მე დავბრუნდი

ვლაგდები. ვერ ვიტან ჩაბარგების პროცესს, გინდაც კარგ ადგილას მივდიოდე, ახლა, მით უმეტეს. მაქსიმალურად ვწელავ დროს. უკვე ბნელდება. ბოლოს ვითრევ წელს და მივდივარ.

ავდივარ თეთრ კიბეებზე და  ცხვირს ნელ-ნელა მიგლესს წებოვანი სიმყრალე. მესამე სართული. პალატა 4( მერე რა, რომ ჩემთვის ცოტა სხვა ორნიშნა რიცხვთან ასოცირდება 🙂 ). შევდივარ. ერთი ბეწო ოთახი გაძეძგილია ხალხით. 3 ავადმყოფია და 21 მნახველი. აქედან ზოგი ოფლის სუნად აყროლებული სამსახურიდან მოსული იღლიებამოსველებული ქართველი «მუჟიკია», ცოლი რომ მოენატრა «კუხნიაში», ზოგი საგულდაგულოდ თმადავარცხნილი თვალებზე «სტრელკებიანი» გოგონა, ზოგიც 2 წლამდე ბავშვი, რომ დარბის და ჯღავის, იმიტომ რომ არ უნდა აქ და მშობლები კიდევ აჩუმებენ, ცოტაც მოიცადეო. არიან შედარებით ნორმალურებიც და ჩუმებიც, მაგრამ ამდენი? უფ, რა საამოა  ამ ყოფაში ღამის გატარება?! ექიმებს რომ ჰკითხო, წინასაოპერაციო ღამე აუცილებლად აქ უნდა იყო, რადგან საჭიროა მორალური შემზადებისთვის, იმისთვის, რომ არ ინერვიულო და ასე შემდეგ. მდა… არაფერი ამათ არ ესმით. განა რა ნემსი უნდა გამიკეთონ ახლა, რომ ეს ღამე მშვიდად ვიყო აქ და თან დავიძინო კიდეც?! ჰაჰ… ახლავე თუ დამანარკოზებენ, არ ვიცი და ეგეთი მოქმედების დამაწყნარებელი ჯერ არ გამოუგონიათ! ლამის ახლავე წამოვუწვე საოპერაციო მაგიდაზე. აქ ყოფნას თუ არ სჯობდეს, უსინდისო ვიყო. ვერაფერს გავიგებ მაინც.

მოკლედ, მკიდია წესები.  ვალაგებ ჩემს კუთვნილს ლოგინს, ვტოვებ ბარგს და გამოვდივარ. კიბეზე ვეშვები და სახლში ვბრუნდები.ვაყენებ მაღვიძარას 7 საათზე, ვძვრები ინტერნეტში, მერე ვიკეთებ საშინელ პროცედურას კუჭის გამორეცხვის  (წესების დარღვევა მსხვერპლს მოითხოვს), ვიბან, ვწვები და ვიძინებ.

მაღვიძარას ვასწრებ. ყავა მინდა უბედურად, მაგრამ არ შეიძლება. წვეთი  წყალიც კი. სამაგიეროდ, სიგარეტს ვეძალები და ლამის ყუთი ჩავკალი წასვლამდე. ვიმეორებ ღამინდელ საშინელ პროცედურას და ანალდაზიანებული ამაყად მივაბიჯებ სანუკვარი პალატისკენ. გვერდით ჩემი დაა და ვცდილობ თავშეკავებული ვიყო და არ შევიმჩნიო არაფერი.

გამიმართლა. დიდხანს არ მალოდინეს და პირველივე გამომიძახეს. საოპერაციომდე მომყვა დაია. იქ ვაკოცე და ისე წავედი, უკან არ მიმიხედავს, ვიცოდი, გაფუჭდებოდა. ასეც მითხრა, ზურგიდან რომ გიყურებდი, მიდიოდი, გავსკდი ტირილითო.

