მე, ლორკა და დარბაზი

ისევ შემომიტიეს ბუენდიებმა.  კაი ხანს გაგრძელდა და გადავწყვიტე განტვირთვა მომეწყო საკუთარი თავისთვის. რაკი არაფერი ისე არ მშველის, როგორც თეატრში წასვლა,  დავკარი ფეხი და ბოლო მოსწავლის შემდეგ დამუღრულივით და საოცრად არათეატრალურად გავქანდი. ამჯერად «ბერნარდა ალბას სახლს» დავესწარი თუმანიშვილის თეატრში.

რაც შეეხება სპექტაკლს, ცოტა არ იყოს, იმედი გამიცრუა. რომ არა ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება ლორკასა და თვითონ ამ პიესის მიმართ, ალბათ არც დავრჩებოდი ბოლომდე. გამაღიზიანა მსახიობების ზედმეტად მოწადინებულმა დაქაჩულმა მეტყველებამ, ძალიან თვალში საცემი იყო ეგრეთ წოდებული «ნაიგრიში». მერე კიდევ ცუდად მომჭრა ყური იმან, რომ ზედმეტად გატყლარჭული, მაღალფარდოვანი და კერენსკისდროინდელი თარგმანი მესმოდა სცენიდან. არადა  სულ  ცოტა ხელის შევლება უნდა და პიესა განახლდება, გაცოცხლდება და აღარ იქნება ისეთი მოსაწყენი. არ მომეწონა, რომ თემა დაყვანილია მხოლოდ უკაცოდ დარჩენილი ქალების საცოდაობამდე. ნამდვილად არ მემეტება ეს პიესა საამისოდ. მასში გაცილებით ღრმა აზრი მგონია დევს, ვიდრე მხოლოდ შინაბერების ტრაგედია. მუსიკას არა უშავდა, მაგრამ ქორეოგრაფია იყო ნამეტანი გასაცოდავებული, ასე რომ, სჯობდა არც ყოფილიყო, სკოლის მოსწავლეების უნიჭო დადგმას ჰგავდა.

ახლა სხვა შთაბეჭდილებები: ნუ, დარბაზი და მობილური მარადიული თემაა ჩვენთან და შუა სპექტაკლში ნოკიას გამღერებები ერთობ საოცარ პეწს სძენდა უამისოდაც არაჩვეულებრივ სპექტაკლს. ყველაზე დაძაბულ მომენტებში და წესით ყველაზე დასაფიქრებელი ტექსტებისას უადგილი სიცილი, გამომეტყველება სახეებზე ისეთი, დაეჭვდები, ეგებ და რამე კომედიას ვესწრები და აღარ მახსოვსო.

შესვენებისას დამეზარა გასვლა და დავრჩი დარბაზში. არც ვინანე. ის კი არა, გული დამწყდა, რომ ასე მალე  გავიდა ეს დრო და ჩაქრა შუქი. რატომ ,ახლავე გეტყვით. ჩემ უკან ისხდნენ თეატრალურის სტუდენტები, ორი გოგონა საკუბოვედ გამოპრანჭული და ერთობ საინტერესოდ ბაასობდნენ. პირველი მოქმედების შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ერთმანეთს ისე, უკეთესს რომ ვერ მოისმენდა ადამიანი:

-ისე რა უბედურებაა ეს რა, რომ ასე უნდა დაბერდე და კაცს არ უნდა შეხედო, იმის არ იყოს, ჩემი მეზობელი რომ ამბობს, ქალიშვილი უნდა გავთხოვდეო და მანამდე არავის მივცემო.( უცებ გაავლო პარალელი, გაიგო და ყველაფერი 🙂  )

-უიმე, არა გოგო, რაა იცი?ეს ხო ძველ დროზეა, აი, მშობლები რომ ათხოვებდნენ და უნდა მჯდარიყო და დალოდებოდა, ვის მოუძებნიდნენ.

-ხო, აი იქაც როა, იმ წიგნში, ქალიშვილი რომ იყო და სულ რომ ქსოვდა( აქ ყურები ვცქვიტე, მივხვდი, რომ საინტერესო რამის მოწმე ვხვდებოდი).

-ხო, მერე ის გოგოც როგორ შემეცოდა მონასტერში რომ წაიყვანეს და ისიც, აი ჭიანჭველებმა რომ შეჭამეს ბავშვი.

