მონოლოგი, რომელიც სასურველია დიალოგად იქცეს

ვუძღვნი ყველას, ვისაც უყვარს პატარა უფლისწული.

* * *

სად მიდიხარ?.. რატომ მიდიხარ?.. რისთვის მიდიხარ?..

რატომ არ გინდა დარჩე ჩემთან?… ან რატომ არ გინდა მეც თან გყავდე?..

ალბათ, გგონია, ჩემთან ერთად გაგიჭირდება სიარული. იქნებ ასეცაა… თუ მე დამკარგავ, იოლად ვეღარავინ გატკენს გულს, ვერავინ მოგატყუებს… არც იმედგაცრუების შეგეშინდება, რაკი ოცნებასაც დაემშვიდობები ჩემთან ერთად…უჩემოდ უფრო გამძლე იქნები, უფრო პრაქტიკული და ცხოვრებასაც ალბათ უფრო ადვილად მოერგები… ვეღარც ატირდები. არა, განა იმიტომ, რომ სატირალი აღარ იქნება არასდროს, უბრალოდ შენ შეხედავ ამას ისე, როგორც ჩვეულებრივ ამბავს. თან ისიც გეცოდინება, რომ ტირილი სისუსტეა და შეიძლება კიდეც დაგცინონ ამისთვის, რომ ცრემლებმა შეიძლება ნაოჭი გაგიჩინონ, რომ არ ღირს არავინ ნერვიულობის ფასად და, ვინ იცის, კიდევ რამდენი რომ…

თუ მე დამკარგავ, დედამიწა მხოლოდ ხმელეთის გორგალი იქნება შენთვის, ადამიანები- სამყაროს ყველაზე სრულყოფილი არსებები, გრძნობები-ყოვლად გამოუსადეგარი, მეტსაც გეტყვი, მავნებელი გამონაგონი ნახევრადშეშლილი პოეტ-მწერლებისგან… მზე პლანეტა იქნება, რომელზე პერიოდულად აფეთქებები ხდება და რომელიც საფრთხით ემუქრება სიცოცხლეს…აღარ გაგახსენდება ცაზე ვარსკვლავების არსებობა და თუ შემთხვევით ახედავ, მხოლოდ იმიტომ, რომ გაგიგია, თუ ვარსკვლავებია, მეორე დღეს დარი იქნებაო…

თუ მე მიმატოვებ, დაგავიწყდება სიმართლის ლაპარაკი, ისწავლი თვალთმაქცობას…იქნებ ანგარებაც შემოგეპაროს გულში და ყველას და ყველაფერს იმ საზომით დაუწყო ცქერა, რა სარგებლის მოტანა შეუძლია შენთვის…უფრო ადვილად ატკენ სხვებს გულს, ოღონდ შენდაუნებურად, დაუფიქრებლად კი არა, გამიზნულად და გათვლილად…

თუ მე დამივიწყებ, ვერასოდეს შეიყვარებ პატარებს და არც იმათ ეყვარები… ვერც კარგი მშობელი გახდები ვერასდროს…

თუ მე დამკარგავ, ნაადრევად დაბერდები, გინდაც არც ჭაღარა გამოგერიოს ადრე და არც ნაოჭების სიმრავლემ შეგაწუხოს… მოსაწყენი იქნება შენთან ყოფნა, საბუღალტრო საბუთების კითხვასავით…

თუ მე დამშორდები, დაგავიწყდება გულიანი სიცილი, სიხარული, წყენა, აღტაცება… ნაკლებად გაგაოცებს რამე, ეს კი დაბერების პირველი ნიშანია…

თუ მე მომიშორებ თავიდან და ამომიგდებ გულიდან, ვერასდროს ვერ შეძლებ შეყვარებას, ვერც შეძულებას და იქნები ასე, ნელ-თბილი ადამიანი, რომელიც რობოტისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ტექნიკის მიღწევა არაა…

და ივლი ასე, «გაძლიერებული» და საბრძოლოდ მუდამ შემართული… იქნებ მართალიც ხარ…იქნებ ასეც სჯობდეს და ასე უფრო ადვილი იყოს… მაგრამ ღირს?!.იქნებ სწორედ ეგაა სიკვდილი? » «Ave, Caesar, morituri te salutant» -ყურებში მიწივის, როცა შენს ტრიუმფალურ სვლას ვადევნებ თვალს და რომ იცოდე, როგორ მეცოდები… ჯერ არც ერთ გლადიატორს არ შერჩენია სახელოვანი გამარჯვება და ყველაზე ძლიერნიც კი ისევ  თავის მსგავსთა ხელით დახოცილან…

მე…მე კი ვზივარ ჩემთვის, კუთხეში მიკუნჭული, მიტოვებული, თვალცრემლიანი, მაინც შენზე მოფიქრალ-მოწუხარი და იმდენად მინდა, მობრუნდე ჩემთან, რომ უკვე სადღაც კიდეც ველი და კიდეც მჯერა ამის… ალბათ, ესეც გულუბრყვილობის ბრალია, მაგრამ მაინც ველი ამას…

შორს არ წახვიდე… მე აქ ვარ, მერე რა, რომ თვალს მივეფარე, შენ ოღონდ გაიღვიძე, შენ ოღონდ მოიხედე და მაშინვე შენთან გავჩნდები…წლების მერე, როცა სიბერე მოგადგება კარს, მაინც მოგიწევს ჩემთან დაბრუნება, რადგან წრე უნდა შეიკრას, მხოლოდ ამის მერე იწყება შეუცნობელი… ეს გარდაუვალია…ამიტომ ეგებ მანამდე დამიბრუნო, რომ უფრო კარგ ადამიანად მიაღწიო იმ შეუცნობლამდე…

არ დამივიწყო, მე ხომ შენი ყველაზე კარგი ნაწილი ვარ და უჩემოდ შენ მეოთხედიც აღარ ხარ…

მე აქ ვარ… ვცდილობ არ გავქრე…მარტო მე შემიძლია შენი გადარჩენა…

გელი…

Запись опубликована в рубрике პროზა, წიგნები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «მონოლოგი, რომელიც სასურველია დიალოგად იქცეს»

  1. სხვანაირად არც უნდა ყოფილიყო, მიხარია.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s