ლაქები ფსკერზე

თავპირისმტვრევით გარბის ვიწრო ჩიხში, მოსახვევებში წონასწორობას კარგავს და კედლებს ეხლება. კედლები ხორკლიანია და სველი, ცივი. მიწა უსწორმასწორო და ტალახიანი. ფეხი უცურს. თეთრ კედებს თანდათან ფარავს შავი შხეფები. ტერფამდე აღწევს სისველე და თითებს ქვეშ გრძნობს ტალახის სიბლანტეს, მოძრაობისას რომ ისორსლება და ეგლისება…

კედელზე კალენდარი ჰკიდია.  როგორც წესი, ჯერ შავი ლაქები ფარავს ფოკუსს, მერე ნელ-ნელა იშლება წერტილებად, შემდეგ წერტილები ლღვება, ირეცხება და ნელ-ნელა ჩნდება მზერის ობიექტი. კარგა ხანია ასეა. მიეჩვია კიდეც.  ბუნებრივად აღიქვამს იმას, რომ პირველი შეხედვისთანავე ვერასდროს ხედავს საგანს ისეთად, როგორიც არის. ოფთალმოლოგიურად გაურკვეველი წარმომავლობის შავი ლაქები სკლერაზე ჰქვია ამას, თუმცა მისთვის ეს დიაგნოზი არაფრის მთქმელია. გაცილებით ლოგიკური ახსნა აქვს ამის და კანონზომიერებასაც ხედავს ერთგვარს. არც განიცდის, კაცმა რომ თქვას.კალენდარზე ორი რიცხვია, კონკრეტული  და არაფრით გამორჩეული, მაგრამ მისთვის განსაკუთრებული. პირველსა და მეორეს შორის სხვაობა ოთხი დღეა. ეს კი იმის გარანტიაა, რომ პირველი არასდროს აძლევს მეორის დავიწყების საშუალებას.

კვამლი ედება ხორხის, საყლაპავი მილის კედლებს და მწარე ყავის ყლუპები რეცხავს. ჩარჩენილი ნალექი მოყვება ბოლო ყლუპს. ბლანტი, სლიკინა ტალახი ავსებს პირს, იგლისება ენასა და კბილებს შორის, მერე იჭედება და კნაწუნობს. სისველეს გრძნობს შუბლზე, მარჯვენა მხარეს. წებოვანი სითხე ჩამოდის და თვალს ავსებს, იქიდან ლოყაზე აგრძელებს გზას. უცნაური გემო აქვს, მოტკბო. წითელია. თავზე იკიდებს ხელს და სირბილეს გრძნობს.ხელს რაღაც თხელი მოჰყვება აპკივით და ნიკაპთან ეკიდება. სარკეში იხედება. მარჯვენა მხარე ცარიელია. გაშიშვლებული ხვეულები კაპილარებითაა დაზოლილი წითლად, ფეთქავს. კანგადაცლილ შუბლ-ნახევარი, სადღაც შორს ჩარჩენილი სისხლიანი ფოსო, ცხიმოვანი ქსოვილი კარგად ჩანს ატყავებულ ლოყაზე. ცდილობს აიწებოს ჩამოხეული კანი, მაგრამ თითებს ისე მიჰკვრია, აღარ სცილდება, ვეღარც წვდება შუბლამდე. წელავს. იხევა.

უემოციოდ კრეფს უკვე ყოველწლიურ ტრადიციად ქცეულ ტექსტს: «გილოცავ», მერე ნომერი შეჰყავს, რომელიც ახსოვს, მერე რა, რომ ტელეფონში კარგა ხანია, არ უწერია. არადა, საერთოდ ვერ იმახსოვრებს ნომრებს, საკუთარიც კი ხშირად ეშლება. გზავნის. ოთხი დღის მერე ზუსტად ასეთივე ტექსტს მიიღებს. წლებია ეს უცნაური ბუმერანგობანა გრძელდება, ყოვლად უაზრო, აჩემებული. ოღონდ ორივემ იცის, რომ ეს არაა მილოცვა და არც დიდად სიხარულის მომტანია ადრესატისთვის. ორივემ იცის , რომ ეს აღიარებაა ურთიერთობის შემდგარობის, მიუხედავად არშემდგარობის.

ველი მწვანეა და უსასრულო. არც ცაა, არც მზე, მარტო სიმწვანეა და ქარი. გარბის უკანმოუხედავად. უკან გველები მისდევენ, გრძელები, მოკლეები, ჭრელები, შავები. ქარი უწუის ყურებში და ფარავს სისინის ხმას. თმის სამაგრი სძვრება. თმა ეშლება. ოფლიან სახეზე ეწებება ზოლებად. პირში ედება. ვერაფერს ხედავს. გარბის უკანმოუხედავად. მისდევენ.

მალე დაღამდება.  ახლოვდება დღეი იგი პირველი მოვლინების სამყაროსა ზედა. რაც მეტად ახლოვდება, მეტად უფუჭდება ხასიათი. დაკარგავდა ამ დღეს სიამოვნებით, მაგრამ შეუძლებელია. გაცილებით ადვილია დაკარგვა გრძნობის, იმედის, ოცნების. ესეც ერთგვარი ხელოვნებაა, დაკარგვის ხელოვნება. სიზმრების დაკარგვა ამ ხელოვნების სრულყოფილად დაუფლების ნიშანია. კარგა ხანია, ოსტატია ამ საქმის. ოღონდ მისი სიზმრები უკვალოდ არ ქრებიან. ისინი ძილიდან ცხადში ინაცვლებენ.

მალე დაღამდება. დასრულდება სიზმრების ქაოსი და ძილის ბუნდოვანება დროებით  მიაყუჩებს  დღეღამეარეულ ქვეცნობიერს. მალე დაიწყება კიდევ ერთი დაკარგულსიზმრებიანი დაკარგული წელი, კიდევ ერთი ნაბიჯი ყოფნიდან არყოფნამდე.

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «ლაქები ფსკერზე»

  1. დიდ ხანს ვიფიქრე დამეწერა თუ არა კომენტარი, არადა მინდოდა დაწერა, ისე გასვლა არ მინდოდა. ემოციური პოსტია (პრინციპში როგორც ყოველთვის), ემოციური და დეპრესიული, ოღონდ მდორე არა პირიქით. აზრებს თავს ვერ ვუყრი 🙂

  2. მიხარია 🙂 ისე, მართლა ვერა და ვერ ამიხსნია სიზმრების დაკარგვა, უფრო სწორად ცხადში გადმონაცვლება რატომ ხდება…

  3. მართლა საინტერესოა, უფრო ზუსტად რომ დაწერო ცხადში როგორ ინაცვლებენ? 🙂

  4. მანდ ნაწილია. მასეთები მოკლემეტრაჟიანი ფილმებივით გადის და გადის მთელი დღე 🙂 ფრაგმენტები, კადრები ენაცვლება ერთმანეთს.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s