ცივა საოპერაციოში. ორი სულელი «ლ»-ებიანი გოგოა, ჯერ ჩემი თმის ხარისსხს და ვარცხნილობას იკვლევენ, მერე რუჯის ამბავს( რა იციან, რა სიმწრით გამოვასწარი ამ ერთ კვირაში იმის ფიქრში, რომ მთელი წელი ამეკრძალება მზეზე  ყოფნა). არ მეშინია. არც აქამდე მეშინოდა, პრინციპში. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ჩაივლის, არც რასაც ამომჭრიან და დათესავენ, იმის პასუხი იქნება ცუდი. რაზეც ვნერვიულობდი, ის ისევ მანერვიულებს-ჭრილობა ყელზე…

იწყება ყველაზე სანერვიულო პროცესი ჩემთვის-ბრძოლა ჩემს ვენებთან. მაგიჟებს ეს დაკანონებული წესები. რატომ უნდა გაამზადოს ეს პეპელაა თუ რაღაც ჯანდაბა,   მაინცდამაინც ექთანმა?  ხომ შეიძლება ჩემსავით ცუდვენებიანი აღმოჩნდეს ვინმე და რაკი ეს სულელი გოგო ასი ნამდვილად არაა, მოდი რა, შე კაი კაცო, და მომხედე. გესტაპოში ვარ, ბლინ… ვენა არ დამიტოვა ამ შობელძაღლმა მთელი, მერე დამნაშავე სახით გეპარინს მისვამს დასიებულ  და დათრომბილ ადგილებზე. ბოლოს, როგორც იქნა, ხვდება, რომ ამოწურა შესაძლებლობები და უძახის ანესთეზიოლოგს. მოდის ტიპი სათვალით, არა ეს სათვალე აღარაა, ამას უფრო გამადიდებელი შუშები ჰქვია და 4 კი არა 8 თვალი უჩანს! ახლა ეს იწყებს კვლევა-ძიებას. ერთ-ერთი მცდელობისას ისეთ წერტილში ხვდება, რომ მთელი ხელი მხრიდან თითებამდე მეწვება და მეკრუნჩხება. ვითმენ, მარტო ცრემლი მომდის სიმწრით, ეს სულელი გოგო კიდევ, ემოციებს ხარ აყოლილიო. რა უნდა უთხრა ახლა ამას! კბილებით ვიჭერ, გოგონი, შიგ ხომ არ გაქვს-მეთქი, მაგრამ მაინც ვიკავებ თავს. ეს კაცი კიდევ სიმწრის ოფლს იდენს და აგრძელებს, თან თავისთვის ლაპარაკობს, თან დამნაშავე სახე აქვს , თან საათს უყურებს, იცის, სადაცაა ქირურგი ჩამოვა და გამზადებული რომ არ დავხვდე, მაგარი დაერხევა. ბოლოს სათვალეს იხსნის და ისე მიყრის ნემსს. აქ უკვე გონებაში დიალოგი გრძელდება:»ეეეე, შე ყლეო, ჯერ 8თვალით ვერ ქენი ვერაფერი და ახლა უთვალოდ გინდა მომკლა ხო? გაიკეთე, თუ ძმა ხარ!» გადავრჩი!!! როგორც იქნა! ჩამიმაგრეს ეს რაღაც უბედურება და დაიძრა წამალი. ახლა იკაიფებო. მე კი ვიცი, რაცაა ჩემთვის კაიფი და ეს მე ვერ მაკაიფებს- მეთქი, მოვასწარი მეთქვა და მორჩა…ხო, საათსაც შევხედე, 11-ს აკლია 20 წუთი…

-არ ინერვიულოთ, თქვენ ჩაგიტარდათ ოპერაცია. ყველაფერი დამთავრდა და ახლა რეანიმაციაში ხართ.-აუ ესენი მართლა ვერ არიან კარგად. რავა ეჭვი აქვთ, რომ არ ვიცი, რატომ ვარ აქ? ალბათ ფიქრობენ, რომ ბროდვეის მიუზიკლზე მეგონა თავი.

დიდად არ მჯერა სამოთხე-ჯოჯოხეთის, მაგრამ თუ ასეთი რამე არსებობს, ჯოჯოხეთი ძალიან უნდა ჰგავდეს რეანიმაციას. ოთახი მორგს წააგავს წყობითაც, ტემპერატურითაც. რაღაც უცნაური განათებაა, არც ბნელა და არც სინათლეა. რაღაც უშნო დანადგარები, შლანგები ვენებში, თითებზე, მკლავზე წნევის გასაზომი რომაა შემოსაჭერი, ისეთი და საათში ერთხელ ავტომატურად იწყებს მოჭერას და გულს მიწუხებს. ჩემ გარდა კიდევ სამი წევს. მცივა-მეთქი და არაო, ეს უბრალოდ ნარკოზიდან გამოდიხართო. გადამრევს ეს ქალი! გამოვდივარ თუ შევდივარ, მცივა და დამაფარე და ეგაა, რად უნდა ამდენი ლაპარაკი? ბოლოს მოაქვს საბანი და მაფარებს.