-ხო, მარა მანდ რა იყო იცი? მანდ სისხლის აღრევა რო მოხდა, იმიტომ იყო მასე. და ვაბშე მანდ ისეთი ამბები ხდება, რომ სუფთა ბრაზილიური სერიალია.

-ხო, გოგო, და ახლა  50 წიგში ყოფილა და უნდა გამოვიდეს და ერთი უნდა ვნახო.

მთელ ამ დიალოგს გასდევს საოცრად რბილი «ლ», რომელიც შიგადაშიგ სწორდება და ისე მაგრდება,  სჯობდა ისევ რბილი ყოფილიყო.

მე ვზივარ და ჩემთვის ვიხევი სიცილით, ამყოლიც არავინ მყავს გვერდით. სამწუხაროდ, შუქი ჩაქრა და მეორე მოქმედება დაიწყო.

მე ვიჯექი, ვუყურებდი სპექტაკლს და თან ამ გოგოებზე მეფიქრებოდა. იმედია, სამსახიობოზე არ სწავლობენ, ასეთი მეტყველებით, წესით, არ უნდა მიეღოთ. ანუ ან სარეჟისოროს სტუდენტები არიან, ან სასცენაროსი, ან რამე სხვის, რა მნიშვნელობა აქვს. სადაც სამართალია, როგორ შეიძლება ამათი სიახლოვეს გაკარება რამესთან, რაც ხელოვნებასთანაა კავშირში?!.  და მერე კიდევ მიკვირს, რატომაა ასეთი უნიჭო ასეთი კარგი პიესით გაკეთებული სპექტაკლი და  ვბრაზობ, რომ ეს ლორკასეული ხმამაღალი პროტესტი უაზრო ტრადიციების, დიქტატის, ყოველგვარი ძალადობის და თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ, უკაცო ქალების სექსუალურ «აზაბოჩენნობამდეა» დაყვანილი.

გარეთ მშვენიერი მშვიდი საღამო დამხვდა. ცოტა კი შემცივდა, მაგრამ არ შევეპუე და ტრადიციულად ფეხით გავუყევი გზას. მივყვებოდი განათებულ პლეხანოვს( რა ვქნა, ვერაფრით ვეძახი აღმაშნებელს) და მარშრუტის სიგრძე ზუსტად შეესაბამებოდა ჩემს საფიქრალს: იმას, რაც მაინც დამრჩა ჩემი თეატრალური საღამოდან.  იმას, რაც ჩემს აჯანყებულ ლორკას აწუხებდა, იმას, რაც დღემდე უკუღმართადაა ჩემს ქვეყანაში, იმას, რომ თავისუფლება შინაგანი მდგომარეობაა და ის აზროვნებიდან იღებს სათავეს და იმას, რომ თეატრში არაფრით შეიძლება შემთხვევითი ადამიანების ყოფნა, არც სხვაგან, რასაკვირველია, მაგრამ ამჯერად ეს იყო ჩემი ფიქრის საგანი. სამყარო, რომელიც თეატრშია, ადამიანების დაფიქრება-გაკეთილშობილებას უნდა ემსახურებოდეს, ეს კიდევ გემოვნების და ნიჭის გარეშე ვერ გამოვა და სადღა იქნება კათარზისი? არადა, უნდა იყოს, ჭკვიანები იყვნენ  ელინები…

საღამო შედგა.

Запись опубликована в рубрике თეატრი, კინო, მუსიკა с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

43 комментария на «მე, ლორკა და დარბაზი»

  1. დიალოგი — უბერებელი და მუდამ აქტუალური კლასიკა (სამწუხაროდ).

