სანდრო ლიჩელი და მე

ადრეც არ ვუჩიოდი  ლიჩელის სინდრომის უქონლობას, თუმცა ამ ბოლო ხანებში გაასმაგებით შემომეჩვ-შემომიტია. მეც ავდექი და კიდევ ერთხელ გადავიკითხე მოთხრობა, რომლის სიყვარულიც ბავშვობიდან მომყვება.
გავამხელ და განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მცირე ზომის პროზის მიმართ და თუ ისეთი ჩამივარდა ხელში, რომ მომხიბლა, არასდროს მავიწყდება და ყოველთვის რჩება ფავორიტებს შორის.  სანდრო ლიჩელის ამბავიც ამ სიაშია.

კიდევ ერთხელ გადავიკითხე-მეთქი, ვთქვი, კიდევ ერთხელ ვისიამოვნე და გავიხარე იმით, რომ ამჯერადაც მომეწონა და არ დავრჩი უკმაყოფილო ჩემი ლიტგემოვნების. გავიხარე, რადგანაც იმდენი რამე შემეცვალა აზროვნებაში და იმდენი რამ გადავაფასე თუ შევაფასე, რომ ხშირად ადრე მოწონებული წიგნი აბსოლუტურად გულგრილს მტოვებს და გაოცებასაც კი მიტოვებს, ნეტა რა მომწონდა ამაში-მეთქი.თუმცა ყველაზე ეს არ ითქმის, რასაკვირველია, და, როგორც აღმოჩნდა, ეს პატარა მოთხრობაც ერთი მათგანია.

ვკითხულობდი და იმდენ საერთოს ვნახულობდი სიცილტირილარეულ, ოცნებისეულ მადრიდში მოხეტიალე და ესპანური სერენადების გიტარაზე შემსრულებელ სანდრო ლიჩელში( სიმღერისას რომ აუცილებლად ქარი უნდა ყოფილიყო, რადგან მის ოცნებაში ამ მომენტში აუცილებლად თმა უფრიალებდა და მშვენიერ სენიორიტასაც, იქვე რომ ჩამოივლიდა, ქარი ატმასნიდა შავ კაბას),კიდეც მიკვირდა.ისიც მედალოსანია ჩემსავით და ეს ოქროს მედლობაზე აქცენტიც, ვფიქრობ, სპეციალურად გააკეთა ავტორმა. მოწესრიგებულია, აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, მუდამ ცდილობს სწორად მოიქცეს, სხვებისთვის იცხოვროს, საკუთარი განცდები და სურვილები კი თავის ფანტაზიებში ჩატოვოს…სარაჯიშვილი-2-იც ისევე მხიბლავს, როგორც მას, ოღონდ მისგან გასხვავებით, ბავშვობის ნოსტალგია არ მაქვს არასდროს. კიდევ  განსხვავება  სქესშია, ასაკში( ნუ, ეგ ადვილად გამოსწორებადია და მალე მიღწევადი 🙂 ) და იმაში, რომ მე ვერასდროს მოვახერხე ასე ყველასგან გაქცევა, მერე რა, რომ მან მხოლოდ უნომრო პალატაში იპოვა სიმშვიდე და თავისუფლება. თუმცა ეს არც ისე დიდი  განსხვავებაა. აუცილებელი ხომ არაა ზუსტად ისე მოიქცე, როგორც პერსონაჟი. შენც შეიძლება დროებითი თავშესაფარი იპოვო, ხანმოკლე საშუალება იმის, არ იფიქრო იმაზე, რაც ირგვლივ გახვევია თავს. შემდეგ კი შენც ისეთივე წარმატებით დაკარგავ ამას და ისევ ჩაგძირავს ყოფა…

მეღიმებოდა იუმორნარევი კილოთი მსუბუქად მოყოლილ ლიჩელის ამბავზე, რომელიც სინამდვილეში სულაც არაა მსუბუქი  და გასაღიმებელი. ესაა ამბავი ადამიანის გაუცხოებაზე საზოგადოებასთან, მის შინაგან ტრაგედიაზე, ოცნებების და რეალობის შეუთავსებლობაზე, მიწიდან მოწყვეტის, სულიერი თავისუფლების სურვილზე. ამ ყველაფერს კი სქესი არ განაპირობებს. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის, რომ პერსონაჟი კაცია, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მოთხრობას, რადგან ავტორი ქალია და მისგან ასეთი დამაჯერებლობა მამაკაცზე წერისას ორმაგად ღირებულს ხდის ამბავს.