მძინავს, ოღონდ ისე, მატარებელში რომ იცის, ყოველ გაჯაყჯაყებაზე რომ გეღვიძება, მერე ისევ გითრევს ძილი. ესენი კიდევ რუმბებივით არიან. ერთი გვერდზეც კი გადაბრუნებულა და ასე შლანგშეერთებულს ისე გემრიელად ამოუდია ხელი თავქვეშ, თვალებს არ ვუჯერებ. მე  გაშეშებული ვწევარ. კისერი მტკივა და ვერ ვამოძრავებ. მიმატებენ გამაყუჩებელს, არ მშველის. ცოტა ხნის მერე ნარკოტიკს ურევენ ხსნარს, ჰგონიათ მძინავს და არ მესმის, რასაც ლაპარაკობენ. მდა. გიჟი რომ ვარ, კი ვიცოდი აქამდეც, მარა ასეთი თუ ვიყავი, ბოლომდე არ მჯეროდა მაინც. მოკლედ, ასე ვმატარებლობ მეორე დილამდე.

საათს შევხედე 7-ია. წამომაჯინეს და სავარძელში გადამსვეს. სავარძელს ფეხების დასალაგებელი არ აქვს  და ძირს მეფხოკიალება, არადა აწევის თავი არ მაქვს. ჩაფრენილი ვარ სახელურებს, მეშინია არ გადავვარდე, ეს ქალი კიდევ ისეთი სისწრაფით მიმაქროლებს, ცოტაც და ვარწყევ.

პალატასთან ჩემი და მხვდება, ისეთი სახე აქვს, მგონი იქითაა მისახედი. ლოგინში დაწვენამდე ტუალეტში ვითხოვ შეყვანას და სარკეში ვუყურები. უფ, თვალი მომცა და მაყურებინაო. თვალები ამოშავებული, ტუჩები დახეთქილი და თეთრნადებიანი, კისერი გამოჭრილი და სისხლიანი ნახვევი ზედ და უზარმაზარი პლასტირებით ლამის ჭიპამდე გადაჭერილი. თავს ვერ ვწევ ზევით. კისერი და მხრები მტკივა ნაცემივით, როგორც ამიხსნეს, არაბუნებრივად დიდზე მქონია თავი გადაწეული ოპერაციის დროს საჭიროების გამო, ისე ვერ გააკეთებდნენ და ეს ტკივილი ამისგანაა. თავს კი იმიტომ ვერ ვწევ, რომ ყელი მტკივა შიგნიდანაც და გარედანაც, ნაკერი მიჭერს. თავჩაქინდრული გახადეთ მაინც და მაინც დამაჩმორეთ ხო-მეთქი? 🙂 ოღონდ ხმამაღლა ვერ ვამბობ, ჩურჩულით. ყბები ჩამომისივდა, ჯირკვლები მგონია, რომ ქუსლებთან მაქვს.

მაწვენენ და ცოტა ხანში საუზმე მოაქვთ. დამცინიან და ეგაა. არადა სხვები ჭამენ. ვიძინებ. ვიღვიძებ. მერე ისევ ვიძინებ. ერთ-ერთი გაღვიძებისას სასიამოვნო ამბავი მხვდება, გაწერილან და პალატაში მარტო ვარ. ჩემი და აქვეა და ეძინება საწყალს. ესეც ჩემსავითაა, როცა ნერვიულობს, ეძინება. ისევ ვიძინებ. მოკლედ, ბატონი ბაჩანასავით მალი-მალ მივდი-მოვდივარ. შიგადაშიგ მნახველები მოდიან-მიდიან, ზოგს ვხედავ, ზოგს ვერა. რაღაც ფრაზები მესმის, რაღაც არა, რაღაც მახსოვს, რაღაც არა.ხო, ტელეფონი ჩავრთე . მესიჯი დამხვდა. ტრადიციულად ლაკონური და ყველაფრის მთქმელი:» როგორ ხარ? ხომ ხარ «დუხზე»? 🙂 მეგობარო, ვგიჟდები შენზე! ასოებს ძლივს ვარჩევ, მაგრამ პასუხს ვაგზავნი, ტექსტი აღარ მახსოვს 🙂

