წერილი არსაიდან

დიდხანს უფხაკუნა კოვზი  ქილის ძირს, კიდეც გადმოაყირავა, მერე კუთხეებში

ჩარჩენილს მიადგა. მაინც ვერ გამოიყვანა ერთი კოვზი.

ჩაიდანი ისტერიულად კიოდა. გაზი გადაკეტა. თავი უსკდებოდა. ეზარებოდა მაღაზიაში ჩასვლა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. არც ჩაუცვამს, ასე ხალათიანი დაეშვა კიბეზე.

გარეთ საღამო დახვდა. კაი ხანია დღე და ღამე აერია. რამდენიმე დღეა სახლიდანაც არ გამოსულა, დარაბებდაკეტილ ოთახში კი სულ ღამე იდგა.

მაღაზიაში ცოტა ხალხი იყო. გრძნობდა მათ გაოცებულ მზერას, მაგრამ სულაც არ ეუხერხულებოდა, მარტო ის აწუხებდა, შიშველი ფეხები რომ გაეყინა. ფული  ყავაზე და სიგარეტზე ეყო, მეტი არც უნდოდა რამე, პრინციპში.

ოთახში შესულს მტვრის, კვამლის, შმორის,  სუნი ეცა. გული ერეოდა. ფანჯარას ეცა. დარაბები გახსნა, მერე ყველა ფანჯარა დააღო. ზამთრის სიცივე სწრაფად დატრიალდა ოთახში და ჰაერიც მალე გაიწმინდა.

ისეთი ნეტარებით სვამდა ყავას, თითქოს პირველად აგემოვნებდა .

გარეთ კარგად ჩამობნელდა. დალაგება დაიწყო, აბა რა გაიყვანდა ღამეს.

ნამწვავები-ტარიანები, უტაროები, ჭიქები,შემდგარი აქტების  ნარჩენები, -ჯერ კიდევ სველები, ერთი კიდეც გაუჭყლეტიათ, ეტყობა ქუსლით დააბიჯეს , პარკეტი გაუშავებია და ლაქად ჩანს. არც ახსოვს, როდის, ვისთან… სავარაუდოდ, დიდი ხანი არაა, რაკი ჯერ კიდევ სველია…

კიდევ ერთხელ მოუწია ქვევით ჩასვლამ ნაგვის გადასაყრელად.

იბანავა.

უჯრა გამოაღო და წერილები ამოალაგა. გადათვალა. მერე  წამოხტა, საფოსტო ყუთს ეცა, არაფერი იყო.

***

უკვე ორი თვეა უშედეგოდ ელის რედაქციიდან პასუხს.  ეს მოლოდინიც რაღაც ჩვევასავითაა, თორემ უკვე იცის, რაც იქნება საბოლოო პასუხი- ის, რაც წინა რომანზე უთხრეს, ის, რაც სცენარზე მოახსენეს ერთობ ზრდილობიანად კინოსტუდიაში…

რაღაც ახალი სჭირდებოდა, იდეა, ხელჩასაჭიდი, რაზეც ააწყობდა მერე ყველაფერს. არაფერი ჭაჭანებდა არც თავში, არც ცხოვრებაში…

ეს  წერილების წერა რაღამ ააჩემებინა?  რამ მიიყვანა ამ აზრამდე, თვითონაც არ იცის. წერდა ბანალურ  წერილებს, თან ურთავდა საკუთარ ფოტოს  და გზავნიდა. სად, ამას ისე, სპონტანურად, არჩევდა, მაგალითად: ერთი -ევროპის რომელიმე ქვეყანაში, მეორე- აზიისკენ, მესამე-აფრიკა, მეოთხე- ამერიკის ჩრდილოეთი, მეხუთე-ლათინური ამერიკა, მეექვსე-ავსტრალია. და ასე იყო ყოველ ჯერზე. მისამართები -გამოგონილი,ადრესატებიც ისე, შემთხვევით მოფიქრებული, რომ მართლა გაეგზავნათ და აქვე არ  დარჩენილიყო ეს ბარათები. ტექსტები-სხვადასხვა: ზოგი უბრალოდ მოკითხვის, ზოგი მილოცვის, ზოგიც სამძიმრის და ასე შემდეგ. შემდეგ სათითაოდ უკან იღებდა წერილებს  იმ ქვეყნების საფოსტო მარკებით, სადაც  იმოგზაურეს და ინახავდა საგულდაგულოდ. რატომ და რისთვის, თავადაც არ იცოდა. ისე შეიყოლია ამ ამბავმა, უკვე აზარტითაც კი აკეთებდა.

