ის მაინც შედგა!

ყველაფერი ფიქრიდან იწყება. თავის დროზე ის დიდი შემოქმედიც ფიქრსა და მარტოობაში მივიდა დასკვნამდე, რომ რაღაც ახალი უნდა შეექმნა და კიდეც შექმნა სამყარო ესე. ფიქრია ყველაფრის სათავე, კარგისაც და ცუდისაც, ჭკვიანურისაც და სულელურისაც და ის, როგორი გამოდის მისი შედეგი და ნაყოფი, მოფიქრალის აზროვნებაზე, სულიერებაზე და გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ფიქრსა და აზროვნებაში ყალიბდება პიროვნება და ამ პროცესს აუცილებლად სჭირდება მარტოობა. თუმცა ალბათ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს სასურველ შედეგს, როცა ადამინს შეუძლია ფიქრი და აზროვნება ერთმანეთს დააწიოს და დაამთხვიოს, თორემ თუ მარტო ფიქრია და არა აქტიური, კვლევა-ძიების მსგავსი პროცესი აზროვნების, თავისი დასკვნებით და შეფასებებით, მაშინ ის მტანჯველ, არაფრის მომცემ, ფუჭ პროცესად რჩება.

» თუ თავი შენი თან გახლავს, ღარიბად არ იხსენები»-ღარიბი ხომ მარტოსულს ნიშნავდა. გამოდის, რომ თუკი საკუთარ თავს გაიცნობ კარგად, ჩაწვდები საკუთარ სულს და აზროვნებას, მარტოც არასდროს ხარ.

არც მე ვარ მარტო. მარტოობის ჟამსაც არ ვარ მარტო, ის კი არა, მეტიც, სწორედ ამ დროს არ ვარ მარტო. ფიქრი ერთგვარ საქმიანობადაც იქცა ჩემთვის, გამუდმებულ, უწყვეტ, დაუსრულებელ საქმიანობად. ვფიქრობ სულ, მხოლოდ ძილის და მოსწავლეებთან ჩიჩინის დროს წყდება ეს პროცესი და მაშინ , როცა ვინმე მირღვევს მარტოობას, განსაკუთრებით თუ ეს ვინმე ან ვინმეები ისეთები არიან, ვისთანაც არანაირი შანსი არ მაქვს ფიქრის ან ხმამაღლა ან გულში გაგრძელების. ამიტომაც მეჩქარება ასეთ მომენტებში ისევ დაბრუნება ჩემს იდილიაში.ზოგჯერ ეს მაზოხიზმსაც ემსგავსება, მაგრამ სწორედ ამ წვალება-ტანჯვაში მიდიხარ გამონათებასთან.

პიროვნება საკუთარ თავთან მარტოყოფნაში ყალიბდება, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ იმისთვის, რომ ეს მარტოყოფნა უფრო აქტიური და შედეგიანი აღმოჩნდეს, ზოგჯერ საჭიროა ისეთი ადამიანების გამოჩენა-ყოფნა შენი მარტოობის მიღმა, როგორებიც უფრო ნაყოფიერს გახდიან შენი თვითჩაღრმავების პროცესს, დაგეხმარებიან უფრო ღრმად შეგიტყუოს ფიქრის უსიერებამ, უფრო გაიხლართო ამ უსასრულო ლაბირინთში და უფრო გამალებით ეძებო გამოსავალი. ასეთი ბევრი არასდროსაა და თუ გაგიმართლა და იპოვე 1 ან 2,  ხომ გეშველა და ეგაა.

ჩემი ყოველი დღე ამ ადამიანით იწყება. წლებია გრძელდება ასე. წლებია ვუკვირდები ყოველ სიტყვას. წლებია ამ თვალით დავიწყე ყველაფრის დანახვა და წლებია ნელ-ნელა ვცდილობ ამ პატარა ნაბიჯების ხელოვნებას დავეუფლო. წლებია ვცდილობ, ჩემი ფიქრი სწორედ ამ მიმართულებით წავიყვანო.