შვილებს დაფეთებული სახეები აქვთ, განსაკუთრებით უფროსს. არაფერს იტყვის, არც შეიმჩნევს, მაგრამ მაინც ვატყობ, ვიცი. ამას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ჩემთან, იმდენი რამე გადავიტანეთ და გამოვიარეთ ერთად, რომ უჩემობა არ წარმოუდგენია. საყვარელი… ბომბორა… ამხელა დევივით დგას და თვალები ბავშვივით ეცრემლება, უხერხულად იღიმება და საბაბს ეძებს გარეთ გასვლის. მეც ვიმიზეზებ, რომ დავიღალე და ვეუბნები, წავიდეს. ოჯახი დამშვიდებულია, ჩემი წინათგრძნობა გამართლდა, ციტოლოგიამ კარგი პასუხი დაგვახვედრა. თუმცა, რომ ვთქვა, რომ ამან მე ჩემი სანერვიულო მომიგვარა, მოვიტყუები.

დღე ძლივს გადის ასე ნახევარძილსა და ნახევარღვიძილში. სიცხემ ამიწია. ოღონდ ეს არა! მაშინ არ გამწერენ ხვალ, მე კიდევ ვჩალიჩობ, შევკერო ექიმი, გამიშვას. წამლებს იქაც დავლევ და ამ ყროლში მაინც არ ვიქნები. ცოტა ხანში სისხლის მაგივრად ვენებიდან წამალი გამომივა ალბათ, მაგრამ არ დავეძებ. ვცდილობ ვიყოჩაღო, ჩემით ავდგე. სიარული მიჭირს, მაყანყალებს და მაქანებს მარჯვნიდანაც და მარცხნიდანაც 🙂 .

ღამდება. სიცხე აღარ მაქვს. ხვალ ალბათ წავალ. სიგარეტი მინდა, ყავა. ვიძინებ, უკვე ჩემით…

ადრე მეღვიძება. ვწევარ და ვფიქრობ. სულ მაინტერესებდა ეს ნარკოზი რა იყო და რასაც ყვებოდნენ, მართალი იყო თუ არა. არაფერიც არაა. ტყუილია ყველაფერი. იძინებ რა, ოღონდ უცებ და შესავლის გარეშე და არც სიზმარია არსად. სრული სიბნელეა. იღვიძებ და ცუდი გემო გაქვს პირში, არც ფხანა დამიწყია და არც ლომკა მაქვს, სულ ტყუილად მაშაყირებდნენ. ეს სულ ძილის მდგომარეობაც რა ვიცი, დიდად სასიამოვნო არაა და ასევე წარმატებით შემიძლია მეძინოს, როცა მაღალ სიცხეზე სიცხის დამლევ ჩაის ვსვამ. ასე რომ დიდი ვერაფერი საინტერესო რამე აღმოჩნდა. ვერ გაამართლა ჩემი მოლოდინი, რომ რამე ახალს მაპოვნინებდა. სამაგიეროდ,  დავაფასე ის ადამიანები, რომლებიც სწორედ ასეთ დროს არ ცდებიან იმაში, როგორაა სწორი მოქცევა, ყველამ არ იცის ეს. კიდევ ერთხელ დავინახე, რომ მე ჯერ კიდევ საჭირო ვარ და ,დუმბაძის თქმის არ იყოს, ადამიანი ალბათ მანამდე რჩება ამქვეყნად, სანამ სხვებს სჭირდებათ, სანამ თავისი მისია ბოლომდე არ ამოუწურავს…

მიჭირს კიბეებზე ჩასვლა, მაგრამ ისე მიხარია აქედან გასვლა, არ ვიმჩნევ. სახელურს ვებღაუჭები და დაუხმარებლად მივიწევ წინ გასასვლელი კარისკენ, რომელიც სამოთხის ბჭესავით ანათებს 🙂  ოღონდ ქერობიმების ნაცვლად თავგასიებული დაცვის ტიპები დგანან(მოლი, მაპატიე 🙂 ).