რამდენიმე კვირაა ერთი წერილი არ ბრუნდება, აგვიანებს. ბოლო ჯერზე გაგზავნილი ბარათების წყებას ერთი აკლია-ავსტრალიაში ნამყოფი წერილი. ავსტრალიიდან არაფერია და ეს აფორიაქებს. ღამით კოშმარები კლავს( თუ დღისით, უკვე აღარ იცის, რაკი კაი ხანია ეს ორი არეულია ერთმანეთში), დღისით კი წერილის დარდი(თუ ღამით, რაკი ეს ორი კაი ხანია არეულია ერთმანეთში). თვითონაც არ იცის, რატომ ელის ასე გამწარებული. თითქოს არ იცოდეს, რომ იქ მხოლოდ მისივე ნაჯღაბნია და არაფერი სხვა.თითქოს რაღაც ისეთი ეგულება იქ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის და ბევრ რამეს შეცვლის…

კომპიუტერს მიუჯდა. გაწყვეტილი ფრაზა შუაზე თავწაწყვეტილი ჭიაყელასავით ეგდო საცოდავად ცარიელ ფურცელზე. უკვე რამდენი დღეა წვალობს და არაფერი გამოდის, ვერც კი იწყებს, თუმცა ეს «ც»-ა? ყველაზე მთავარიც ხომ ესაა-დაწყება.აი ახლაც, აჩხაკუნა, აჩხაკუნა კლავიშები და თავი მიანება…

ამასობაში კიდეც ინათა. ცოტა ხანში ფოსტასაც მოიტანენ. ისევ იმ წერილზე ფიქრს ვერ იცილებს თავიდან.

* * *

… გაზეთები იქით მისწია, ქვევით კონვერტი იდო ავსტრალიის მარკით.

კი არ გახსნა, გაბდღვნა.

» მისტერ მაქს, მადლობას გიხდით თანაგრძნობისთვის ჩემი ბიძის, პიტის, გარდაცვალების გამო»,- აქ გაახსენდა, რომ სწორედ სამძიმრის ტექსტი გაგზავნა ამ მისამართზე.-«მაპატიეთ, რომ პასუხი შევაგვიანე. თქვენმა წერილმა გამახსენა, ჩვენთან რომ სტუმრობდით. რა კარგი დრო იყო! ის დათუნია,  თქვენ რომ აჩუქეთ ჩემს უმცროს ვაჟს, დღემდე მისი საყვარელი სათამაშოა.გიგზავნით ფოტოს იმ ძველი და კარგი დროის გასახსენებლად. ეს სურათი ბიძია პიტს ძალიან უყვარდა და მაგიდიდან არ იშორებდა. პ.ს. თქვენი ჩანაწერები ომის შესახებ და სიუჟეტები შეუდარებელი იყო».

კონვერტში მართლა იდო ფოტო. ზედ თვითონ იყო ვიღაც უცნობ მამაკაცთან ერთად ხელგადახვეული…გადმოატრიალა. უკან ფოტოს გადაღების თარიღი ეწერა. დღეც, თვეც და წელიც ემთხვეოდა მისი საავადმყოფოში ყოფნის დროს, როცა ვერაფრით ვერ იქნებოდა სადმე სტუმრად და ვერც ფოტოს გადაიღებდა სულ მარტივი მიზეზის გამო-ამ დროს საოპერაციო მაგიდაზე იწვა ღრმა ნარკოზის ქვეშ და ავარიის შედეგად დაჩენჩხილ ფეხს უსწორებდნენ…ჩანაწერი?  ეგ ხო არც დაუწყია! აი აქ მიხვდა, რომ იდეაც გაჩნდა. რასაც აქამდე ასე გამწარებული ეძებდა, ამ უცნაურმა წერილმა აპოვნინა.

ბარგი მალე ჩაალაგა. მეორე დღეს უკვე ადგილზე იყო…

ორკვირიანმა წვალებამ, მტვერსა და ნანგრევებში ძრომიალმა, გახრწნილი გვამების სიმყრალემ, სისხლმა, ცრემლმა, შიმშილმა უკვალოდ არ ჩაიარა. თვითონაც მოიკლა შემოქმედებითი შიმშილი და წარმატებაც მოვიდა…

* * *

კიდევ ერთხელ ჩაალაგა ბარგი. თვითმფრინავი ავსტრალიისკენ გაფრინდა…

* * *

ავიაკატასტროფის ამბავმა ქვეყანა შეძრა. მხოლოდ ამაზე ლაპარაკობდნენ და მხოლოდ ამას აჩვენებდნენ. განსაკუთრებულ ინტერესს ისიც იწვევდა, რომ თვითმფინავში, რომელიც ავსტრალიაში მიფრინავდა და ოკეანეში ჩავარდა, ცნობილი ჟურნალისტი და რეპორტიორი, თანამედროვე მწერლობის ერთ-ერთი პერსპექტიული წარმომადგენელი იჯდა…

რედაქციაში  წერილი მოიტანა კურიერმა. ადრესატის გარდაცვალების გამო, ფოსტამ ის რედაქციას გაუგზავნა, რაკი გარდაცვლილი სწორედ აქ მუშაობდა.

» მაქს,მეგობარო, როგორ ხარ? როგორ მიდის  საქმეები?მახარებს შენი წარმატებები. ოღონდ ცოტა ვღელავ შენზე. მაინცდამაინც ნუ მოუხშირებ ფრენას. სულ ის დღე მახსენდება, კინაღამ რომ დაგავიჩეხეთ და იმის მერე საჭესთან აღარ გსვამდი. შენ კიდევ იცინოდი, ნუ გეშინია,  მაგით არაფერი მომივა, ფრენისას მოვკვდებიო. ფრთხილად იყავი, მეგობარო. სიყვარულით შენი პიტი».

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s