ყველაფერი ყირამალა და გამარჯვების აჟიოტაჟი

მეორე დღეა ისევ ამეკვიატა ერთი საბავშვო წიგნის დასახელება- » ყველაფერი ყირამალა»… არა, არც ბავშვობაში გადავვარდნილვარ და არც ეს წიგნი მომნატრებია. გაცილებით მარტივია ყველაფერი. ეს დასახელება ამომწურავად გამოხატავს ჩემს დამოკიდებულებას ყველაფერი იმის მიმართ, რასაც ვუყურებ, მესმის, რაც ხდება ან არ ხდება…

ამჯერად ამ აკვიატების საბაბი გუშინდელი რაგბის მატჩი გახდა.

მოვიგეთ, დამანგრეველი ანგარიშით, სუფთა და ნაღდი გამარჯვებით, ამას წყალი არ გაუვა. არც ამ ბიჭების საქებრად დამენანება სიტყვები… ნეტა ყველა ასე ეკიდებოდეს თავის საქმეს ამ ქვეყანაში… ნეტა ყველას თავისი საქმის კარგად გაძღოლა  მიაჩნდეს პატრიოტობად და საქვეყნო საქმის კეთებად, ეგებ კიდეც შველებოდა ამ საწყალ ქვეყანას!.. არც იმას ვიწუნებ, ასეთი საერთო აღტაცება რომ მოჰყვა ამ გამარჯვებას. დიახაც, თავდადებულ შრომას სჭირდება წახალისება და დაფასება. მე სულ სხვა რამემ შემაწუხა. რამ ახლავე გეტყვით.

უკვე მერამდენედაა, რომ ეს ტრადიციად ქცეული რუსეთთან გამარჯვება რაგბიში დიდგორულ ელფერს იძენს. ეს კი  ღიმილის მომგვრელია. სპორტი სპორტია და პოლიტიკა პოლიტიკა და ვერც გამარჯვება და ვერც დამარცხება ვერაფერს ვერ ცვლის მეორე ასპექტში და ალბათ არცაა სწორი მათი ერთმანეთში აღრევა.

გუშინდელ  გამარჯვებას ისეთი შეფასებები მოჰყვა, უცებ დავიჯერე, რომ აღარაფერია მოსაგვარებელი, რომ ყველაფერი თავის ადგილზეა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაც აღდგენილია. დავიბრუნეთ ყველაფერი!!! რაღაა აწი საფიქრალ-სადარდელი?!.

აბსურდების ქვეყანაში ვცხოვრობთ… ვლადიმერს ტახტზე დარჩენას საქინფორმი  ულოცავს მონდომებით, პატრიარქიც უერთდება და თან იმედს გამოთქვამს, რომ სწორედ მისი ხელისუფლების პერიოდში მოგვარდება ყველაფერი და აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ვითომ აქამდე სხვა იყო და რამე უშლიდა ხელს ამის გაკეთებაში… აქეთ კი სრულიად მოსახლეობას გვაბოლებენ და ისედაც გაბოროტებულ ხალხს სიძულვილის გამოზომილ დოზას აწვდიან ყოველდღიურად… ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში იზღუდება რუსულენოვანი ლიტერატურის გამოყენება, მაშინ, როცა ქართულ ენაზე თითქმის არცაა საჭირო ლიტერატურა. სკოლებში ვერავინ ისწავლის რუსულს და ვაკანსიებში კი ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად რუსულის ცოდნაა…

სიძულვილი სიძულვილს შობს, მტრობა-მტრობას და აქედან ფაშიზმამდე ერთი ნაბიჯია…

მე ქართველი ვარ, მაინც მიყვარს გენეტიკურად ეს საწყალი ქვეყანა, მაგრამ სულაც არ ვიაგივებ თავს ხელისუფლებასთან და პოლიტიკასთან და ასევე სწორად არ მიმაჩნია რომელიმე სხვა ერის გაიგივება მის ხელისუფლებასთან და პოლიტიკასთან. არც რუსეთი მეხატება გულზე. ისიც კარგად ვიცი, მისმა » მეგობრობამ» და ერთმორწმუნეობამ რა «სიკეთეც» მოიტანა, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება არ მგონია სწორი იყოს. ჩემთვის ასეთ საკითხებში ამოსავალი ისევ ჩემი ვაჟაა და მისი  «კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი» და მგონია, რომ ამაზე სწორი მიდგომა არ არსებობს…