  2. აჰა, მაგრამ ეს დიალოგი გამორჩეული იყო თავისი ღრმა ხედვებით ლიტერატურის სფეროში. მარკესის ასეთი საინტერესო მიმოხილვა არსად გამიგია 🙂 ისე შენზე გამეფიქრა, ახლა აქ იყოს და ისმენდეს-მეთქი 🙂

  3. სპექტაკლს ჩავშლიდით სიცილით :))))

    მარტოობის ას წელიწადზე ინცესტური მოტივები რომ ახსენდებათ როგორც წესი და ამით რომ იწყებენ და ამთავრებენ, ეს მკლავს და მანადგურებს 🙂

    ბერნარდა ალბა მოსწავლეობის ჟამს მაქვს ნანახი რუსთაველში. ისე, დიდი თეატრალი მე ვერ ვარ და შემფასებლად ვერ გამოვდგები, მაგრამ აჯანყებული ლორკა (რა გემრიელად და ზუსტად მოიხსენიე, კატერინა) მიყვარს ❤

  4. აჰა, მეც ასე წარმოვიდგინე, როგორ ვიხეოდით სიცილით, მე კი მარტოობაში ვეძლეოდი ამ მდგომაროებას :). ხო, ლორკა მეც მიყვარს, თავისი მეამბოხური ბუნებით, ჩემიანია რაღაცნაირად ❤

  5. ფრიად საინტერესოა, დიალოგი კიდევ უფრო! 😀 სპექტაკლად არ მინახავს, თუმცა ეს მაქვს ნანახი http://goo.gl/BHW5i

  6. ხოო, ეგ კარგი ვარიანტია, მარტო ლილი იოსელიანი ღირს ერთ ფილმად, გაცილებით ძლიერია, ვიდრე ეს დადგმა.

  7. tami:

    ძლიერი პიესაა და თუმანიშილის თეატრი მარტო ამ პიესას კი არა კიდე რამდენიმეს გვარიანად აფუჭებს.

  8. არადა მე მიყვარს ეს თეატრი და გული დამწყდა ძალიან.

  9. tami:

    მე არ მიყვარს, ჩემს გემოვნებას არ აკმაყოფილებს.

  10. ჩემი დამოკიდებულება ბევრი წლის ამბავია, ახლა არ ჩამოყალიბებულა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამ ბოლიოს რაც ვნახე, მათში კარგი და მოსაწონი არ იყო. არადა საკმაოდ სტაჟიანი თეატრალი ვარ და ცოტა რამ მესმის :). რამდენი ადამიანიცაა, იმდენი გემოვნებაა და აზრი. ეგ არაფერი, თამ.არ მეწყინება.

  11. tami:

    საწყენად არ მითქვამს, თეატრს ჩემს ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ხარისხსს ვაფასებ ამჯერად როგორც თეატრმცოდნე და მეტი არაფერი.

  12. არც მწყენია, გეკადრება? რავა ჩემი თეატრი კი არაა და არც ჩემი დადგმული ის ცუდი სპექტაკლები :), ისედაც, მე არ მწყინს ჩემგან განსხვავებული დამოკიდებულების მოსმენა, ეგ არც იფიქრო :*

  13. «მარტოობის ასი წლის» «მიმოხილვამ» «გამანადგურა» (თან «ის» 50-ც რომ არ დაივიწყეს) :))) კიდევ კარგი, ჩემი «თეატრის მეზობლები» «მესიჯობით» და ე.წ. «სნეიქის» თამაშით შემოიფარგლებიან ხოლმე და ლიტერატურული საუბრების მოსმენა არ მიწევს (არადა, ასეთივე წარმატებით თეატრის გარეთაც შეიძლება მობილურის გამოყენება…მაინცდამაინც თეატრში ჩემს გვერდით რომ არ დასხდნენ…)

  14. :)))))))))))))) ეგეც მრავლად იყო, მაგრამ ამ დიალოგმა გადაფარა! ასეთს კი შევსწრებივარ, მაგრამ ადგილი იყო ისეთი, ორმაგად საინტერესო აღმოჩნდა 🙂

  15. ო ო… თუმანიშვილში ვერ ყოფილა კარგად საქმე, არადა მეც კარგი დრო მახსოვს მაგ თეატრში!

  16. ხო, ეგ დრო მეც საამოდ მახსოვს 🙂 ტუმცა არც ახლაა ნამეტანი სავალალოდ საქმე, აქვთ კარგი სპექტაკლებიც.

  17. იმედი მაქვს, ძველიც ბევრი იდგმება, მაყურებლის კულტურაში კი ეტყობა ძვრებია უკან. მეც საკმაოდ ხშირი მაყურებელი ვარ, მაგრამ თუმანიშვილში ბოლოს მგონი «ალუბლის ბაღი» ვნახე. ყველა მსახიობი გაპოლიტიკოსდა და რაღა გვიკვირს, ვის დაუტოვეს თეატრი? (ნინელი და გია როინიშვილი თამაშობდნენ). მაგ თეატრის მთავარი ხიბლი ეს ორი ადამიანიც იყო.

