ქეთუნა

საწერ მაგიდაში ძველი რვეული ვიპოვე, მეშვიდე კლასის ქართულის დავალებების რვეული, გაცრეცილი, გვერდებშემოხეული. არც მახსოვდა მისი არსებობა. გადავშალე და გადავიკითხე. ძალიან ვიხალისე ჩემს თემებზე. კიდევ ერთხელ მივხვდი, რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი 🙂 . რა მძიმე ბავშვობა მქონია, რა საოცრებებს გვაწერინებდნენ!  რვეულის ბოლოში ფურცელი აღმოვაჩინე ზედ 13 წლის კატერინას «შემოქმედებით». გული ამიჩუყდა… ჩემდა გასახარად, ეს პატარა კატერინა ისევ მგავს, მერე რა, თუ მისი ოცნებები და დიდი კატერინას ფიქრები უკვე კაი ხანია, აღარ ემთხვევა ერთმანეთს… ჰოდა, გადავწყვიტე აქ შემენახა. არა იმიტომ, რომ ამ პატარა მოთხრობის ღირსებით მოვიხიბლე( თუმცა რასაც ახლა ვწერ, დიდად არც იმით ვიხიბლები და არ ვთვლი, რომ რამედ ღირს, უბრალოდ მეწერება და ვწერ, ჭიას ვიხარებ, ასე ვთქვათ), არამედ იმიტომ, რომ ესეც ერთი ნაწილია ამ ბლოგის ავტორის, მგონი, ყველზე კარგი ნაწილი… გავამხელ, რაღაც-რაღაცები შევასწორე, იმდენად ძვირფასია ჩემთვის,  არ მინდოდა სასკოლო შეცდომებით დამედო, ასე რომ, ამდენი წლის შემდეგ  მე და ჩემი პატარა კატერინა ერთად ვდებთ ბლოგზე ამ ჩანაწერს.

* * *

ბედნიერი იყო ქეთუნა. როგორც იქნა, მოიცალეს მშობლებმა და აუსრულეს სურვილი.

რაღაც დიდ, უჩვეულო სანახაობას მოელოდა. კარგად ახსოვს, ზოოპარკიდან რომ დაანახეს ზემოთ მიმავალი კიბეები და უთხრეს, იმ მრგვალ შენობას ცირკი ჰქვიაო. ისიც აუხსნეს, იქ გაწვრთნილი ცხოველები არიან და ადამიანის ლაპარაკი ესმითო.

ვერ გაიგო, როგორ მივიდა შენობის შესასვლელამდე, გზაში მანქანების ბღუილის მეტი არაფერი ახსოვდა, თან გაუთავებლად გული ერეოდა.

ცოტა ხნის შემდეგ ქეთუნა ადგილზე  იჯდა და ცირკის არენაზე წარმოდგენის დაწყებამდე მოფუსფუსე ადამიანებს აკვირდებოდა, თან პატარა ხელში მაგრად ჩაებღუჯა ფერადი ბუშტის ძაფი.

სანახაობა დაიწყო. ირგვლივ  ყველაფერი ბრწყინავდა და სინათლე თვალებს ჭრიდა. ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ჯამბაზი სულაც არ მოეწონა, თუმცა დედა მაინცდამაინც მასზე უთითებდა. დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით და ხანდახან უადგილო ადგილას შემოჰკრავდა ხოლმე ტაშს.

მალე პატარა ძაღლები გამოვიდნენ, ჭრელ კაბებში გამოწყობილები. გაიხარა ქეთუნამ, მაგრამ თითქოს ჯინაზე ძალიან მალე დამთავრდა.

ცხენების თქარუნზე შიშისგან შეხტა. განსაკუთრებით მათრახის ტკაცუნი აშინებდა, თვალებს ხუჭავდა და ყურებზე ხელებს იფარებდა. » წავიდეთ სახლში»- ჩუმად მოითხოვა. » მოიცადე, ახლა ვეფხვები გამოვლენო»-უთხრეს და მართლაც მეორე განყოფილებაში რკინის ბადის იქით გამოჩნდნენ ვეფხვები.

ისეთი ლამაზები იყვნენ, ისეთი ფაფუკები. მომთვინიერებელი ენერგიულად დგამდა სკამებს მათთვის, თან რაღაცას მოითხოვდა ცხოველებისგან. ვეფხვები მოწყენილები მოეჩვენა ქეთუნას. «ალბათ ჯოხის ეშინიათო»-გაიფიქრა. მომთვინიერებელმა დიდ რგოლს ცეცხლი მოუკიდა. ვეფხვები რიგრიგობით ხტებოდნენ შიგ. სიჩუმეში კაცის ყვირილი ისმოდა, ახალ-ახალ დავალებებს აძლევდა ცხოველებს. ერთი ვეფხვი მოღუშული იჯდა და ყურსაც არ იბერტყავდა ბრძანებების დროს. მომთვინიერებელმა რკინის ჯოხი შემოჰკრა.  ქეთუნას  პუტკუნა ხელები დაემუშტა და წარბშეჭმუხნული უყურებდა ვეფხვს. როცა მომთვინიერებელმა რკინის ჯოხი კიდევ ერთხელ გადაარტყა ურჩ ვეფხვს, გოგომ ტირილი მორთო. » რა გატირებს, გეშინია?»-ჰკითხა დედამ. » ნეტა შეჭამოს ის ბიძია ამ ვეფხვმააა»- ამოიზლუქუნა გოგომ და პატარა ხელები თვალებზე აიფარა, რომ აღარაფერი დაენახა.

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «ქეთუნა»

  1. საშინლად არ მიყვარს ცირკი და ცხოველების წვალება და, მგონი, პატარა ქეთუნასაც არ მოეწონა.

  2. კი, მასეა და დღემდე ვერ იტანს ცირკს 🙂

  3. მაკა:

    არასოდეს მიყვარდა ცირკი … მაინც დავყავდი ხოლმე ჩემს უფროს დებს …

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s