ძალიან დიდი დრო დასჭირდა გარდაქმნას. უკან წლებია წვალებაში და საკუთარი თავის დადანაშაულებაში გატარებული იმ ყველაფრის გამო, რაც იყო, ან იმ ყველაფრის გამო, რაც არ არის და არ გამოვიდა. წლებია სინანულში და თვითგვემაში გატარებული და ახლა ერთადერთი, რაც დამრჩა იქიდან, ისევ სინანულია იმის გამო, რომ  ვნანობდი. გავთავისუფლდი!!! გავთავისუფლდი წარსულისგან და ფუჭი დარდებისგან!!! იმდენ ხანს და ისე საფუძვლიანად ვიძრომიალე საკუთარ თავში, უკვე ვიზუალურადაც კი ვხედავ ტვინის ყოველ  ხვეულს, სულის ყოველ კუნჭულს და ერთხელაც მივხვდი, რომ არაფერია უკან სანანებლ-საწუხარი. მეგზურიც მყავდა, უფრო სწორად, მეგზური კი არა, მესაიდუმლე და მრჩეველი, გურუ-სენსეი, რომელიც მეორეა სწორედ იმ სიაში, ამ ყველაფერში რომ დამეხმარა, ოღონდ პირველისგან განსხვავებით, საშინლად აპროტესტებს, ამას რომ ვამბობ და ცოტას კიდეც ფხუკიანობს 🙂 .

რაც იყო, ყველაფრი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, როგორც იმ სიტუაციაში და იმ ადამიანებთან დამოკიდებულებაში იყო სწორი. სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან მაშინ უკვე იმაზე დარდი დამტანჯავდა, რომ საკუთარი თავი დავაყენე მათზე წინ. მივხვდი, რომ ყველაფერი ის, რაც მღრღნიდა და უკმაყოფილების მუდმივ გრძნობას მიჩენდა, სწორედ მათ გამო იყო, ვინც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს. მე კი ასე ვიცი, თუ მიყვარს, ჯერ ისაა და მერე მე და ჩემი ცხოვრებაც ისეთი ხდება, რომ მისი ცხოვრება იყოს უკეთესი, რომ ჩემით ის იყოს ძლიერი და ჩემი ცხოვრება არ თრგუნავდეს მისას. ხოდა აბა რაღაა სადარდელი? რაც არ გამოვიდა, ხომ იმიტომ, რომ ეგოიზმს არ შემოვაყნოსინე ამ ადამიანებსა და ჩემ შორის?! რაც არ შედგა, ხომ იმიტომ რომ ამ არშემდგარობის იქით ისინი არიან, ვისთვისაც ახლაც ასე მოვიქცევი?! და ამის შეგნებამ დამანახა, რომ შემდგარა ყველაზე დიდი, რაც კი შეიძლებოდა შემდგარიყო- ჩემი ცხოვრება და მე!!!

«ადამიანი ადამიანისთვის დღეა»- ხშირად ეჭვიც შემპარვია ამაში, მაგრამ მე ვიცი, რომ მათთვის მე სწორედ მაშინ ვიყავი დღე, როცა ღამდებოდა  ჩემს ეგოიზმში, როცა ვანგრევდი რაღაცას ჩემსას, მაგრამ ვაშენებდი მათსას… ახლა ვიცი, რომ მათი დღე ჩემთვისაც დღეა, მერე რა, თუ ზოგჯერ ისე ნათელი არა.

მე მიხარია. ასე მგონია, თავიდან დავიბადე.

მე მიხარიხართ!!!

p.s. ვიცი, ეს არაა საბოლოო შეფასება და დასრულება წვალება-ძრომიალის და არც მინდა, კაცმა რომ თქვას. ალბათ კიდევ მოვა წუხილ-უკმაყოფილების ხანა და ისევ დაიწყება ხანგრძლივი პროცესი და ეს სულაც არაა ცუდი და საშიში, თუკი ფუჭად არ ვიფიქრებ და ვეცდები ახალი დასკვნების და ცვლილებების მოძებნას.

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «ის მაინც შედგა!»

  1. მიყვარს სენტ-ეგზიუპერი… პატარა უფლისწულს ვერც ერთ სხვა წიგნს ვერ შევადარებ.

  2. დიდი გარდაქმნებისთვის ემზადები? არასოდეს არ არის გვიან.

  3. ამ ეტაპზე დიადი გარდაქმნა მიღწეულია, ვემზადები ახლისთვის 🙂

  4. მაგ გარდაქმნამდე მე ჯერ ვერ მივედი, თუმცაღა მინდა ხოლმე , მაგრამ ეგოიზმს ვერ ვძლევ .

  5. ადვილი არაა.ისე ეგოიზმის დაძლევა არ ნიშნავს გალენჩებას 🙂

  6. ვიცი 🙂 განსახორციელებლად მაინც ძნელია, ალბათ მთავარია მცდელობა და რამოდენიმე ცდაზე გამოვა : )

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s