  18. P. S. ბიძინა ბარათაშვილი პარლამენტშია, ნუგზარ ბაგრატიონი მეფობას ითხოვს და ა. შ.
    მიშა თუმანიშვილი ქე გარდაიცვალა და ასე!…

  19. :))))))))))))) გადასარევი იყო. მომეწონა :* მაგსა კიდევ თეატრალურის ვაი-კადრებიც მიამატე და ეგაა. ქე დაგვემხო თავზე თეატრი 🙂

  20. კი, არის ძველებიც. მე «ჰარალეთი» მომეწონა, რაღაც მიშასეული იყო, ბუღაძის პიესაც კარგი იყო და «მელოტი მომღერალი ქალიც». დავწერე კიდეც.

  21. ჩემთან რატომ აღარ შემოდიხარ? ახალი პოსტი დავდე კითხვებით და შენი აზრი მაინტერესებს.

  22. უი, და რატომ არ მომივიდა მეილზე? მე რასაც ვკითხულობ და ვისაც ვსტუმრობ, ისინი გამოწერილი მაქვს და სიახლეები მეილზე მომდის ხოლმე. გადავამოწმებ 🙂

  23. უცხოელი დრამატურგების პროტესტის ტალღებმა, უნდა იარონ თავისი გზით. ზოგ რეჟისორს ქართული ტრადიციების გავლით უნდა სათქმელის მაყურებლამდე მიტანა, მაგრამ რიგ შემტხვევებში ეს არ გამოსდიტ, რადგან არსებობს პიესები რომლის ინტერპრეტაცია მტლიანად ამახინჯებს მათ 🙂

  24. ლორკასეული პროტესტის ქართველთან მიტანა ძალიან ადვილია, არაა შორეული. თუმცა ამ შემთხვევაში არანაირ ინტერპრეტაციასთან არ გვაქვს საქმე, უბრალოდ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია.. უცხოურის ინტერპრეტაციები არც მე მომწონს, იკარგება ის, რაც კარგია და პაროდიას ემსგავსება. ამიტომაცაა, რომ რეჟისორი თუა ნიჭიერი და გემოვნებიანი, მას არ სჭირდება მაინცდამაინც გადმოქართულება და გაშარჟება, რაც არის, იმის დადგმასაც ახერხებს კარგად.

  25. xo ra tqma unda 🙂 magalitad sisxlisn qorwilshic aris venaxi da yurdzeni 🙂 advilia amis m warmoidgine tenesis tramvai rom parodiad aqcion 😀

  26. ხო, თუმცა ეს გადმოქართულებაც ალბათ გადმომქართულებლის ნიჭზე და გემოვნებაზე დამოკიდებული, თორემ «ქვევრი» მე უფრო მომწონს, ვიდრე პირველწყარო, პირანდელოს მოთხრობა, » არ იდარდო» გადასარევი სცენარია. აი «პიგმალიონი» კი მგონია, რომ პაროდიაა, მაინც კი სიამოვნებით ვნახე და გავერთე, მაგრამ არაა ის, რაც უნდა იყოს 🙂

  27. გავლებულმა პარალელებმა ჩამქვავა :დ რაც არ უნდა უნიჭოდ დადგმული უნდა იყოს სპექტაკლი დავიჯერო იმ ორმა ქალიშვილმა მეზობლის მარადიულ სიქალწულესა და ინცესტის შედეგად ჭიანჭველების მიერ შეჭმულ ბავშვზე მეტი გასარჩვი ვერაფერი მონახეს? :დ

  28. აბა, მაგრამ აი მთლიანობაში იყო რაღაც არნახულ-არგაგონილი დიალოგი :). აბსოლუტურად გეთანხმები, ჩემო თაია, აბა თუ მთელი სპექტაკლი ილაპარაკე და მობილურზე რეკე, როგორ უნდა გაიგო, კარგია სპექტაკლი თუ ცუდი? და ისედაც არის რაღაც ფორმა და ქცევის წესი, რომელიც უნდა დაიცვას ადამიანმა.

