიკრიფება და მარტო რჩება. ყავა-სიგარეტის ბანალური რიტუალის მერე სიჩუმეში მხოლოდ მისი ჩუსტების ფრატუნი ისმის და ისეთი ხმები, სახლის მილაგება-დალაგების პროცესს რომ ახლავს. ჩვევაა ესეც. თანაც დალაგებულ სახლში უკეთ ეფიქრება და უკეთაც ისვენებს. აი, რომ არ ყოფილიყო, მაშინ არც მოუწევდა ამ ყველაფრის კეთება, მაგრამ არის და.

დარჩენილი ათი გვერდიც გაასწორა და გადაგზავნა. ამდენი სისულელე ერთად თავმოყრილი იშვიათია, მაგრამ რას დაეძებს, კარგად გადაუხდიან და ერთით მეტი, ერთით ნაკლები იდიოტობა არც დააქცევს ამ ქვეყანას და არც ააშენებს.არც ამით დაინაგვიანებდა თავს, რომ არ ყოფილიყო, მაგრამ რადგან არის, კიდეც უნდა აიტანოს.

სიამოვნებით აღარ იქნებოდა, მაგრამ ეს არყოფნა ბუნებრივად და უმტკივნეულოდ უნდა. მაშინ არც ოჯახი დარჩება გულდაწყვეტილი, რატომ გაგვიკეთა ესო, არც ენებს მოიქავებენ უსაქმურები და არც ანაფორიანებთან გაუხდებათ «გასაპრავებელი» იმქვეყნიურში მისი გაგზავნა.რა შანსი გაუშვა ხელიდან მაშინ, იმ ავარიის დროს. არც არაფერი გაუგია, არც არაფერი უგრძვნია, გონზე საავადმყოფოში მოვიდა, გაბადრული და ნამტირალევი სახეების გარემოცვაში, ღმერთმა გადაგარჩინაო, რომ ულოცავდნენ.სადღა მოძებნოს ახლა ასეთი გემრიელი ავარია?

ზღვაში რომ იხრჩობოდა, ის ცუდი იყო, შემაწუხებელი და სულაც არ ჰგავდა  იმ «იყო და არა იყო რას», მას რომ უნდოდა. აი, ნარკოზიდან გამოუსვლელობაც კარგი ხერხია, მაგრამ როცა ჰქონდა ეს შანსი, არ გამოვიდა და ახლა ვინ დაანარკოზებს მისი ხუშტურის გამო.

უჯრიდან ახალი ტილო ამოიღო, ისეთი ხასხასა მწვანე იყო, გულს ახარებდა, კიდეც ენანებოდა ფანჯრის გასაწმენდად. სკამი მიიდგა და რაფაზე აძვრა.

ქვევიდან ბავშვების ჭყიპინი ისმოდა, მზიან ამინდში გარეთ გამოეფინათ მშობლებს ქალაქური მტვრისა და ნახშირორჟნაგის ბლომად ჩასასუნთქად. წითელქუდიანი მუხლებზე დამხობილი ხატავდა რაღაცას ცარცით. ზემოდან ვერ არჩევდა, გოგო იყო თუ ბიჭი. წმენდდა შუშას და  აკვირდებოდა. დაბრეცილი, ოკრო-ბოკრო წრე მზე უნდა ყოფილიყო ალბათ, სავარაუდოდ, ელამი თვალებით და ყურიდან ყურამდე გახეული ბანალური ღიმილით.

ხელს უშვებს ჩარჩოს, კარგა ხანს დგას ასე, მზეს მიფიცხებული, ტილოს იქვე აგდებს რაფაზე და ნაბიჯს დგამს…

გადასარევია! უბედური შემთხვევა, ქალი ფანჯარას წმენდდა, ფეხი აუსრიალდა, თავი ვერ შეიმაგრა და გადმოვარდა! სიმაღლე  გარანტიაა იმის, რომ არც ღმერთი გადაარჩენს და არც ექიმი, წესით არც წვალების საშიშროება უნდა იყოს. ალბათ  ბავშვების უფლებების დარღვევაა ეს ამბავი, რაკი მათი იქ ყოფნისას დაეძნეყვება ასფალტზე, მაგრამ რას იზამ, უმსხვერპლოდ როდის იყო, რამე გამოდიოდა.წითელქუდიანი იყვირებს ალბათ. სავარაუდოდ, ტექსტი ასე უნდა ჟღერდეს:» დედააა, ჩემს მზეს ქალი დაეცა ზევიდან და ზედ გდია, ჭიამაიებიანი ქალი!»აიხედავენ ზევით და რაფაზე მწვანე ტილო იქნება გადმოკიდებული ლამაზად.

ტელეფონი გაიხა რეკვით. ავტომოპასუხე ჩაირთო. მოსწავლის დედა რეკავდა. სულ დაავიწყდა, რომ დღეს ფული უნდა მოეტანა და დროზე შეთანხმება უნდოდა ალბათ.

სწრაფად ჩამოხტა, ფანჯარა დაკეტა და ფარდაც გაასწორა.

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Один комментарий на «ვარდნა»

  1. tami:

    ra mshvenieri dila gkonia, cota sevdiani da sentimentaluri

  2. «მაშინ არც ოჯახი დარჩება გულდაწყვეტილი, რატომ გაგვიკეთა ესო, არც ენებს მოიქავებენ უსაქმურები და არც ანაფორიანებთან გაუხდებათ “გასაპრავებელი” იმქვეყნიურში მისი გაგზავნა.» – ეს მომენტი წავიკითხე რამდენჯერმე. რაღაცნაირად მოუხდა შენი პოსტი ჩემ დილის განწყობას. განვიცადე და მეცნო.