გამოვდივარ. ვჯდები იქვე. ვიღებ სიგარეტს. ვუკიდებ. მიჭირს ნაფაზის დარტყმა, მაგრამ მაინც არ ვეშვები. როგორ ჰკლებია ეს კვამლი ჩემს ფილტვებს, გულს, სულს, ტვინს!!! მაგარია! მერე ვიღებ ტელეფონს და ვწერ:» მეგობარო, გარეთ ვარ, ვზივარ, ვეწევი პირველ სიგარეტს და ეს განუმეორებელია!»

მნახველების შემოსევაც დასრულდა. ახლა ინტერნეტის დროა. ყველაფერი გახსნილია და ძლივს ვასწრებ წაკითხვ-მიწერ-მოწერას. ზარი სკაიპში. ეს ყველაზე მეტად არ მინდოდა. შემიძლია ისე ვუპასუხო, უკამეროდ, მაგრამ ვრისკავ და ვრთავ. ვზივარ კამერასთან ყბადასიებული, თვალებჩაშავებული, ყელგამოღადრული და დაბინტული. არაფერს ვამბობ. იქიდან კი ორად ორი ზმნა და შუაში ერთი მაჯგუფებელი კავშირი, სხვა არაფერი. არც ერთი მარცვალი მეტი. სხვა დროს ალბათ ამ სიტყვებისთვის თავზე დავამხობდი, ახლა კი ამაზე მეტად არაფერის მოსმენა გამახარებდა. უცნაურია, ვითომ არსებობს მამაკაცური ინტუიცია? თუ უბრალოდ შინაგანი ალღო კარნახობს, რომელი სიტყვებია ახლა საჭირო? სხვა დროს ხომ ამას არ იტყოდა, იცის ჩემი ხასიათი და ფხუკიანობის ამბავიც. კიდევ ერთხელ ვაღიარე, რომ ადამიანი ამოუცნობი არსებაა და სადაც არ ელი, ვისგანაც არ ელი, სწორედ იქ შეიძლება აღმოაჩინო ისეთი დაფარული რამ, რაც სხვებში დიდხანს გიძებნია, გგონებია, რომ იქ ნახავდი, მაგრამ იმედგაცრუებული დარჩენილხარ. მე დღეს ეს მჭირდებოდა, სწორედ ეს და არა გულის ამაჩუყებელი რომანტიკული სენტიმენტები.

პასუხად ერთადერთ სიტყვას ვწერ( რაკი ვერ ვლაპარაკობ): » დასაჩუქრდები» 🙂

ვთიშავ კომპს და ვიძინებ. ჩემი ოთახი თბილია და მყუდრო. ფანჯარა ღიაა და ნიავი ფარდას აფრიალებს. ჩემს ბალიშს ჩემი საყვარელი სუნამოს სუნი ასდის, გრილი და მსუბუქი.

ხვალ ადრე ავდგები. დიდი კათხით დავლევ «KARTE NOIRE»-ს ზედ მიყოლებული ორი ღერი «ვინსტონი» სილვერით და გავაგრძელებ ბრძოლას ცხოვრებასთან ტკივილებთან, წარუმატებლობასთან, ჭრილობებთან( ფიგურალურადაც და აწ უკვე პირდაპირი გაგებითაც). გრძელი დღე იყო დღევანდელი დღე, გუშინდელიც… აიტმატოვი ამეკვიატა:» და დღე იყო გრძელი წუთისოფელზე»… სამი დღე ამოვარდნილი ყოფიდან, სამი დღე ყოფნასა და არყოფნას შორის…

მე დავბრუნდი!

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , , , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

12 комментариев на «მე დავბრუნდი»

  1. კარგია, ყველაფერმა კარგად რომ ჩაიარა და კარგია, რომ დაბრუნდი.

    რაც შეეხება მაპატიეს, რა ვქნა, ყველას საკუთარი შეხედულება აქვს. აღარ მიკვირს და რეაქციაც აღარ მაქვს. ბევრად უარესიც წამიკითხავს.