სანდრო ლიჩელს საკუთარი უხილავი გალერეა აქვს, მისი ნახატები მრავალფეროვანია, იხატება ყველგან, ყოველთვის, უბრალოდ არ ჩანს.მერე რა! «ეგებ სამყაროს რომელიმე უხილავ, საიდუმლო საუფლოში არსებობდეს კიდეც ასეთი უხილავი გალერეა ან ბიბლიოთეკა, სადაც ყველა ოცნებით დახატული ნახატი იქნება შეგროვებული და ყველა ოცნებაში დაწერილი ლექსი თუ მოთხრობა. ეგებ იყოს კიდეც ვინმე ასეთი უხილავი მწყალობელი, რომელიც ხელმოცარულთა, გადარეულთა, გონებადაბნელებულთა, ადრე გარდაცვლილთა თუ თვითმკვლელთა ფიქრში შესრულებულ, მაგრამ განუხორციელებელ ქმნილებებს აგროვებს? ეგებ მის ხელში გადადიოდეს ყველა ის ნისლოვანი ნაწარმოებები, რაც მათ ავტორებს სიგიჟემ, სიკვდილმა, სიღატაკემ ან სხვა უიღბლობამ წაგლიჯა ფიქრიდან? »

ალბათ ყველას აქვს ასეთი გალერეა, ყველას, ვისაც ფიქრი და ოცნება შეუძლია… მეც, მათ შორის… იქნებ ზოგჯერ ასე დაუწერელ-დაუხატველი გალერეა უკეთესი იყოს ძალად შეკოწიწებულ ვაი-ხელოვნებაზე… ის ხომ ჩვენი სულის ყველაზე ჰაეროვანი ნაწილია:

«ეჰ, დაუდეგარი სულის ადამიანებო! სილამაზისა და სიხარულის მაძიებელნო! საიდუმლოს მოწყურებულნო! შემეცნების გზაზე გატანჯულებო! იქით იყოს უხილავი გალერეა, და ეგებ ვერც ვერაფერი იპოვოთ ამ წამალზე უფრო წამალი, ამ მშველელზე უფრო სანდო, ამ მასალაზე უფრო მყარი და გამძლე, ვიდრე თქვენი წარმოსახვაა. ოცნება – ეს გამჭვირვალე ქსოვილი, ჰაერზე უფრო მსუბუქი მატერია, ჩვენი უხილავი სულის ყველაზე ჰაეროვანი ნაწილი, რომელიც შეიძლება ცხოვრებით არის ნაკარნახევი, მაგრამ ორიოდ ქულით ყოველთვის წინ უსწრებს, ყოველთვის სჯობია მას.»

მის ოცნებას მადრიდი ჰქვია. მისი სულის თავისუფლება ესპანელი პოეტების ლექსებიდან ამოღებული ფრაზებით კოწიწდება და ეს არის ერთადერთი მომენტი, როცა ის საკუთარი თავისთვის ცხოვრობს, ასე ვთქვათ, საკუთარი ბედნიერებისთვის. ამიტომაცაა, ალბათ, ლოგიკური ფინალი:

«სანდრო ლიჩელი იღიმის. დირიჟაბლი გაჩერდა მადრიდის თავზე. მალე ის უკან დაბრუნდება თბილისში. დაბრუნდება და აღარასდროს არ გაფრინდება. სანდრო ლიჩელი ბოდავს. ნამდვილი ბოდვაა და ყურადღებას არავინ აქცევს:

„სადა ხარ, ჩემო მეგობარო?… მათ მე ამომჭრეს… მადრიდი“.

„Donde estas, mi amigo, sale la luna…“

კიდევ ერთხელ ვიბორიალე ჩემი სულიერი მონახევრის, სანდრო ლიჩელის მადრიდში და მასთან ერთად შევიგრძენი ოცნების «ამოჭრის» მტკივნეულობა. მეც ხომ კაი ხანია ამოვიჭერი თუ ამომჭრეს ჩემი «მადრიდი», თუმცა ბოლომდე ვერა და მეტასტაზები  დარჩა. ალბათ სწორედ ამ მეტასტაზებმა მომიყვანა კატერინობამდე…

მე მიყვარს სანდრო ლიჩელი და   მივემგზავრები ჩემი  «მადრიდის» ნარჩენებში… სანამ ჯერ კიდევ დროა… სანამ ესეც არ ამოუჭრიათ…

„მთვარე ამოდის“ …

Запись опубликована в рубрике წიგნები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «სანდრო ლიჩელი და მე»

  1. ოცნების გარეშე ერთი დღეც ნუ მაცოცხლოს ღმმერთმა — სამყარო მეოცნებეეების ნამოქმედარით სუნთქავს და ამითვე არის განპირობებული, რაცკი რამ მასში მიმზიდველია… სიცარიელე მხოლოდ ოცნებებით ივსება და ამ ბოლო დროს, რაც მეტად ვზრდი საკუთარ მსოფლხედვაში ოცნების მნიშვნელობას, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ოცნება — ესაა რეალობა სწორედ!!!

  2. ეს ნაწარმოები არ ვიცი და ავტორი და მოთხრობის სახელი მომწერე რა

  3. ნაირა გელაშვილისაა- «მივემგზავრები მადრიდს». მისი მოთხრობებიდან ყველაზე კარგია.გილოცავ პირველად წაკითხვის ბედნიერებას, ისიამოვნებ.

  4. ოდესმე მივალ მაქამდე ალბათ, მადლობა

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s