და ბოლოს, ეს მუდმივი სიძულვილის ენაც მგონია, რომ საკუთარი განავლის არდანახვისთვის არის მოგონილი…

რაკი რაგბით დავიწყე, ისევ მას დავუბრუნდები. მეც შევაქებ იმ ბიჭებს და ვუსურვებ სხვა ქვეყნებთანაც ასეთი მონდომებით და შემართებით ებძოლოთ. ჩვენს თავს კი ვუსურვებ ნაკლებად ვეძებოთ საკუთარი უუნარობის და არშემდგარობის მიზეზები სხვაგან. იმას მივხედოთ, ვინ რა ვართ და რას ვაკეთებთ და როგორ, ეგებ გვეშველოს რამე…

Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

8 комментариев на «ყველაფერი ყირამალა და გამარჯვების აჟიოტაჟი»

  1. სამეცნიერო ნაშრომებში რუსულენოვანი ლიტერატურისთვის ქვოტის დადგენა, ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ სასიკეთოდ თუ წააადგება ქართულ სამართალს. «ქართულ ენაზე თითქმის არცაა საჭირო ლიტერატურაო», რომ ამბობ, ერთი, რომ არის, (იურიდიული ლიტერატურა და მითუმეტეს, სისხლის სამართლის თეორია) და მეორე, ასეთი ხერხები რომ არა, შემდგომი განვითარება ნამდვილად გაუჭირდება.

    პ.ს. რუსულ ენაზე ხუთი წლიდან ვკითხულობ და ვლაპარაკობ, სპორტული ჯგუფი რუსული მქონდა, ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი — რუსული (ახლაც ასეა), ტელეარხებს, ღრმა ბავშვობიდან, რუსულენოვანებს უფრო ვუყურებ. ამ ენის მნიშვნელობაც ძალიან კარგად მესმის და ფასიც და დღეს რომ «ფაშისტი» და «ნაცისტი» აკერიათ პირზე, იმ მოპროტესტეების ნახევარზე უკეთ მაინც ვიცი.

  2. ვიცი 🙂 ისე ეს პოსტი სხვა რამეზე იყო, ეგ უბრალოდ ერთ-ერთი ნიუანსი იყო აქ

  3. მე ნიუანსად არ მეჩვენა. საკმაოდ მკაფიოდ იყო დაფიქსირებული აზრი, ლიტერატურუა არ არსებობს და წამყვან უნივერსიტეტში ენა იზღუდებაო.

    რაც შეეხება ისტერიკას, საერთოდ არ მომწონს. არც ქვეყანაში, არც ქალაქში და არც ვორდპრესზე. არც სპორტული, არც რელიგიური და არც ბლოგერულ-სამოქალაქო-საპროტესტო.

  4. არ ვიცი, სად იყო აქ ისტერიკა. ძალიან მშვიდად დავწერე ის, რასაც ვფიქრობდი, ჩემს ბლოგზე, არსად დამიშეარებია, არავინ შემიწუხებია ზედმეტად. ბლოგი იმისთვის მაქვს, ვწერო ის, რაც მაწუხებს და რასაც ვფიქრობ 🙂

  5. აქ რატომ? აქ გაქვს ისტერიკაო, ამას რატომ გეტყოდი?

    «უკვე მერამდენედაა, რომ ეს ტრადიციად ქცეული რუსეთთან გამარჯვება რაგბიში დიდგორულ ელფერს იძენს. ეს კი ღიმილის მომგვრელია.

    გუშინდელ გამარჯვებას ისეთი შეფასებები მოჰყვა, უცებ დავიჯერე, რომ აღარაფერია მოსაგვარებელი, რომ ყველაფერი თავის ადგილზეა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაც აღდგენილია. დავიბრუნეთ ყველაფერი!!! რაღაა აწი საფიქრალ-სადარდელი?!.»

    აი, ამის საპასუხოდ გითხარი, არც მე მომწონს მეთქი.

  6. «სკოლებში ვერავინ ისწავლის რუსულს და ვაკანსიებში კი ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად რუსულის ცოდნაა…» — დედაჩემის სიტყვები. 🙂

  7. სოლიდარობა და მოკითხვა დედას 🙂

  8. ^^ 🙂 აუცილებლად!

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s