  2. კეთილი იყოს შენი დაბრუნება!!! ჯანმრთელად იყავი!!!! ❤

  3. გაიხარე :*

  4. როცა მე აღარ ვიარსებებ, სხვათა ცხოვრებას ჩემთვის აზრი აღარ ექნება, იმიტომ , რომ ის სხვები მაშინ მჭირდება, როცა ვარსებობ — ძნელია არარსებობა… გოდერძი ჩოხელი ამბობს: ორი სევდა არსებობს ამ ქვეყნად — ”ადამიანად ყოფნის და ადამიანად არყოფნის სევდა”. მე ორივე სევდა ერთნაირად მაწუხებს და ვფიქრობ, ეს ისეთი უკიდურესობებია, რომელთა შორისაც შუალედი არ არსებობს, ე.ი. ოქროს შუალედსაც ვერ იპოვი — შეუმჩნევლად გადადიხარ ერთი სევდიდან მეორეზე, თითქოს, ორი ერთმანეთის მომდევნო რამე იყოს… თავში რაც ვთქვი, სინამდვილეშიც ისე რომ იყოს, მაშინ ადამიანი ადამიანისთვის თავს აღარ გასწირავდა, მაგრამ კვდებიან იმისთვის , რომ ზუსტად იმ სხვებმა იარსებონ, რომელთა არსებობასაც თურმე მათ გარეშეც ჰქონია აზრი…

  5. ყოფნის სევდა უფრო ძნელია და დიდი… მაგრამ ამასაც იმათთვის იტან და ზიდავ, რომელთა გარეშეც შენი ცხოვრება კარგავს აზრს…

  6. ჰუჰ, ამოვისუნთქე!

  7. ყველაფერმა კარგად რომ ჩაირა ესაა მთავარი, ეს ყველაფერი წლების შემდეგ სასაცილოდ მოგეჩვენება, რაც შეეხება იარას ყელზე, დამიჯერე, ზუსტად 6 ვეში არაფერი დაგემჩნევეა, მე სარკეში რომ ვიყურები უკვე ვეღარც ვამჩნევ და თუ შევამჩნევ მახსენებს რა გადავიტანე და თავს ძლიერ ადამიანად ვგრძნობ, ასე რომ გილოცავ დაბრუნებას:)

  8. მადლობა *: კი, იოლად გადავრჩი, შეიძლებოდა ასე მარტივად არ დასრულებულიყო ეს ამბავი. მეც ვეცდები მასეთი თვალით შევხედო გადატანილსაც და იარასაც. გაიხარე ❤

  9. მე არ ვიცოდი საოპერაციოდ რომ მიდიოდი. საერთოდაც დიდი ხანია აღარაფერი ვიცი. სიტუაცია ნაცნობი იყო, მდგომარეობა ნაკლებად, ნარკოზი არასოდეს გამომიცდია, თუმცა ადგილობრივი გაუტკივარებით გაკეთებას წესით მაინც უნდა ჯობდეს. სრულ გამოჯანმრთელებას გისურვებ! კლინიკის აღწერამ ბევრი რამ გამახსენა, რომელ კლინიკაში იყავი საინტერესოა. მიხარია რომ დაბრუნდი და ყველაფერმა ჩაიარა.

  10. ონკოლოგიურში ვიყავი, რაკი სიმსივნე ამომჭრეს, მარა კეთილი აღმოჩნდა :). მადლობა.მეც მიხარია, მაგრამ მგონი მართლა ამომჭრეს რაღაც, მადრიდისმაგვარი… ვეღარ ვწერ…და განვიცდი…

  11. ალბათ პერიოდია ეგეთი, მეც მაქვს ხოლმე (ბოლო პერიოდში უფრო და უფრო ხშირად), გაგივლის და დაწერ 🙂

    როდესაც მე ვირჩევდი ჩემი ოპერაციის ადგილს ონკოლოგიურზე უარი ვთქვი, სხვა ყველაფერთან ერთად მძიმე გარემოა მანდ 😐

    მთავარია რომ არაფერი სერიოზული და კარგად ხარ, ამას არაფერი ჯობია 🙂

  12. მეც იმედი მაქვს, რომ გაივლის. კი არაფერია, მაგრამ მაკლია ძალიან, სიცარიელის განცდას ვერ ვიშორებ. ჰოდა მეც ვიმეორებ: «ეგეც გაივლის»…

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s