  29. გუშინ ვიყავი მარჯანიშვილის თეატრში, სპექტაკლზე «ქალები» და ჩემდა სამწუხაროდ დამაჯერებლობას საერთოდ მოკლებული იყო. დავიტანჯე სანამ დამთავრდებოდა. არადა მახსოვს სპექტაკლები რომლებიც ჩემთვის 1 წუთს გაგრძელდნენ 🙂 ვერ გავიგე როგორ გავიდა 2 საათი, ის ჩემტვის ერთ წუთს გაგრძელდა 😦 მომენატრა ასეთი სპექტაკლის ნახვა 🙂

  30. ციცინო კობიაშვილის დადგმა აბა რა იქნებოდა :). ისე აი ზუსტად მასე ერთი წუთის სიამოვნებაა ბუღაძის 7.პ.პ. თუ არ გაქვს ნანახი, ნახე. მე მომეწონა.

  31. არ მაქვს და აუცილებლად ვნახავ თუ კიდევ გადის 🙂 ნახე სტუმარ-მასპინძელი? ძაან მომეწონა, გაოცებული დავრჩი ამერიკელების ესეთი კარგი შესრულებით, რა თქმა უნდა ქართულ ხასიათში და ბოლოს კახი რომ მუხლებზე დაუდგა პაკლონზე მაყურებელს, ვიგრძენი რომ ბედნიერრად ვგრძნობდი თავს 🙂 ალბათ ბატონი კახიც 🙂

  32. კი, იდგმება, თვითონ პიესაა იმდენად კარგი საყურებელი, რომ არ მოიწყენ. სამწუხაროდ, ეგ სპექტაკლი არ მინახავს და გული მწყდება.

  33. 8,9 ნოემბერს მეფე ლირია და აუცილებლად წადი…….. რაღაც ძალიან კარგს ველოდები 😀

  34. ჯერ არ გამომივა ეგ ამბავი, გრიპის ქვეშევრდომობაში ვარ და ვწევარ, მერე აუცილებლად. ვინ დგამს და სად?

  35. მეფე ლირი (სინეტიკ თეატრი) უილიამ შექსპირი პაატა ციქურიშვილი 8 ნოემბერი 19:45 დიდი 😀

  36. karga xania araperi dagviweria 😀 sad davikarget?

  37. თეატრს ვეღარ ვსტუმრობ და თეატრალურ პოსტებში დავიკარგე 🙂 ისე კი დავწერე. მაქვს ხოლმე პერიოდები.აი ახლაც ვასწორებ ახალს 🙂

  38. ratom vegar stumrob, me 31 shi viyavi qarishxalze, kargia sturua rom dabrunda 😀 6 shic unda wavide…. dagpatijebdi, magram ar gicnob 😀

  39. ხო, სტურუას დაბრუნება მეც გამიხარდა. საღამოობით როცა მცალია, იმ დროს არ ემთხვევა ხოლმე ის, რისი ნახვაც მინდა. ნუ ნაცნობობა პირობითია, გამოსწორებადიც :). მოვახერხებ მაინც როგორმე. ძალიან მაკლია, თეატრში წასვლა ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