  3. შენც ტრადიციად აგდევნებია კარგი განწყობა, ვერაფერს იტყვი :). ჩვენი ემოციების თანხვედრა და ახლა უკვე განწყობებისაც ერთხელაც პოსტის თემა გახდება :*

  4. ძალიან მეცნო ეს ფიქრები, აი ძალიან ……

  5. თვითმკვლელობას ვერ გავბედავ, ალბათ, ვერასდროს… განა იმიტომ, რომ საიქიოსი მეშინია, არამედ იმიტომ, რომ გადამწყვეტ მომენტში ამიკანკალდება ხელი (ან ფეხი) და ამიტყდება ყველაფერ იმის დანანება, რასაც დავტოვებ. დამენანება გეგმები და ხელშესახებად განცდადი გრძნობები;შემეცოდება მშობლები, რომლებიც გაიხევიან და წელში გაწყდებიან, ისე ინერვიულებენ; დამენანება ცოცხლური სიხარული, აღფრთოვანება და სიყვარული, ვნებაც… არადა, არ მინდა რომ დამამახინჯოს სიძნელეებმა და სიბინძურეებმა, რაც წინ მელოდება და რაც ვიცი, რომ არცერთ ადამიანს არ ასცდება. არ აგვცდება თითოეულ ჩვენგანს უსიამოვნება და უბედურება — ბუნების კანონია, რომ ყოველთვის ნასიამოვნები და ბედნიერი ვერ იქნები, ვერ იქნები ყოველთვის ამაღლებულ განწყობაზეც. ერთი სურვილი მაინც მაქვს, რომ მოვკვდე მანამ, სანამ დავბერდები. არადა, სიკვდილი სჯობს…

  6. კარგი ფიქრებიაო, ნამდვილად ვერ იტყვის ადამიანი… მიხარია, თუ ახლოს მოვიდა ეს ჩანაწერი, აი ის კი გულს მწყვეტს, ასეთი ფიქრები რომ ეშინაურებათ ჩემს ახლობლებს და არაახლობლებს, ალბათ ამაზეც იყო ეს პოსტი.მადლობა.

  7. მეც ასე ვარ. კიდეც ვუძლებ ათას სიძნელეს აგერ უკვე ამდენი ხანია 🙂 მართალია, სიბერის შიში გაცილებით ძლიერია სიკვდილის შიშზე, მესმის შენი.

  8. ძალიან ახლოს მოვიდა….არაფერს..იმედია გაუცხოვდება ეს ფიქრები….

  9. რა სპეციალობაა შენი, კატერინა?

  10. ჩემი ბლოგი არ გქონია Blogroll-ში? მე დაგიმატე, შენც გირჩევ…
    წინასწარ მადლობა…

  11. ფილოლოგი, სპეციალობა ქართული ენა და ლიტერატურა, სტაჟიანი თსუ-ელი ვარ 🙂 იყო დრო, კიდეც ვმასწავლებლობდი სკოლაში.

  12. ხო, ეგ სია არ გამიახლებია, თორემ ისე საკითხავებში კი მყავხარ და გამოწერილიც. გამოვასწორებ.

  13. ბოდიშს კი ვიხდი, ცოტა მკითხველები მყავს და სანთლით ვეძებ. თან ლიტერატურის დარგში, რა თქმა უნდა.

  14. უფ, რას ამბობ. ისე ეგ არაა ცუდი, ის კი არა ერთგვარი შეფასებაცაა, ძირითადად ცოტა მკითხველი აზრიან ბლოგებ ჰყავთ, გამონაკლისი მოლია.

  15. ადრეც გითხარი ახლაც გეუბნები, გინდა თუ არ გინდა მაინც დაბერდები! ისე შენი თეორია ბებრების შესახებ მომწონს! 😉

  16. ვორდპრესმა ისე დაალაგა თითქოს წინა კომენტარი კატერინას კომენტარის პასუხია, არადა ნესტანდარეჯანის. (ეს ისე) 😳

  17. რომელი თეორია, ჩამოაყალიბე !

  18. ხო, რაც არ უნდა მტკიოდეს ეს, ასეა, ვიცი. ჭკვიანია ვორდპრესი, სწორად დაალაგა :). მეც მაქვს ჩემი თეორია, წლების მატება ბავშვობის მდგომარეობასთან გაახლოვებს, როცა ხდები უმწეო და გულჩვილი და სულ გეჩვენება, რომ არავის უყვარხარ, ამიტომაც გინდა უფრო მეტი სიყვარული გარძნობინონ, ვიდრე ეს შენთან მყოფებს შეუძლიათ. კამილო ხოსე სელას მოთხრობაში მოხუცი ქალი თოჯინას იპარავს, როგორიც არ ჰქონია ბავშვობაში 🙂 კარგი მოთხრობაა,თუ არ ვცდები » ბავშვობა დაკარგული სამოთხეა» ასე ჰქვია.

  19. აუცილებლად წავიკითხავ, ის კომენტარი მართლა ნესტანდარეჯანს დავუწერე. 🙂 არერთხელ მომისმენია მისი შეხედულება მოხუცებზე და მაგიტომ. 🙂

  20. ვიცი, შე კაცო, მარა კარგად ჩაჯდა 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s