  40. ბნელი ოთახი, ოთახში თაროებია რომელიც წიგნებით არის სავსე, შუაში მაგიდაა და ერთი სკამი დგას. წიგნების თაროსთან ღამის სანათია, რომელიც კარგა ხანი არ განათებულა. ირგვლივ სიბნელეა გამეფებული და სიჩუმის ხმა დგას. უცებ კარებთან ვიღაც მოდის, ჯერ კარებზე აკაკუნებს, არავინ რომ არ გააღო, დაიძახა : — ბეღურა! ბეღურა! გამიღე კარი… რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ გასაღების ჩხრიალის ხმა ისმის და კარს აღებს. ოთახში შემოდის არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი ასე 25 დან 30 წლამდე და თან მღერის : — საზიზღარი დღეა, საზიზღარი მზეა, იმიტომ რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა… ამ სიმღერ-სიმღერით შემოვიდა და სკამამდე ძლივს მიაღწი, ხელები მაგიდაზე დადო და თავი შიგ ჩარგო, ცდილობს დაიძინოს. უცებ ელდანაკრავივით წამოწევს თავს და შეჰყვირებს : — არა! ჯერ ადრეა დაძინება! ყოველ დღე ხომ არ მაქვს დაბადების დღე. ისედაც ვერ ვიტან ძილს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ დროს ვკარგავ ძილში. ეს დრო ჯობია ჩემ საქმეს მოვახმარო… (მწარე სიცილი უტყდება) ჩემი საქმე?! რა ჩემი საქმე, სად მაქვს საქმე, საერთოდაც რას წარმოვადგენ… ასე ლუღლუღით მიდის ოთახის კედელთან და ჯამიდან წყალს სახეზე ისხამს. თითქოს ცოტა თვალებში გამოიხედავს, ისევ მაგიდას უბრუნდება. მაგიდის მარჯვენა მხრიდან სკამის გამოღებას სცდილობს, მაგრამ უშედეგოდ, რადგან ოთახში მხოლოდ ერთი სკამია, რომელზეც წეღან იჯდა. — რა საჭიროა მეორე სკამი, რაში მჭირდება?რა ვინმეს ველოდები? თუ ადრინდელივით მეგობრები მომივლენ და ერთად მოვილხენთ… დღეს არავის არ გავხსენებივარ, მაგრამ არ მჭირდებიან, არავინ არ მჭირდება, მე მარტოც მშვენივრად ვგრძნობ თავს! გადასარევად! შესანიშნავად! იდეალურად!… ამის მტკიცებით გადადის კართან, სადაც შემოსვლისას ღვინის ბოთლი დადგა კედელთან. აიღო ბოთლი, ერთი ყლუპი მოსვა და წიგნების კარადას მზერა მიაპყრო: — ჰააა!!! მე ვარ მარტო? მე ვარ?! ყველას კი არ სჭირდება სკამი, ამათ სკამი და მიწა არ უნდათ. ყველამ მიმატოვა და ესენი კი, მე მივატოვე! მიდის წიგნების თაროსთან, ხელის კანკალით ანთებს ღამის სანათს და ხედავს, როგორ ულოცავენ მისი მეგობრები დაბადების დღეს და გაახსენდა, შვიდი წლის ასაკში როგორ ჩაიკრა გულში დედამ, როდესაც ფეხი დაუცდა და ყინულზე გაიშხლართა. ისიც გაახსენდა როგორ გადაარჩინა მამამ გამძვინვარებული მხეცისაგან და იგრძო, რომ მარტო აღარ იყო. მთელი მოწიწებით დაიხსნა წიგნი თაროს ტყვეობიდან, ფრთხილად გადაწმინდა მტვერი. გადაშალა და წავიდა იმ სამყაროში სადაც მარტო არავინაა, სადაც არასდროსაა ერთი ფერი და მის ჩამომხმარ სახეს ღიმილი აუთამაშდა. ის არასდროს იყო ასეთი ბედნიერი… შვიდი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ისე ჩაფლულიყო ამ სამყაროში, რომ ჭამა-სმა სულ დავიწყებოდა… მხოლოდ ერთი თვის შემდეგ იპოვეს მკვდარი და მხოლოდ იმიტომ, რომ ქირის ფული ემართა სახლის პატრონისათვის. მის ირგვლივ უამრავი გადაშლილი წიგნი იყო. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, თითქოს გასაფრენად მომზადებულანო, როგორც ფრინველების გუნდი აცივების ჟამს. მის სახეზე ისევ ის ღიმილი გამოსჭვიოდა, ის ბედნიერი იყო და ეს სითბო მთელ ოთახში იღვრებოდა. სახლის პატრონმა ვერ გაბედა იქ შესვლა და ალბათ, ახლაც იქ არიან გასაფრენად მომზადებულნი…

  41. მეგონა ჩემზე იყო 🙂 ქირას არ ვიხდი ოღონდ. გამაჟრიალა…ისე, ტექსტი მეცნო ძალიან და დაბნეული ვზივარ და ვცდილობ გავიხსენო… მადლობა.

  42. dzalian damwyvita guram sagaradzis sikvdilma guli 😦 jer imitom rom udzlieresi iyo da meorec imitom rom meotxe kursze chemtvis unda eswavla mxatvruli kitxva da 😦 😦 😦 bolo cota egoizmshi chametvala, magram dzalian damwyda 😦

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s